რაზე ვერ თანხმდება კოტე ყუბანეიშვილი რუს კოლეგებთან და ვის ეწერა მაისურზე მისი ლექსები
კოტე ყუბანეიშვილი: ჩემი ურთიერთობა რუს კოლეგებსა და მეგობრებთან კარგა ხნის ამბავია, უკვე 11 წელია, ერთმანეთს ვხვდებით, საღამოებს ვაწყობთ, ჩვენს მოსაზრებებს ერთმანეთს ვუზიარებთ. მადლობა ღმერთს, წყვეტა არ ყოფილა არც ერთ ეტაპზე, თვით ომის დროსაც კი (როგორც გვახსოვს, რუსული ინტელიგენციის და მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციებსაც აწყობდა მაისურზე წარწერით „ია გრუზინ“). გლებ შულპიაკოვი საერთოდ ჩემი ნაჩუქარი მაისურით დადიოდა პუტინის პარტიის აქტივისტებისა და მომხრეების მიერ მოწყობილ მიტინგზე და ისე ბდღვინავდა, იქით ვაწყნარებდი. ეს ურთიერთობა დაიწყო 1999 წელს, როდესაც აიოვას უნივერსიტეტმა International writing program-ით ორი თვით მომიწვია, მე და გლებ შულპიაკოვი, საბედნიეროდ, ერთ ოთახში აღმოვჩნდით და ძალიან დავმეგობრდით. მას მერე ვმეგობრობთ, მისი საშუალებით, რუსი პოეტების წრეს დავუახლოვდი. გადავწყვიტეთ, პოეზიის საღამოები მოგვეწყო. ზოგი მათგანი მოსკოვში გავიცანი, ზოგი – თბილისში.
– ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს?
– საკმაოდ, ორმხრივი მიმოსვლა გვქონდა – ისინი ჩამოდიოდნენ, ჩვენც ჩავდიოდით. შინ ვმასპინძლობდი ხოლმე ხშირად. თანამედროვე რუსული მწერლობა და პოეზია საკმაოდ საინტერესოა. მას დღევანდელ მსოფლიოში კარგად იცნობენ.
– თავიანთ ხელისუფლებასთან თუ შეჰქმნიათ პრობლემები ამის გამო?
– ჯერჯერობით, ნამდვილად არა. ორგანოებში არავის დაუბარებია, ისე კი სავიზო რეჟიმი, ბუნებრივია, ყველას უქმნის პრობლემებს.
– სად ეწყობა ძირითადად ეს საღამოები?
– ადრე „რუსკი დომში“ ეწყობოდა ხოლმე და ერთ-ერთი მოთავე მეც ვიყავი. ამ ბოლო დროს აღარ მეძახიან, არ ვიცი, იქ რა ხდება.
– რატომ, რა მოხდა?
– ნამდვილად არ ვიცი. არც ის ვიცი, რა პოეტური საღამოები ტარდება. ჩემს ყურამდე არ აღწევს. ალბათ, არაფერია საინტერესო.
– შეგიძლიათ, თანამედროვე რუსი პოეტები დაგვისახელოთ?
– გლებ შულპიაკოვი, სერგეი განდლევსკი, იგორ ირტენიევი, დიმა ვედენიაპინი, ვერა პავლოვა და ვინ მოთვლის კიდევ, რამდენი საინტერესო თანამედროვე პოეტი. რუსეთი ტერიტორიულად დიდი ქვეყანაა, სალიტერატურო ტრადიციებიც დიდი აქვს, ამიტომ თანამედროვეობაშიც ბევრი საინტერესო პოეტი ჰყავთ. რუსული ლიტერატურა დღეს ერთ-ერთი წამყვანი ლიტერატურაა მსოფლიოში. ამ ენაზე წერს ოთხასზე მეტი პოეტი და პროზაიკოსი როგორც რუსეთში, ისე ემიგრაციაში.
– პოლიტიკაზე თუ საუბრობთ ხოლმე?
– რასაკვირველია, რა კითხვაა! პოლიტიკას მაინც ვერ ავცდებით. ხშირად ვსაუბრობთ, დიახ, ვკამათობთ კიდეც, მაგრამ ჩვენი საუბარი პოლიტიკაზე უფრო სხვაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საზოგადოება კლიშეებით და სტერეოტიპებით აზროვნებს, ჩვენი საუბარი პოლიტიკაზე კი სამზარეულოს, ან თუნდაც პოლიტიკური გადაცემების საუბრებისგან ძალიან განსხვავდება.
– მაშინ, ასე გკითხავთ: განსხვავება შეხედულებებში, ალბათ, ბევრია. ეს უხერხულობას არ გიქმნით?
– ჯერ ერთი, მე წეღან უკვე გითხარით, რომ ძირითად საკითხში, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობაა, ან რასაც ოკუპაციის აღიარება ჰქვია, ჩვენ ვთანხმდებით. ისე კი განსხვავებები როგორ არ არის? ცოცხალი, ნორმალური ადამიანები ვართ. ზუსტად ეს განსხვავებები და თავისებურებები არის საინტერესო და სულაც არ ქმნის არავითარ უხერხულობას თუ ბარიერებს ჩვენ შორის.
– ქართველი ავტორები თუ ითარგმნება რუსულად?
– კი და არაერთი. მათ შორის მეც.
– თუ არ ვცდები, თქვენი სიტყვებია, „პუტინო, უტვინო, თავი არ გამაპუტინო“, იციან ამის შესახებ? რას ამბობენ?
– რა უნდა თქვან? არ მახსოვს, ისე, ეგ სიტყვები მე ვთქვი? აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ „დობროვო ვამ პუტინა“ და „რუსიან სტრაშენ“ იციან და აქვთ კიდევაც ამ წარწერებით შემკული მაისურები.
– რუსეთში თუ ეწყობოდა ანალოგიური საღამოები?
– ორჯერ ვიყავით ქართველი პოეტები მოსკოვში ჩვენი მეგობრების მიერ გამართულ პოეზიის საღამოებზე, ბოლო დროს ვეღარ მივდივარ, გული არ მიმიწევს რუსეთში. ჰოდა, ჩემს რუს მეგობრებს აქეთ ვეპატიჟები უმეტესად.
– ჩვენი ხელისუფლება როგორ უყურებს თქვენს კონტაქტებს?
– ძალიან დადებითად. პირიქით, ხელს გვიწყობენ. ხელისუფლებები ერთმანეთს ვერ იტანენ, ჩვენთან რა ხელი აქვთ. შარშან ზაფხულს ჩამოვიდნენ და წავიყვანეთ ბათუმში, მიშა თუმანიშვილის თეატრში მოვაწყვეთ ძალიან საინტერესო საღამო. ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების უშუალო ხელშეწყობითა და მოწადინებით მოხდა.