თინა კანდელაკმა მოსკოვში ქართული რესტორანი გახსნა
რუსული ინტერნეტგვერდების საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ქართველი სუპერვარსკვლავი თინა კანდელაკი ახალ და ახალ ბიზნესს ჰკიდებს ხელს. ამჯერად მან გადაწყვიტა, საკუთარი რესტორანი გაეხსნა. არ დარჩა რუსულ შოუ-ბიზნესში ვარსკვლავი, რომელსაც დიდი რესტორანი თუ არა, პატარა კარაოკე-ბარი მაინც არ ჰქონდეს. მქუხარე სახელი რეკლამის სტაბილური გარანტიაა, ასე რომ, კლიენტები, რუსული ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, „ნავალომ” იქნებიან. სულ ცოტა ხნის წინ „ვარსკვლავურ მენიუს” დაემატა საფირმო კერძი – „ხაჭაპური თინა კანდელაკისგან”. თავისი რესტორნის პრეზენტაცია თინა გივიევნამ აგვისტოს დასაწყისში, მოსკოვურ კვამლში გახვეულმა მოაწყო. რესტორანს „თინათინი” ჰქვია. პრეზენტაციის დროს თინამ საცივის, ნიგვზიანი ბადრიჯნისა და ხაჭაპურების ფონზე, საინტერესო განცხადებაც გააკეთა: დღეს მოსკოვში +42 გრადუსია, ასე რომ, დაიწვება ყველაფერი, მათ შორის – ჩვენი კალორიებიც. ამიტომ თამამად მიირთვითო. პრეზენტაციის დროს თინამ თავისი გასტრონომიული წარსულიდან ერთი საინტერესო ეპიზოდიც გაიხსენა, თუ როგორ არ შეუშვეს ევროპის ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში იმ მიზეზით, რომ ადგილი არ იყო, როგორ დარეკა სასტუმროს ნომრიდან და მოატყუა მაგიდა მისტერ აბრამოვიჩისთვის მჭირდებაო.
თინა: „რა თქმა უნდა, მისტერ აბრამოვიჩისთვის მაგიდა ყოველთვის მოიძებნება და, მეც, კარგი ტყუილის შემდეგ, მეგობრებთან ერთად სიამოვნებით მივირთვი რესტორანში. ჩვენთან აუცილებელი არ არის, ოლიგარქის ნაცნობი იყოთ, რომ რესტორანში მოხვიდეთ. „თინათინის“ კარი ყველა მშიერი ადამიანისთვის ღიაა“.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის შემდეგ სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად ტელეწამყვანი შვეიცარიაში წავიდა და ცხელ დღეებს ჯერ კიდევ იქ ატარებს.