რატომ მწვავდება შემოდგომით თვალის ინფექციური დაავადებები და როდის ხდება საშიში თვითნებურად დაწყებული მკურნალობა
თვალი ადამიანის სარკეა, სწორი და ჯანმრთელი მზერა კი მოვლენების სწორ აღქმასა და შეცნობაში გვეხმარება. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ შემოდგომის პერიოდში მთელი რიგი თვალის დაავადებები მწვავდება. ზოგი ამ დროს არ აქცევს ყურადღებას თვალის სიწითლეს, ეს უბრალო გადაღლის და უძილობის ბრალი ჰგონია. არადა, როგორც ექიმი-ოფთალმოლოგი რამაზ ცინცაძე ამბობს, ამ ერთი შეხედვით უსაფრთხო სიმპტომებს, შესაძლოა უყურადღებობის შემთხვევაში, მთელი რიგი შეუქცევადი პრობლემები მოჰყვეს.
თუ როგორ მოვუაროთ ამ სეზონზე თვალებს, რომელი დაავადება მწვავდება შემოდგომით ქარიან ამინდში და როდის ვითარდება მხედველობის შეუქცევადი დაქვეითება, ამასთან დაკავშირებით, ბატონი რამაზი გვესაუბრება.
– ბატონო რამაზ, თვალის რომელი დაავადებები მწვავდება ყველაზე ხშირად შემოდგომით და როგორ დავიცვათ თავი?
– ამ პერიოდში, ძირითადად თვალის ინფექციური დაავადებები მწვავდება, შემოდგომით ადამიანის იმუნიტეტი მკვეთრად ეცემა, ხშირია გაციება, გრიპი, სხვადასხვა ვირუსული დაავადებები და ყოველივე ამის ფონზე, თვალის ანთებითი დაავადებები ადვილად ვითარდება. ასე რომ, შემოდგომით, თვალის ანთებითი დაავადებების რისკი მკვეთრად მომატებულია. აუცილებელია, პირველივე გამოვლინების დროს ადამიანმა მიაკითხოს კვალიფიციურ სპეციალისტს და არ მიმართოს თვითმკურნალობას. გეტყვით, რომ ამ ერთი შეხედვით უსაფრთხო თვალის სიწითლის დროს, შესაძლოა, თვითმკურნალობამ სავალალო შედეგამდე მიიყვანოს ადამიანი. ხშირად ამას მხედველობის დაქვეითება მოჰყვება ხოლმე. საერთოდ, აქვე გეტყვით იმასაც, რომ მწვავე დაავადების მკურნალობა შედარებით ადვილია, ვიდრე ქრონიკულ სტადიაში გადასული გართულებული დაავადების და ეს უცხო არავისთვისაა. შესაძლოა, მხედველობა არ დააკლდეს ადამიანს, მაგრამ დარჩეს მუდმივი ცრემლდენა, წვა, ქავილი, თვალში უცხო სხეულის ჩავარდნის შეგრძნება. ეს კი დროთა განმავლობაში, რასაკვირველია, მხედველობაზეც იმოქმედებს. ამიტომ, დროული მკურნალობა ამისგან დაგაზღვევთ. ჩვენთან, სამწუხაროდ, მიღებულია, რომ სანამ დაავადება კულმინაციას არ მიაღწევს და ადამიანი არ მივა გაუსაძლის შედეგამდე, მანამდე არ აკითხავს ექიმს. დღეს გახშირებული თვალის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, სწორედ ამის შედეგია. როცა მხედველობის პრობლემა შეაწუხებთ, მერე აკითხავენ ექიმს და შესჩივიან. მაგრამ, იმ მნიშვნელოვან სიმპტომებს, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, თავის დროზე ყურადღებას არ აქცევენ. ქრონიკულ ფაზაში გადასული დაავადებით დღეს უამრავი პაციენტი გვაკითხავს. მაგალითად, როგორიცაა ქრონიკული კონიუნქტივიტი, ქრონიკული ლეფარიტები და ასე შემდეგ. ლეფარიტი ქუთუთოს ანთებაა, კონიუნქტივიტი კი თვალის ლორწოვანი გარსის ანთება. რაც შეეხება თავის დაცვას, არსებობს ინდივიდუალური მგრძნობელობის ფენომენი ანუ მოვლენა. იცით ეს რას ნიშნავს? მაგალითად, ზოგი ადამიანი, როცა სიცივეში გადის ქუჩაში, ეწყება ცრემლდენა. ეს დაავადებად არ ითვლება, თვალის დამცავი მოვლენაა. კერძოდ, ცრემლი თვალს ათბობს და ამგვარად იცავს. მაგრამ, თვალის ლორწოვანი გარსის მგრძნობელობა ყველას ერთნაირი ხომ არ აქვს? თუ სიცივეში ცრემლდენა მძაფრდება, ამას კი არ ახლავს თან სხვა სიმპტომები, მაშინ არ არის საშიში, პირიქით. მაგრამ, საკმარისია, თან ახლდეს თვალის სიწითლე, გამონადენი, წვა, ქავილი, მაშინ მკურნალობა აუცილებელია. ცივი სეზონის ერთ-ერთი საშიშროება ის არის, რომ ამ დროს მძაფრდება თვალის ანთებითი დაავადებები.
– ამბობენ, ლინზების ტარება ცივ და ქარიან ამინდში პრობლემას ქმნისო. ამაზე რას იტყვით?
– არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ლინზა უღიზიანებს თვალს, მაგრამ ისინი ჯიუტად განაგრძობენ მის ტარებას და შემდეგ, ექიმთან მისვლასაც აგვიანებენ. ამ დროს მხედველობა მკვეთრადაა შერყეული და მისი აღდგენა შეუძლებელია. ეს არის ეგრეთ წოდებული შეუქცევადი დაქვეითება. ასევე, არ შეიძლება ლინზის ტარება ქარიან ამინდში, არსებობს მხედველობის გასაუმჯობესებელი და კოსმეტიკური ანუ თვალის ფერის შესაცვლელი ლინზები. ადამიანი, რომელიც ხმარობს მხედველობის გასაუმჯობესებელ ლინზებს და ქარიან ამინდში გადის ქუჩაში, აუცილებლად უნდა გაიკეთოს სათვალე, ერთი მიზეზის გამო, რომ ქარისგან შემოყრილი მტვრისგან დაიცვას თვალი. მტვერი გროვდება ლინზასა და თვალის გარსს შორის, იწყება ხახუნის შეგრძნება და ეს მნიშვნელოვნად აზიანებს თვალს. ფერადი ლინზის ტარებას კი ასეთ ამინდში მოერიდეთ, ზოგადად, სტატისტიკურად, თვალს უფრო მეტად აღიზიანებს ფერადი ლინზა, ვიდრე ნომრიანი უფერული. თუ ლინზას ვადა გაუვიდა, ის აუცილებლად უნდა შეცვალოთ ახლით.
– დღეს ბევრი ადამიანი უჩივის თვალის სიწითლეს და ამას გადაღლას, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას, კითხვას და ასე შემდეგ, აბრალებს. ეს თუ არის საშიში მხედველობისთვის?
– რასაკვირველია. თვალის ჩაწითლება ანთების ერთ-ერთი სიმპტომია, მაგრამ დაავადებას სხვადასხვა ნიშნებიც ახასიათებს. მწვავე ანთების დროს აღინიშნება თვალის მკვეთრი ჩაწითლება. ქრონიკული ანთების დროს კი შესაძლოა, თვალი გაწითლებული არც კი იყოს. ამ დროსაც საშიშია თვითნებურად აფთიაქში ნაყიდი, რეკლამირებული წამლების გამოყენება და ჩაწვეთება, ექიმის რეკომენდაციის გარეშე, რადგან ყველა ანთებას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი. ადამიანმა უნდა განსაზღვროს ექიმთან კონსულტაციის დროს, რამ გამოიწვია გაღიზიანება და შესაბამისად იმკურნალოს. ბაქტერიულ ანთებას სხვაგვარი მკურნალობა ესაჭიროება, ვირუსულს კი სულ სხვანაირი. ამას თქვენ ხომ ვერ გაარკვევთ და ვერ დაადგენთ რა გჭირთ? ასევე, აუცილებელია თვალის ქრონიკული ანთების დროს ანტიბიოტიკებით, სტეროიდული ჰორმონებით მკურნალობა. ვირუსული ანთების დროს კი, ვირუსის საწინააღმდეგო წამლები და პრეპარატები ენიშნება ავადმყოფს. ამას, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმი-ოფთალმოლოგი განსაზღვრავს, რასაკვირველია, შესაბამისი გამოკვლევის შემდეგ. თუ თვალი ხშირად გიწითლდებათ და ეს კომპიუტერის, წიგნის კითხვის ან წერის შედეგია, სანამ სპეციალისტს მიმართავთ, შეგიძლიათ ჩაის ნაყენით დაიმშვიდოთ სიწითლე და თვალის გადაღლა. ეს თვალის გამორეცხვის უებარი და უსაფრთხო საშუალებაა. ჩაი ტანინს შეიცავს, ეს უკანასკნელი კი ხალხურ მედიცინაში და არა მარტო, ლორწოვანის დამამშვიდებელი უებარი საშუალებაა. ასე რომ, საშუალო ფერის, თბილი ნაყენით ამოიბანეთ თვალები და ამით დაიამეთ სიწითლე გადაღლის დროს.
– თუ ქუთუთოები ხშირად სივდება, ესეც თვალის პრობლემისა და მხედველობის დაქვეითების წინა ეტაპია?
– თუ თვალი გისივდებათ ან შუპდება, ეს თვალის ანთების სიმპტომებია. ეს ახასიათებს როგორც ვირუსულ, ბაქტერიულ, ასევე, ალერგიულ კონიუნქტივიტებს. ამ დროსაც არ შეიძლება წვეთების გამოყენება, რადგან შესაძლოა, მხედველობა მკვეთრად გაიუარესოთ და არასწორად ჩაიტაროთ მკურნალობა, რაც მხედველობის შემდგომ გართულებებს გამოიწვევს. შემოდგომით კი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი მეტად აქტიურია და ამას შესაბამისი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ნონა დათეშიძე