კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მამაკაცებს უნდა მოერიდოს ქალი და როდის არ უნდა დაუჯეროს მან მეგობრების რჩევას


ძალიან ბევრი ქალისთვის სიყვარული ცხოვრების მიზანია. ისინი ამ გრძნობას ისე აიდეალებენ, მზად არიან, საკუთარი თავი მსხვერპლადაც კი მიუტანონ.

სიყვარულისთვის, ახალი ურთიერთობისთვის საუკეთესო პერიოდად ქალებს ზაფხული მიაჩნიათ. რატომღაც, დარწმუნებულები არიან, რომ ამ დროს მამაკაცები უფრო მზად არიან გრძნობების გამოსავლენად, გაცილებით ადვილად იხიბლებიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებით და სერიოზულად ფიქრობენ ოჯახის შექმნაზე. აი, ფსიქოლოგებს კი სრულიად საპირისპირო აზრი აქვთ. ისინი გვირჩევენ, რომ, ახლად გაცნობილ პარტნიორთან, მეტი სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია, რადგან მამაკაცები ზაფხულში უფრო გართობისა და ინტიმური თავგადასავლებისთვის არიან განწყობილნი, ვიდრე სერიოზული ურთიერთობისთვის. ცოლიანი მამაკაცებიც კი ცდილობენ ზაფხულში გაერთონ, „აიშვან“ და თავს „ცელქობის“ უფლებასაც აძლევენ.

მსუბუქი ფლირტი შვებულების დროს საშიში არ არის. პირიქით, ის საშუალებას მოგცემთ თავი სასურველ, მომხიბვლელ ქალად იგრძნოთ. მაგრამ, თავის მოტყუება და შორსმიმავალი გეგმების დაწყობა მაშინ, როცა პარტნიორი აშკარად მხოლოდ პატარა თავგადასავლისთვის არის მზად, დაუშვებელია. ზაფხული დამთავრდება, ილუზიები გაქრება, რეალობამ კი გული არ უნდა გატკინოთ.



სალო (28 წლის): თქვენთან მოვედი იმიტომ, რომ უკვე ვეღარ ვიგებ, ჩემს ცხოვრებაში ერთბაშად ამდენი უბედურება რატომ მოხდა. ზოგისთვის სიკვდილია უბედურება, მაგრამ, მე მიმაჩნია, რომ, შეიძლება, ცოცხალი იყო და მკვდრის ბედს ნატრობდე. როცა აღარაფერი გიხარია და აღარაფრის იმედი აღარ გაქვს, რაღა აზრი აქვს სიცოცხლეს. შეიძლება, ფიქრობთ, რომ ზედმეტად ვამუქებ მოვლენებს. მაგრამ, როცა მოგიყვებით, რატომ ვარ ასე უიმედოდ, გამიგებთ. ზოგჯერ მგონია, მე ხომ არ ვარ თავად ამ ყველაფრის მიზეზი. უსიამოვნებებს ხომ არ ვიზიდავ და ვიფუჭებ ცხოვრებას-მეთქი. ან, ძალიან უტვინო ვარ, ისეთი უტვინო, რომ, ვერ ვხვდები, როდის იყენებენ ჩემს გრძნობას ბოროტად. რა დავაშავე, რატომ ვერ დავიმსახურე სიყვარული? ნუთუ, ისეთი ქალი ვარ, რომ მამაკაცებს ჩემი მოტყუება და მიგდება უნდებათ? რატომ ვიზიდავ მოღალატე კაცებს?

– მიზიდულობის ეს ფორმაც არსებობს?

– თუ ჩემი მაგალითით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ არსებობს. ორი მტკივნეული შემთხვევა სრულიად საკმარისია, რომ ასეთი დასკვნა გავაკეთო. სულ ტირილი მინდა და სულ ვცდილობ, აღარავის შევხვდე – აღარ მინდა. რა გარანტია მაქვს, რომ ისევ არ მომატყუებენ? რამდენჯერ უნდა გავხდე მამაკაცის უგულობის მსხვერპლი? არ მგონია, სხვა რომელიმე ქალსაც თუ სტკენია ჩემსავით გული. თუმცა, ალბათ, ღალატის მსხვერპლი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ხდება.

– ღალატი – ეს მარადიული თემაა.

– ჰო, კაცობრიობასავით მარადიულია. მაგრამ, ხომ შეიძლებოდა, ერთი გულისტკენა საკმარისი ყოფილიყო? თან, ყველაზე ცუდი რა არის, იცით? ორივეჯერ, რაც მოხდა, დიდი გრძნობის სახელით მოხდა. როგორ არ ვთქვა, რომ მშურს ჩემი ზოგიერთი დაქალის – ვაღიარებ ამას. ოღონდ, სწორად გამიგეთ. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მე ყოველთვის ვარ და ვიქნები ქალის მხარეზე. უბრალოდ, მე რატომ არ შემიძლია, მათსავით ვიყო – სიყვარული „გვერდზე გადავდო“ და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ვიფიქრო, ნებისმიერი ურთიერთობიდან სარგებელი მივიღო, მამაკაცები აქეთ გამოვიყენო და ისე მოვექცე, როგორც არარაობებს?

– თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გამოსავალია?

– რატომაც არა. მამაკაცების უმრავლესობა სწორედ ამის ღირსია, იმიტომ, რომ, არც შენი სიყვარული სჭირდებათ, არც ერთგულება. სულერთია მათთვის, ბოზთან დაიჭერენ საქმეს თუ პატიოსანთან. ან, შეიძლება, მე მხვდებიან ასეთი მამაკაცები. რა საშინელებაა, როცა კაცისგან ელემენტარულს ითხოვ და იმასაც ვერ იღებ. არაფრის პრეტენზია არ მქონია, მარტო ის მინდოდა, ვყვარებოდი და ჩემი ერთგული ყოფილიყო. იქნებ, ორგულობაც მეპატიებინა, პირდაპირ ჩემ ცხვირწინ რომ არ გაება რომანი.

– ამბობენ, პატიება დაუსჯელობის სინდრომს აჩენსო.

– ყველაში არა. ზოგიერთს სინდისის ისეთი „შემოტევები“ აქვს ხოლმე ღალატის შემდეგ, რომ იმას უნდა აპატიო. თან, მიმაჩნია, რომ ერთი შანსის უფლება ყველას აქვს და ეს შანსი უნდა მისცე. მე ძალიან ჰუმანური ვარ ამ მხრივ, იმიტომ რომ, ვხვდები, ზოგადად, ადამიანი ბოროტი არ არის. ხორცითა და სულით შექმნილი არსებაა და, ამიტომ, არაფერი ადამიანური მისთვის უცხო არ არის. ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ცოლს ქმრისთვის ღალატი უპატიებია და ამის მერე მათი ურთიერთობა მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვლილა. თან, როცა გიყვარს, ყველანაირ გამართლებას უძებნი მის საქციელს, თავს იტყუებ, ოღონდ კი დანაშაული „ჩამორეცხო“. ჩემს ორივე შემთხვევაში ძალიან დიდი სიყვარული მქონდა. ჩემი უბედურება ის არის, რომ ზომიერების გრძნობა არ მაქვს. არ შემიძლია, „ისე რა“ მიყვარდეს, ეგრევე თავს ვკარგავ. ჩემი დაქალი სულ იმას ჩამჩიჩინებს, ასე არ შეიძლება, არც ერთი კაცი არ ღირს იმად, რომ საკუთარი ცხოვრება ანაცვალოო. მაგრამ, რა ვქნა, რომ არ შემიძლია? ჩემმა ქმარმა ისე მატკინა გული, მაშინ მეგონა, კაცისკენ საერთოდ აღარ გავიხედავდი, თუმცა მაინც ისე მოხდა, რომ ხელმეორედ მოვტყუვდი. ორი წელი დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემზე კარგი ქმარი არავის ჰყავდა. სიყვარულით შევქმენით ოჯახი. თუმცა, შეიძლება, იმას სულაც არ ვუყვარდი და იმ წუთში ასე სჭირდებოდა.

– რას ნიშნავს „იმ წუთში სჭირდებოდა“?

– როგორც მერე გავიგე, ვიღაცას იყო გადაკიდებული და მშობლები მისი მოყვანის უფლებას არ აძლევდნენ. დედიკოსა და მამიკოს ნებიერა ბიჭუნას შეეშინდა, რომ მშობლები მატერიალურ წყაროს გადაუკეტავდნენ და მათ დასამშვიდებლად ისეთი გოგო „შეიყვარა“, რომელიც მათ გემოვნებაში „ჯდებოდა“. სწორედ ეს გოგო აღმოვჩნდი მე.

– თავიდანვე იცოდით ეს ამბავი?

– არა, რა თქმა უნდა. თავიდან ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა, დავფრინავდი ბედნიერებისგან. თუ არ ვუყვარდი, გაოგნებული ვარ, ასე როგორ თამაშობდა? არც ერთხელ არაფერი შეშლია. ისეთი შეყვარებული თვალებით მიყურებდა, როგორ ვიფიქრებდი, რომ ამას ჩემ მოსატყუებლად აკეთებდა.

– იქნებ, ის, უბრალოდ, ამით ცდილობდა იმ ქალის დავიწყებას? მამაკაცებიც აჰყვებიან ხოლმე ილუზიებს.

– არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. ფაქტია, რომ მე დავრჩი მწარედ მოტყუებული. თავდავიწყებით შემიყვარდა, არავითარი ზომიერება და საზღვრები. მე მოვტყუვდი, იმიტომ მოვტყუვდი, რომ ძალიან ნიჭიერად თამაშობდა „სიყვარულს“. არც ისეთი სულელი ვარ, მისგან არაფერი მეგრძნო და მარტო გათხოვების სურვილით ჩამოვკიდებოდი კისერზე. რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთად არაჩვეულებრივად ვიყავით. ყველაფერი კარგად გვქონდა. როგორ ვიფიქრებდი, რომ ჩემთან ინტიმური სიახლოვისას. სხვაზე ფიქრობდა. ვერ წარმომიდგენია, ასეთი რაღაც... მომენტს ვერ ვიხსენებ, როდის შეიძლებოდა, სხვასთან რომანი გაება. წინა პერიოდი არ გვქონია. ხვდებით, რასაც ვგულისხმობ?

– დიახ, გაუცხოების პერიოდს, როცა შეიძლება, ცოლმაც და ქმარმაც სხვაგან დაუწყონ ძებნა იმას, ვინც მათ გაუგებს.

– სწორად მიმიხვდით. ხომ არის ცოლ-ქმარი, რომლებიც, უბრალოდ, ცხოვრობენ ერთ ჭერქვეშ და დღეები ისე გადის, ერთმანეთს ორ სიტყვასაც არ ეტყვიან. მე ასეთი რაღაც არ მახსენდება. იმიტომ უფრო მტკივნეული იყო მისი ღალატი. ცოტათი მაინც რომ ვყოფილიყავი მზად ამისთვის, იქნებ, შედარებით იოლად გადამეტანა.

– თქვენ იცოდით, რომ თქვენს ქმარს თქვენამდე ჰყავდა პარტნიორი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა? თვითონ გითხრათ?

– თვითონ არ უთქვამს. სხვამ მითხრა. სიმართლეს გეტყვით, ცოტა ვინერვიულე და ერთი-ორი კვირის განმავლობაში ეჭვიც მღრღნიდა. სულ ვაკვირდებოდი, მაგრამ, აბსოლუტურად, არაფერი შემინიშნავს ისეთი, რაც მაფიქრებინებდა, რომ იმ ქალს ისევ ხვდებოდა. ამიტომ, დავმშვიდდი. შეიძლება, ეს შეცდომა იყო ჩემი მხრიდან, არ უნდა მომედუნებინა ყურადღება.

– ფიქრობთ, რომ ეს ღალატისგან დაგიცავდათ?

– არ ვიცი. ახლა უკვე ძნელი სათქმელია, დამიცავდა თუ არა. ალბათ, უფრო არა... კაცი ან არის მოღალატე ბუნებით, ან – არა. პრინციპში, ყველა კაცის შეცდენა შეიძლება, თუ ქალი მოინდომებს. ოღონდ, სამწუხაროდ, მე ასეთი ქალების კატეგორიას არ მივეკუთვნები. კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ ჩემი ქმარი იმ კატეგორიის მამაკაცი აღმოჩნდა, რომლებსაც ღალატი სისხლში აქვთ. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი მოტყუებული, ბრიყვი ცოლის როლში. მაგრამ არ გეგონოთ, თავის ძველ საყვარელთან მიღალატა. ნეტავი, ასე ყოფილიყო, მაშინ რაღაც გამართლებას მაინც მოვუძებნიდი.

– ვითომ, ეს უფრო ადვილი გადასატანი იქნებოდა თქვენთვის?

– ამ კითხვაზეც მიჭირს პასუხის გაცემა. ფაქტია, რომ საშინელი ტკივილი მომაყენა. დღემდე ვერ მომინელებია. მით უფრო, როცა მეორედაც განმეორდა იგივე, ოღონდ, ამჯერად სხვა კაცთან. ჩემი ქმრის ღალატით ისე ვიყავი განადგურებული, რომ საკუთარ თავს ვუთხარი, აღარავითარი სიყვარული-მეთქი.

– გაშორდით ერთმანეთს?

– ოფიციალურად ისევ მისი ცოლი ვარ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ის თავის საყვარელს ხვდება. იცის, რომ მე ყველაფერი ვიცი. ზაფხულშიც რომ მასთან ერთად დაგეგმა დასვენება, ესეც გავიგე. დაქალებმა მირჩიეს, რას დამჯდარხარ სახლში და გლოვობ, ადექი და წადი იქ, სადაც შენი საყვარელი ქმარი ერთობა. ფული გაქვს, რატომ უნდა ბღაოდე აქ დედაბერივით. ბოლოს და ბოლოს, გაერთობი მაინც. ახალ თაყვანისმცემელს იშოვი მის ჯიბრზე და დაანახვებ, რომ შენც ქალი ხარ, თანაც, მიმზიდველი ქალიო. უარეს რჩევას, ალბათ, ვერავინ მომცემდა. მეც როგორ გავბრიყვდი, რომ დავუჯერე. სასოწარკვეთილება ცუდი მრჩეველია, ძალიან ცუდი.

– იქ წახვედით, სადაც თქვენი ქმარი თავის საყვარელთან ერთობოდა? ერთმანეთში ურთიერთობა უკვე გარკვეული გქონდათ?

– მე და ჩემს ქმარს? დიახ, სერიოზული და დიდი სკანდალი გვქონდა. ძალიან დიდი სკანდალი. ჯერ უარყოფდა – რა სისულელეაო. მერე, ფაქტებით რომ დავუწყე ლაპარაკი, გამოტყდა და მითხრა, მოდი, ცოტა ხანს ცალ-ცალკე ვიყოთ, რომ გავარკვიოთ, გვინდა თუ არა ერთად ყოფნაო.

– და საყვარელთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრა?

– დიახ. გაუგებარი რა რჩება? მაშინვე „მომახსენეს“, სადაც წაბრძანდნენ. ინფორმაციის წყაროს შეგნებულად არ ვასახელებ, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრია და, არ მინდა, პრობლემები შეექმნას. მოკლედ, ზუსტად იმავე სასტუმროში დავბინავდი, სადაც ისინი. ჩემმა ქმარმა რომ დამინახა, გამწვანდა სიბრაზისგან. იმ ქალბატონმაც მნახა. ჩემმა ქმარმა მითხრა, ისე მოიქეცი, ვითომ არ მიცნობ, თორემ საშინელებას ჩავიდენ და ძალიან ინანებო. რადგან ჩამოეთრიე, შენთვის იყავი, თუ გინდა, ვინმესთან რომანიც კი გააბი, ოღონდ მე თვალით არ დამენახვოო.

– ასე გითხრათ, თუ გინდა, რომანიც გააბიო?

– ისე საშინლად იყო გაცოფებული, გეგონება, მე ვიყავი საყვარელთან ერთად, ნაძირალა! წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა: მარტო ვარ, თან ვერც ვერავის მოვუყვები ჩემი უბედურების ამბავს... ცხოვრებაში პირველად მომინდა, გამოვმთვრალიყავი. ბარში ჩავედი და სწორედ იქ გავიცანი მეორე.

– შემთხვევით გაცნობილი შეგიყვარდათ?

– ყველაფერი შემთხვევით ხდება ხოლმე. შემთხვევითობა განაგებს ჩვენს ყოფიერებას. ჩემს მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის ძნელი არ იყო კიდევ ერთი შეცდომის დაშვება, მით უფრო, რომ ისევ სიყვარულზე მოყოლილი ზღაპრებით გამაბრუეს. ჯერ სასმელზე დამპატიჟა და გამეცნო, მერე მკითხა, მარტო რატომ ხარო.

– მოუყევით, რომ ქმარსა და მის საყვარელს „ჩააკითხეთ“?

– არა, რა თქმა უნდა. მაგრამ, თავის გამოდება არ დამიწყია. გადავწყვიტე, არ გამომეჩინა მეტისმეტი კეთილგონიერება და ფლირტში ავყოლოდი. ორი დღის შემდეგ მითხრა, ყოველთვის შენნაირ ქალს ვეძებდიო. ცხადია, მაშინვე არ დავიჯერე, მაგრამ ისეთი ყურადღებიანი იყო, ისე მევლებოდა თავს, ვიფიქრე, მართლა შევუყვარდი-მეთქი. შეიძლება, ძალიან სულელი გგონივართ? თუმცა მთლად ასე მარტივადაც არ არის საქმე. ალბათ, მეც ვიტყოდი ქალზე, რომელიც ჩემსავით მოიქცეოდა, სულელი ყოფილა-მეთქი, მაგრამ წინასწარ არავინ იცის, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცევა. მე სასოწარკვეთილი ვიყავი და იმ სითბომ მომნუსხა, რომელიც იმ კაცმა ჩემ მიმართ გამოიჩინა და რაც ასე მენატრებოდა. მერე იტყვიან, ქალს მამაკაცი ვერ მოატყუებს, თუკი თავად ქალმა არ მოიტყუა თავიო. მთლად ასეც რომ არ არის? მოტყუვდები, თუკი საკუთარი გული მოგატყუებს.

– თქვენი ქმარი ამ ყველაფერს ხედავდა?

– ერთი-ორჯერ დაგვინახა ერთად და მითხრა, ფრთხილად იყავი, თავი არავის მოატყუებინოო.

– თორემ, მე არაფერი მენაღვლებაო?

– ასე გამოვიდა. მისი ჯიბრით ჩამოვეკიდე კისერზე კაცს, რომელმაც, სიყვარული ამიხსნა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ, რაღაც დოზით ესეც იყო.

– სიყვარული აგიხსნათ?

– თითქმის. რა ბედნიერებაა, რომ ერთმანეთი ვიპოვეთო. არც შემპარვია ეჭვი, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდებოდა. გეგმებიც კი დავაწყვე, როგორ ჩავიდოდი სახლში, როგორ ვეტყოდი ჩემს ქმარს, სხვა შემიყვარდა-მეთქი და როგორ წავიდოდი ამაყად თავაწეული სხვასთან... მაგრამ, როცა არ გიმართლებს, ბოლომდე არ გიმართლებს. ბოლო დღეს ყვავილების დიდი თაიგულით გამომეცხადა და მითხრა, დარწმუნებული ვარ, შენც კმაყოფილი ხარ ჩვენი პატარა სასიყვარულო თავგადასავლით. ბედნიერებას გისურვებო – და, დამემშვიდობა. ლამის დამბლა დამეცა. ენაჩავარდნილივით ვიჯექი და ვერაფერი ვერ ვთქვი. ახლა ორმაგად მოტყუებული და ორმაგად განადგურებული ვარ. ქმარს, რა თქმა უნდა, გავეყრები, მაგრამ, როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება ამის მერე, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი ქმრის მიმართ მხოლოდ ბრაზსა და ბოღმას ვგრძნობ, მაგრამ, ის მეორე, სამწუხაროდ, მიყვარს. რატომ ვარ ასეთი უიღბლო. ორჯერ ერთი და იგივე შეცდომა რატომ დავუშვი?


скачать dle 11.3