პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ფიდელ კასტრო პოლიტიკაში ბრუნდება
კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო პირველად ოთხი წლის განმავლობაში, პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. „დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, მისი საუბრის ძირითადი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების უვარგის პოლიტიკასა და ბირთვული ომის დაწყების საშიშროებას ეხებოდა. კასტრომ გამოთქვა სურვილი, რომ ბარაკ ობამა, როგორც მუსლიმანი მამის შვილი, არ გარისკავს და არ დაიწყებს ომს ირანთან. ჟურნალისტების მტკიცებით, კასტრო საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა და, შესაძლოა, ახლო მომავალში იგი დიდ პოლიტიკაშიც დაბრუნდეს, თუმცა უცნობია, რომელ რანგში.
ბარაკ ობამამ დაბადების
დღეზე კალათბურთელებთან
ერთად მოილხინა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა 4 აგვისტოს 49 წლის შესრულდა. ამ თარიღის აღნიშვნა პრეზიდენტმა ჩიკაგოში გადაწვიტა, სადაც მოწვეულ სტუმრებს შორის პოპულარული ტელეწამყვანი ოპრა უინფრიც იმყოფებოდა. დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე კი პრეზიდენტმა ცნობილ კალათბურთელებთან, NBA-ს მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებთან ერთად კალათბურთი ითამაშა. „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ ვარსკვლავებმა – დუიენ უეიდმა, კარმელო ენტონიმ, მეჯიქ ჯონსონმა, ბილ რასელმა და სხვებმა, ობამასთან ერთად სახალისო სპორტული შოუ დადგეს.
კალიფორნიის გუბერნატორი
ერთსქესიანი ქორწინებების ნებართვის აღდგენას აპირებს
კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა, შტატის ტერიტორიაზე ერთსქესიანი ქორწინებებისთვის ნებართვის გაცემის ოფიციალური ინიციატივა წამოაყენა. შვარცენეგერის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა შტატის გენერალურმა პროკურორმა ჯერი ბრაუნმა. ერთსქესიან ქორწინებებთან ბრძოლა კალიფორნიაში 2004 წელს დაიწყო, როდესაც სან-ფრანცისკოში პირველმა ლესბოსურმა წყვილმა მოაწერა ხელი. ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მხოლოდ ხუთ შტატშია დაშვებული ერთსქესიანი ქორწინებების რეგისტრაცია: კონეკტიკუტში, აიოვაში, მასაჩუსეტსში, ნიუ-ჰემფშირსა და ვაშინგტონში.
მედვედევი მილიციის პოლიციად გადაქცევის ინიციატივით გამოდის
რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი „მილიციის“ „პოლიციად“ გადარქმევის ინიციატივით გამოვიდა. მედვედევის თქმით, მოვიდა, დრო, რომ მილიციამ დაიბრუნოს თავისი ისტორიული სახელი და ეწოდოს „პოლიცია“. შეგახსენებთ, რომ პირველად პოლიცია რუსეთში პეტრე პირველის დროს, მეთვრამეტე საუკუნეში გამოჩნდა, ხოლო 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა მას სახელი შეუცვალეს და „მილიცია“ უწოდეს. მედვედევის ინიციატივამ მოწონება დაიმსახურა რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში, კერძოდ, სერგეი სტეპაშინისა და სერგეი მირონოვის სახით.
ბერლუსკონისა და მედვედევის „საიდუმლო სერობა“
იტალიის ელიტურმა წრეებმა სილვიო ბერლუსკონის მიმართ პრეტენზიები გამოხატეს, იმის გამო, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან ერთად ფოტო გადაიღო ლეონარდო და ვინჩის ფრესკის – „საიდუმლო სერობის“ ფონზე. იტალიურ მუზეუმებსა და მონასტრებში აკრძალულია მსგავსი ფრესკების ან სხვა მხატვრული შედევრების ფონზე ფოტოების გადაღება და, სწორედ ამ ფაქტმა, რომ ბერლუსკონიმ და მედვედევმა დაარღვიეს ეს კანონი, აღაშფოთა იტალიელები. საინტერესოა, რომ ფრესკის ფონზე ფოტოს გადაღება დიმიტრი მედვედევის სურვილი იყო, ხოლო პასუხისმგებლობა ფოტოს გადაღების მიცემის უფლებაზე კი თავის თავზე მილანის მხატვრული ფასეულობების ზედამხედველმა – ალბერტო არტიოლიმ აიღო.