რატომ ვერ იჩივლებენ ქართველები აფხაზეთის მიერ მათი ქონების ხელყოფის გამო და რატომ აღარ სჭირდებათ აფხაზებს რკინიგზის აღდგენა
სერგეი ბაღაფშმა, მას შემდეგ, რაც მეორე ვადით გაინაღდა პრეზიდენტის ჩვენთვის დე-ფაქტო, რუსეთისთვის – დე-იურე სავარძელი, აფხაზ საზოგადოებას ახალი ინიციატივა შესთავაზა, რის მიხედვითაც, არააფხაზეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვის შესაძლებლობა მიეცემა. რა საფრთხეს ხედავენ აფხაზები ამ ინიციატივაში და რა კალაპოტში მიედინება ცხოვრება ენგურს გადაღმა, ამის გარკვევას აფხაზური ოპოზიციური გაზეთის, „ჩეგემსკაია პრავდის“, მთავარ რედაქტორთან – ინალ ხაშიგთან შევეცდებით.
– რას ფიქრობთ აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავ-მოძრავი ქონების არააფხაზეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის ინიციატივაზე?
– საქმე ეხება არა მიწის ყიდვა-გაყიდვას, რადგან ჩვენი კონსტიტუციით, მიწა არ ექვემდებარება ყიდვა-გაყიდვას, არამედ უძრავ ქონებას. დღემდე ჩვენთან აფხაზეთის არამოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა აკრძალულია. ამჟამად კი პრეზიდენტი ლობირებს საკითხს, რომ ეს აკრძალვა მოიხსნას, მაგრამ არ მგონია, ამ იდეამ პოპულარობა მოიპოვოს საზოგადოებაში. იმდენად არაპოპულარულია, რომ თავისი პრეზიდენტობის ხუთი წლის განმავლობაში პირველად განაცხადა ბაღაფშმა მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, რომ ეს რთული საკითხია და ის მას განიხილავს მთავრობასთან, პარლამენტთან და ოპოზიციასთან ერთად. მან პირველად ახსენა ოპოზიცია, რომელსაც აქამდე არასდროს არანაირ ანგარიშს არ უწევდა. ეს ფეთქებადსაშიში თემაა და არაპოპულარულია არა მხოლოდ ოპოზიციაში, ბაღაფშის მომხრეებშიც კი. რადგან ჩვენთან, პოსტსაბჭოთა სივრცეში, კანონმორჩილება დაბალ დონეზეა, შედეგად მივიღებთ იმას, რომ აფხაზეთში მთელი უძრავი ქონება გაიყიდება. საქმე ეხება არა მეორად უძრავ ქონებას, არამედ ახალმშენებლობებს. ჩემი აზრით, თუ ასეთი ცვლილებები მაინცდამაინც უნდა მივიღოთ, ის უნდა შეეხოს მეორად საცხოვრებელ ფონდს, იმიტომ რომ აფხაზეთში ბევრი სახლია დაზიანებული. მაგრამ, როდესაც ლაპარაკია ახალ მშენებლობებზე, ეს უდიდეს პრობლემებს მოიტანს მომავალში. შესაძლებელი იქნება, ქრთამის სანაცვლოდ, ვისაც მოესურვება, იყიდოს, რაც მოესურვება. მაგალითად, აიღოს ტერიტორია პარკში, იქ ააშენოს ელიტური სახლი და გაყიდოს. ანუ მოხდეს ის, რაც სოჭში ხდება, როდესაც ისე ააშენეს შენობები, რომ ზღვასთან ახლოს ვერ მიხვალ. რუსეთში 140 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მათმა ერთმა პროცენტმა, მილიონ-ნახევარმა ადამიანმა რომ მოისურვოს ამ უფლების გამოყენება, აფხაზები უბრალოდ ერთმანეთს ვეღარ იპოვიან აფხაზეთში.
– მიწა არ იყიდებაო, მაშინ ტექნიკურად როგორ მოხდება ეს: მიწა იქნება სახელმწიფოს საკუთრება და მასზე აგებული შენობა-ნაგებობები – სხვისი?
– ავხსნი პროცედურას: ვთქვათ, მინდა, ავაშენო სახლი. მივდივარ ადმინისტრაციაში, გამომიყავით მიწის ნაკვეთი უვადო მფლობელობაში, რომ ავაშენო სახლი-მეთქი. იქ მეუბნებიან, რომ მიწა არ აქვთ, მაგრამ მე ვაჩვენებ ფულს, ისინი უცბად აღმოაჩენენ მიწას და მე დავიწყებ მშენებლობას. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ბიუროკრატიული აპარატის კორუმპირებულობას, აშენება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ ადგილას და ამის სურვილი რუსეთის ძალიან ბევრ მოქალაქეს გაუჩნდება. ვიმეორებ, რუსეთის მოქალაქეების ერთი პროცენტიც კი საკმარისია, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ აბსოლუტურ უმცირესობაში. პრეზიდენტი აპელირებს იმით, რომ ეს მიგვიყვანს ეკონომიკურ ზრდამდე, მაგრამ ეს საკითხი იმდენადაა დაკავშირებული უსაფრთხოების თემასთან, რომ უძრავი ქონების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. არსებული კანონით, ადამიანს, რომელიც აქ 10 წელია, ცხოვრობს, აქვს უფლება, მიიღოს მოქალაქეობა. 200 000-300 000 ადამიანი რომ ჩამოვიდეს რუსეთიდან, მათ 10 წლის შემდეგ შეუძლიათ, გახდნენ აფხაზეთის მოქალაქეები, შემდეგ მოითხოვონ რეფერენდუმის ჩატარება და აფხაზეთის რუსეთთან მიერთების საკითხიც დააყენონ.
– ვის შეუძლია დღეს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება? როგორია პროცედურა?
– არსებობს მოქალაქეობის მინიჭების კომისია და ის გასცემს მოქალაქეობას. ბევრი კრიტერიუმია.
– იმას გეკითხებით, ეს იოლი პროცედურაა თუ რთული?
– ერთ-ერთი კრიტერიუმი ასეთია, თუ ადამიანს არ აქვს მოქალაქეობა, მაგრამ აქ ჩაეწერა და იცხოვრა 10 წლის განმავლობაში, აქვს უფლება, მიიღოს აფხაზეთის მოქალაქეობა.
– ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, არიან აფხაზეთის მოქალაქეები?
– ისინი არიან მოქალაქეები.
– ჩაწერა აქვთ თუ მოქალაქეები არიან?
– იმ ქართველებს, რომლებიც, გალის რაიონის გარდა, აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ყველას აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა. გალის რაიონში კი ქართველების 15 პროცენტს აქვს მოქალაქეობა. ყოველ შემთხვევაში, გალის რაიონის ახალ საზღვრებში.
– ახალ საზღვრებში?!
– ომის შემდეგ გალის რაიონის ნაწილი მიუერთდა ტყვარჩელის რაიონს, ნაწილი – ოჩამჩირის რაიონს, იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც დარჩა გალის რაიონი, მოქალაქეობა 4 000-მა ქართველმა მიიღო, ახლა, ალბათ, ეს ციფრი გაიზარდა და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
– თუ დღემდე არააფხაზეთის მოქალაქეს არ შეეძლო უძრავი ქონების ყიდვა, რუსულ ბიზნესს როგორ აქვს საკუთრება აფხაზეთში?
– მათ შეუძლიათ, რეგისტრაციაში გატარდნენ იურიდიულ პირად და ისე შეიძინონ აქ ქონება. მიწა შეიძლება, გაიცეს მფლობელობაში უვადოდ ან რაღაც დროის განმავლობაში.
– უვადო მფლობელობაში გადაცემა არ არის იგივე მიყიდვა?
– უვადო მფლობელობა იგივეა, რაც, მაგალითად, ის, რომ ადამიანს აქვს საცხოვრებელი სახლი აფხაზეთში საბჭოთა დროიდან მოყოლებული და იქ ცხოვრობს უვადოდ.
– როგორ უყურებს თქვენი კანონები იმ ქონებას, რომლებიც უვადო მფლობელობაში ჰქონდათ ქართველებს?
– ომის შემდეგ მიიღეს სპეციალური კანონი, რის მიხედვითაც დატოვებული ქონება სახელმწიფო ქონებად გამოცხადდა. თავდაპირველად, ეს ეხებოდა მხოლოდ ქართველების ქონებას. შემდეგ გამოიცა განკარგულება, რომლითაც ყველაფერი, რაც უპატრონოდ იყო დატოვებული, სახელმწიფოს გადაეცემოდა.
– რომ იჩივლონ ქართველებმა სტრასბურგში მათი საკუთრების ხელყოფის გამო? იყო ასეთი შემთხვევები თურქულ კვიპროსში და ბერძნებმა მოიგეს სასამართლო პროცესები.
– მაგრამ ამისთვის ევროპულმა სასამართლოებმა უნდა აღიარონ აფხაზეთი.
– თურქული კვიპროსი არ არის აღიარებული, მაგრამ ევროსასამართლომ სარჩელი მაინც განიხილა?
– მაგრამ იქ სხვა მომენტებია, აფხაზეთზე სტრასბურგისა თუ სხვა სასამართლოს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ იმოქმედებს, იმიტომ რომ აფხაზეთი სტრასბურგისთვის არაღიარებული სახელმწიფოა. ამიტომ აფხაზეთისთვის სტრასბურგის სასამართლო არ არსებობს. თუ უცბად ასეთი სარჩელი მიიღება განსახილველად, მას არანაირი შედეგი არ ექნება.
– გასაგებია. ამ ეტაპზე რა ეკონომიკური ურთიერთობა გაქვთ რუსეთთან?
– გადის აფხაზური საშენი მასალები, მანდარინი, ხილი, ღვინო, სოფლის მეურნეობის პროდუქტები.
– ჰყოფნის ეს აფხაზეთის ეკონომიკას?
– არ ჰყოფნის, მაგრამ ყველას ესმის, რომ ეკონომიკის განვითარებას დიდი დრო უნდა.
– ბევრ აფხაზს აქვს რუსეთის მოქალაქეობა? ომის შემდეგ როგორი ტენდენციაა?
– აღიარების შემდეგ ავტომატურად შეწყდა რუსეთის პასპორტების გაცემა. როდესაც აფხაზები რუსეთის მოქალაქეობას იღებდნენ, ითვლებოდა, რომ ისინი საბჭოთა კავშირის მოქალაქეები იყვნენ. აღიარების შემდეგ ეს შეწყდა. რუსეთის მოქალაქეობის მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისი მშობლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან.
– აფხაზური პასპორტებით შეგიძლიათ რუსეთსა და იმ ქვეყნებში შესვლა, რომლებმაც გაღიარეს?
– აფხაზური პასპორტებით, რომლებიც თავის დროზე თურქეთში დაიბეჭდა, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ შეხვალ, იმიტომ რომ დაცვის ხარისხი დიდი არ აქვს. რუსეთი ტექნიკურად ამ პასპორტს არ აღიარებს თავის საზღვარზე. აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთა აფხაზური პასპორტით შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ რუსული და საბჭოთა პასპორტებით, მაგრამ აფხაზური პასპორტით შეიძლება, მოეწყო ნებისმიერ სასტუმროში რუსეთში, იყიდო ბილეთი ვაგზალზე და ასე შემდეგ.
– მაგრამ ამისთვის ჯერ რუსეთში უნდა შეგიშვან.
– დიახ, თუმცა აფხაზური პასპორტებით უშვებენ ნიკარაგუასა და ვენესუელაში.
– არ მგონია, რომ ნიკარაგუასა და ვენესუელაში წამსვლელი ბევრი იყოს აფხაზეთში?
– იყო რამდენიმე შემთხვევა და აფხაზური პასპორტები იქ მიიღეს. ამ წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება ახალი უცხოური აფხაზური პასპორტი. მათ რუსეთი უკვე აღიარებს და შესაძლებელი გახდება რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზური პასპორტებით შესვლა.
– გადავიდა უკვე აფხაზეთის რკინიგზა რუსეთის მფლობელობაში?
– ჯერჯერობით არა, ეს საკითხი რიტორიკის დონეზეა.
– მთავრობას უნდა, საზოგადოებას – არა?
– ბაღაფშმა თქვა, რომ რკინიგზა რუსეთს ათი წლით გადაეცემა და მის სარეაბილიტაციოდ პუტინს რუსეთის რკინიგზისთვის 2 მილიარდი რუბლის კრედიტი სთხოვა. ჩვენი აზრით, რუსეთის რკინიგზის უფროსი თვითონ მოახერხებდა პუტინისგან კრედიტის აღებას. ეჭვია, რომ ბაღაფში ამ 2 მილიარდის გარანტად თვითონ გამოდის. საზოგადოებას უჩნდება კითხვა: რას მივიღებთ ამ რკინიგზისგან? ბაღაფში ამბობდა ერთადერთ რამეს: აღდგება რკინიგზაო. მაგრამ, თუ მოგება არ გვექნება, რაში გვჭირდება აღდგენილი რკინიგზა?!
– რუსეთს სჭირდება.
– მაგრამ საქმე ჯერჯერობით ბოლომდე არ მისულა. იმ შემთხვევაში, თუ ამ წლის ბოლომდე არ მოეწერება ხელი ამ შეთანხმებას, არ მგონია, ამ საკითხმა მომავალშიც დააინტერესოს რუსეთი, იმიტომ რომ მომავალი წლისთვის სოჭში ის სამუშაოები დასრულებული იქნება, რომლებსაც რკინიგზა სჭირდებოდა. მეორე მხრივ, კიდევ შეიძლებოდა რაღაც გეგმების დასახვა, გამჭოლი გზა რომ იყოს მთელ სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ რკინიგზა მიდის საზღვრამდე და შემდეგ ჩიხია.
– ანუ საქართველო ჩიხია?
– დიახ, ჩიხია, ამიტომ რკინიგზა არ გვჭირდება.
– იმედია, პოლიტიკოსები რაიმეს ოდესმე გაახერხებენ, მადლობა ღმერთს, ჩვენ არ გვიჭირს ერთმანეთთან ურთიერთობა. ინალ, როდის დადგება დრო, როდესაც თქვენ დამპატიჟებთ სოხუმში თუ აღიარებას უნდა დაველოდო?
– არ ვიცი… ისინი, ვისაც ნათესავები ჰყავთ, ჩამოდიან...
– მე არ მყავს ნათესავები.