კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეადგენდნენ ქართველები მამლუქთა ელიტის 90 პროცენტს და როგორ აიძულა რუსეთმა ოსმალეთი იანიჩარის ჯარი, ძირითადად, ქართველი ტყვეებისგან შეექმნა


რუსეთის ფედერაცია ძალიან გვამადლის, რომ ბევრი სისხლი დაღვარეს საქართველოს გაერთიანებისთვის და ამ ტერიტორიის ოსმალეთისა და ირანის იმპერიებისთვის გამოსაგლეჯად. ზოგი მათგანი უფრო შორსაც მიდის და რუსეთის კავკასიურ ომში ჩათრევას საქართველოსვე აბრალებს. ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ის, რაც დავკარგეთ უმადურობის გადასახადია. მეორე მხრივ, რეალობა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. რუსულ პოლიტიკურ-ისტორიულ ბრალდებებს ისტორიკოსი ვახტანგ გურული უპასუხებს.


– უნდა მივიღოთ ბრალდება, რომ საქართველო მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული სწორედ რუსი ჯარისკაცების სისხლითაა შენარჩუნებული?

– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაცია და საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის თანასწორუფლებიანი სუბიექტები გახდნენ. ამან ძალიან გააღიზიანა რუსეთი, რადგან საქართველოს განიხილავს, როგორც საკუთარ კოლონიას და ეს ვერ მოუნელებია. რუსი ისტორიკოსები და პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველო უმადურობას იჩენს რუსეთის მიმართ; რომ რუსეთმა ქართველი ერი იხსნა ფიზიკური განადგურებისგან, გააძლიერა, გამოაცოცხლა, აღაშენა, მაგრამ საქართველო ორგზის გავიდა: პირველად, 1918 წელს რუსეთის იმპერიის, 1990-1991 წლებში კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. რუსების გაღიზიანებას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სარჩული აქვს, მაგრამ არანაირი ისტორიული საფუძველი არ გააჩნია. განვიხილოთ ეს ისტორიული საფუძვლები. რუსეთმა ქართულ სახელმწიფოებრიობას მეცხრამეტე საუკუნის დამდეგამდე, როდესაც უბრალოდ მოსპო ქართული სახელმწიფო, ბევრი უბედურება მოუტანა. უბედურებათა ნაწილი რუსეთმა მოგვიტანა არა იმიტომ, რომ უშუალოდ ჩვენი გაუბედურებით იყო დაინტერესებული, არამედ რუსეთის პოლიტიკამ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ბუნებრივად გამოიწვია ისეთი პროცესები, რომლებმაც ხელი შეუწყო საქართველოში სახელმწიფოებრიობის დაკნინებას.

– როდის გამოჩნდა პირველად რუსეთი კავკასიაში? თუ არ ვცდები, პეტრე პირველის დროს?

– უკვე პეტრე პირველის ეპოქიდან რუსეთი სამხრეთში აქტიურდება ორი მიმართულებით. ერთი მიმართულება იყო ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი, სადაც მაშინ ყირიმის სახანო, ოსმალეთის ვასალი, მდებარეობდა და რუსეთს უნდოდა, დაეკავებინა ტერიტორია მდინარე დუნაის შესართავიდან მდინარე ყუბანის შესართავამდე. მეორე მიმართულება იყო ჩრდილო კავკასია. რუსეთი მიზნად ისახავდა, დაეკავებინა ჩრდილო კავკასიის ბარი და შემდეგ შეეღწია ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში. ანუ დაეპყრო სივრცე კასპიის ზღვის სანაპიროდან შავი ზღვის სანაპირომდე. თითქოს რუსეთის, როგორც ქრისტიანული ქვეყნის, წინსვლა ჩვენთვის მომგებიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მეთვრამეტე საუკუნის 20-30-იან წლებში რუსეთის მცდელობამ, კასპიის ზღვის სანაპიროდან შემოჭრილიყო კავკასიაში, გააცოფა ირანი და ოსმალეთი, რადგან მათ გამოუჩნდათ კონკურენტი. თანაც ორივემ კარგად იცოდა, რომ ქართველები დადგებოდნენ ქრისტიანული რუსეთის მხარეზე. ამიტომ ირანმა და ოსმალეთმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრეს თავიანთი პოლიტიკა: უნდა მოისპოს ქართული სახელმწიფოებრიობა მანამ, სანამ რუსეთი აქ რეალურ ძალად მოვა. რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია პეტრე პირველის ეპოქაში: შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში, გააბოროტა ირანი და ოსმალეთი და შემდეგ აქედან გავიდა. სწორედ ამ ფონზე, 1737 წელს ირანის შაჰის კარზე მოდის ნადირ-შაჰი. და რა იყო მისი ერთ-ერთი პირველი ღონისძიება? ბრძანა, ფერეიდანში მცხოვრები ქრისტიანი ქართველები ან გაამაჰმადიანეთ, ან დახოცეთო და დაახოცინა ყველა ქრისტიანი ქართველი, ვინც არ გამაჰმადიანდა. მართალია, თეიმურაზი და ერეკლე მიემხრნენ ნადირ-შაჰს, მაგრამ მან დაიწყო ბრძოლა ჩრდილო კავკასიაში გაბატონებისთვის და ომის მთელი სიმძიმე საქართველოს დააწვა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს: როგორც კი, მეთვრამეტე საუკუნის 20-30-იან წლებში რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გააქტიურდა, ოსმალეთმა მთელ შავიზღვისპირეთში: ქობულეთში, ფოთში, ანაკლიასა და სოხუმში ძლიერი გარნიზონები ჩააყენა; თვით ჩხალთაშიც კი, ისე შეშინდნენ. ერთი სიტყვით, რუსეთმა დაგვტოვა გაღიზიანებული ისლამური სახელმწიფოების პირისპირ და, მეორე მხრივ, ამ ისლამური სახელმწიფოებისთვის ცხადი გახდა, რომ, სანამ რუსეთი შემდეგ ცდას გაიმეორებს, ამ ქრისტიან ქართველებს რაღაც უნდა მოუხერხონ. უფრო ადრე, მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში, რუსეთის გააქტიურება შეიმჩნევა უკრაინაშიც. რუსეთმა დაიპყრო უკრაინა. მართალია, ყირიმის სახანო ვერ დაიკავა, მაგრამ თავის კონტროლს დაუქვემდებარა შავიზღვისპირეთის ზოლი, სადაც ტყვეთა სყიდვის ბაზარი იყო. იანიჩარის ჯარში ოსმალოები არ მსახურობდნენ, ის მხოლოდ ტყვეებისგან, მოტაცებული და შემდეგ გამაჰმადიანებული ადამიანებისგან შედგებოდა. როდესაც შავიზღვისპირეთში ტყვეთა ბაზარი დაიკეტა, ოსმალეთს იანიჩარის ჯარის შესავსებად დარჩა ერთადერთი ადგილი – საქართველო. მაგრამ ქართველების უბედურება მხოლოდ ამით არ ამოწურულა: რუსეთმა ნელ-ნელა წინ წაიწია ჩრდილო კავკასიაში. იქ შექმნა კაზაკთა დასახლებები. ჩეჩნებისა და ინგუშების დიდი ნაწილი, სადაც ახლა ცხოვრობდნენ, იქ კი არ ცხოვრობდნენ, ისინი ბარის მცხოვრებლები იყვნენ და სწორედ რუსებმა შემორეკეს მეთვრამეტე საუკუნის დამდეგიდან მთაში. მთაში იძულებით შერეკილი ლეკები, ჩეჩნები და ინგუშები საძოვრებისა და სათიბების გარეშე დარჩნენ. რა უნდა ექნათ? უნდა ეყაჩაღათ! სად? ქართლ-კახეთსა და იმერეთში. რა თქმა უნდა, იქითაც შეეძლოთ ყაჩაღობა, მაგრამ იქ დიდი რუსეთი იყო თავისი დიდი ჯარით და ვერ შედიოდნენ. ეს განსაკუთრებით კარგადაა აღწერილი ლევ ტოლსტოის „კაზაკებში“.

– ამიტომაც არის ტოლსტოი დიდი და გენიალური, რუსი წერს რუსულ მანკიერებებზე აბსოლუტურად არარუსის თვალით.

– თანაც კაზაკებს უკვე პროფესიად ექცათ მკვლელობა. ერთი სიტყვით, ეს ჩეჩნები, ინგუშები და ლეკები ჩვენ დაგვაწვნენ. ჩვენში ისე კარგად არ არის ცნობილი, მაგრამ ჩრდილოკავკასიელების ჯარმა, ქართლ-კახეთის გარდა, სასტიკად დაარბია რაჭა-იმერეთი. ეს ყველაფერი კი სწორედ რუსეთის მოძღვნილი იყო. მან დაარბია და დაამშია ჩრდილოკავკასიელები, იძულებული გახადა, ჩვენკენ წამოსულიყვნენ. ქართული სახელმწიფოებრიობა მეთვრამეტე საუკუნეში ირანთან და ოსმალეთთან ომებს ისე არ დაუსუსტებია, როგორც ლეკიანობას. ლეკი ხომ 70-80 წლის ადამიანებს არ იტაცებდა? ქვეყანა, ფაქტობრივად, დაიცალა. გენოფონდი განადგურდა და ამასთან ერთად მოიშალა ეკონომიკაც: კაცი ვენახსა და ყანაში ვერ გადიოდა სამუშაოდ, რადგან გატაცების მუდმივი საფრთხე არსებობდა. ცხადია, ამაზე არ წერენ რუსი ისტორიკოსები. მაგალითად, როდესაც ლეკიანობას აღწერენ, ისე წერენ, თითქოს ჩრდილოკავკასიელები ბუნებით ქურდები დაიბადნენ და ამიტომაც არბევდნენ საქართველოს. არადა ჩვენ ჩრდილო კავკასიის ხალხებთან საუკუნეების განმავლობაში მშვენივრად ვაგვარებდით ურთიერთობას და ისინი არ გვესხმოდნენ თავს. მაგრამ რუსეთმა მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა და გადაჩეხა ქართველებთან მუდმივ დაპირისპირებაში. ლეკებმა, ჩეჩნებმა, ინგუშებმა და ჩრდილო კავკასიის სხვა ხალხებმა ეს კარგად იციან და ჩვენც, ქართველებმაც, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთმა აქცია ისინი ყაჩაღებად და გამტაცებლებად.

– მაგალითად, მაქსიმ შევჩენკომ მითხრა, რუსეთი სწორედ საქართველომ ჩაითრია კავკასიურ ომშიო.

– თუ ეს ასეა, მაშინ რუსებმა უნდა უპასუხონ კითხვას: ოსმალეთი და ირანი მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებშიც არსებობდა, იანიჩარის ჯარი მაშინაც ჰყავდათ, რატომ არ იყო მაშინ ტყვეთა სყიდვა საქართველოში და რატომ გაჩნდა მეთვრამეტე საუკუნეში?! ეს ციფრებშიც გამოიხატა: მეთვრამეტე საუკუნის 80-იან წლებში, ძალზე სანდო დოკუმენტებზე დაყრდნობით დასტურდება, რომ მამლუქების ელიტაში 90 პროცენტი ქართველი იყო და ძალიან ცოტა ჩერქეზი, რუსი და აფხაზი.

– როგორც ამბობენ, სწორედ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩერქეზები ქრისტიანები იყვნენ, რადგან ისე მამლუქად მათ არავინ გაჰყიდდა ტყვეთა ბაზარზე.

– რა თქმა უნდა, მუსლიმან ბავშვს როგორ მოიტაცებდნენ?! თუკი ელიტაში 90 პროცენტი ქართველი იყო, ესე იგი, ყველაზე მეტი გატაცებულიც ქართველი იყო, არა?! რადგან, როგორ შეიძლება, ყველაზე მეტი ჩერქეზი ან რუსი გაეტაცებინათ და მამლუქების ელიტაში აბსოლუტური უმრავლესობით ქართველები მოხვედრილიყვნენ?! ამას რუსები, რა თქმა უნდა, არ აღიარებენ. ბარემ ვუპასუხოთ შევჩენკოს კითხვასაც: ჩაითრია თუ არა საქართველომ რუსეთი კავკასიურ ომში? საქართველოს რომ რუსეთის კავკასიურ ომში ჩათრევა შეძლებოდა, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე საუკუნეებში, მაშინ, როდესაც ქართველი მეფეები სთხოვდნენ მოსვლას, მაგრამ რუსეთი არ მოვიდა და არ ჩაება ომში არც ირანის და არც ოსმალეთის წინააღმდეგ. რუსეთი აქტიურ თამაშში ჩაება მას შემდეგ, რაც ქართლ-კახეთი დაიპყრო და აღმოჩნდა, ცოტა არ იყოს, უხერხულ სიტუაციაში: სამხრეთ კავკასია მისია, ჩრდილოეთ კავკასია კი – არა. ჩვენ დაგვიპყრო, შეიქმნა პლაცდარმი და გამოგვიყენა ჩრდილოეთ კავკასიის დასაპყრობად. ეს ხომ სპეციალურად იყო მომზადებული? ჩრდილოეთ კავკასია მაშინ დაიპყრო რუსეთმა, როდესაც ამისთვის მოემზადა და კავკასიური ომები დაიწყო იმის გამო, რომ, თუ ჩრდილოეთ კავკასიაში თვითონ არ შევიდოდა, იქ შევიდოდნენ ირანი და ოსმალეთი. კავკასიისთვის ბრძოლა იყო ირან-რუსეთის, რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირება. ასე რომ, კავკასიის ომები იყო რუსეთის კავკასიური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ პეტრე პირველმა დაიწყო მეთვრამეტე საუკუნის 20-იან წლებში, მაგრამ მაშინ მიზანს ვერ მიაღწია, ისევე, როგორც მოგვიანებით ეკატერინე მეორემ.

– და კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც გვიყენებენ: რუსეთმა სისხლი დაღვარა აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის დასაბრუნებლადო?

– რუსეთმა, მართალია, დაიპყრო ყველა ქართული სამეფო, მაგრამ ამით არ გაჩერდა, იმიტომ რომ რუსეთის აღმოსავლურ პოლიტიკას ძალიან დიდი გეგმა ჰქონდა: უნდა დაენგრია ოსმალეთისა და ირანის იმპერიები. მას სწორედ ამისთვის უნდოდა სამხრეთ კავკასიაში შემოსვლა. მაშინ ოსმალეთში შედიოდა მთელი ახლო აღმოსავლეთი და რუსეთმა დაიწყო მზადება უფრო დიდი ექსპანსიისთვის. რუსეთის შემადგენლობაში ამ დროს არ იყო ის ქართული ტერიტორიები, რომლებიც მიტაცებული ჰქონდათ ოსმალეთსა და ირანს: საინგილო, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა და აფხაზეთი. რუსეთისთვის ამ შემთხვევაში მთავარია, გაიჭრას ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ვერ გაიჭრები, თუ ფეხი არ მოიკიდე აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში. ასე რომ, საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გადასვლა თურქეთიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არ იყო ქართველი ერის ნების აღსრულება. უბრალოდ სამი იმპერია დაუპირისპირდა ერთმანეთს და ყველაფერი გადაწყდა ამ დაპირისპირებაში. ამის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნეში, გაიმართა რამდენიმე ომი რუსეთ-ოსმალეთსა და რუსეთ-ირანს შორის. ამ ომების შედეგად რუსეთს დარჩა ქართული ისტორიული პროვინცია ჭარ-ბელაქანი, საინგილო რომ ეწოდება არასწორად; სამცხე-ჯავახეთი, აჭარა და აფხაზეთი. რუსები გვაყვედრიან, დაიღვარა რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის სისხლიო, მაგრამ, როდესაც ერეკლე მეორე და სოლომონ პირველი თხოვდნენ, დაგვეხმარეთ, რატომ არ დაეხმარნენ?! იმიტომ რომ მათ არ უნდოდათ საქართველოსთვის სისხლის დაღვრა. რუსეთმა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დასაპყრობად სისხლი მას შემდეგ დაღვარა, რაც გაანადგურა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები. ანუ ის სისხლს ღვრიდა იმპერიული ინტერესებისთვის და არა ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისთვის.

– უფრო დეტალურად რაში ჩანს მკაფიოდ იმპერიული ინტერესები?

– 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში გამარჯვების შემდეგ რუსეთმა ქართველი მაჰმადიანები აიძულა, აყრილიყვნენ და გადასახლებულიყვნენ ოსმალეთში. ზავის პირობებში ჩაიწერა: ომის შედეგად დადგენილი საზღვარი რამდენიმე, კერძოდ, 18 თვის განმავლობაში ღია უნდა ყოფილიყო, რათა მსურველს ოსმალეთის ტერიტორიიდან შეძლებოდა გადმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე და პირიქით. არ უნდოდა რუსეთს, რომ მაჰმადიან ქართველს ეცხოვრა სასაზღვრო ზონაში, რადგან ის ოსმალური ორიენტაციის ეგონა, მაგრამ მაჰმადიან ქართველებს წასვლა არ უნდოდათ. ამიტომ რუსებმა ჯერ შემოიღეს ისეთი გადასახადები, რომლებსაც მუსლიმანი შეურაცხყოფად იღებს, მაგრამ ამან არ გაჭრა. შემდეგ დაიწყეს აგიტაცია, ამანაც არ გაჭრა და, ბოლოს, რუსებმა ზარბაზნებით დაანგრიეს მთელი სოფლები და აიძულეს მაჰმადიანი ქართველები, წასულიყვნენ სამცხე-ჯავახეთიდან. რუსეთი არ აღიარებს, მაგრამ არსებობს ციფრები: 70 000-75 000 მაჰმადიანი ქართველია აყრილი და გაძევებული სამცხე-ჯავახეთიდან.

– ოსმალეთიდან ვის შეეძლო გადმოსვლა?

– რუსეთი ამით იმიტომ იყო დაინტერესებული, რომ ყარსიდან, ოსმალეთის ტერიტორიიდან, შემოეყვანა 30 000 სომეხი და დაესახლებინა ჯავახეთში. ამიტომაც ქართველებისგან დაცლილი ჯავახეთი, სადაც 95 პროცენტი ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა, უცბად გაივსო სომხებით და 95 პროცენტი აღმოჩნდა უკვე სომეხი მოსახლეობა. როდესაც ხმა დაირხა, სომხებს ასახლებენო, ქართველი საზოგადოების ელიტა მივიდა კავკასიის მაშინდელ მთავარმართებელთან, გენერალ პასკევიჩთან და სთხოვა, ზემო იმერეთიდან ჩამოესახლებინათ ხალხი ჯავახეთში, მაგრამ უარი მიიღეს. ამდენად, დღეს რომ ქართველი მოსახლეობა აღარ გვყავს ჯავახეთში, ეს რუსების, გენერალ პასკევიჩის, საჩუქარია. მეორე საკითხი: გაათავისუფლეს რუსებმა აჭარა და რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ აჭარიდან დაიწყო მუჰაჯირობა: დაახლოებით, 40 000-45 000 კაცი გავიდა აჭარიდან. 1878 წელს სან-სტეფანოს ზავითა და ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარა ბათუმითურთ ერგო რუსეთს. რუსების ცნობებით, აჭარლები, მუჰაჯირები, თავიანთი ნებით მიდიოდნენ თურქეთში, მაგრამ არსებობს საინტერესო სტატისტიკა: ერთ-ერთი ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელი იყო გენერალი ყაზბეგი, ქართველი, დანარჩენების – რუსები. იმ ოლქიდან, სადაც ყაზბეგი იყო ოლქის მმართველი, მუჰაჯირები არ მიდიოდნენ. იმ ოლქებიდან კი, სადაც რუსები იყვნენ, მუჰაჯირები მიდიოდნენ. მეორე მხრივ, ოსმალეთთან მოგებული ომის შედეგად, რუსეთს დარჩა აფხაზეთი, მაგრამ აფხაზეთში შენარჩუნდა მთავრის ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, 70-80-იან წლებში აფხაზეთიდანაც დაიწყო მუჰაჯირობა. ისევ და ისევ იმიტომ, რომ რუსები აიძულებდნენ წასვლას: მათ არ უნდოდათ მუსლიმანი აფხაზი და ქართველი სასაზღვრო ზონაში. ასე რომ, რუსებს ჩვენ უნდა გავაგებინოთ, რომ ისტორიული ქართული ტერიტორიები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ მიტაცებული ირანსა და ოსმალეთს, რუსეთმა საქართველოს კი არ დაუბრუნა, რადგან საქართველოს სახელმწიფო არ არსებობდა, არამედ რუსეთის იმპერიისთვის დაიპყრო და, თუ დაიღვარა იქ რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის სისხლი, ის დაიღვარა რუსეთის იმპერიისთვის!

– ცნობილია, რომ, ძირითადად, ქართველები იბრძოდნენ რუსეთის ჯარში იმ დროს და ადგილობრივი მოსახლეობაც კი უთანაგრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ მაჰმადიანები იყვნენ?

– რა თქმა უნდა, ყველა ამ ომში უამრავი ქართველის სისხლი დაიღვარა, იმიტომ რომ ქართველს მაინც ჰქონდა სურვილი, მისი ისტორიული ტერიტორიები ქრისტიანი დამპყრობლის ხელში გადასულიყო. უამრავი ქართველი ოფიცერი, მათ შორის, გენერლებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ ომებში. მეტიც, ეს ომები მთლიანად საქართველომ გადაიტანა: ჯარი სურსათით, გამწევი პირუტყვით, სწორედ საქართველოდან მარაგდებოდა. ამას გარდა, რამდენიმე ათასი გლეხი მუშაობდა გამაგრებების მშენებლობებზე და მათი უმეტესობა დაიხოცა, იმდენად ცუდი პირობები იყო. იცით, საიდან ჩანს კიდევ, რომ აქ ქართული ინტერესი საერთოდ არ იყო? ჭარ-ბელაქანი, უძველესი ქართული ტერიტორია, რუსეთმა თბილისის გუბერნიას კი არ შეუერთა, არამედ ცალკე გამოყო ზაქათალის ოკრუგად. რადგან, თბილისის გუბერნიისთვის რომ შეეერთებინა მაზრების სახით, გუბერნიის შიგნით მოსახლეობის მოძრაობა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. მაგრამ ზაქათალის ოკრუგიდან ქართველი რომ თბილისის გუბერნიაში გადმოსულიყო და პირიქით, ამას რუსი ჩინოვნიკის სპეციალური თანხმობა სჭირდებოდა. ანუ რუსი აფერხებდა მუსლიმანი ქართველების მიმოსვლას ქრისტიან ქართველებთან. რაც შეეხება აჭარას: აჭარაც შეიძლებოდა, სამი-ოთხი მაზრის სახით შესულიყო ქუთაისის გუბერნიაში, მაგრამ რუსმა ბათუმის ოლქი შექმნა. რატომ? იმიტომ რომ ბათუმის ოლქიდან ქუთაისის გუბერნიაში გადასვლას რუსი ხელისუფლების თანხმობა უნდოდა, რასაც ის არ მოგცემდა. აქაც არ უნდა ათქვეფილიყვნენ ერთმანეთში ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველები. ანუ ქართველი ერის კონსოლიდაციის პროცესი რუსეთმა შეაფერხა. წაართვა რუსეთმა აფხაზეთი ოსმალეთს, მაგრამ მაზრების სახით ქუთაისის გუბერნიას კი არ შეუერთა, არამედ ცალკე გამოყო სოხუმის ოკრუგი. სოხუმის ოკრუგში ქუთაისის გუბერნიიდან გადასვლაც პრობლემა იყო. მაგრამ აფხაზეთში უარესი შეზღუდვა დააწესეს: თუ ქართველი 1865 წლამდე არ იყო აფხაზეთის მუდმივი მცხოვრები, ვერ გადავიდოდა იქ და ვერც ქონებას შეიძენდა. ამის პარალელურად კი, გამარტივებული იყო სომხის, ლიტველის, ლატვიელის, ესტონელის, ბერძნისა და ოსმალოს ჩასვლა და დასახლება აფხაზეთში. ამიტომაც გაივსო აფხაზეთი არაქართველებით. კათოლიკე მღვდლებიც კი ჩამოიყვანეს ბალტიისპირელებისთვის, რომ ისინი იძულებული არ გამხდარიყვნენ, მისულიყვნენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში და იქ ელოცათ. არსებობს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-მაიორ ფიოდორ გერშელმანის საიდუმლო წერილი კავკასიის მთავარმართებლისადმი, სადაც ის წერს: აფხაზეთის გარუსების საქმე ძალიან კარგად მიდის. მივაღწიეთ დიდ შედეგებს, მაგრამ საბოლოო შედეგებს ვერ მივაღწევთ, თუ აფხაზეთიდან არ გავდევნით ქართველებს, ქართველ მასწავლებლებს, ქართველ სამღვდელოებას და ქართველებს აფხაზებს არ მოვაცილებთო. ასე რომ, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების არც შემოერთებაში და არც მათ მართვაში რუსეთის იმპერიას არანაირი ქართული ინტერესი არ გაუთვალისწინებია. ინტერესები იყო მხოლოდ „ველიკოდერჟავული“. ვითარება არ შეცვლილა 1917 წლამდე, რუსეთის იმპერიის აღსასრულამდე.


скачать dle 11.3