კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ სეზონზე რა ვარცხნილობა უნდა გავიკეთოთ და რა აუცილებელი დეტალით დავიწყოთ გარეგნობაზე ზრუნვა


იმისთვის, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ, ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი დეტალი ვარცხნილობის სწორად შერჩევაა. ლამაზი და ჯანმრთელი თმა ადამიანს გაცილებით მიმზიდველსა და მომხიბვლელს ხდის. შეიძლება, შევირბინოთ სალონში, დავივარცხნოთ ან დავიხვიოთ თმა და – თითქმის ფორმაში ვართ. ვარცხნილობის შერჩევისას დიდი ყურადღება გვმართებს – ამ დროს ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: სახის ნაკვთებს, კანს, სახის ფორმას. დავიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა. როგორი ვარცხნილობებია წელს აქტუალური და რომელ სეზონზე რა ვარცხნილობა გავიკეთოთ, ამ თემებზე გვესაუბრება სტილისტი რომეო გულედანი.


– დავიწყოთ იმით, საერთოდ თუ არის მოდის ტენდენციები ვარცხნილობებში.

– დიახ, ისევე, როგორც ყველაფერში, ვარცხნილობასაც აქვს მოდა და ის, შეიძლება, თვეში სამჯერაც კი შეიცვალოს. პირადად მე ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მივესალმები მოდურ ვარცხნილობებსაც, მთავარია, ადამიანმა მოიხდინოს და ლამაზად გამოიყურებოდეს. პირველ ყოვლისა, ყურადღებას ვაქცევ სახის განლაგებას, ნაკვთებს და ამის შემდეგ ვურჩევ შესაფერის სტილს ნებისმიერ ადამიანს.

– წელს როგორი ვარცხნილობებია მოდაში?

– 2010 წელს განსაკუთრებით მოდურია სწორი ვარცხნილობა, ბუნებრივი ფერი და საშუალო სიგრძე – მკერდის ოდნავ დაბლა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მიმზიდველი ფაქტორი, გარდა ამისა, ძალიან ლამაზი და სექსუალურია. რა თქმა უნდა, გააჩნია ადამიანის ტანს, ფერს, სიმაღლეს. რაც შეეხება ფერს, ბუნებრიობა არ კარგავს აქტუალობას, თუმცა, ოქროსფერი და ყავისფერი წელს განსაკუთრებით მოდაშია.

– ამ მოდამ ჩვენთანაც შემოაღწია?

– პირადად მე მიმაჩნია რომ საქართველოში კი არ შემოდის მოდა, აქედან გადის. იმიტომ რომ, საქართველოში არიან ძალიან ძლიერი ხელოსნები. ჩვენთან ძალიან აფასებენ სილამაზეს, მოდას. ქართველ ქალს აქვს თავისი შარმი, მიუხედავად იმისა, შეღებილი აქვს თმა თუ შეუღებავი. თუნდაც ჩვენი ბუნებრივი თმის ფერი, განსაკუთრებით მიმზიდველია. ასე რომ, საქართველო არც ერთ ქვეყანას არ ჩამორჩება არც მოდით და არც არაფრით.

– როგორც ვიცი, შენთან ბევრი ცნობილი ადამიანი დადის. რას იკეთებენ, რა არის ჩვენთან განსაკუთრებით მოდური?

– მინდა, პირველ ყოვლისა, აღვნიშნო ერთი რამ: საქართველოში ძალიან ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს თავის მოვლა. დაივარცხნიან თმას სალონში და ჰგონიათ, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. პირველ ყოვლისა, უნდა მიხედოთ კანს, ანუ, თავის მოვლა დაიწყეთ კანის მოვლით – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პოპულარულ ადამიანებს, ისინი უფრო მეტად არიან გათვითცნობიერებული მოდის ტენდენციებში. იციან, რომ წელს არ არის მოდაში გადაპრანჭული და არაორდინარული ვარცხნილობები. მოდიან, იჭრიან და იშრობენ მსუბუქად. მაგალითად, ერთხელ მოვიდა ცნობილი ჩეხი მომღერალი აიდა, რომელსაც გავუკეთე ძალიან მაგარი ვარცხნილობა – უცნაური და ორიგინალური. სხვა უამრავი ცნობილი ადამიანი მოსულა ჩემთან, მაგალითად, იყო ია ფარულავა, რომელსაც თმა გავუსწორე. ასევე, იყვნენ ნინა წკრიალაშვილი, მარიკა ვერულაშვილი და მათაც, უბრალოდ თმა დაივარცხნეს, მოკლედ, შეიძლება დავასკვნათ, რომ უბრალოება მოდიდან არასდროს გადადის.

– მამაკაცების მოდას რაც შეეხება, როგორი ვარცხნილობებია მოდაში?

– დღესდღეობით გაცილებით განვითარდა ქართველი ხალხი ამ საკითხში. ადრე მამაკაცებს ძალიან ეთაკილებოდათ თმის შეღებვა, რაც დღეს არავის აღარ უკვირს. ისინი უვლიან თმას, სახეს, რაც ძალიან კარგია. ჩვენს სალონში დადიან მამაკაცები, რომლებიც დაახლოებით თვეში ერთხელ, იწმენდენ სახეს, ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე. ამჟამად აქტუალურია მამაკაცებზე საშუალო სიგრძის სწორი თმა. ასევე, ხშირად იკეთებენ მელირებას.

– რომელია ყველაზე უცნაური ვარცხნილობა, რომელიც შენ გაგიკეთებია?

– ახლა გამახსენდა ერთი ვარცხნილობა, რომელიც ერთ ბიჭს გავუკეთე და ამის გამო სცემეს – ეს იყო მელირება ცისფერ ტონებში და იყო ძალიან ორიგინალური. რატომ სცემეს, ვერ მივხვდი.

– თუ არის ისეთი ვარცხნილობა, რაც, შენი აზრით, ძალიან ლამაზია და ურჩევ ხალხს ის გაიკეთონ?

– იცით, როგორ არის? ყველა ადამიანს ინდივიდუალურ ვარცხნილობას შევურჩევდი. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს – სახეს, კანს, ნაკვთებს, ტანს. როდესაც ყოველ დილას ადგებით, ჩაიხედეთ სარკეში, საკუთარ თავს უთხარით, რომ ხართ ლამაზი და დღე გაცილებით უკეთ ჩაივლის. არ მიჰბაძოთ სხვებს, არ დაკარგოთ ინდივიდუალურობა.

– მაგალითად, შეგიძლია, მითხრა, ცნობილი ადამიანებიდან ვის როგორ ვარცხნილობას გაუკეთებდი, შენი ნება რომ იყოს?

– სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი სიამოვნებით მივხედავდი ბევრ ქართველს. მაგალითად, ძალიან მომწონს, ნანიკო ხაზარაძე. ულამაზესი ადამიანია, მაგრამ, შევუცვლიდი იმ ვარცხნილობას, რომელიც ახლა აქვს: თმას ოდნავ გავუზრდიდი და გავუკეთებდი მოგრძო „ჩოლკას“. რაც შეეხება თმის ფერს, ბუნებრივ ფერს დავუბრუნებდი – ოდნავ მოყავისფროს. რაც შეეხება ჩვენს პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ჰყავს ძალიან კარგი სტილისტი, ყოველთვის კარგად აქვს თმა, მაგრამ, ოდნავ დავუმოკლებდი „ჩოლკას“, დანარჩენში არაფერს შევცვლიდი.

– როგორც ვიცი, მოდა სეზონურადაც იცვლება.

– რა თქმა უნდა. მაგალითად, ზაფხულში მოდაშია მსუბუქი ვარცხნილობები. მახსოვს, ერთ დროს ძალიან აქტუალური გახდა „კარე“. ყველა ამ ვარცხნილობას იკეთებდა და ეს იყო საშინელება – მთელი თბილისი ერთი ვარცხნილობით დადიოდა; ზამთარში უფრო სოლიდური ვარცხნილობაა მოდაში – გრძელი, გასწორებული თმა; შემოდგომაზე ყველას ვურჩევდი შეკრულ თმას, ზემოთ აწეულ „კიკინას“ – შემოდგომას მაინც თავისი შარმი აქვს. გაზაფხულზე ადამიანებს მივცემდი არჩევნის საშუალებას და იქნებოდა მრავალფეროვნება. რაც შეეხება ფერს, გაზაფხულიდან იწყება გაღიავება, რათა ღია ფერებით შევხვდეთ ზაფხულს. ყველა ქართველ ქალბატონს ვურჩევ, დიდი ყურადღება მიაქციოს გარეგნობაზე ზრუნვას. ყოველ დილას უთხრან საკუთარ თავს, რომ არიან ძალიან ლამაზები და მომხიბვლელები.


скачать dle 11.3