კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენმილიარდიან კაპიტალს ფლობს პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი და რა ურთიერთობა ჰქონდა მას ყველაზე ცნობილ აზიელ პოლიტიკოს ქალთან, ბენაზირ ბჰუტოსთან


პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ნამდვილად არ განეკუთვნება ახალი ტალღის პოლიტიკოსების რიცხვს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მას არაერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა პაკისტანის მთავრობაში და ბევრი ამას მისი მეუღლის, ყველაზე ცნობილი აზიელი პოლიტიკოსი ქალის, აწ განსვენებული ბენაზირ ბჰუტოს დამსახურებად მიიჩნევდა. თუმცა, ბჰუტოს ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, ასიფ ალი ზარდარი დარჩა პოლიტიკაში და ამჟამად, გარდა იმისა, რომ იგი პაკისტანის პრეზიდენტია, ასევე ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ პაკისტანელად ითვლება. გავეცნოთ მისი ცხოვრების საინტერესო ფაქტებს.

* ასიფ ალი ზარდარი 1956 წელს პაკისტანის ქალაქ ნავაბშახში, პოლიტიკოს ჰაკიმ ალი ზარდარის ოჯახში დაიბადა. ყარაჩის გრამატიკული სკოლის დასრულების შემდეგ (ალტერნატიული მონაცემებით, ასიფს წმიდა პატრიკის მისიონერული სკოლა ჰქონდა დამთავრებული, სადაც მასთან ერთად პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, პერვეზ მუშარაფი სწავლობდა) ასიფმა სწავლა ქალაქ პეტაროს კოლეჯში განაგრძო. სხვადასხვა ცნობებით, სწავლის პერიოდში ახალგაზრდა ასიფი „ფლეიბოის“ სახელით სარგებლობდა და რამდენიმე გოგოსთან ერთდროულად ჰქონდა სასიყვარულო რომანი.

* 1987 წლის 8 დეკემბერს ასიფ ალი ზარდარი დაქორწინდა ბენაზირ ბჰუტოზე, რომელიც იმ დროისთვის პაკისტანის ეროვნული პარტიის თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი იყო. იმ პერიოდში ზარდარი არ ინტერესდებოდა პოლიტიკით და დროის უმეტეს ნაწილს პოლოს თამაშს უთმობდა საკუთარ კლუბ „ზარდარი ფოურში“. 1988 წელს ბენაზირ ბჰუტო პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ხოლო მის მეუღლეს მეტსახელად „მისტერ ათი პროცენტი“ უწოდეს, რადგან 1988-1990 წლებში ბჰუტოს მთავრობის მიერ გაფორმებული კომერციული კონტრაქტებიდან იგი არალეგალურად იღებდა 10 პროცენტს.

* 1990 წელს ბჰუტოს მთავრობა გადაყენებულ იქნა, ხოლო ასიფ ალი ზარდარი დააპატიმრეს. მას ბრალად ფულის გამოძალვა, კორუფცია და ხალხის გატაცება ედებოდა. 1993 წლის დასაწყისში ზარდარი ციხიდან გაათავისუფლეს, ხოლო მისმა მეუღლემ კვლავ გაიმარჯვა არჩევნებში და პრემიერ-მინისტრის პორტფელი დაიბრუნა. ამჯერად ზარდარიმ მაღალი საპასუხისმგებლო თანამდებობები დაიკავა ბჰუტოს კაბინეტში. კერძოდ, იგი გარემოს დაცვისა და ინვესტიციების მინისტრის თანამდებობებზე მუშაობდა. 1996 წელს ბჰუტოს მთავრობა ისევ გადააყენეს, ხოლო ზარდარი, რომელიც პაკისტანის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, ისევ დააპატიმრეს. ამჯერად მას ბენაზირ ბჰუტოს ძმის – მირა მურთაზ ბჰუტოს მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. თავის მხრივ, ზარდარი მკვლელობის ორგანიზებას პაკისტანის სპეცსამსახურებს აბრალებდა. ციხეში ზარდარი 2004 წლამდე დარჩა და, გარდა მკვლელობისა, მას სხვა მუხლებიც შეუფარდეს: ადამიანების გატაცება, კორუფცია, ნარკოტიკების კონტრაბანდა. 2004 წლის აგვისტოში ზარდარიმ აღიარა, რომ კორუფციით მიღებული ფულით მას ნაყიდი ჰქონდა მიწის ნაკვეთი დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში, რომლის ფასი 4,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. 2004 წლის ბოლოს ზარდარი გაათავისუფლეს, თუმცა დეკემბრის ბოლოს იგი კვალვ დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. საერთო ჯამში, პაკისტანის ამჟამინდელ პრეზიდენტს პატიმრობაში 11 წელი ჰქონდა გატარებული და, გავრცელებული ინფორმაციით, მას თითქმის ყოველდღიურად აწამებდნენ სხვადასხვა მეთოდით.

* ციხეში გატარებულმა ხანგრძლივმა პერიოდმა ასიფ ალი ზარდარის ფსიქიკაზე უკიდურესად მძიმედ იმოქმედა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ, მედიკოსების დასკვნით, პაკისტანის პრეზიდენტს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შეენიშნებოდა, კერძოდ, იგი დაავადებული იყო გონების აშლილობით, უმძიმესი დეპრესიითა და პოსტტრავმული მოშლილობით. 2007 წელს ჩატარებულ სამედიცინო გამოკვლევაზე დაყრდნობით, ასიფ ალი ზარდარს არ შეეძლო საკუთარი შვილების დაბადების თარიღების გახსენება, განიცდიდა პანიკურ შიშს ყველაფრის მიმართ და სუიციდისკენ ჰქონდა მიდრეკილება. ცნობილია, რომ პრეზიდენტად არჩევამდე ზარდარი ყოველდღიურად გადიოდა კონსულტაციებს ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან, ხოლო მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

* ბრიტანული „ზი თაიმზის“ ცნობით, პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ფლობს 1,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეფასებულ აქტივებს. პაკისტანის ანტიკორუფციული სამსახურის ცნობით, ზარდარს ქონება, სავარაუდოდ, დაუგროვებია 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც, მას სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა მთავრობაში. ცნობილია, რომ მის საკუთრებაში შედის უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღსანიშნავია, რომ ზარდარის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს მსგავს ბრალდებებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს, გარდა საკუთარი ბინისა ისლამაბადში, სხვა არანაირი აქტივი ან საბანკო ანგარიშები არ გააჩნია.

* პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარმა „ავი თვალისგან“ თავდაცვის მიზნით პრაქტიკაში შავი თხის მსხვერპლშეწირვის ცერემონიალი დანერგა. „ბატონი ზარდარი დიდი ხანია, მსხვერპლშეწირვით არის დაკავებული“ ეს ფრაზა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსს ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში არაერთი ასეული შავი თხა დაკლეს. ზარდარის მოწინააღმდეგეები პრეზიდენტის ამ გატაცებას მის ფსიქიკურ მდგომარეობას აბრალებენ და აცხადებენ, რომ „შავი მაგიის“ წინააღმდეგ ყველანი უძლურები ვართო.

* პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარმა აკრძალა მასზე შეთხზული ანეკდოტების გავრცელება. პაკისტანის სპეცსამსახურებს დაევალათ პრეზიდენტის შესახებ გავრცელებული ხუმრობის, ანეკდოტისა და სახალისო ისტორიის ყველა ავტორის გამოაშკარავება და დაპატიმრება. დამნაშავეს კი, რომელიც იხუმრებს პრეზიდენტზე, 14-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მსგავსი კანონის გამოცემას დასავლელი ექსპერტები პაკისტანის პრეზიდენტის არამდგრად ფსიქიკას აბრალებენ. სხვათა შორის, ყველაზე გავრცელებული ანეკდოტი ზარდარის შესახებ, „ზი დეილი ტელეგრაფმა“ ახლახან თავის ფურცლებზე დაბეჭდა: „– გაიგე, რომ ტერორისტებმა ჩვენი საყვარელი პრეზიდენტი გაიტაცეს და გამოსასყიდად 5 მილიონ დოლარს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენზინის გადასხმას და დაწვას უპირებენ.

– გავიგე და ჩემი წილი უკვე გავიღე.

– რამდენი?

– 5 ლიტრი ბენზინი.“

* პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად პაკისტანის მთელ ტერიტორიაზე დაიშვა ადამიანების ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვა გამოუვალ მდგომარეობაში. ამ კანონმა რევოლუცია მოახდინა ისლამურ სამყაროში. საინტერესოა, რომ გარდაცვალების შემდეგ ასიფ ალი ზარდარი თავის სხეულს მედიცინას უტოვებს, ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის გამოყენების მიზნით.


скачать dle 11.3