ახალგაზრდული და ოდნავ სპორტული „პროენცა შულა” სამოსს მხოლოდ „ქულ” გოგონებისთვის ქმნის
2002 წელს ჩამოყალიბებული მოდის სახლი ძალიან მალე გახდა მთელ მსოფლიოში პოპულარული. ტანსაცმლის ხაზი, რომელიც სტუდენტობის დროინდელმა ორმა მეგობარმა – ლაზარო ჰერნანდესმა და ჯეკ მაკლაუმ გახსნეს, სახელი, არც მეტი, არც ნაკლები, დიზაინერების დედების ქალიშვილობის გვარებიდან არის შედგენილი. საინტერესოა, რომ პარსონსის დიზაინის სკოლაში ჰერნანდესი მაიკლ კორსის ინტერნი იყო, ხოლო ჯეკი – მარკ ჯეიკობსის.
მოდის სახლის დიზაინი ზედმიწევნით ახალგაზრდული და სპორტულია, იშვიათად – მოდერნისტული ელემენტებით. მათი ფორმა ყოველთვის მინიმალისტური და ტანზე მოტმასნილია, უპირატესობას მუქ, ნეიტრალურ ფერებს ანიჭებენ. 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია დიზაინერებმა გასული წლის სექტემბერში წარმოადგინეს. ენერგიული და გასართობი ჩვენების წინ, „ბექსთეიჯში“ ლაზარო ჰერნანდესმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ გვინდოდა, შეგვექმნა რაღაც ძალიან ახალგაზრდული სამოსი, რომელიც თავს ცოცხლად გაგრძნობინებდა. ამიტომაც, თემად სერფინგი და ციგურები ავიღეთ – ის, რაზეც გავიზარდეთ და რაც ძალიან გვიყვარს“. შეიძლებოდა, დიზაინერს ამაზე უფრო მშობლიური და ახლობელი რამე ეთქვა? ალბათ, ყველა ბავშვობის მოგონებებში ჩაიძირა და გაახსენდა, რა ცოტას ფიქრობდა სამოსზე, როგორ უყვარდა დახეული ჯინსები და ტანზე მომდგარი მაისური იმისთვის, რომ „გიჟობებში” ხელი არ შეშლოდა. „პროენცა შულამ” საზაფხულო კურორტებზე თავის მოსაწონებლად სკუბა ელემენტები შემოგვთავაზა.
ამ ტიპის უდარდელი, არეული ანსამბლების შექმნას ძალიან ბევრი დიზაინერი ცდილობდა, თუმცა შედეგი ყოველთვის კარგი არ იყო. ამ ბიჭებმა კი მართლა შეძლეს „აჯაჯული” სამოსის პოდიუმზე ეფექტურად ჩვენება. მათ აიღეს მოკლე, ლამაზი კაბა, თხელი საზაფხულო ქურთუკი და მოდელს წელზე შემოახვიეს, სახელოებით შეკრეს და ამ ანსამბლის ზემოდან კიდევ ერთი, პიჯაკის სტილის ქურთუკი გამოიყენეს, მაგრამ, ამჯერად – დანიშნულებისამებრ.
საინტერესოა, რომ, მიუხედავად ამ ორგანიზებული ქაოსისა და ტანსაცმლის აჯაჯულ დაჯაჯულობისა, არც ერთ ანსამბლში არაფერი იყო ჰიპური. საღამოსთვის კი ყველაფერი – მოკლე, მოკლე და კიდევ უფრო მოკლე. რამდენიმე კოქტეილის კაბა პირდაპირ ბიუსტჰალტერზე ან კორსეტზე იყო მიკერებული. თავის ხელწერა დიზაინერების დუეტმა ამ სტილის კაბებზე ძალიან ლამაზად გამოიყენეს. ბავშვის ზომის მაქმანებიანი წინსაფრის ტიპის ჩანართები საოცრად უხდებოდა და ოდნავ ინფანტილურ იერს აძლევდა ამ საოცრად სექსუალურ და გამომწვევ კაბებს. კოლექციაში, ასევე, წარმოდგენილი იყო ბისერებითა და ბუმბულებით. და, კიდევ, მესამე სტილის – ცხოველური პრინტებით გაფორმებული კაბები, რომლებიც მოდის უახლესი ისტორიის პოდიუმის ნამდვილ ჰიტად იქცა. ყველა კოსტიუმისთვის დიზაინერებმა ძალიან მაღალქუსლიანი მოწნული საზაფხულო ფეხსაცმელი შექმნეს, თანაც ისეთივე ფერადი – როგორიც, სამოსი. საინტერესოა, რომ რამდენიმე მოდელს ლურჯი და იასამნისფერი ზოლები თმებზეც კი გასდევდა.
იყო მომენტები, როდესაც, ჯერ კიდევ 28 წლის დიზაინერებმა, რომლებიც შეიძლება, მოვიაზროთ კარგი სტარტის მქონე, პერსპექტიულ ახალგაზრდებად, არაჩვეულებრივად წარმოაჩინეს თავიანთი თანდაყოლილი ნიჭი. ერთი სიტყვით, ამ სეზონზე დუეტმა აღმოაჩინა, როგორი მარტივი ყოფილა მათ მიერ ჩამოყალიბებული კონცეფციის მიმდევრობა: მათ უნდა შექმნან დიზაინი „ქულ” გოგონებისთვის, რომლებთან ერთადაც დროს სიამოვნებით გაატარებდნენ.