როგორ ატკინეს გული ალექსანდრე ბასილაიას და რატომ წერდა ის სიმღერებს თვალცრემლიანი
„ფილარმონიაში ბუთხუზის ხსოვნის საღამო ჩატარდა. კონცერტის დასასრულს ვარდებით გამოვედი, ვარდები მის როიალზე დავაწყვე და პირველად ცხოვრებაში ბუთხუზი ეკრანიდან მღეროდა, მე – სცენიდან. ვინ იფიქრებდა, თუ ორმოცდაათი წლის შემდეგ, ჩვენს დუეტს სცენაზე მარტო ვიმღერებდი“, – ამბობს ლუიზა კობალაძე. ალექსანდრე (ბუთხუზი) ბასილაიასთან ორმოცდაათწლიანი „ზღაპარი სიყვარულისა“ დასრულდა. ახლა ქალბატონ ლუიზას, რომელიც პირველი დღიდან ქმართან ერთად სცენაზე იდგა და მათი თავდაუზოგავი შრომით „ივერიის“ სახელი თანდათან საზღვრებს სცილდებოდა, ისღა დარჩენია, ტკბილი მოგონებებით იცხოვროს. „ივერია“ ხომ პირველი ანსამბლი იყო არა მხოლოდ საქართველოში, მთელ საბჭოთა კავშირში, რომელიც საესტრადო სცენაზე საუკეთესო მიუზიკლებს დგამდა. „მაესტრო“, როგორც მას თბილისში უწოდებდნენ, აღარ გაგვანებივრებს ლამაზი სიმღერებით, მაგრამ დაგვიტოვა ის, რასაც ამ ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრება შეალია.
ლუიზა კობალაძე: ჩვენ ტყიბულში, სკოლაში ერთად ვსწავლობდით, ბუთხუზზე ორი წლით უფროსი ვარ. ღონისძიებები რომ ტარდებოდა, მე ვმღეროდი, ბუთხუზი პიანინოზე აკომპანიმენტს მიკეთებდა. თოთხმეტი წლის იყო, სიყვარული რომ ამიხსნა. თავისი მეგობარი გამომიგზავნა. ვუთხარი – ასე გადაეცი, ჩემთან შედარებით ჯერ ბავშვია-მეთქი. ასაკით პატარა იყო, მაგრამ ყოველთვის დიდი შეხედულება ჰქონდა. ბოლოს იმდენი გააკეთა, თავი შემაყვარა. ერთ უბანში ვცხოვრობდით. იცოდა, რომ ყოველ დილით მეგობარი გამომივლიდა და ერთად უნდა წავსულიყავით სკოლაში. ჩემი მეგობარი გზაში ჩუმად მეტყოდა – ბუთხუზი უკან მოგვყვებაო. მერე, ჩვენთან სახლში დაიწყო სიარული. ვითომ ჩემს დასთან მოდიოდა და ამ დროს ჩემი ნახვა უნდოდა. ბუთხუზი თბილისში ჩამოვიდა და ჯერ მუსიკალურ ტექნიკუმში ჩააბარა, შემდეგ – კონსერვატორიაში, მე კი – პუშკინის ინსტიტუტში. ჩვენი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. 17 წლის იყო, რომ მითხრა: მოდი, ჩუმად მოვაწეროთ ხელიო. მოვაწერეთ. ის ცალკე ცხოვრობდა, მეც ცალკე – ქირით. დედამისმა იცოდა, რომ მოვწონდი, მაგრამ ერთად თუ ვიქნებოდით, ვერ წარმოედგინა. სამი თვის ორსული ვიყავი, რომ გადაწყვიტა, გამოვეჩინე. დედამისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ალბათ, იმიტომ, რომ მეგრელი არ ვიყავი, მეორეც – ძალიან ახალგაზრდა იყო და უნდოდათ, ესწავლა. ჩემი მშობლებიც უარზე იყვნენ. მამაჩემს ისე ვუყვარდი, საერთოდ არ ეგონა, თუ გავთხოვდებოდი. ატყდა მთელი ამბები. დედამისმა თავის ძმებს შეატყობინა, თბილისში ჩამოვიდნენ. ბიძამისმა უთხრა: დედაშენი კარგად არ არის, ჩამოსულია და შენთან უნდა დალაპარაკებაო. არ ვიცი, იქ რა მოხდა, მაგრამ მოვიდა და მეუბნება – ცოტა ხნით უნდა წავიდეო. ფოთში წაიყვანეს, სადაც ბიძამისი ცხოვრობდა. იფიქრეს, ყველაფერი დაავიწყდებაო, მაგრამ... მერე მამაჩემი დაპატიჟეს. მამაჩემმა უთხრა: ჩემი შვილი ქუჩაში კი არ მიპოვია, მე გავზარდე. თუ უნდათ ერთად ყოფნა, იქნებიან. ჩვენ ყველაფერში დავეხმარებითო. ასეც მოხდა. მამაჩემი ტყიბულში მუშაობდა და ჩემი გულისთვის აქეთ გადმოვიდა. ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, არაფერი მოგვკლებოდა. გაჩნდა ბავშვი. იმ წელს ჩემს დას აკადემიაში უნდა ჩაებარებინა და არ ჩააბარა. ბავშვის გაზრდაში მეხმარებოდა. ბუთხუზი თან სწავლობდა, თან მუშაობდა. მერე, მამაჩემმა ერთოთახიანი ბინა მიიღო თბილისში და ყველანი ერთად ვცხოვრობდით. ბუთხუზის მშობლები არ მელაპარაკებოდნენ. ანრი ექვსი თვის იყო, ბუთხუზმა დედამისს რომ აჩვენა. ქმრის ოჯახმა მოგვიანებით, ვაჟა-ფშაველაზე კოოპერატიული ერთოთახიანი ააშენა და იქ გადავედით საცხოვრებლად.
– როგორ იქმნებოდა „ივერია“, რომელმაც ხალხის უსაზღვრო სიყვარული მოგიტანათ?
– თავიდან იყო „ორერა“. რობერტ ბარძიმაშვილი არანჟირებების შეკვეთას აძლევდა ბუთხუზს. მერე ლილი გეგელიასთან ვმუშაობდით. ბუთხუზი აკომპანიმენტს აკეთებდა, მე ვმღეროდი. მოვგიანებით გოგი ლეონიძის, ძმები ძნელაძეებისა და ბუთხუზის კვარტეტი შეიქმნა. ძმები ძნელაძეები გამოგვეყვნენ და შემოგვიერთდნენ – ვახო ტატიშვილი, ჯემალ ბაღაშვილი, გოგი ლეონიძის ცოლი, ლილი ზღვაური. ნუგზარ კვაშალი და თემურ წიკლაური „ციცინათელაში“ იყვნენ, რომლებიც მოგვიანებით მოვიდნენ ჩვენთან. ასე ნელ-ნელა შეიკრა ანსამბლი. იფიქრეს, იფიქრეს და დაარქვეს „ივერია“. იმ დროს „ორერა“ იყო ზენიტში და, ჩვენ მაშინ ვიწყებდით. აი, მაშინ დაიწყო ბუთხუზიმ სიმღერების წერა. პირველი სიმღერა, „ზღაპარი სიყვარულისა“, ჩვენი დუეტისთვის დაწერა. კონცერტები თავიდანვე ძალიან ორიგინალურად გვქონდა გაკეთებული. ასე წამოვიდა მიუზიკლების იდეა – „რწყილი და ჭიანჭველა“, „ჩხიკვთა ქორწილი“...
– ბატონი ალექსანდრეს ავადმყოფობა და გარდაცვალება მართლაც ყველასთვის მოულოდნელი იყო. საიდან დაიწყო ყველაფერი?
– აპრილში, ბოლოს ოპერაში რომ ჰქონდა კონცერტი, მაღალი სიცხით გამოვიდა. ართრიტი აწუხებდა. ოქტომბერში გერმანიაში წავიდა და ფეხზე ოპერაცია გაიკეთა – თითქმის ერთი თვე იყო. ჩამოვიდა „კასტილით“, თუმცა ცუდად არ გამოიყურებოდა. ბევრს ახველებდა და ვკითხე: კი მაგრამ, ასე ძალიან რომ ახველებ, ფილტვებზე არ გადაგიღეს-მეთქი? კი ვახველებდი, მაგრამ არაფერს იძახდნენო. დეკემბერში ახალ „ჩხიკვთა ქორწილს“ იღებდა ჯემალი და ხუთში იქ უნდა მისულიყო. რაღაც ვერ ვარ კარგად, წელი მტკივა და ჩემი ეპიზოდი რომ იქნება, მძღოლი მოვა და წამომიყვანსო, სოლო უნდა დაეკრა. ურეკავს ჯემალს და ეუბნება: ვერ მოვდივარ, საშინელი ტკივილები მაქვსო. უმკურნალეს, როგორც გაციებულს. თურმე, იმ დროს ორგანიზმში საშინელი პროცესები მიდის. მერე სურათი გადაუღეს და გაოცებულები დარჩნენ, მაგრამ ბუთხუზს არ აჩვენეს, არაფერია, გაგივლისო. პირველად რომ მივიდა ონკოლოგიურში, მეორე დღეს მთელმა ქალაქმა იცოდა. ბასილაია ვნახეთ ონკოლოგიურში, ალბათ, რაღაც ხდებაო, – ლაპარაკობდნენ. სიმსივნე უკვე ხერხემალზე იყო გადასული. ერთ თვეში მეზობელმა ორასი ნემსი გაუკეთა. მთელი იანვარი არაფერს ვეუბნებოდით. 17 თებერვალს გერმანიაში წავიდა. ჩემი შვილიშვილი ტუსია წაჰყვა და მაშინ უთხრეს, რაშიც იყო საქმე. ამან საშინლად იმოქმედა მასზე. აქ რომ იყო, ღამე საშინელი ტკივილებით დგებოდა. სამზარეულოში ვიჯექი და მის ტანჯვას ვუყურებდი. მეტყოდა, ახლა გამივლის და წადი, დაიძინეო. ვეუბნებოდი: რა დამაძინებს-მეთქი. არ ვიცი, როგორ ვიკავებდი თავს. თითქოს გავქვავდი, ცრემლი არ მომდიოდა. გაუკეთეს ერთი ოპერაცია, მერე სურათი გადაუღეს. უკვე მესამე სტადია იყო. ერთი მალა შეჭმული ჰქონდა. მე ვერ წავედი, იმიტომ რომ ენა არ ვიცოდი და თან, თვითონაც არ უნდოდა, ინერვიულებო. თავიდან ტუსია ჩავიდა, მერე – ნატაშა (ანრის პირველი მეუღლე – ავტორი). ამხელა კაცი ოცდახუთი კილო გახდა და არაფერს მეუბნებოდნენ. ადგომა არ შეიძლებოდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ადგეს, შეიძლება, საერთოდ ინვალიდად დარჩესო. ნეტავ, ინვალიდი ყოფილიყო და ცოცხალი. საოპერაციოდ რომ მიჰყავდათ, ახალი მალა უნდა ჩაედგათ, ანრიმ თქვა, ვერ გადაიტანსო. სამსაათნახევრიანი ოპერაცია იყო. იმდენად ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა, გაუძლო. თავიდან დაიწყო დაჯდომა, ადგომა, სიარული, ჭამა. მერე ისევ ისე გახდა. იქ ერთი მისი მეგობარი იურა ბედია შეხვდა, რომელიც ძალიან დაეხმარა. ვისაც რა შეეძლო, იმით ეხმარებოდნენ. ჩვენ სად გვქონდა ამდენის საშუალება. მარტო ერთი ქიმია ღირდა ოთხი ათასი ევრო. მერე ჩამოვიყვანეთ. რამდენი გეგმა ჰქონდა. თამრიკო გვერდწითელი იყო ჩამოსული, თავისი საკონცერტო ნომრები აჩვენა. თამრიკოს პარიზში ლეგრანთან უნდოდა კონცერტის გაკეთება და ბუთხუზს უნდა დაეწერა მისთვის სიმღერები. ვატო კახიძეს დაუძახა, გეგმებზე საუბრობდნენ. ვატომ უთხრა: როგორც შემეძლება, მხარში დაგიდგებითო. აგვისტოს ბოლოს ამოიჩემა, ნიცაში უნდა წავიდე, ზღვაზეო. იქ ფილტვების ანთება დაემართა. დამირეკა: რაღაც ვერ ვარ კარგადო. რომ ჩამოვიდა, შეამჩნია, რომ ფეხები უსივდებოდა, სუნთქვა უძნელდებოდა, მარჯვენა ფილტვში წყალი ჩაუდგა. სასწრაფოდ გერმანიაში წავიდა. იქიდან დამირეკეს, მარტო დარჩენის ეშინია, უკვე ცუდად სუნთქავს და სასწრაფოდ ვინმე ჩამოდითო. ბუთხუზს ვკითხე: ვინ გინდა, რომ ჩამოვიდეს-მეთქი. ნატაშა, ის მივლიდა და ყველაფერი იცისო. წავიდა ნატაშა. თინაც იქ იყო (თინა – ანრი ბასილაიას მეორე ცოლი – ავტორი). დილით ცოტა „მორფი“ გაუკეთეს, დაწყნარდა, დაბანეს, პერანგი ჩააცვეს, ჩაეძინა. ნატაშას დავურეკე. მითხრა, სძინავსო. დიდი ხანია, არ დავლაპარაკებივარ და რომ გაიღვიძებს, დამალაპარაკეთ-მეთქი. ვიჯექი და ველოდებოდი ზარს. ამხანაგი იყო ჩემთან. რეკავს მობილური. ნატაშა მირეკავს. თურმე უკვე მთელმა თბილისმა იცის, რომ აღარ არის, ტელევიზიით გამოუცხადებიათ. გაიღვიძა-მეთქი... ლუიზა, ყველაფერი მორჩაო. რა მორჩა-მეთქი. ბუთხუზი აღარ არისო.
ვიცოდი, რომ ჩემი ბუთხუზი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასე თუ უყვარდა, არ ვიცოდი. სადაც მივდივარ, ყველა ცრემლებით მელაპარაკება. ამ ასაკში მარტო დარჩენა ძალიან ძნელია. რომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ეს ისეთი სისულელეა. დრო მკურნალი შეიძლება, შეყვარებული წყვილისთვის იყოს, როცა ერთმანეთს შორდებიან, თორემ როცა ადამიანს კარგავ, რომელთანაც ორმოცდაათი წელი გაატარე, იმისთვის ვერ იქნება დრო მკურნალი. აპრილში ოქროს ქორწილი უნდა გვქონოდა.
– თქვენი პირველი რძალი, არიადნასა და ელდარ შენგელაიების ქალიშვილი, ნატაშა იყო. გვიამბეთ ანრისა და ნატაშას შეუღლების ისტორია.
– ანრი ცხრამეტი წლის იყო, როცა ნატაშა შეირთო. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდნენ. ერთმანეთი უყვარდათ და უარზე როგორ ვიქნებოდი. იმას არ გავაკეთებდი, რაც საკუთარ თავზე გადავიტანე. გუშინდელი დღესავით მახსოვს, ანრიმ რომ მოიყვანა და გაგვაცნო პატარა გოგონა, უკან გრძელი ნაწნავებით. ძალიან საყვარელი იყო. არაჩვეულებრივი ქორწილი გადავუხადეთ. ჯვარი დაიწერეს. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ დაშორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამის მიზეზი არ არსებობდა. ხუთი წელი იყვნენ ერთად. მერე ანრიმ თინა შეირთო, რომელიც მათი საერთო მეგობარი იყო ინსტიტუტიდან. ერთმანეთთან სულ მიდიოდნენ, მოდიოდნენ. ანრი რომ წავიდა, ნატაშამ ოცი წელი იცხოვრა ჩვენთან. ეს, ალბათ, ჩვენი დამსახურებაც იყო, რომ ერთმანეთთან კარგად ვიყავით. ახლაც ასეა. თვითონ ნატაშა და თინაც ისევ ისე მეგობრობენ, ბავშვებს ერთმანეთი უყვართ. ნატაშას ორი შვილი ჰყავს, თინასაც – ორი.
– ბატონი ალექსანდრე ყოველთვის გულჩათხრობილი, სევდიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. როგორი იყო სინამდვილეში, რა სწყინდა, რას განიცდიდა?
– სახლში რომ მოვიდოდა, ჩუმად იყო. იჯდა და ეწეოდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც აწუხებდა. მაგალითად, ფილარმონიის დირექტორი რომ იყო, ძალიან ატკინეს გული. იმ პერიოდში ბუთხუზი ხშირად დადიოდა მოსკოვში, იმიტომ რომ საარსებო წყარო იქიდან მოდიოდა. ოთხი ოჯახი მხოლოდ მის კისერზე ვიყავით. შეუჩდნენ, გინდა თუ არა, დირექტორი უფრო ახალგაზრდა და ენერგიული უნდა იყოსო. ცალკე, იმაზე ლაპარაკობდნენ, ფილარმონია რა დღეშიაო. ძალიან არასასიამოვნო სტატიები იწერებოდა მასზე, რა თქმა უნდა, შეკვეთით... შეიკრიბა საბჭო და გადაწყდა მისი გათავისუფლება. ხუთი მილიონი ლარი უნდოდა ფილარმონიის რემონტს. თავისი ჯიბიდან ხომ ვერ გააკეთებდა. ამიტომაც დადიოდა მოსკოვში, რომ იქნებ, რამე გამოსულიყო. არასოდეს დამავიწყდება, რა გაუკეთეს: ზევით თავისი კაბინეტი ჰქონდა, როიალი ედგა, სუვენირები, ხალხს იღებდა, მუსიკას იქ წერდა. ყოველ დილით მიდიოდა სამსახურში. სახლში როგორ დაჯდებოდა. სანამ რაღაცას მონახავს და გადავაო, პირველ სართულზე ერთი პატარა ოთახი გამოუყვეს. მივედი და ვხედავ, მხოლოდ თავისი როიალი უდგას, ზის მარტო და უკრავს. რომ დავინახე, გული მომიკვდა. ნუთუ, ბუთხუზი ბასილაია ამის ღირსი იყო, სოროში ჩაეგდოთ. ეს ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება. გული სტკიოდა იმაზეც, რომ ბოლოს „ივერია“ დაიშალა. ყველამ ცალ-ცალკე წასვლის სურვილი გამოთქვა, მაგრამ რომ წავიდნენ, რა? მაინც „ივერია“ იყო და ახლაც „ივერიაა“.
– მისი ყველა სიმღერა ერთნაირად სასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ თქვენი დუეტი მაინც ყველასგან გამოირჩეოდა. როგორ იწერებოდა ეს სიმღერა?
– ბუთხუზი მორის ფოცხიშვილთან მუშაობდა. მორისმა წიგნი აჩუქა, რომლის უკანა ყდაზე ეწერა: მერე ყველაფერი ნელდება, მერე ყველაფერი ძნელდება, ვნება მდუმარებით დუმდება... ძალიან მოეწონა და უცებ დაწერა. ვუთხარი: რა არის ასეთი ძნელი სიტყვები, როგორ უნდა ვიმღერო-მეთქი. პირველი მე მასმენინებდა თავის სიმღერებს და ცრემლების გარეშე არც ერთი სიმღერა არ დაწერილა. სულ ცრემლი ადგებოდა თვალზე.