კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან ამოუვიდა მხრებზე ფრთები ნიკუშა შენგელაიას და რატომ დაბრმავდა მისი ცოლი


16 წლის წინ ნიკუშა შენგელაიამ, რომელიც საკმაოდ ბოჰემურად ცხოვრობდა და ქალები მასზე ჭკუასაც კი კარგავდნენ, მესამედ იქორწინა. ია ნინიძისა და ეკა ჯაფარიძის შემდეგ, ეს ბედნიერება ეკა ჭიჭინაძეს ხვდა წილად. ყველაფერი კი სრულიად შემთხვევით მოხდა. ეკა თავის მეგობარს, რომელიც ნიკუშაზე იყო შეყვარებული, ნიკუშას სახელოსნოში გაჰყვა. მაგრამ, მეგობარ გოგონაზე მეტად ეკამ მიიქცია მისი ყურადღება. როგორ შეიძლება, ადამიანი შემოაბრუნო იმ მხარეს, რომ ცხოვრებისადმი მეტი ინტერესი და პასუხისმგებლობა გაუჩნდეს, ყველაზე უკეთ, ალბათ, ეკამ იცის.


– ნიკუშა შენგელაიას ცოლობაზე ყველა ოცნებობდა და ალბათ, დღესაც ოცნებობს, მაგრამ ის თქვენია. სინამდვილეში როგორია მისი ცოლობა?

– მართალია, ნიკუშას რთული და მძიმე ხასიათი აქვს, მაგრამ სიმართლეს გეუბნები, არ ვაჭარბებ, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტ დადებითს ვხედავ მასში. სხვათა შორის, სოფიკოზეც ასე დამემართა. თავიდან, პირველი ხუთი წელი, სანამ ერთად ვცხოვრობდით, ძალიან მორიდებულად ვიყავი. მერე, კარგად რომ გავიცანი, ყოველდღე აღფრთოვანებული ვრჩებოდი. ნიკუშასგან ბევრ რაღაცას არ მოველოდი და ახლა რომ ვფიქრობ, მაგრად გამიმართლა. არ ვიცოდი, ასეთი თუ გამოდგებოდა – ოჯახის კაცი, კარგი ქმარი, მამა. მე კი მეშინოდა, ვფიქრობდი, ეს მაინც ბოჰემური ცხოვრებით არის დაკავებული, ამდენი ცოლი გამოიცვალა, სულ სხვანაირად დავინახე და რისკზე წავედი. თუმცა, რისკიც არ იყო. თითქოს დინებას მივყევი. დღეს ნიკუშა ჩემთვის არის საყრდენი ძალა, მუხასავით ძლიერი, რასაც ადრე ვერ წარმოვიდგენდი. ყველას პატრონია, ყველაზე ზრუნავს. სოფიკოს წასვლის შემდეგ ბევრი პრობლემა ჩვენზე გადმოვიდა. ამდენი ადამიანია ჩვენი მოსავლელი და რაც სოფიკო იყო, ნიკუშაც ის არის. სოფიკო არ აძლევდა ნიკუშას არაფრის საშუალებას, ყველაფერს თავის თავზე იღებდა. ისიც ძლიერი პიროვნება გახლდათ. ჩვენ ეკონომიურად ყოველთვის დამოუკიდებლები ვიყავით, მაგრამ, მაგალითად, წყნეთში ან ზღვაზე როცა აშენებდა სახლს, ამ შემთხვევაში ხომ მაინც უნდა ჩარიო შვილი, უთხრა, ეს გააკეთე, ის გააკეთე. ვეხვეწებოდით, სოფიკო, გვითხარით, რა გავაკეთოთ, არ გვეუბნებოდა.

– რაში გამოიხატება მისი „სიმძიმეები“?

– ცხოვრების თავისი რიტმი აქვს, არ უყვარს არაფრის შეცვლა, ნივთების გადაადგილება. მაგალითად, სადმე წასვლა გვინდა – თვითონაც გიჟდება მოგზაურობაზე, მაგრამ ძალიან მძიმედ, ნელა წყვეტს. მე, პირიქით, ყველაფერი ჩქარ-ჩქარა მინდა. ახლა მის სირთულეებს ვეღარც ვგრძნობ და არც ყურადღებას ვაქცევ, ძველებურად. ხომ იცი, ცოლ-ქმარი რაღაცეებში ერთმანეთს ემსგავსებაო. მგონი, დადებითი თვისებები უფრო მოგვწონს ერთმანეთში და მისკენ მივდივართ. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა. თბილისში ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ნიკუშა ასეთი იქნებოდა.

– თბილისში ლაპარაკობენ, ნიკუშა ასეთი ცოლმა გახადაო.

– იცი, რა? ჩემი დამსახურება ის არის, რომ ჩემგან მიიღო სიყვარული, პატივისცემა, ბევრი სითბო, მზრუნველობა. თვითონ ისეთ ოჯახში გაიზარდა, ოჯახური ტრადიციები ძალიან კარგად იცის. თორემ, რაც არ უნდა ეცადო, ასე ვერ შეცვლი ადამიანს. ნიკუშას დღესაც ძალიან უყვარს გართობა. ჩვენთან სულ სტუმრიანობაა. ჩვენც დავდივართ სხვებთან, მაგრამ ახლა ეს ხდება ძალიან ზომიერად. ბევრის თავიც აღარ გვაქვს. თუ კაფეში ან სადმე მივდივართ, თავს უხერხულადაც ვგრძნობთ, როცა ყველა ჩვენ გვიყურებს. ჩემი მხარში დგომის გარდა, აქ ბავშვმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. გიორგი რომ გაჩნდა, ნიკუშა სხვა პასუხისმგებლობით განეწყო ოჯახისადმი. ადრეულ ასაკში შვილის სიყვარულს და მასზე მზრუნველობას ისე ვერ შეიგრძნობ, როგორც შეგნებულ ასაკში. თან, ბიჭზე ოცნებობდა. ორივეს გვყავს პირველი ქორწინებებიდან შვილი: ნიკუშას – გოგო და მე – 30 წლის ვაჟი.

– როგორ ცხოვრობთ. რაზე უწევს ან არ უწევს უარის თქმა ნიკუშა შენგელაიას ცოლს?

– არ ვიცი, რომელ ფენას მივეკუთვნებით – მდიდრების, ღარიბების თუ საშუალოს, მაგრამ ნამდვილად არ გვიჭირს. არ ვწუწუნებთ, ნორმალურად ვცხოვრობთ. როგორც ქალს, პრობლემა, არაფერზე მაქვს, ყველაფერს ნიკუშა აგვარებს. მე არ ვმუშაობ. ნიკუშას წინაპრებმა ისე იშრომეს და იმდენი გააკეთეს, მათი შთამომავლები ღირსნი არიან, ცოტა უზრუნველად იცხოვრონ. ამდენი სახლი, ქონება, თუნდაც სახელი დატოვეს. არც შეზღუდული ვართ და არც ზედმეტი გვაქვს. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, გიორგის განათლებაა.

– წარმოგიდგენიათ, ნიკუშა რომ არ ყოფილიყო თქვენი ქმარი, როგორ იცხოვრებდით, თუმცა თქვენ ხომ მანამდეც გქონდათ ოჯახი? საერთოდ, გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი თანაცხოვრება?

– ეს ნამდვილად ვერ წარმომიდგენია. შეიძლება, ნიკუშაზე უკეთესებიც არიან, მაგრამ ამაზე აღარც ვფიქრობ, იმდენად ჩემია ეს ყველაფერი. თავიდან, ნიკუშას მამასთან (კინორეჟისორი გიორგი შენგელაია – ავტორი) ვცხოვრობდით, კეკელიძეზე, ზაფხულობით კი – სოფელ დიღომში, აგარაკზე. არც ფული გვქონდა და არც არაფერი. რამდენიმე წელი აბსოლუტურად გიორგის კმაყოფაზე ვიყავით. იმ დღეს ნიკუშასთან ვამბობდი: მთელი ბავშვობის ოცნება ამისრულდა, და, მხოლოდ ორი ოცნებაღა დამრჩა-მეთქი. რა დაგრჩაო – მკითხა. ერთი ის, რომ გოგო არ მყავს და მეორე, რომ ზანგი მომღერალი არ ვარ-მეთქი. გოგო, კი ბატონო, მაგრამ ზანგზე რა გითხრაო. ორი წელიწადი ცოლ-ქმრის სტატუსის გარეშე ვცხოვრობდით. მე ვფიქრობ, ეს პერიოდი ყველა წყვილისთვის აუცილებელია. ეს არის ზუსტი დრო იმისთვის, რომ შენი ყველა ცუდი და კარგი თვისება გამოაჩინო. ის ორი წელი არ იყო ნიკუშა ანგელოზივით, ახლა რომ არის... ახლა ვეუბნები ნიკუშას, მხრებზე ხელი მოისვი, ფრთები ხომ არ ამოგდის-მეთქი. მაშინ არ იყო ასეთი, სხვანაირი „მასტი“ იყო – სვამდა, ხმაურობდა, იმდენს გაბოდიალებდა, დაგღლიდა.

– ყველას აინტერესებს, როგორია ნიკუშა სახლში?

– მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტების მოტანა მე მაქვს აღებული თავზე და ამას ვერავის ვანდობ – ჩემი ადგილები ვიცი, სად და რა უნდა ვიყიდო, არ მახსოვს, ნიკუშა ჯიბეში ხელებჩაწყობილი შემოსულიყო სახლში. რაღაც აუცილებლად მოაქვს – პროდუქტი ან რაიმე ნივთი სახლის ინტერიერისთვის. ასეთ რამეებს ის აგვარებს – ფარდაგები, განათება, ჭურჭელი... ძალიან სიამოვნებს ეს. მივხვდი, რომ ამაში ჩემზე უფრო მაგარია და აღარ ვეკამათები, თავშიც ქვა უხლია. შეიძლება, მე ყურადღება არ მივაქციო და ძალიან კომფორტულადაც ვიყო, მაგრამ ნიკუშამ თუ დაინახა, რაღაც თავის ადგილზე ისე არ დევს, როგორც თვითონ სიამოვნებს, შეიძლება, გაგიჟდეს. მაგალითად, ხშირად ვჩხუბობთ ფარდებზე. მე მიყვარს მზის შუქი, ფარდებს გადავწევ, რომ სინათლე შემოვიდეს. ის კი ვამპირივითაა, სულ ჩამობნელებული უნდა ჰქონდეს. განათებაც თავისი აქვს. იძულებული გავხდი, მივეჩვიო. ჩვენთან ჭაღი არც ერთ ოთახში არ კიდია. ყველგან პატარა განათებები აქვს გაკეთებული. დავბრმავდი, მგონი, მინუს ოცი მაქვს უკვე სათვალე, ვერაფერს ვხედავ. გარდა ამისა, ძალიან მოწესრიგებულია, მიყრა-მოყრა არ იცის. მაგრამ ის, რაც ყოველწუთს სჭირდება, ცხვირწინ უნდა ედოს. მასზე ასჯერ მეტი ფეხსაცმელი მაქვს, მაგრამ ყველა თავის ადგილზე აწყვია. ნიკუშას ყველაფერი გარეთ უწყვია, რომ კარგად დაინახოს. აი, ამაზე ვჩხუბობთ.

– მართალია, ნიკუშა შენგელაიას ძალიან მაგარი ქალი ჰყავს გვერდით, მაგრამ იცით, თქვენს ქმართან, თუნდაც ერთი დღის გატარებაზე, რამდენი ასეთი მაგარი ქალი ოცნებობს? არ ეჭვიანობთ, რომ შეიძლება ერთხელ ნიკუშამაც ვერ გაუძლოს ცდუნებას და...

– ყველა ქალი იგრძნობს, როგორც კი ურთიერთობა ცივდება. ჯერჯერობით ეგ პრობლემა არ მაქვს. შეიძლება, მქონდეს. ამისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად ვფიქრობ ამაზე. თუ ამ დონის აფერისტი მეგრელია, არ ვიცი. შეიძლება, ამას რომ წაიკითხავს, დამცინოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი შემთხვევა არ ჰქონია. თუ მართლა რამე აქვს გაკეთებული, ესე იგი, მართლა მაგარი მეგრელია, რომ ეს ვერ შევამჩნიე, მე არ ვარ ასეთი მიამიტი. რომ გითხრა, ეჭვიანი არ ვარ და ყველაფერი ფეხებზე მკიდია-მეთქი, ასეც არ არის. კაცები, რომლებიც აქეთ-იქით დარბიან გიჟებივით და „ნაშებს“ ათვალიერებენ, მგონია, რაღაც პრობლემა აქვთ. ამას წინათ, ქორწილში ვიყავით და რუსის „ნაშები“ იყვნენ. მაგიდაზე რაღაც იდო და იმით თვალები ავუკარი, არ უყურო-მეთქი. ასე ვხუმრობთ ხოლმე, თორემ სერიოზულად რომ ვიეჭვიანო, ალბათ, ძალიან ცუდად ვიქნები. მე ცოტა ცუდი ხასიათი მაქვს. მაგის პატიება გამიჭირდება. ბოლოს და ბოლოს მერლინ მონროს ღალატობდნენ და მე ვინ ვარ, მაგრამ, 16 წელიწადია მაგის პრობლემა არ გვქონია. თუ მექნება, შემდეგ ინტერვიუში გეტყვი, გეფიცები, არ დაგიმალავ.

– თუ გიფიქრიათ, ორმოცი და ორმოცდაათი წლის შემდეგ როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა?

– სიამაყით ვიტყვი ხოლმე, რომ რამდენიმე თვეში ორმოცდაათი წლის ვხდები. თან მგონია, რომ ამას ისე, ვიღაცაზე ვამბობ. ნიკუშა მეუბნება: შენ რომ ახლა ცუდად იყო ან ცუდად გამოიყურებოდე, ხომ ვიცი, ასაკზე ხმასაც არ ამოიღებდიო. როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობა მომავალში, ვერ გეტყვი. ჯერჯერობით ისეთ ასაკში არ ვართ, რომ ეგ არ გვაინტერესებდეს. პირიქით, ახლა ბევრად უფრო საინტერესოა სექსი, ასაკში რომ შედიხარ. ჩვენ კიდევ გვაქვს ერთმანეთის მიმართ ლტოლვა და ეს თვითონაც გვიკვირს. მე ვფიქრობ, აი, იმ წინა პერიოდმა, ჩვენმა ორწლიანმა თანაცხოვრებამ განაპირობა ეს.

– აინტერესებს, როგორ გამოიყურებით?

– ხელს მიწყობს, რომ თავს მოვუარო. თუ მანიკიური ოდნავ გაფუჭებული მაქვს, შენიშვნას მომცემს, შეიძლება, გაგიჟდეს. ვერ იტანს, როცა ქალი მოუვლელია. სადმე რომ მივდივარ, აუცილებლად უნდა ვაჩვენო, რას ვიცვამ. მე თვითონაც მომწონს და ვეკითხები. თვალებს არასდროს ვიღებავდი. წლებში რომ შედიხარ, ფორმები, კონტური გეკარგება და სულ მეხვეწებოდა, ცოტა რაღაც წაისვიო. მეც დავიწყე. ხასიათზე ვარ თუ არა, შინ და გარეთ ნორმალურად მაცვია. ნიკუშამდეც, ასე ვიყავი და ახლაც ასე ვარ. მე თავის მოვლის საშუალებები უფრო მომწონს, ვიდრე დეკორატიული კოსმეტიკა. გიორგი რომ მიმყავს სკოლაში, ბევრჯერ პიჟამითა და ჩუსტებით წავსულვარ. სანამ შხაპს არ მივიღებ, ისე ვერ ვიცვამ. დილით, უცებ რაღაცას გადავიცვამ და მიმყავს, უკან რომ ვბრუნდები, თავს მერე ვუვლი. ერთხელ პატრულმა გამაჩერა, თან, იცი, როგორ არის? არც ჩანთა მაქვს, არც საბუთები, მეუბნება: გადმობრძანდით, მანქანა უნდა გადავიყვანოთ საჯარიმოზეო. ვერ გადმოვალ, ნახეთ, რა ფორმაში ვარ-მეთქი. ისე სასაცილოდ ვიყავი გამოწყობილი, შევეცოდე და გამომიშვა. ვერ ვასწრებ ხოლმე ნორმალურად ჩაცმას. არადა, ყოველთვის თვითონ მიმყავს მანქანით, არავის მიჰყვება. ნიკუშას რომ ვუყვები, სიცილით კვლება.


скачать dle 11.3