კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ახალგაზრდა დირექტორებს სალმის მიცემა ავიწყდებათ

არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ჩემი წერილი თქვენს რუბრიკას, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, დამიბეჭდოთ.

ვარ ასაკოვანი ადამიანი. უკვე 30 წელია, ვმუშაობ ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში, შემიძლია ვთქვა, აქ დავბერდი და, ამასთან, ოთხი დირექტორიც „გამოვიცვალე“, რომელთაგან ზოგს რა ნაკლი და უარყოფითი თვისება ჰქონდა, ზოგს – რა, მაგრამ, ახლა რომ დაგვინიშნეს, მსგავსი არაფერი მინახავს. რაც მთავარია, ასეთი აზრი მასზე მარტო მე არ შემქმნია. მართალია, ჩვენი სამსახური პერიფერიაში, ქალაქგარეთ მდებარეობს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, ვინც ჩვენი მხრებით მოვიტანეთ ეს სასწავლებელი, დღემდე, ზემოდან დაჰყურებდე, არაფრად აგდებდე და სალამსაც ამადლიდე?!

ამ ხნის პედაგოგი ვარ და, პირველი, რასაც ჩემს მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვასწავლიდი, სალამი, უფროს-უმცროსობა და ზრდილობა იყო, მხოლოდ ამის შემდეგ იდგა საგნის სწავლება და, მინდა გითხრათ, ეს მეთოდი ყოველთვის ამართლებდა. რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად ზრდილობიანი, წესიერი და განათლებული არ იყო, მაგრამ სალმის მიცემა ნამდვილად არ ავიწყდებოდათ.

ჩვენი დირექტორი კი, ისე ჩაუვლის ბავშვებსაც და თანამშრომლებსაც, თუ იმ მომენტში რამე არ სჭირდება, სალამი კი არა, ზედაც არ შემოგხედავს.

მე არაფერს ვამბობ იმაზე, როგორ უძღვება თავის საქმეს – ეს ჩემი განსახილველი, ალბათ, არ არის და, მით უმეტეს, თქვენი რუბრიკა რა შუაშია, მაგრამ გარდა ელემენტარული ზრდილობისა და ურთიერთობებისა, ჩემი ღრმა რწმენით, დაწესებულების ხელმძვანელი, მით უმეტეს, თუ ეს სასწავლო დაწესებულებაა და მოზარდებთან გაქვს საქმე, მორალური თვალსაზრისითაც არ უნდა მოიკოჭლებდეს. გასაგებია, ძალიან ახალგაზრდა კაცია და, შეიძლება, რაღაც გატაცებებიც ჰქონდეს, მაგრამ, როდესაც შენი „ამურული ვოიაჟების“ შესახებ ყველა ბავშვმა იცის (აღარაფერს ვამბობ თანამშრომლებზე), მით უმეტეს, რომ ცოლიც გყავს და შვილებიც, რა მაგალითი უნდა მისცე მოსწავლეებს? ასეთმა დირექტორმა მოზარდს შენიშვნა რომ მისცეს საქციელთან დაკავშირებით, ხომ შეიძლება, მოგიბრუნდეს ის ბავშვი და პირში მოგახალოს – შენ შენს საყვარლებს მიხედეო?! მე შენ გეტყვი და ვერ გაბედავენ, ან მოერიდებათ.

ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ, თითქმის ყველგან, სადაც ახალგაზრდა და ახალდანიშნული დირექტორი განაგებს მსგავსი ტიპის დაწესებულებას, არ აქვს მნიშვნელობა, ქალია თუ კაცი (უფრო სწორად, მათი ასაკიდან გამომდინარე – გოგოა თუ ბიჭი), მორალისა რა მოგახსენოთ, ალბათ, უმეტესი მათგანი ამ მხრივ არ მოიკოჭლებს, მაგრამ სალმისა და ღიმილის დეფიციტი ეპიდემიასავით კი არა, პანდემიასავით არის მოდებული.

არ ვიცი, რა ხდება ჩვენს სამინისტროებში და უფრო ზემოთ (რადგან იქაურობაც, ლამის, თინეიჯერებით გაივსო), მაგრამ, ვინც ამ ახალ-ახალ დირექტორებს ნიშნავს, სპეციალურ ტრენინგებს რომ უტარებენ, იქნებ, ელემენტარული ზრდილობის ტრენინგებიც ჩაუტარონ და, თუკი მათთვის ბავშვობაში არავის უსწავლებია, ახლა მაინც დაამახსოვრებინონ, რომ სალამი ღვთისაა.

ლილი, 58 წლის.

ყოფილი ქმარი მაშანტაჟებს

ვმუშაობ კერძო ფირმაში. საკმაოდ კარგ თანამდებობაზე და კარგი ხელფასი მაქვს. პატარა გოგო აღარ ვარ (მალე 35-ის შევსრულდები), მაგრამ, მიყვარს კარგად ჩაცმა და თავის მოვლა. ამიტომ, ყველას გაცილებით უმცროსი ვგონივარ. პირველ ქმარს რამდენიმე წლის წინ გავეყარე – ძალიან პატარა გავთხოვდი და, მიუხედავად დიდი მოთმინებისა და მცდელობისა, ჩვენი ურთიერთობა მაინც არ შედგა. მისი გადაჭარბებული ეჭვიანობის გამო, ძლივს დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი, რის შემდეგაც მუშაობა ამიკრძალა და სახლში ვიჯექი. შემიძლია ვთქვა, გამოკეტილი და გარე სამყაროს მოწყვეტილი ვიყავი, რადგან ჩემი ძვირფასი მეუღლე პრაქტიკულად ყველასთან ურთიერთობას მიკრძალავდა. საკმარისი იყო, ვინმეს დაერეკა ტელეფონზე და მე მეპასუხა, მაშინვე ათასნაირ ცილს მწამებდა – საყვარლები გირეკავენ და ჩუმად უთანხმდები შეხვედრებზეო. მეგობარსაც რომ დაერეკა, ვთქვათ, თუნდაც, ჩემს რომელიმე ბავშვობის მეგობარს, იმაზეც საშინელ თეორიებს აგებდა – თვითონაც ბოზები არიან (ბოდიშს გიხდით უცენზურო სიტყვისთვის) და შენც ამისკენ გიბიძგებენ, ვიღაცეებს გირიგებენო. მოკლედ, ნევროზი კი არა, ფსიქოზი დამემართა. სხვათა შორის, ჩვენს გოგონასაც თითქმის ასევე ექცეოდა, ოღონდ, ასეთ სიტყვებს არ უწოდებდა.

12 წლის იყო ჩემი გოგონა, კატეგორიულად რომ დამისვა საკითხი – ან გაეყარე მამაჩემს, ან მე წავალ სახლიდან და ბებიასთან ვიცხოვრებო. ეტყობა, ეს იყო ბოლო წვეთი, ბიძგი, რომელმაც გამომაფხიზლა და გადამწყვეტი ნაბიჯი გადამადგმევინა. მართალია, ყველაფერს ასე ადვილად არ ჩაუვლია, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც გავთავისუფლდი იმ ურჩხულისგან. თუმცა, გაყრიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში მდევნიდა, მითვალთვალებდა, ათასგვარ ჭორს მივრცელებდა (რაშიც, სხვათა შორის, დედამისიც აქტიურად ეხმარებოდა). ჩემი ყოფილი დედამთილი ჩემს შვილს ურეკავდა და ეუბნებოდა, ჩვენთან გადმოდი საცხოვრებლად, დედაშენისგან ბოზობის მეტს ვერაფერს ისწავლი (კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს). მაგას საყვარლები რომ არ ჰყოლოდა, ამისთანა ქმარს გაეყრებოდაო? სანამ ნინიკო (ჩემი შვილი) პატარა იყო, ბებიამისს ვერ ეპასუხებოდა, მხოლოდ ყურმილს უკიდებდა და ამაზეც ერთ ამბავს სტეხდა ქალბატონი – შვილსაც თავის ყაიდაზე ზრდის და მამის მხარეს აძულებსო. მერე კი, როცა ცოტა წამოიზარდა, შეუტია და დაუტატანა ორივეს – დედაჩემის ხსენებასაც კი გიკრძალავთ, ერთი გავიგო, რომ სადმე რამე ცუდი თქვით მასზე, ცილისწამებისთვის დავაჭერინებ თქვენს თავსო. იმის მერე შედარებით ჩაცხრნენ და ჩვენთან რეკვებსაც თავი დაანებეს.

ჩემი ყოფილი დედამთილი რომ გარდაიცვალა, მე უკვე ვმუშაობდი და კარგი შემოსავალიც მქონდა. ეს, ცხადია, ჩემმა ყოფილმა ქმარმაც იცოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დამცინოდა, როცა მუშაობის სურვილს გამოვთქვამდი ხოლმე – შენ რისი თავი გაქვს, ვინ მიგიღებს სამსახურში, მუშაობა კი არა, კაცები გაინტერესებსო; დედამისის გარდაცვალებისთანავე დაურეკა თავის შვილს (მე ვერ გამიბედა) და უთხრა, მე უმუშევარი ვარ და არანაირი საშუალება არ მაქვს, ამიტომ, დედაშენს უთხარი, ათასი დოლარი გამომიგზავნოს. ამ ქალს დამარხვა უნდა და, სხვათა შორის, თქვენც გეკუთვნით წილის გაღება, თან იყო თქვენზე გადაყოლილიო. მიუხედავად იმისა, რომ ნინიკო სასტიკი წინააღმდეგი იყო – ახლა თუ ფული მიეცი, იცოდე, აღარ მოგეშვებაო, – მაინც გავუგზავნე 1 000 დოლარი, მაგრამ პანაშვიდებზე არ მივსულვარ. ნინოს კი ვთხოვე, წადი, მაინც ბებიაა-მეთქი, მაგრამ, არაფრით არ ქნა. ეს მაგარია, რაც არ უნდა, ვერ გააკეთებინებ, ჩემსავით დამთმობი არ არის.

ჩემს შვილს არ დავუჯერე და ვინანე: ჩემმა ყოფილმა ქმარმა, ეტყობა, იფიქრა, ამას ბევრი ფული აქვსო და, იმის შემდეგ, ლამის ყოველ კვირას ფულს მთხოვდა.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგწერეთ ასე დაწვრილებით, რომ მინდა, ეს წერილი წაიკითხოს ერთმა ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა (მას პირადად ვერ ვუყვები ჩემი მძიმე ცხოვრების შესახებ, რადგან ძალიან მერიდება), რომელსაც მალე ცოლად გავყვები. მთელი პრობლემა კი ისაა, ჩემმა ყოფილმა ქმარმა გაიგო, რომ ვთხოვდები და მაშანტაჟებს – ყოველთვიურად 500 ლარს თუ არ გამომიგზავნი, შენს კუროს (ასე მოიხსენიებს ჩემს საქმროს) ყველაფერს მოვუყვები შენი შავბნელი წარსულის შესახებო. ჩემი საქმრო კარგად მიცნობს, ვინ ვარ, მაგრამ, როგორია, საცოლის შესახებ მისი ყოფილი ქმარი სიბინძურეებს გელაპარაკოს? ძალიან მეშინია, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ამას ჩემს შვილსაც ვერ ვეუბნები, მეშინია, ბავშვი რამე შარში არ გავხვიო. არც მამა მყავს, არც ძმა, რომ ვინმე კაცი ჩაერიოს ამ საქმეში. არადა, მეშინია, რამე უბედურება არ მოხდეს. მართლა ასე რომ მოიქცეს, ორი ვარიანტი შეიძლება მოხდეს: ის ჩემმა საქმრომ მოკლას ან დაასახიჩროს და ციხეში წავიდეს, ან უნდა თუ არ უნდა, ეჭვი შეეპაროს ჩემში. მაგრამ, თუ ბოლოს, გაიგებს, რომ ამ შანტაჟზე წამოვეგე და ფული გავუგზავნე, მაშინ უფრო არ დაეჭვდება ჩემს პატიოსნებაში?

მაკა, 35 წლის.



ნამდვილ სიყვარულს ვეძებ

ძალიან მდიდარი ოჯახის დედისერთა შვილი ვიყავი. ჩემს მშობლებს ლამის მთელი ქალაქი იცნობდა. არაფერი მაკლდა. ჩაცმა-დახურვაზე რომ აღარაფერი ვთქვა, მძღოლიანი მანქანა მყავდა, უცხოეთში წელიწადში რამდენჯერმე დავდიოდი, ჯიბეში კი ყოველთვის დაუთვლელად მქონდა ფული და ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ჩემი მამიკო ზრუნავდა. დედაჩემი კი თავის მხრივ არ მაკლებდა განებივრებას, მოტივით, ეს ერთი შვილი გვყავს, ღვთის წყალობით, შესაძლებლობა გვაქვს და რატომაც არ უნდა გავანებივროთო. მეც არ ვიყავი ძუნწი და, შესაბამისად, მეგობრებიც ბუზებივით მეხვეოდნენ, ჩემზე გათხოვების (უარეს შემთხვევაში – საყვარლობის) მსურველი გოგონები კი ლამის ყოველ ნაბიჯზე სიყვარულს მიხსნიდნენ და ტკიპებივით მეწებებოდნენ. მეც გათამამებული ვიყავი ქალების ყურადღებით და, რაც მთავარია, მეგონა, ჩემზე გიჟდებოდნენ. მაგრამ, თურმე მწარედ ვცდებოდი. მეორე ცოლიც რომ გამექცა, მაშინ მივხვდი, რომ ყველა ქალს მამაჩემის ფულები უფრო უყვარდა და არა პირადად მე.

ჩემი პირველი დაქორწინება ისე სპონტანურად მოხდა, გონს რომ მოვედი და „აღმოვაჩინე“, ცოლი მყავდა თვითონაც სახტად დავრჩი. თეა ჩემი თანაკურსელი იყო და ერთი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით. იქ უგონოდ დავთვერი. რომ დავიშალეთ, მითქვამს, თეას მე გავაცილებ-მეთქი (ნამდვილად არ მახსოვს, ვთქვი თუ არა, ამას თვითონ თეა ამტკიცებდა). მთელი გზა ფეხით გვივლია (გვივლია-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მე ესეც არ მახსოვს, ისეთი მთვრალი ვიყავი). მერე ვითომ თეას გადავკიდებივარ, ყოველთვის მიყვარდი და თქმას ვერ გიბედავდი. თუ შენც გიყვარვარ, ბარემ წამოდი ჩემთან-მეთქი (ანუ, ცოლობა მითხოვია). თვითონ თეას თქმით, ის დიდხანს უარობდა – ასე ქუჩიდან, შუაღამისას, ნასვამს როგორ გამოგყვე, შენები რას იტყვიანო. მე კი თავი მომიკლავს, პირიქით, გაუხარდებათ, შენნაირ გოგოს თუ მოვიყვან ცოლად-მეთქი და, ბოლოს, ვითომ ასე ძალით დამითანხმებია.

სახლში ერთად რომ მივედით, დედაჩემისთვის მითქვამს, ეს გოგო ჩემი ცოლია და თქვენს მეორე შვილად მიიღეთ-მეთქი. მამა სახლში არ იყო, მივლინებაში იყო წასული. დედაჩემს კი გაჰკვირვებია, მაგრამ არაფერი უთქვამს. თეა კარგად მიუღია, მაგრამ ლოგინი ცალ-ცალკე გაუშლია ჩვენთვის, თუმცა დილას თეა ჩემი ოთახიდან გამოსული დაუნახავს (ეს ყველაფერი თვითონ დედამ მიამბო). მე ისევ მეძინა, დედაჩემი და თეა კი სამზარეულოში შესულან ყავის დასალევად. უფრო სწორად, დედაჩემი რომ შევიდა, თეა უკვე ყავას იხარშავდა თავისთვის და დიდი ხნის დიასახლისივით ტრიალებდა. მერე დედაჩემს რაღაცეები უკითხავს და თეასაც უთქვამს, ვითომ ჩემგან ორსულად იყო, მაგრამ მაინც არ მომყვებოდა, ვინმეს რომ არ ჰგონებოდა, ოჯახის ქონებას დახარბდაო, მაგრამ, მე გადავეკიდე, რადგან თურმე პირველი კურსიდან ვგიჟდებოდი მასზე და დიდი ხვეწნის შემდეგ ძლივს დავითანხმე. თან, ეს ყველაფერი ისე ცრემლების ღვრით მოუყოლია, დედაჩემს გულიც კი ასჩუყებია. მე შუადღემდე მეძინა. რომ ავდექი და სახლში თეა დავინახე, გავოცდი – შენ აქ რა გინდა, თანაც დედაჩემის ხალათი რომ ჩაგიცვამს და დიასახლისივით ტრიალებ-მეთქი. ცრემლები გადმოყარა, – ნუთუ არ გახსოვს, რაც წუხელ მოხდა ჩვენ შორის, მე ხომ დღეიდან შენი ცოლი ვარო. მერე ისეთი ზღაპრები მოაყოლა, ნაბახუსევ თავში ყველაფერი ამერ-დამერია და, ვიფიქრე, ეტყობა, რაღაცეები მართლაც აღარ მახსოვს-მეთქი და ბედს შევეგუე. ანუ თეა აღარ გავუშვი. მამაჩემი რომ დაბრუნდა მივლინებიდან, უკვე იცოდა, ცოლი რომ მოვიყვანე (დედაჩემმა დაურეკა). გაცნობისას თეა ისე თამამად იქცეოდა, შევატყვე, მამაჩემი უკმაყოფილო იყო ჩემი არჩევნით, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

რამდენიმე თვის განმავლობაში თითქოს არა უშავდა რა ჩვენს ოჯახურ ურთიერთობებს. მოსწონდა თუ არ მოსწონდა, მამაჩემი მაინც თან ჰყვებოდა რძალს, მაგრამ თეას პრეტენზიებმა ფრთა გაშალა და, მარტო ჩემი მშობლები კი არა, მეც ისე შემაღონა და თავი მომაბეზრა, ერთ დღეს ვუთხარი, კარგად იყავი-მეთქი. ამას მაინც არ მოელოდა და ორ დღეში მუცლის მოშლა გაითამაშა. მერე აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ იყო ორსულად. ამ ტყუილში რომ გამოვიჭირე, მაშინ კი მართლა ავუკარი გუდა-ნაბადი. გაყრისას ბინა და მანქანა მოითხოვა, რაც, შემეძლო, არ მიმეცა, მაგრამ მამაჩემმა გამაჩუმა, ყველაფერი გადაუფორმა და ისე გავუშვით.

მეორე ცოლი კიდევ უფრო ცოტა ხანს მყავდა. ჩემი თანამშრომელი იყო, განათხოვარი და ბავშვიანი. მე ამის „წიკები“ არასდროს მქონია, მაგრამ დედაჩემი გადაირია. ცხადია, არც მამაჩემი გაგიჟებულა სიხარულით, მაგრამ დედას მოთხოვნით, მამამ ცალკე გვიყიდა ოროთახიანი ბინა და მითხრა, თავი თვითონ ირჩინეთ, ჩემგან კაპიკის იმედი არ გქონდეთო. ჩემს მეორე ცოლს, სოფოს ეგონა, დროთა განმავლობაში შემირიგდებოდნენ ჩემები, მაგრამ, ორი თვე რომ გავიდა და ტელეფონითაც არ უკითხავთ ჩემს მშობლებს ჩვენი ამბავი, ჩაალაგა ბარგი, მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველა ღირებული ნივთი, რაც სახლში იყო, აიღო ჩემი მანქანის გასაღები და წავიდა. წასვლისას კი არც დაუმალავს, მითხრა, ასე მათხოვრად ცხოვრება რომ მდომოდა, რაღა შენ გამოგყვებოდი. ხომ არ გგონია, მართლა შენზე გიჟდებიან ქალები. მამაშენის ფულები რომ არა, საერთოდ ვინ შემოგხედავდაო. ჩემდა გასაკვირად, სოფოს ბინა არ მოუთხოვია, მხოლოდ ფული მომთხოვა – საკმაოდ სოლიდური თანხა.

სოფოს წასვლის შემდეგ მამაჩემმა გამომიცხადა, რამდენი ქალიც ქუჩაში შეგხვდება ან სალმით იცნობ, ყველა თუ ცოლად მოიყვანე, ჩემი იმედი არ გქონდესო. დედაჩემი თავის ოქროულობას მისტიროდა, რომელიც თავის დროზე რძლებს მისცა. ერთი სიტყვით, შავი დღე მაყარეს. ბოლოს მეც მივხვდი, რომ „მონადირე“ ქალებისგან თავი შორს უნდა დამეჭირა.

სოფოს რომ გავშორდი, გოგონები ისევ შემომესივნენ, მაგრამ განსაკუთრებით აქტიურებს შევაპარებდი ხოლმე, მამაჩემი გაკოტრდა-მეთქი და ეგრევე თავს მანებებდნენ. ეტყობა, ეს ინფორმაცია მთელ ქალაქში გაავრცელეს და ჩემი თაყვანისმცემელი ქალების რიცხვი თითქმის ნულამდე დავიდა. თავიდან ცოტა დისკომფორტი მქონდა ამის გამო, მაგრამ მერე თანდათან ვიგრძენი, რომ დავისვენე. თან, ეტყობა, სიგიჟის ასაკმაც გამიარა და სტაბილური, თბილი და წყნარი ცხოვრება მომინდა. ახლა ყველამ ისე იცის, თითქოს გავღარიბდით, ანუ, ჩვეულებრივ, რიგით ოჯახად ვიქეცით და ეს ძალიან მაწყობს. მეც, რომ იტყვიან, უფრო ჭკუაში ჩავვარდი, ჩემი პატარა ბიზნესი წამოვიწყე და მთლად მამაჩემის ხელის შემყურე არ ვარ. ისე დავიღალე ამ თავქარიანი გოგონების სიტუტუცეებითა და პრეტენზიებით, მათკენ გახედვაც აღარ მინდა. ვეძებ გოგოს, სადას, მშვიდს, გაწონასწორებულს, ჭკვიანს, რომელიც პირადად მე შემიყვარებს – ღარიბსაც, უქონელსაც, ორნაცოლებსაც. ანუ, ვეძებ, ნამდვილ, ხალას სიყვარულს, ყოველგვარი გათვლებისა და ანგარების გარეშე. ვიცი, გულში იფიქრებთ, ასეთი დიმიტრი იყო გელოვანი და მოკვდა საწყალიო, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, ბოლოს და ბოლოს, მეც ვიპოვი ჩემს „დიმიტრი გელოვანს“ და ბედნიერი ვიქნები.

ირაკლი, 28 წლის.

სიბერეში ჩემმა ქმარმა ეჭვიანობა დაიწყო

გაოცებული ვარ ჩემი ქმრის საქციელით. 17 წელია, ცოლ-ქმარი ვართ, ლამის შევაბერდით ერთმანეთს, მოზრდილი შვილები გვყავს და ეს წლები ისე გავიდა, პრაქტიკულად, უსიამოვნება არ გვქონია. ბოლო ხანებში კი რაღაცნაირი შარიანი გახდა, უფრო სწორად – ეჭვიანი. რამ გააგიჟა, წარმოდგენა არ მაქვს. რომ ჰკითხო, სულაც არ ეჭვიანობს, მაგრამ, აბა, რა ჰქვია იმას, ამ ხნის ქალს, სამსახურის გარდა არსად რომ არ მიშვებს? ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან და თანაკლასელ ქალებთან რომ მომინდეს წასვლა, ამაზეც კი, ან წინასწარ მთელი კვირა უნდა ვეხვეწო, ან არ უნდა ვუთხრა, ისე ჩუმად უნდა წავიდე. მაგრამ, ამის გაკეთებაც მეშინია, რადგან, რომ გაიგოს, შეიძლება, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ისე გადაირიოს. რამდენჯერმე ისიც ვთხოვე, შენც წამოდი, ორივე ვართ დაპატიჟებული-მეთქი, მაგრამ, არ წამომყვა და ამის გამო ვერ წავედი ვერც სკოლის და ვერც ინსტიტუტის დამთავრების წლისთავებზე. ვინც კი ახალგაზრდობიდან იცნობს ჩემს ქმარს (ჩემს დაქალებს ვგულისხმობ), ყველა გაოცებულია მისი ასეთი შეცვლით. თვითონ თუ მიდის სადმე, აუცილებლად უნდა გავყვე, მე კი არსად დამყვება. ერთი პირობა, ისიც კი ვიფიქრე, ალბათ, ჩემი გოგონები არ მოსწონს და ამ ფორმით ცდილობს, მათთან ურთიერთობა ამიკრძალოს-მეთქი, მაგრამ, როცა ისინი მოდიან ჩემთან, თან ჰყვება, აღარ იცის, როგორ სცეს პატივი.

მისი ხასიათის ასეთი შეცვლა უფრო იმიტომ მაოცებს, რომ მთელი ცხოვრება ვმუშაობ, თანაც, ისეთი სამსახური მაქვს, ხან დღისით მაქვს მორიგეობა, ხან – ღამით („სასწრაფოს“ ექიმი ვარ) და ამაზე არასდროს, ერთხელაც კი მსგავსი არაფერი უთქვამს ან გამოუმჟღავნებია. მესმის, ყველა კაცს უნდა, სამსახურიდან რომ მიდის დაღლილი და მშიერი, ცოლი სახლში დახვდეს, მაგრამ, ჩემი ქმარი მაშინაც მოითხოვს, სულ სახლში ვიყო, როცა თვითონ, ვთქვათ, რამდენიმე დღით მივლინებაში ან სადმე სხვაგან არის წასული. ასეთ დროს ყოველ ნახევარ საათში მირეკავს და, მომენატრეო, მეუბნება, თან, სხვათა შორის, შეაპარებს ხოლმე – სად ხარ, და რას აკეთებო. მაღაზიაშიც რომ ჩავიდე და თვითონ სახლში არ იყოს, უნდა დავურეკო და ვუთხრა, პურზე ან პროდუქტებზე ჩავდივარ-მეთქი. უკვე მრცხვენია ჩემი მეგობრების. თუ მოხდა სასწაული და ერთი საათით გამიშვა ან გავიპარე, სულ საათზე ვიყურები და გაქცევაზე ვარ. ბავშვებსაც ვერაფერს ვეუბნები, ვერც ჩემს მშობლებს, მარტო ჩემმა დამ იცის, რა დღეშიც ვარ. მაგრამ, ვერაფერს მშველის. ცოტა ხანს კიდევ მოვითმენ და შევეცდები, ჭკუაზე მოვიყვანო და თუ მაინც არაფერი გამომივიდა, ალბათ, გავეყრები, რადგან, ვატყობ, ასეთი პრესის ქვეშ ცხოვრებას ნამდვილად ვეღარ ვუძლებ. გავეყრები, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ძალიან მიყვარს.

ქეთინო, 41 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3