როგორ მიიწვიეს 22 წლის ლაკო ბუკია ლონდონის „ფეშენ-ვიქზე“ და ვინ იყიდა ბერლინში მისი კოლექციის ნახევარი
მისი „დაჭერა“ თბილისში მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი, რადგან წელიწადის დანარჩენ დროს ევროპაში, ძირითადად კი, ლონდონში ატარებს, სადაც ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდა. 22 წლის ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ბევრისგან განსხვავებული დიზაინერი, ლაკო ბუკია, რომელსაც საკუთარი, გამორჩეული ხელწერა და ხედვა აქვს, 17 წლის იყო, როდესაც ლონდონში სასწავლებლად გაემგზავრა, დღეს კი უკვე ლონდონის „ფეშენ-ვიქში“ მონაწილეობისთვის ემზადება, თუმცა, მანამდე ბერლინის „ფეშენ-რუმი“ და კიდევ არაერთი წარმატება იყო.
ლაკო ბუკია: ხუთი წლის წინ წავედი პირველად ლონდონში, მაშინ 17 წლის ვიყავი. უფროსი და მყავს, რომელსაც მთელი ცხოვრება ვბაძავ – ის წავიდა ლონდონში სასწავლებლად და მეც მასთან ერთად გავემგზავრე, ოღონდ, ჩემი განხრით – დიზაინით. მაშინვე შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი, თავიდან ბოლომდე შეტრიალდა. ლონდონში ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თავის კარიერას აქცევს ყურადღებას, საქართველოში კი ყველა ყველას ცხოვრებით ცხოვრობს. მე ძალიან მიყვარს ინგლისი, იქ იმდენი ადგილია, სადაც შეგიძლია, წახვიდე და უბრალოდ, განიტვირთო, შენთვის იყო, რადგან იცი, რომ არავის აინტერესებს – ვინ ხარ, სად ხარ, რას აკეთებ.
– რა მიგაჩნია შენს პირველ წარმატებად?
– ჩემთვის პირველი წარმატება ის იყო, რომ მოვხვდი „სენტ მარტინის“ უნივერსიტეტში, სადაც მოსამზადებელი ერთწლიანი კურსი გავიარე. შემდეგ ჩავაბარე „ლონდონის მოდის კოლეჯში“ ბაკალავრიატზე, რომელიც წელს დავამთავრე. შემდეგ ამას მოჰყვა სხვა წარმატებები: კიევში ვიყავი ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსზე და მესამე ადგილი ავიღე; წინა სეზონზე, თებერვალში, მონაწილეობა მივიღე ჩვენებაში, რომელიც „ფეშენ-ვიქს“ ეკუთვნოდა და იქ მკითხეს, ამის მერე სად ხედავ შენს თავსო. მე ვუთხარი, ისე ჩქარ-ჩქარა ხდება ყველაფერი, იმედი მაქვს, მალე უფრო მაღალ საფეხურზე აღმოვჩნდები-მეთქი. მართლაც ასე მოხდა და, იმედი მაქვს, სულ ასე იქნება. ჩემდა გასაკვირად, შემთხვევით მოვხვდი ლონდონის „ფეშენ-ვიქზე“. ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატებაა და უკვე ვემზადები.
– როგორ მოხვდი?
– ვმუშაობდი ერთ სტილისტთან და ის დამეხმარა, ინგლისში გამეცნო ხალხი და ფიარ-კომპანია, რომელიც დღეს ჩემს ბრენდს ხელმძღვანელობს, დამეწყო ჩემი საქმე, ბიზნესი. ერთი წლის განმავლობაში იმდენი ადამიანი გავიცანი და იმდენი კონტაქტი დავამყარე, რომ მათაც დაიჯერეს ჩემი – მგულშემატკივრობდნენ და „ფეშენ-ვიქის“ ორგანიზატორებთან წარმადგინეს. მაშინ 21 წლის ვიყავი და არ სჯეროდათ, რომ ჩემი ნამუშევარი იყო. იქ აპლიკაციები უნდა შეავსო. თუ დააკმაყოფილე მოთხოვნები, მერე უკვე ჟიური წყვეტს ყველაფერს. მოკლედ, ბერლინის „ფეშენ-ვიქზე“ ვიყავი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, თქვენ ლონდონის „ფეშენ-ვიქზე“ მოხვდითო. ჩემი დაც იქ იყო და მან მითხრა, ისე მშვიდად მოხვედი მაგიდასთან და გვითხარი, მოვხვდიო, რომ გაგვიკვირდაო. საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ. ალბათ, იმ დროს ისეთ ემოციებში ვიყავი, რომ ვერ გამოვხატე, რამხელა ბედნიერება იყო ეს ჩემთვის. უკვე იკერება კოლექცია „შემოდგომა-ზამთარი 2011“ – დაახლოებით 25 კაბა უნდა წავიღო. ლონდონში 10 სექტემბერს გავემგზავრები, 17 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე არის „ფეშენ-ვიქი“, ხოლო ჩემი ჩვენება 18 სექტემბერს შედგება.
– წარმატებისკენ საფეხურ-საფეხურ მიდიხარ.
– წინა წელს, როდესაც ლონდონში მქონდა ჩვენება, ეს ლონდონის „ფეშენ-ვიქთან“ შედარებით დაბალი საფეხური იყო. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალი დონის იყო, მაგრამ, ინგლისში, ლონდონში ჩატარდა, პრესა ესწრებოდა, „ბაიერები“ იყვნენ... მაგრამ, მე მაქსიმალისტი ვარ და, ის ხარვეზები, რაც დამხვდა, ჩემთვის მიუღებელი იყო. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი შედეგი გამოიღო, სულ წერდნენ, ასეთი პატარაა და ასეთი იდეები აქვსო. ძირითადად, კარგი გამოხმაურება ჰქონდა, კრიტიკა თითქმის არ იყო. 22 წელი იქ ძალიან პატარა ასაკად მიიჩნევა დიზაინერისთვის და სულ მეკითხებიან, როგორ „ქაჩავო“. არ ვიცი, ალბათ, ღმერთი მაძლევს ენერგიას, რომ ამ ყველაფერს გავწვდე, რადგან ძალიან რთულია, თან, ერთდროულად ბევრი რამ ხდება და, რომ ჩამორჩე ამ რიტმს, ჩათვალე, რაც გააკეთე, ყველაფერი წყალშია ჩაყრილი.
– ლონდონში თუ გაყიდე სამოსი?
– როდესაც ახალგაზრდა დიზაინერი მოდის ბაზარზე, ცნობილი „ბაიერები“ მას ყოველთვის ათვალიერებენ და ორი-სამი სეზონი უყურებენ. თუ მოეწონებათ, მერე იყიდიან მის სამოსს. მე ახლა მესამე სეზონზე ვარ და ბევრი რამის გაყიდვას ველოდები. თუმცა, ისეთი გამოხმაურება ჰქონდა მეორე კოლექციას, რომელიც „ჯორჯია ფეშენ-ვიქისთვის“ გავაკეთე, რომ მის სანახავად „ბაიერები“ მოვიდნენ, რაც ძალიან იშვიათია, რადგან, თუ ძალიან არ აინტერესებთ, არ მოვლენ. ის, რომ დაურეკეს ჩემს მენეჯერს და უთხრეს, მოსვლა და ნახვა გვინდაო, ჩემთვის უკვე მიღწევაა.
– ბერლინის „ფეშენ-ვიქის“ ამბებიც მომიყევი.
– ბერლინის „ფეშენ-ვიქზე“ ერთი კვირის განმავლობაში მქონდა გამოფენა, „შოუ-რუმი“. მეორე კოლექციის შემდეგ მომწერეს ბერლინიდან და მეც ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა. რაღაცეები გაიყიდა, ძალიან კარგი გრძნობა იყო. უცხოეთში, ხალხი, რომელიც მე მიცნობს, ნელ-ნელა მიკვეთავს რაღაცეებს – მათთვის ფეხსაცმელიც გამიკეთებია, კაბაც გამიგზავნია. ასეთი პატარა შეკვეთები სულ არის, მაგრამ, ვერ დავარქმევ მასობრივს, დიდ შეკვეთებს. ბერლინში ნახევარი კოლექცია გაიყიდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ, ჩემი კოლექცია არ არის ბერლინის შესაფერისი, უფრო პარიზს, ლონდონს შეეფერება. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ბერლინში ცუდი ბაზარი ან დაბალი დონეა, უბრალოდ, მე უფრო ქალური ხაზი მაქვს, ნაზ ქსოვილებზე ვმუშაობ და ეს უფრო შეეფერება ისეთ თამამ ქალს, როგორიც არის ფრანგი. ბერლინში უფრო სხვა, ქუჩის სტილია, ყოველდღიური ჩასაცმელი, შავი ფერია აქტუალური. ამიტომ, პირველი კოლექცია, რომელსაც „ემოციები“ ერქვა და სექტემბერში ვაჩვენე თბილისში, ის გაიყიდა, რადგან, უფრო შეეფერებოდა ბერლინს. ანუ, საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე – უკვე ვიცი, რომელ ქალაქს რა მოუხდება და სად რომელი კოლექცია უნდა წავიდეს. ბერლინში საინტერესო ხალხი გავიცანი – იქაური ელიტა, პრესის წარმომადგენლები. მაღაზიების მფლობელები, „ფეშენ-ვიქის“ ორგანიზატორები.
– როგორია ბერლინის ელიტა, თბილისურს ჰგავს რამით?
– ბერლინის ელიტა არ დადის გამოპრანჭული, გრძელ კაბებში, ბევრი მაკიაჟით; ძალიან უცხოა და გამორჩეული. რომ მოვლენ, მიხვდები, რომ სხვანაირი ხედვა აქვთ. უცხო რაღაცეები მოსწონთ, სხვანაირად აცვიათ, უცხო ვარცხნილობა, აქსესუარები აქვთ. ის, რომ საღამოს კაბა ეცვას ვინმეს, გრძელი, შიფონით, ასეთი რამ იქ არ მინახავს.
– თუ იცი, ვინ იყიდა შენი სამოსი?
– კოლექცია მაღაზიაში იყიდებოდა, ამიტომ, არ მინახავს, ვინ იყიდა.
– ძვირია ლაკო ბუკიას კოლექცია?
– ძვირია, იმიტომ კი არა, რომ ლაკო ბუკიასია, უბრალოდ, ხარისხია ძალიან მაღალი და ამას ყველა ამჩნევს. ძალიან ბევრს უთქვამს ინგლისშიც, საფრანგეთშიც, ასეთი კარგი ხარისხი საიდან გაქვსო და, ვეუბნები, საქართველოდან-მეთქი. ქსოვილს სხვაგან ვყიდულობ, უმეტესად ინგლისში, მაგრამ, საქართველოში კერვის ტექნოლოგიაა ძალიან მაღალი ხარისხის და ამას ყველგან ვამბობ.
– ქართულ ბაზარზე, ალბათ, სხვა ფასი აქვს შენს სამოსს.
– იმის მიუხედავად, რომ ერთი და იგივე კაბები მიდის უცხოეთში და რჩება საქართველოში, ყოველთვის ვითვალისწინებ იმას, რომ ჩვენთან ჯერ არ არის იმის საშუალება, ასეთი ძვირად ღირებული კაბა შეიძინონ. შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველი ხალხი ჯერ ბოლომდე არ აფასებს ხარისხს. ზოგიერთი ქართველი იმიტომ იცვამს ბრენდს, რომ სახელია და არა ხარისხი, არადა, პირიქით უნდა იყოს – იმიტომ უნდა ეცვათ ბრენდი, რომ ის ხარისხიანია.
– როგორც მივხვდი, კოლექციას სახელებს არქმევ.
– ლონდონში ჩემმა ლექტორმა მითხრა, ნუ არქმევ კოლექციას სახელებს, ამას არავინ აკეთებს და შენ რატომ არქმევო. არ ვიცი, შეიძლება, ცუდ ტონად მიიჩნევა, სახელს რომ ვარქმევ, მაგრამ, ჩემი კონცეფცია და სახელი განსაზღვრავს იმას, თუ რა უნდა ნახონ კოლექციაში. არასდროს ვაკეთებ კოლექციას უბრალო თემაზე. ყოველთვის ვუღრმავდები. ავიღოთ, თუნდაც „ემოციები“, ეს იყო კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება, აგრესია და სინაზე და ისინი გეომეტრიულ ფორმებში განვსაზღვრე. შემდეგ ქსოვილის ძებნა დავიწყე. კოლექციის დამთავრების შემდეგ, ნამუშევრებისგან იმხელა წიგნი გამომდის, ისეთი მძიმეა, რომ თბილისში არასდროს ჩამომიტანია. ერთხელ ინტერვიუ გამოუგზავნეს ჩემს მენეჯერს, რომელიც ფიარ-კომპანიის მენეჯერიც არის, სადაც ეწერა, როგორ იწყებ დიზაინის გაკეთებასო და მე წავედი სახლში, მივუტანე დაფაილებული წიგნი, დავუდე და ვაჩვენე – ასე ვაკეთებ დიზაინს-მეთქი. გაგიჟდა. დაიტოვა წიგნი და ყველას აჩვენებდა, აღფრთოვანებულები იყვნენ.