კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და რატომ იქნება ეს სიახლე მოსახლეობისთვის გაცილებით კომფორტული


ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ცვლილებებია. 20 წელია, რაც საბჭოური ნუმერაციის სისტემით ვსარგებლობთ და უკვე დროა, საკუთარი ნუმერაციის სისტემა გვქონდეს. ამ პროექტზე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა, რასაც უკვე, ფაქტობრივად, დასრულებული სახე აქვს. რა ცვლილებებზეა საუბარი, მისაღები იქნება თუ არა ეს პროექტი მოსახლეობისთვის და მოეწონებათ თუ არა ეს სიახლე სატელეფონო კომპანიებს, ამ თემებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს ბატონ კახი ყურაშვილს.


– რა სიახლეებია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე? როგორც ვიცი, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება იგეგმება.

– სატელეკომუნიკაციო ბაზარზე იგეგმება სერიოზული ცვლილებები. მე ყურადღებას გავამახვილებ ორ გარემოებაზე: პირველი – ეს არის ნუმერაციის ახალი სისტემის დამტკიცება, რომლის მიხედვითაც მთლიანად გამოიცვლება საბჭოური სატელეფონო ნუმერაციის განაწილების სქემა საქართველოში და უფრო ევროპულ სტანდარტებთან იქნება ადაპტირებული. ამ პროექტით გათვალისწინებულია ეტაპობრივი მისადაგება, მაგალითად, ყველასთვის ცნობილი ერთიანი საგანგებო ნომერი, რომელიც ევროპის წევრ ქვეყნებში მოქმედებს, მოგვიანებით იქნება შემოღებული, მანამდე კი, პოლიციის, სახანძრო და სხვა საგანგებო ნუმერაციის რესურსი შენარჩუნებული იქნება ოდნავ მოდიფიცირებული სახით. ყველაზე საყურადღებოა, რომ ძალიან მნიშვნელოვნად გაიზრდება ნუმერაციის რესურსის მოცულობა. თუ დღესდღეობით გამოიყენება 6-ნიშნა ნუმერაციის რესურსი, გადავდივართ 7-ნიშნა რესურსზე, ამას, ჩვეულებრივ ემატება, მაგალითად, თბილისის კოდი – 32 და სულ გამოდის 9-ნიშნა. იგივეა მობილურზეც – 7-ნიშნა ნუმერაციის სისტემა იქნება და ერთიან დალაგებულ სისტემას მივიღებთ, ხოლო მობილურის კოდი – 8-იანი, იცვლება 5-იანით და იქნება, მაგალითად, 599 და შვიდნიშნა ნომერი. მაგალითად, თუ თქვენი ნომერია 899-00-00-00, შეცვლის შემდეგ გახდება 599-00-00-00 ან, თუ თქვენი ნომერი იყო 877-22-22-22 გახდება 577-22-22-22. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს: თუ ქალაქის ნომრიდან საერთაშორისო ზარებზე ვრეკავდით: 8, შემდეგ – ქვეყნის კოდი და შემდეგ – პირადი ნომერი, ამის შემდეგ, წინ, 8-იანის ნაცვლად, აკრეფთ ორ ნულს – 00... თუ საერთაშორისო ზარებზე რეკავდით 8-18-ის, 8-07-ის ან სხვა ოპერატორების დახმარებით, მაშინ, 8-იანის ნაცვლად აკრეფთ 10-იანს. მაგალითად: 10-18 და შემდეგ – ნომერი, ან, 10-07 და შემდეგ – ნომერი. ქალაქის ტელეფონიდან მობილურზე დასარეკად 8-იანის ნაცვლად აკრეფთ 0-ს. 0 – ეს არის სხვა ქსელში დასარეკი კოდი. იქიდან გამომდინარე, რომ 0 უკვე სხვა ქსელში დასარეკი კოდი გახდება, შეიცვლება პატრულში, სასწრაფო დახმარებასა და სახანძროში დასარეკი კოდებიც. თუ აქამდე ვრეკავდით 022-ზე, 033-სა და 011-ზე, კანონის მიღების შემდეგ დავრეკავთ: პატრულში – 122-ზე, სასწრაფოში – 133-ზე და სახანძროში – 111-ზე. მაგრამ, ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ყველა ამ სამსახურს ცალ-ცალკე დატაბაზა აქვთ; ერთიანი დატაბაზის შექმნის შემდეგ კი, როდესაც ტექნიკურად ყველაფერი დალაგდება, ყველა ამ სამსახურში დასარეკად იქნება ერთი ნომერი – 112, ისევე როგორც მთელ ევროპაში. ანუ, 112-ზე დარეკავთ და ოპერატორთან გაარკვევთ, პატრული გჭირდებათ, სასწრაფოს დახმარება თუ სახანძრო.

– ისევე, როგორც ამერიკაშია 911?

– ზუსტად. ცვლილებები ყველაფერს გაამარტივებს. აღნიშნული უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობამ – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ საქართველოს მთავრობა არის ის ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, მიიღოს ნუმერაციის ახალი სისტემა.

– ეს პროექტი თუ არის განხილული მთავრობის მიერ?

– ამ თემაზე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა და, ფაქტობრივად, დასრულებული სახე აქვს, ახლა დასაწყებია ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული გეგმის მისაღებად. რაც შეეხება მეორე მომენტს, რომელიც მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის და ზრდის არჩევანს, ეს არის ნომრის პორტაბელურობის დანერგვა. საქართველოს პარლამენტმა 2009 წელს შეიტანა სათანადო ცვლილებები საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, რომლითაც დაავალდებულა კომისია, მიეღო დადგენილება ნომრის პორტაბელურობის შესახებ, რაც კომისიამ ახლახან გააკეთა და გამოაცხადა კიდეც კონკურსი იმ ადმინისტრატორის გამოსავლენად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ნომრის პორტაბელურობა საქართველოში.

– ნომრის პორტაბელურობა რაში მდგომარეობს?

„პორტაბელური“ – ეტიმოლოგიურად ნიშნავს ადვილად გადასაადგილებელს, მოძრავს. საკომუნიკაციო ბაზარზე არაერთი კომპანია საქმიანობს და არაერთი ბრენდია შემოთავაზებული, მაგალითად არსებობს ბალი, ბანი, ლაი-ლაი, ბილაინი, მაგთიკომი, ჯეოსელი, სილქნეტი, ახალი ქსელები, ახტელი... პორტაბელურობა უზრუნველყოფს სამომხმარებლო პაკეტის არჩევნის თავისუფლებას ისე, რომ არ მოგიხდეთ ნომრის გამოცვლა, მაგალითად, თუ ხართ „მაგთიკომის“ აბონენტი, გაქვთ ნომერი 899 და შემდეგ 6 ციფრი და გინდათ, რომ ისარგებლოთ „ლაი-ლაის“ პაკეტით, „ლაი-ლაი“ კი „ჯეოსელია“, თქვენ შეგიძლიათ, ეს ნომერი წაიღოთ „ჯეოსელში“ ისე, რომ თქვენს ახლობლებს, არ მოუხდებათ ახალი ნომრის დამახსოვრება. მაგალითად, ცხოვრობთ დიდ დიღომში და გაქვთ „ახალი ქსელების“ მომსახურება ლოკალურ ქსელზე; გამოიცვალეთ ბინა და გადახვედით ვარკეთილში, რომელსაც მომსახურებას უწევს „სილქნეტი“. თქვენ შეგიძლიათ ის ნომერი, რომელიც გქონდათ დიდ დიღომში, ისე, რომ არ გამოცვალოთ, წამოიღოთ აქ და გადაიტანოთ სხვა კომპანიაში, ანუ, მიიღოთ სხვა კომპანიის მომსახურება სხვა მუნიციპალურ ტერიტორიულ ერთეულში. მაგალითად თქვენი ნომერია 599-11-11-11 და გინდათ „ბილაინში” ჩართვა. თქვენ ამას შეძლებთ ისე, რომ ნომერსა და კოდს არ შეიცვლით – ისევ ნომერი 599-11-11-11 დარჩება, მაგრამ, „ბილაინის” აბონენტი იქნებით. ასევე, შეგიძლიათ, „მაგთის” სტანდარტული პაკეტი „ბანზე” ან „ბალზე” უფრო იაფიან სერვისზე გადაიყვანოთ და ნომერი არ შეიცვალოთ. სხვა ქსელში გადასვლას მხოლოდ თვეში ერთხელ შეძლებთ – ეს შეზღუდვა მხოლოდ იმიტომაა დაწესებული, რომ წარამარა არ შეიცვალოთ ქსელები.

– რატომ უნდა იყოს ეს პროექტი მოსახლეობისთვის უფრო მისაღები?

– იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ორ კურდღელს ვიჭერთ: პირველი „კურდღელი“ მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელი აღარ შეიკავებს თავს აირჩიოს უკეთესი სამომხმარებლო პაკეტი, იმის გამო, რომ ნომრის გამოცვლა არ მოუწევს, მეორე პლუსი კი ის არის, რომ კომპანია, რომლის აბონენტიც ხართ, ვეღარ აგიკრძალავთ იმ კომპანიაში გადასვლას, რომელიც ახალ ბაზარზე რაიმე სხვა, უფრო იაფ ტარიფსა და მომსახურების მაღალ ხარისხს შემოგთავაზებთ ასეთ კომპანიაში გადასვლისას მოქალაქე არ გამოცვლის ნომერს და იმავე ნომერს გადაიტანს სხვა ქსელში. ამით, იცით, რა მოხდება?კონკურენცია გამძაფრდება კომპანიებს შორის და თითოეული მათგანი მომსახურების უფრო მაღალ ხარისხს შემოგთავაზებთ.

– ამ კომპანიებისთვის თუა ეს სიახლე კომფორტული?

– ამ კომპანიებისთვის ეს ცვლილება თავიდან კომფორტული ნამდვილად არ იქნება და ეს, ბუნებრივია. იცით რა მომენტია? ექსკლუზიურად აწარმოებ რაღაცას და უცბად ვიღაც გამოჩნდება, რომელსაც უნდა უყურო, ისეთი რამე არ ქნას, შენ რომ ჩამორჩე და კლიენტი დაკარგო. ეს ვერანაირად ვერ იქნება კომფორტული მათთვის. თუმცა, შორ პერსპექტივაში ეს მათაც მოუტანს სარგებლობას, რადგან კომპანიები დაიხვეწება და ექნებათ ყველაზე ხარისხიანი და ოპტიმალური სატარიფო პაკეტები, რაც მომავალში მათთვისაც გაცილებით მომგებიანი გახდება.

– კიდევ თუ იგეგმება მსგავსი სიახლეები სატელეკომუნიკაციო ბაზარზე?

– ამჟამად ევროპაში უამრავი ცვლილება იგეგმება და ჩვენ ინტენსიურად ვაკვირდებით, რომ, იქ დამტკიცებისთანავე, ჩვენც დავიწყოთ მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვა. იქნება უსწრაფესი ინტერნეტი, მულტიმედიური საშუალებების ძალიან ფართო არჩევანი. აღარ იქნება გადატვირთული ხაზები. პირველ ყოვლისა, ეს არის სრულიად ახალი ხარისხი; მეორე – ადამიანს საშუალება ექნება, აირჩიოს ნუმერაციის რესურსი და, მესამე – შეუძლია, აირჩიოს სხვადასხვა სატარიფო პაკეტი სხვადასხვა კომპანიისგან ისე, რომ ნომერი არ შეიცვალოს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია სატელეკომუნიკაციო სფეროში. რაც შეეხება მეორე – სამაუწყებლო სფეროს, კომისია მთავრობასთან ერთად მუშაობს ციფრული მაუწყებლობის დანერგვაზე, რაც ასევე გაზრდის სამაუწყებლო სიგნალის მიღების ხარისხს და უფრო დიდ და თავისუფალ რესურსს გააჩენს სამაუწყებლო ლიცენზიების მისაღებად.

– ბოლოს, რას ეტყვით მოსახლეობას, რომ უკეთ გაიგოს ამ სიახლის მიზანი?

– მინდა, გითხრათ, რომ არ შეიცვლება ცხრავე ნიშანი. მაგალითად, ბათუმიდან რომ რეკავ თბილისში, საქალაქთაშორისო კოდს დღესაც კრეფ. უბრალოდ, ახლა ემატება ერთი ციფრი. მაგალითად, თუ გაინტერესებთ პორტირებულია თუ არა ნომერი, კომისიამ ამაზეც იზრუნა და ტექნიკურად ეს ცვლილება უზრუნველყოფილი იქნება – პორტირებულ ნომერს ექნება ზუმერი, რომლის მიხედვითაც მიხვდებით, რომ ეს ზარი გავიდა იმ ოპერატორის ქსელიდან, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული. ჩვენი ვარაუდით, ეს არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის მომხმარებელს.

20 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და დღესაც საბჭოური ნუმერაციის სისტემით ვსარგებლობთ. მგონი, დროა, რომ საქართველოს საკუთარი ნუმერაციის სისტემა ჰქონდეს.


скачать dle 11.3