ვისზე სანადიროდ დადიან მონაკოს ქუჩებში ქალები და რა ზღაპარი აჩუქეს გვანცა დარასელიასა და მის მეუღლეს ქორწილში
ზღაპრული ქორწილის შემდეგ გვანცა დარასელია ასევე ზღაპრული საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნდა. საინტერესოდ და, რაც მთავარია, რომანტიკულად დაგეგმილი ევროტურის შემდეგ წყვილი ბათუმში წასასვლელად და დარჩენილი შვებულების იქ გასატარებლად ემზადება. მანამდე კი გვანცამ „თბილისელებს” სახლში უმასპინძლა და პრაღა-ვენა-მიუნხენი-ნიცა-მონაკო-პარიზის ამბები უამბო.
გვანცა დარასელია: გათენდა ქორწილის მეორე დილა და პირდაპირი რეისით გავფრინდით პრაღაში, სადაც ვახოს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მისი ერთ-ერთი მეგობრის სახლში მივედით, ბარგი დავაწყვეთ და ზუსტად ორი საათის შემდეგ, ისე, რომ მხოლოდ ხუთი წუთით გავედით მაღაზიაში, გავემგზავრეთ ვენაში. პრაღიდან ვენაში მანქანით ზუსტად სამ საათში ჩადიხარ. როგორც ამბობდნენ, ვენა მსოფლიოში ყველაზე რომანტიკული ქალაქია. ჩემთვის ყველაზე რომანტიკულის არა, მაგრამ, ყველაზე ლამაზის შთაბეჭდილება კი ნამდვილად დატოვა. ულამაზესი არქიტექტურაა, ვერ აღვწერ, ისეთი; არაფერი ზედმეტი არ არის, არც ერთი ხაზი, არც ერთი ჩუქურთმა შენობებზე. საოცარია. მთელი დღე შეიძლება იარო ქუჩაში და არ მოგბეზრდეს. ყველაზე „ცუდი“ ის არის, რომელ შენობასთანაც არ უნდა მოხვდე, სურვილი გიჩნდება, სურათი გადაუღო. ვიტანჯებოდი ამით – მართლა ყველაფერს ხომ ვერ გადაიღებ! ვენაშიც მეგობრები დაგვხვდნენ, მარტო არ ვყოფილვართ და ძალიან ვისიამოვნეთ, გავერთეთ. იქ ოთხი დღე დავრჩით. ვენიდან ისევ პრაღაში დავბრუნდით, სადაც მხოლოდ ორი დღე გავატარეთ. აგურებიანი ფოტოები სწორედ პრაღაშია გადაღებული. ქალაქის ცენტრში, საქველმოქმედო აქციის გამო, მრგვალი კედელი იყო აგებული. ყიდულობ თეთრ აგურს, მასზე შენს სახელს ან რაიმე სასიყვარულო გზავნილს აწერ და ჰმატებ კედელს. ძირითადად სახელები და გვარები წერია. ის ფული, რომლითაც აგურს ყიდულობ, უპატრონო ბავშვებს ერიცხებათ. თან ერთობი და თან ქველმოქმედებას ეწევი. პრაღაში ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მე სულ ფეხით სიარული, ყველაფრის ნახვა და დათვალიერება მინდოდა, ვახო კი იქ ნაცხოვრებია, ყველაფერი ზეპირად იცის და აღარ შეეძლო ქუჩებში ხეტიალი, მაგრამ, მაინც დამყვებოდა. მიუნხენშიც პრაღიდან წავედით მანქანით, და სამსაათ-ნახევარში იქ ვიყავით. მართალია, ერთი დღე გვქონდა, მაგრამ, მთავარი ადგილების შემოვლა და ნახვა მაინც მოვასწარით. საზღვრები ღიაა, არანაირი კონტროლი არ არის. ჩეხეთიდან ავსტრიაში ან გერმანიაში ისე გადადიხარ, არავინ არაფერს გეკითხება. ამის შემდეგ პრაღაში ვიყავით ორი დღე და მერე უკვე ნიცაში გავფრინდით.
– ყველაზე ლამაზ სანაპიროებზე ევროპაში.
– ვახოს მეგობრის საქორწილო საჩუქარი იყო სასტუმროს ნომერი. ეს იყო პატარა, ძალიან საყვარელი სასტუმრო, არც ხუთვარსკვლავიანი, არც არაფერი, მაგრამ, მისი აივანი ყველაფრად ღირდა. ვერანდასავით აივანი იყო, სამი ადამიანი დაჯდებოდა და დატკბებოდა ხედით. პირველად რომ გადავიხედე და ეს სილამაზე დავინახე, შოკში ჩავვარდი, მართლა ზღაპარში მეგონა თავი, ასეთი არაფერი მინახავს. როგორც მერე გავიგეთ, თურმე, სწორედ ამ სასტუმროდან იღებენ ღია და მისალოცი ბარათებისთვის სარეკლამო ფოტოებს. ნიცას, მართალია, არცთუ ძალიან დიდი სანაპირო ზოლი აქვს, მაგრამ, თვითონ ქალაქი უზარმაზარია. ერთხელ დავიკარგეთ კიდეც. მონაკოდან მოვდიოდით და, სანაპიროს, კი არა, ქალაქის მხრიდან შემოვედით. ამიტომ, დაახლოებით ორმოცი წუთი მოვუნდით სანაპიროს ძებნას. არაჩვეულებრივი ამინდები იყო და მართლა კარგად დავისვენეთ.
– ალბათ, საოცარი ფუფუნებაა გარშემო.
– კი, მაგრამ, მონაკოსთან შედარებით არაფერია, იქ მართლა საოცრება ხდება. შემდეგ ნიცადან წავედით და კანი ვნახეთ, რომელიც ასევე ზედმეტად ფეშენებელურია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი საფესტივალო დღეებშია ყველაზე აქტიური, მაინც ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩამოსული. ნიცადან კანში დაახლოებით ნახევარი საათის სავალია მანქანით. მონაკოში ვიყავით ცნობილ კაზინო „ლას-ვეგასში”, სადაც „დრეს-კოდს“ ძალიან მკაცრად იცავენ: ქალებს აუცილებლად საღამოს კაბები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მამაკაცებს კი კოსტიუმები უნდა ეცვათ. სხვათა შორის, კაზინოში ცოტა მოვიგეთ. 10 ევროს იხდი შესვლაში და მერე, რა თანხითაც გინდა, ითამაშე. ჩვენ 100 ევროთი 700 ევრო მოვიგეთ და გამოვედით. მონტე-კარლოში ფუფუნება ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალში გეცემა. „კაფე დე პარის” – ასეთი კაფე არის კაზინოს გვერდით. ესაა ყველაზე პრესტიჟული ღია კაფე. ვხუმრობდი, ერთი ბომბი რომ ჩააგდო, მსოფლიოს ყველა ოლიგარქს ერთდროულად ამოხოცავ-მეთქი. იქ დილით ყავა უნდა დალიო აუცილებლად (იცინის). ჩვენც, ერთხელ დავსხედით – რა გვექნა, იქ რომ ხარ, სხვანაირად ვერ მოიქცევი. მაგრამ, ყავა აბსოლუტურად იგივეა, სულ ჩვეულებრივი. ყავა იგივეა, მაგრამ, სამყაროა განსხვავებული – ყველა ბედნიერია, ლამაზია, მდიდარია. ქალები გამოდიან კაცებზე სანადიროდ და პირიქით. ჯერ მარტო, ისეთი მანქანებით დადიან ქუჩებში, რომ ორმოცდაათი კაცი დგას და ფოტოს უღებს. იქ ერთხელ მაინც უნდა მოხვდე. სხვათა შორის, ერთხელ იახტით გავედით კანიდან მონაკოს მისადგომებამდე და ძალიან მაგარი იყო. მონაკოსთან სამ კილომეტრში ცხოვრობს მამაჩემის მამიდაშვილი, საოცარი ვილა აქვს და ფანტასტიკურად გვიმასპინძლა. გვათხოვა მანქანაც, იახტაც და ახალდაქორწინებულებს ყველაფერი გაგვიკეთა იმისთვის, რომ თავი კარგად გვეგრძნო.
ყველაზე სასიამოვნო და მოულოდნელი, რაც ამ მოგზაურობაში მოხდა, პარიზში მოხვედრა იყო. ისე მოხდა, რომ „ეარ ფრანსის” ორმა რეისმა დააგვიანა. ნიცადან პრაღაში პარიზზე გავლით მოვფრინავდით და, რეისის დაგვიანების გამო, ჩვენც დავაგვიანეთ პარიზი-პრაღის თვითმფრინავზე. ამაღამ პარიზში რჩებითო, რომ გვითხრეს, გავცვივდით სასტუმროში, ბარგი დავყარეთ და, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად დაღლილები ვიყავით, გავედით პარიზის დასათვალიერებლად. ეიფელთან ზუსტად თორმეტ საათზე მივედით, როდესაც ციმციმები ირთვება, რამაც უმაგრესი შთაბეჭდილება მოახდინა. პარიზის ნახვით ძალიან ვისიამოვნე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ღამე გვქონდა, ყველა ძირითადი ადგილი დავათვალიერეთ. საშინლად დაღლილები მივედით აეროპორტში და, რა თქმა უნდა, რეისზე დავაგვიანეთ. აეროპორტის სკამებზე გვეძინა ხუთი საათი და ახალ რეისს ველოდებოდით პრაღამდე. როგორც იქნა, პრაღაში ჩავაღწიეთ და ასე დამთავრდა ჩვენი საქორწინო მოგზაურობა.
– რომელიც ნამდვილად „თაფლიანი“ იყო?
– ეს იყო ნამდვილი თაფლობის თვე. ყველა რომანტიკული ადგილი მოვიარეთ, მაგრამ, ყველაზე თბილი და რომანტიკული მაინც პრაღაა – ისე იწებებს ადამიანებს, რომ სამი დღით წასულები მთელი ცხოვრება რჩებოდნენ. წამოსვლა არ გვინდოდა, ისე შინაურულია ყველაფერი.