რა უნდა გავითვალისწინოთ ვალის აღების წინ
იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბოლო ხანებში სერიოზული და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა საკანონმდებლო სფეროში. დაინტერესებული პირების გამოსაფხიზლებლად, მათ ვინც ჯერ კიდევ არაფერი იცის ამის შესახებ, გეტყვით, რომ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა ელექტრონული ბაზა „მოვალეთა რეესტრი”, რომლის საშუალებით მოვალე სუბიექტს აიძულებს კრედიტორის ვალი მოცემულ ვადებში დაფაროს, რათა არ დაკარგოს განკარგვის უფლება იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც ბანკში გარანტად აქვს ჩადებული და კონკრეტული ვალის ადეკვატურია. მეორე ცვლილება საბანკო და სადაზღვევო სექტორებს ეხებათ – ესაა „ვიპ-სერვისი“. ეს ელექტრონული სისტემა მათ მუშაობას ბევრად სწრაფს, მარტივსა და ეფექტურს გახდის. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გესაუბრებათ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე, ქეთევან კვინიკაძე: პირველი სიახლე, რაც ამ ეტაპზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაინერგა, ეს არის საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების კორპორატიული მომსახურების ეგრეთ წოდებული „ვიპ-სერვისის“ კომპონენტი. საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები ჩვენი სისტემის ყველაზე მსხვილი დამკვეთები არიან. ამდენად, ჩვენ გადავწყვიტეთ, მათთვის შედარებით უფრო განსხვავებული და კომფორტული სერვისის შეთავაზება. თუ დღევანდელი მდგომარეობით, ბანკების წარმომადგენლები, იურისტები, ჩვენს სისტემაში შემოტანილ საქმესთან დაკავშირებით, კონკრეტულ პირს, პასუხისმგებელ აღმასრულებელს ეკონტაქტებოდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტადიაზე იმყოფება ამ ორგანიზაციების საქმე, შედარებით უფრო კომფორტულ მექანიზმს ვთავაზობთ. კერძოდ, თბილისში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, გამოყოფილი იქნება სპეციალური სამსახური, რომელსაც ეწოდება „რეგიონული ზედამხედველობის სამსახური“. აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს იმას, რომ კონკრეტულ ვიპ-ორგანიზაციაზე, ერთ-ერთ ბანკზე გამოიყოფა ერთი თანამშრომელი, რომელიც ვალდებული იქნება, მოიპოვოს ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენს სისტემაში წარმოდგენილ სააქმეებთან დაკავშირებით. გააანალიზოს ის და, როდესაც ბანკს რაიმე კითხვა გაუჩნდება ან ინფორმაცია დასჭირდება, ბანკის წარმომადგენელი დაუკავშირდება კონკრეტულად რეგიონული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს და ასე შეიტყობს ყველაფერს, რაც, ვფიქრობ, საკმაოდ გაუადვილებს მათ ცხოვრებას და ჩვენთან ურთიერთობას. ასევე, ამ კომპონენტში დანერგილია შემდეგი სერვისი: თუკი კორპორატიული კლიენტი მაინც მოითხოვს პასუხისმგებელ აღმასრულებელთან პირადად შეხვედრას, მათ უკვე აღარ დასჭირდებათ რეგიონში ჩასვლა (თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე რაიონშია საქმე შეტანილი) და შეხვედრა წინასწარ იქნება ჩანიშნული. აღმასრულებელი ჩამოვა და ამ სერვისზე პასუხისმგებელ კონკრეტულ პირთან ერთად ბანკის წარმომადგენელთან განხორციელდება შეხვედრა, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის საკმაოდ ოპერატიულად ამოღებას. ჩვენ მოვიწვიეთ საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები. მათ გამოხატეს სურვილი, რომ ჩვენთან გაეფორმებინათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დღესდღეობით ცხრა ორგანიზაციაა თანახმა, რომ ასეთი სერვისი მიიღოს ჩვენგან. იმედი გვაქვს, კიდევ ბევრი ორგანიზაცია გამოთქვამს ამ სურვილს, რადგან სერვისი აბსოლუტურად უფასოა. დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, როდესაც კერძო დავებთან არის საქმე დაკავშირებული, შეუძლიათ, თავად გააკეთონ არჩევანი, სად წაიღონ საქმე – აღსრულების ეროვნულ ბიუროში თუ კერძო აღმასრულებელთან. კიდევ ერთი სიახლეა ჩვენთან, რაც ამ რეფორმის ფარგლებში განხორციელდა: 2010 წლიდან ჩვენს სისტემაში დაინერგა სააღმსრულებლო საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა, რომელშიც თითოეული აღმასრულებელი ვალდებულია, შეიტანოს ყველა ის ინფორმაცია, რაც კი მას კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით განუხორციელებია, ანუ, სააღმსრულებლო ფურცლის მიღების წუთიდან უნდა დააფიქსიროს ყველა ის პროცედურა, რაც მან ჩაატარა, რათა საქმე აღასრულოს. საუბარია საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის ატვირთვაზე. თავის მხრივ, კონტროლი საკმაოდ კარგი მექანიზმია, ანუ დაინტერესების შემთხვევაში, ზედა მენეჯმენტს შეუძლია, გააკონტროლოს, რომელ თანამშრომელს რამდენი საქმე აქვს დაწერილი, რა კატეგორიის საქმეებია და რამე პროცედურა ხომ არ არის ჩასატარებელი. მიმდინარეობს სისტემის სრული ელექტრონიზაცია, რაც უზრუნველყოფს ჩვენი, ადამიანური რესურსების დაზოგვასა და ეფექტურობის გაზრდას.
მეორე სიახლეა, მოვალეთა რეესტრი, რომელიც 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა. თქვენ უკვე იცით, რომ ეს არის მოვალეების ჩვეულებრივი ელექტრონული ბაზა, რომელთა მიმართაც იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო. როდესაც საქმე შემოდის სააღმსრულებლო სისტემაში, აღმასრულებელი მოვალეს წერილობით შეტყობინებას უგზავნის. ჩვენ ამას შვიდდღიან გაფრთხილებას ვუწოდებთ. აღმასრულებელი ატყობინებს, რომ თქვენთან დაკავშირებით კრედიტორის მხრიდან შემოტანილი იქნა სააღმსრულებლო ფურცელი, ჩვენ ვიწყებთ პროცედურების განხორციელებას. თუმცა, თქვენ გეძლევათ შვიდდღიანი ვადა იმისთვის, რომ ნებაყოფლობით დაფაროთ ვალი. როდესაც გადის შვიდი დღე და მოვალეს არ აქვს დაფარული ვალი, მოვალეთა რეესტრში რეგისტრირდება და ამ პირებს ეზღუდებათ იმ ქონების განკარგვის უფლება, რომელიც მათზე დაკისრებული ვალის პროპორციულია. შეიძლება, ფიზიკურ პირს გააჩნდეს ოთხი უძრავი ქონება, მაგრამ აქედან ერთი ბინა იყოს საბაზრო ღირებულების, შესაბამისად, ადეკვატური იმ ვალისა, რომელზეც დაიწყო იძულებით აღსრულება. ხშირ შემთხვევაში, ნებაყოფლობით ხდება ვალის დაფარვა, რადგან, ნამდვილად არ არის კომფორტული, როცა ქონების რაღაც ნაწილის განკარგვის უფლება ეზღუდებათ. როგორც კი, ამ პირის მიმართ აღსრულების პროცედურა დამთავრდება, ვალი ამოღებული იქნება, თავისთავად. ლოგიკურია, რომ ამ ქონებაზე განკარგვის უფლება მას ისედაც ჩამოერთმევა. ნამდვილად არ ვიცი, ზუსტად პროცენტულად რამდენია რეგისტრირებული დღესდღეობით, მაგრამ, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მოვალეები ბევრნი არიან. როდესაც დაიფარება ვალი, ბაზიდან ხდება მათი ამორიცხვა. მაგალითად, ბანკთან მიმართებაში როგორ ხდება: აღსრულებას ექვემდებარება ის უძრავი ქონება, რომელიც გარანტად იყო ჩადებული. აღმასრულებელს უფლება აქვს, მოითხოვოს აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება, ანუ ექსპერტს ვაფასებინებთ ამ ქონებას და შემდგომში ხდება აღნიშნული ქონების აუქციონზე რეალიზება, სადაც ქონება გადის საბაზრო ღირებულების ორმოცდაათ პროცენტში. ამის მიზანია, კრედიტორის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს. აუქციონი აბსოლუტურად საჯაროა.