რა შეიძლება იქცეს თანამედროვე კლასიკად და რაში გადაუხადეს კოლექციონერ იკი წულაძეს 5 ათასი დოლარი
იკი წულაძის კოლექციაში ზუსტად 176 ნივთია თავმოყრილი და თითოეული მათგანი სწორედ მის მიერაა შექმნილი. სამომავლოდ იკი წულაძე საკუთარი ბრენდის დაარსებაზე ფიქრობს და ვარაუდობს, რომ მისი მომხმარებელი საზოგადოების ის ფენა იქნება, რომელსაც ეკონომიკურად არ უჭირს, უპირატესობას აღარ ანიჭებს „ლუდოვიკოს“ ავეჯს და აღარ მოიხმარეს „მადონას“ სერვიზს. იკი ჩვენი რუბრიკის სტუმარია.
იკი წულაძე: გავიზარდე ტრადიციულად, ხელოვანთა ოჯახში. 3 წლის ასაკიდან ვხატავდი. რაც შეეხება ჩემს ხასიათს, შინაარსს, სპეციფიკას, სტილისტიკას თუ განწყობას, ეს არის აბსოლუტურად ჩემი შინაგანი სამყაროდან გამომდინარე. ფერებთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ყოველთვის ვცდილობ, ძალიან აქტიურად გამოვიყენო.
ჩემი გონება ყოველთვის დაკავებულია ხელოვნებაზე ფიქრით და კოლექციის გამრავალფეროვნებაზე ზრუნვით.
– დიდი დრო გჭირდება კოლექციის შესაქმნელად?
– ყოველდღიურად დაახლოებით 7-8 საათს მაინც ვატარებ მუშაობაში. საერთოდ, ყველა ფერი მიყვარს – თავისუფალი, ფერადოვანი და მისტიკური... იდუმალი, ხან – სევდიანი, ხან – პირიქით.
ყოველთვის ძიებაში ვარ და ექსპერიმენტებს ვატარებ.
– რა თემაზეა შექმნილი შენს კოლექციაში წარმოდგენილი ნამუშევრები?
– ჩემს კოლექციაში თავმოყრილია თავისუფალი შემოქმედება სხვადასხვა თემატიკაზე. რაც შეეხება მასალასა და მის შემცველობას, ეს არის თანამედროვე მასალები. ჩემი მიზანი ყოველთვის ის იყო, რომ ამემოძრავებინა ქანდაკებები, ანუ ამ ნამუშევრებს ემოძრავათ, ყოფილიყვნენ დინამიკაში. მაგალითად, ბოლო სამი ნამუშევარი, რომელიც ჩემს კოლექციაში დაიდებს ბინას, მიახლოებისთანავე ამოძრავდება. ეს მიმართულება ძალიან მიზიდავს, ამიტომ ვიყენებ მას სკულპტურაშიც და დიზაინშიც; მიმაჩნია, რომ კარგი რამაა და საუკეთესო ნოვაციაა ოცდამეერთე საუკუნეში.
– ანუ, სურვილი გაქვს, რომ კლასიკურ, ძველებურ, მარადიულ ქმნილებებს ოცდამეერთე საუკუნის ელფერი შესძინო?
– რა თქმა უნდა. ერთი რამაა – თუ ეს ყველაფერი შესრულდა ისე, როგორც საჭიროა, შესაძლებელია, შემდგომში თანამედროვე კლასიკადაც იქცეს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გიყვარს შენი კოლექცია. რაც შეეხება კლასიკას, ამ თემაზე მუშაობის პრაქტიკაც მაქვს, ეს ჩემთვის პრობლემა არაა, ვინაიდან კლასიკური განათლება მაქვს მიღებული – სკულპტორი ვარ და, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საჭირო იყო. ძალიან მადგება ჩემი კლასიკური განათლება. მაქვს პერიოდები, როდესაც კლასიკური ნამუშევრების შექმნაც მინდება, მაგრამ, ძირითადად, ჩემი ხასიათი და ყველაფერი დევს ამ ნოვაციებში, რადგან თვითონ პიროვნებაც ასეთი ვარ და, მგონი, ეს ამ კოლექციას კარგად ემჩნევა.
– კოლექციაზე მუშაობისას რა ფერებს ანიჭებ უპირატესობას?
– ყველაზე ხშირად ვიყენებ ფოსფორისფერ მწვანეს, წითელ და ყვითელ ფერებს.
– რა რეაქცია აქვთ, როდესაც შენს კოლექციას ეცნობიან?
– ვამბობ ხოლმე, რომ საკუთარი თავის ყველაზე უკეთ შემფასებელი თვითონ ხარ, მაგრამ ეს უნდა მიანდო მნახველს, რომ მან შეაფასოს რეალურად. უმრავლესობას ჩემი კოლექცია ძალიან მოსწონს. აინტერესებს. ბევრი კითხვაც დასმულა – ეს რატომ, რანაირადო. მე ეს მხიბლავს. სასიამოვნოა, როდესაც ქმნი ისეთ რაღაცას, რაც განსხვავებულია. მგონია, რომ კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი და იმედია, ეტაპობრივად მივყვები ამ ყველაფერს და გავაკეთებ.
სულ ვამბობ ხოლმე, რომ ამერიკა არის ის ქვეყანა, სადაც მე უნდა დავბადებულიყავი. ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც იქ მიმდინარეობს, მასალის ის სიმრავლე, რომელსაც ვიყენებ, ის „პრომოუშენი“, რომელიც იქ კეთდება, ჩემთვის ყველაზე მისაღებია. საერთოდ, შოუ არის მათი ტრადიცია და ეს აქტიურად გამოიყენება დღევანდელ საუკუნეში. იქ თავისუფლებაა, არავის აინტერესებს, შენ რას და რატომ აკეთებ და ეს ძალიან კარგია. თანაც, დიდი ქვეყანაა და ზოგადად, სადაც ბევრი ხალხია, იქ ყოველთვის კარგია რაღაცის კეთება, მეტი გასაქანი გაქვს. რადგან ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს, ამიტომ ზოგს, შეიძლება, შენი ყვითელი ნამუშევარი მოეწონოს, ზოგს – ალუმინის ქმნილება და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მგონია, რომ ჩემი გადაწყვეტილება ამერიკაში წასვლასთან დაკავშირებით, გამართლებულია. იქ არის ინდუსტრიალ-დიზაინის ცენტრი და ძალიან კარგი იქნება ჩემთვის, უდიდეს გამოცდილებას მივიღებ. მე ამ ყველაფერს გავეცნობი და მივიღებ განათლებას, შემდეგში კი შევეცდები დავაარსო საკუთარი სახელობის ბრენდი, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ეს კოლექციაც ამაზე ოცნებაში შეიქმნა.
– რას აწარმოებს ბრენდი „იკი წულაძე”?
– საყოფაცხოვრებო ნივთებს: მაგიდებს, სკამებს, სანათებს, ქანდაკებებსა და ასე შემდეგ, ანუ, ყველაფერს, რაც, საბოლოოდ, ინტერიერის იერსახეს შექმნის. მგონია, რომ ამას შევძლებ და ეს კოლექცია ამის პირველი ეტაპია. მე არ ვარ ისეთი, რომ ჰაერში დავფრინავდე, ვაცნობიერებ, რომ მიზნის მისაღწევად მაქვს შანსი და მე ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ.
– როგორ პიროვნებებს შეიძლება ჰქონდეთ მოთხოვნა შენს ქმნილებებზე?
– ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი, თუნცდაც იგივე ლენი კრავიცი....
– ახლა გასაგებია, რატომ საუბრობდი ლენი კრავიცის სახლის ინტერიერზე ასეთი გატაცებით.
– ლენი კრავიცი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსი, რომელიც გამოირჩევა ფერადოვნებით და, შესაბამისად, სახლი, რომელიც წეღან გაჩვენეთ, ჟურნალის ფურცლებზე, ამის დასტურია. თეთრი შურით მშურს პიერ კარდენის. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერს მიაღწია, ის დიდი პროფესიონალია, მისი აპარტამენტების ინტერიერი კიდევ ერთხელ მეტყველებს ამაზე.
რაც შეეხება ჩემს ქმნილებებს, მათი სრულყოფა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და, ბუნებრივია, შესაძლებელია, იმ ხალხმა გამოიყენოს, ვისაც მატერიალურად არ უჭირს, ანუ, ჩემს კოლექციაში თავმოყრილი ნივთები ფუფუნების საგნებია. ეს არის გათვლილი ისეთ ხალხზე, რომელიც სხვა ესთეტიკას რომ ანიჭებს უპირატესობას და აღარ მოიხმარს „ლუდოვიკოს” ავეჯს, „ბაროკოს და როკოკოს” სტილს. აღარ მიირთმევენ „მადონას“ სერვიზით... (იცინის).
– ამჟამად რამდენი ნივთია შენს კოლექციაში?
– ჩემი კოლექცია შედგება 176 ნივთისგან.
– გაგიყიდია მათგან რომელიმე ნამუშევარი?
– ოცდაათამდენი ნამუშევარი გავყიდე – მომიწია...
– რამდენია ყველაზე დიდი თანხა, რომელიც შენს ნახელავში გადაუხდიათ?
– ყველაზე დიდი თანხა, 5 ათასი დოლარი, გადამიხადეს ჩემ მიერ შექმნილ ჭაღში.
– მე არ ვიცოდი, რომ სპილო, ეგრეთ წოდებული „ბილაინის სპილო“, რომელიც ზოოპარკში დგას, შენ მიერ იყო გაკეთებული.
– ეს ქანდაკება, შეთანხმების თანახმად, დილას, 12 საათზე უნდა დამედგა ზოოპარკში. სხვათა შორის, ძალიან სახალისო იყო, როდესაც ქავთარაძეზე ბაზრობასთან, დილაადრიან გავაჩერე მძღოლი და ვუთხარი სპილო მყავს ზოოპარკში მისაყვანი-მეთქი. გადაირია – რა სპილოო. მერე დაინტერესდა, რამხელააო. ვუთხარი 1.70 მეტრი იქნება-მეთქი. როგორც იქნა, შევთანხმდით. სხვა მძღოლები ურჩევდნენ, „კაბინისკენ“ ზურგით დააყენე ეგ სპილო საბარგულზე, ფანჯარაში ხორთუმი არ შემოგიყოსო. ჩვენ კიდევ გავიძახოდით, პირველი მნიშვნელოვანი პროექტია ეს სპილო ჩვენთვის და უკუღმა არაფრით არ დავაყენებთო. მძღოლი გაწიწმატდა: ძმაო, ეს სპილო, შეიძლება, შენთვის პირველი და ჩემთვის უკანასკნელი აღმოჩნდესო. საბოლოოდ, ავუხსენი, რომ სპილო, რომელმაც ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, ქანდაკება იყო, ამოისუნთქა და მისაყვედურა, რატომ აქამდე არ მითხარიო. საბოლოოდ, ჩვენი სპილო მშვიდობით მივიყვანეთ დანიშნულების ადგილას.
– რას ნიშნავს შენთვის ეს კოლექცია?
– ამ კოლექციის საშუალებით ადამიანებმა ადვილად შეიძლება ამოიკითხონ ჩემი პიროვნება – მე საზოგადოებას ამ კოლექციაში თავმოყრილი ნივთებით ვესაუბრები.