კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება საკურორტო რომანი ქალისთვის საბედისწერო და რატომ ანგრევს ის აწყობილ ცხოვრებას ერთი ღამის ფასად


ზაფხული, ზღვა, ახალი ურთიერთობები, ფლირტი და... შეიძლება, ყველაფერი საკურორტო, ხანმოკლე რომანით დასრულდეს, რომანით, რომელიც ხანდახან ხანმოკლე სულაც არ არის და ადამიანის ცხოვრებას თავიდან ბოლომდე ცვლის. ზაფხული ასეთი რომანებისთვის ყველაზე შესაფერისი სეზონია. რატომ? როგორ? რისთვის? ხანდახან ღალატზე ისინიც კი თანხმდებიან, ვისაც ამაზე ყველაზე დიდი ფანტაზიორობის დროსაც არ უფიქრიათ. რატომ უწყობს ზაფხული ხელს სპონტანურ ურთიერთობებს და ვისთვის შეიძლება იყოს საკურორტო რომანი სასარგებლო, ვისთვის კი – საბედისწერო, ამის შესახებ ფსიქოლოგ გიორგი ჯაჯანიძეს გავესაუბრეთ.


გიორგი ჯაჯანიძე: ზაფხული ფლირტისა და საკურორტო რომანების სეზონია. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გადახდომია თავს რომანტიკული საზაფხულო თავგადასავალი ან ამაზე არ უოცნებია მაინც. დააკვირდით, როდესაც მეგობრები თავის სასიყვარულო ურთიერთობებზე გვიყვებიან, წელიწადის რომელ დროს ასახელებენ? რა თქმა უნდა, ზაფხულს. გასაკვირი, ცხადია, არაფერია. ვინც შეიგრძნობს სამყაროს და თავის არსებობას ამ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს, ბუნებრივია, ცვალებადობასაც გრძნობს და განიცდის. შემოდგომა ადამიანს უფრო ოჯახისკენ მიმართავს, გამოსაზამთრებლად ამზადებს, ამიტომაც იქმნება ოჯახების უმეტესობა სწორედ შემოდგომობით. ზამთრობით გრძნობები და ემოციები თვლემენ და ამ დროს ნაკლებია სურვილების როგორც გამოხატვის, ასევე, ასრულების შესაძლებლობა. გაზაფხული და ზაფხული კი ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ბუნების გამოღვიძებასთან ერთად, ადამიანის ვნება და საპირისპირო სქესისადმი ლტოლვაც იღვიძებს. რა ხდება ზაფხულში? ერთი შეხედვით, განსაკუთრებული თითქოს არაფერი, მაგრამ, ცდუნების ძალიან ბევრი ფაქტორი იყრის ერთად თავს. საკურორტო რომანი ზღვის გარეშეც ხშირია, თუმცა, ზღვა, პლაჟი, გარუჯული სხეული, მუსიკა, ცეკვა – ადამიანების სექსუალურ ემოციებს ამძაფრებს და აძლიერებს. სხეული გარუჯული კანით მეტ სიმხურვალესა და სექსუალობას იძენს, რაც ინტიმური თავგადასავლებისთვის შესანიშნავი წინაპირობაა. ბევრს პლაჟზე სექსის ინტერესი აქვს და სპონტანურ სექსზეც ამ ეგზოტიკის გამოა თანახმა. ზაფხულში დასასვენებლად წასული ადამიანი, რომელმაც ყოველდღიურ საქმიან რუტინას თავი როგორც იქნა დააღწია, საკუთარ თავსაც მეტ ყურადღებას აქცევს და საპირისპირო სქესსაც. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ ამ დროს ადამიანი საკუთარი სურვილებისა და ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად იცლის. თუ ამ დროს გვერდით არ ჰყავს მისი მუდმივი პარტნიორი, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ფანტაზიების დაკმაყოფილება ახალგაცნობილ ადამიანთან მოხდეს. მით უფრო, რომ უცხო გარემო, სადაც არავინ გიცნობს, ამ ურთიერთობისთვის არაჩვეულებრივად ნოყიერი ნიადაგია. დასასვენებლად წასული ადამიანი ყველა პასუხისმგებლობისგან დროებით მაინც თავისუფალია და, ბუნებრივია, რომანტიკულ გარემოს ეძებს. რომანტიკა კი პარტნიორის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება. აღვირის მიშვება ჯერ ფიქრში იწყება, მერე, თუ რეალური საშუალებაც გამოჩნდება, ადამიანი ამ მაცდუნებელი ჩანაფიქრის განხორციელებისკენ ისწრაფვის. ცნობილი ფაქტია, რომ ზაფხულობით მნიშვნელოვნად მატულობს ცოლქმრული ღალატის ფაქტები, სპონტანური, ერთი ღამის სექსი, საკურორტო რომანი და მგზნებარე ფლირტი.

– თუმცა, ალბათ, ამ ყველაფერს თავისი „ასაკი“ აქვს.

– ვერ დაგეთანხმებით. ფლირტსა და რომანს ასაკი არ აქვს, უფრო მეტიც, საკურორტო რომანი სწორედაც რომ ასაკოვანი ადამიანების ცხოვრებაში ხდება. ვერავინ განსაზღვრავს, ზაფხულის მზე ვის პოტენციაზე უფრო მეტად მოქმედებს – 16 წლის ბიჭს უფრო აღაგზნებს, თუ 40 წლის ქალს. ზღვაზე დასასვენებლად წასული ყმაწვილი ამქვეყნად ყველაფერს ივიწყებს და მხოლოდ იმას ფიქრობს, ვის აკოცოს, ვის მოაწონოს თავი, ვის განაცდევინოს ნეტარი წუთები. ჭაბუკისგან განსხვავებით, ასაკოვან ადამიანებს კარგად ესმით, რომ ზაფხული და ფლირტი დროებითი მეგობრები არიან და უფრო ზომიერად ირჯებიან; მათ ისიც იციან, რომ თავს ბევრი „ცელქობის“ უფლება არ უნდა მისცენ, ხოლო, თუ სული წასძლევთ და ასეთ ნაბიჯს მაინც გადადგამენ, შემთხვევითი ურთიერთობა ერთი ღამის, ან, ბევრი-ბევრი, ერთი თვის რომანად უნდა დარჩეს. თუმცა, საკურორტო რომანების დროს მოგებული ის რჩება, ვინც ამ ურთიერთობას ფლირტის დონეზე აჩერებს და სექსამდე არ მიჰყავს.

– რატომ, სპონტანური სექსის გამო ქალები განცდებში ვარდებიან?

– ესეც ინდივიდუალურია – გააჩნია, ქალი რის გამო არის თანახმა საკურორტო რომანზე. ხშირად ქალი სპონტანურ სექსზე არა სექსუალური მოთხოვნების, არამედ პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მიდის. ამ ურთიერთობით ის საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ჯერ კიდევ საჭირო და ლამაზია, რომ მამაკაცს მასთან ურთიერთობის სურვილი აქვს. ასეთი ქალები ღალატის თანმდევ ემოციებს არ განიცდიან და ერთი ღამის სექსსაც იოლად ივიწყებენ. ქალი ღალატსა და საკურორტო რომანის შედეგს განიცდის მაშინ, როდესაც ის ამ ურთიერთობას მხოლოდ სექსუალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იწყებს. საკურორტო რომანით ბევრი დიდი სიყვარულიც დაწყებულა, თუმცა, ზაფხულის ღამის ვნებებმა ქალი შეიძლება, დეპრესიაშიც ჩააგდოს, დააკარგვინოს თვითკონტროლი და ეს სიყვარული მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს – შეიძლება, მან პირადი ცხოვრება და ოჯახიც კი შესწიროს ერთ საკურორტო ისტორიას. საერთოდ, ადამიანი უნდა შეეცადოს, რომ ასეთი ურთიერთობა კარგ მოსაგონრად მაინც დატოვოს, ვიდრე მისგან უსიამოვნებები შეიქმნას. მე ვიცი ერთი ქალბატონის ისტორია, რომელმაც ზღვაზე გაიცნო მამაკაცი და მასთან ერთი ღამის სექსი და ხანმოკლე საკურორტო რომანი ჰქონდა. გავიდა რამდენიმე თვე და ამ ქალბატონმა მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ სოლიდურ კომპანიაში, რომლის მეპატრონეც სწორედ ის კაცი აღმოჩნდა, ვისთანაც მას საზაფხულო რომანი ჰქონდა. მე საერთოდ არ ვარ სამსახურებრივი რომანების მომხრე და, როგორც „პრაქტიკა“ გვიჩვენებს, ასეთი რომანები კარიერული წინსვლის ნაცვლად, ხშირად, კარიერული კრახით მთავრდება. სწორედ ასე დაემართა იმ ქალბატონსაც – მას თბილისში საკმაოდ ხანმოკლე რომანი ჰქონდა შეფთან, რადგან ის „ქალაქური სექსი“ არ აღმოჩნდა ისეთი ველური და მგზნებარე, როგორიც მათ ღამის პლაჟზე ჰქონდათ. ასე დასრულდა მათი რომანიც და თანამშრომლობაც. ამის მიუხედავად, მე ვიცი ფაქტები, როცა ქალსა და კაცს შორის საკურორტო რომანი ძალიან სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა. იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც ზღვაზე ერთმანეთს შეხვდა დაშორებული ცოლ-ქმარი, ორივეს უკვე ახალი ოჯახი ჰქონდა, თუმცა, მათი რომანის მეორე ეტაპი, რომელიც ზაფხულისა და ზღვის რომანტიკით იყო სავსე, ისეთი მგზნებარებით დაიწყო ხელახლა, რომ მათ ერთმანეთის გარეშე გაძლება გაუჭირდათ.

– მამაკაცი უფრო მზად არის საკურორტო რომანისთვის თუ ქალი?

– რომანებისთვის, გინდ საკურორტო იყოს ის და გინდ არასაკურორტო, მამაკაცი მუდმივად მზადაა, თუმცა, ამ მხრივ არც ქალები ჩამოუვარდებიან. საკურორტო რომანებისთვის ის ქალებიც კი არიან შინაგანად მზად, რომლებიც ერთი შეხედვით მკაცრი მორალური პრინციპებით გამოირჩევიან. კურორტი, უცხო გარემო, უცნობი ადამიანები, შინაგანი სიშიშვლე და – ღალატიც პროვოცირებულია. ბევრი სექსში ეძებს გათავისუფლების გზას, თუმცა, ალბათ, ეს არ არის თავისუფლების მთავარი წყარო. ადამიანი უნდა დაიცალოს მოზღვავებული სექსუალური ენერგიისგან და უნდა დაიკმაყოფილოს მოზღვავებული სურვილებიც. მე მივხვდი ერთ რამეს: როცა ქალსა და კაცს აქვთ ერთნაირი ბიოველი და ისინი ერთმანეთს ხვდებიან, მათი ურთიერთობა აუცილებლად დიდი სიყვარულითა და მგზნებარე სექსით გრძელდება. მე ვიცი ერთი ქალი, რომელსაც ქმარიც ჰყავს, ფულიც აქვს, კარგი ცხოვრებაც, მაგრამ, მაინც ჰყავს საყვარელი, რომელიც მას, სხვათა შორის, ვერ აკმაყოფილებს, ქმართან კი იდეალური სექსი აქვს. ის ქალი ამბობს, საყვარელთან უსექსოდ დაწოლა მირჩევნია ქმართან სრულყოფილ სექსსო. რა ხდება? რა და, მათ ერთი ველი აქვთ და ის ქალი მამაკაცის ველშია დარჩენილი.

– მას თუ საყვარლის ყოლა უნდა, ჰყავდეს, მაგრამ, ამას „მინდორ-ველს“ ნუ დააბრალებს.

– ასე მარტივად ნუ შეხედავთ ამ საკითხს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. არ დამავიწყდება ერთი მოხუცი ბებიის ამბავი: ჩემი მეგობრის მეზობლად ძალიან მოხუცი და კეთილშობილი სახის ბებია ცხოვრობდა. ის ყოველთვის კიბეზე ჩამომჯდარი მხვდებოდა. ყველას უყვარდა თამარა ბებია, რომელიც თავის ასაკშიც კი ძალიან ლამაზი მოხუცი იყო. ერთხელ ძალიან სევდიანი მომეჩვენა და ვკითხე: თამარა ბებია, სულ ამ კიბეზე რომ ზიხართ და ფიქრობთ, ამდენი საფიქრალი რა გაქვთ-მეთქი? იცი, რას ვფიქრობ, შვილოო – მითხრა, – ძალიან კარგი და ლამაზი ქალი ვიყავი, ბევრ კაცთან დავწექი, ძალიან ბევრთან, მაგრამ ახლა ვზივარ და იმას ვნანობ, ვინც მთხოვა, იმათ რომ არ დავთანხმდიო (იცინის). ასე რომ, თამარა ბებიასი არ იყოს, ყველას თავისი ცხოვრების წესი აქვს, სარგებლობა მარტო ქათამს კი არ მოაქვს, სექსიც სასარგებლოა და საკურორტო რომანიც.


скачать dle 11.3