კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაემსგავსნენ ქართველები 170 წლის წინანდელ ევროპელებს და რატომ არ მოქმედებს მათ ფსიქიკაზე არც სიცხე, არც ყინვა და არც ომები


მაღალი სიცხეების გამო ევროპასა და ამერიკაში (ახლა უკვე რუსეთშიც), მეტად რთული ვითარებაა: ადამიანების ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობას მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნება. ცივილიზებული ქვეყნების მოსახლეობა, ასევე, არანაკლებ რთულად ეგუება საქართველოს მოქალაქისთვის ისეთ შინაურულ პრობლემებს, როგორიც უშუქობა, უწყლობა და უგაზობაა, მაშინ, როდესაც ამგვარი დისკომფორტით გამოწვეული სტრესები დასავლელის ფსიქიკაზეც აისახება და ორგანიზმზეც. რატომ რეაგირებენ საქართველოსა და თანამედროვე ქვეყნების მოქალაქეები ერთნაირ პრობლემებზე განსხვავებულად? – თემაზე ფსიქოლოგი მარინა ჩიტიშვილი გვესაუბრება.


– ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებული ჯიშისანი ვართ, რომ ვერც მზე გვერევა, ვერც ყინვა, ვერც სიბნელე, ვერც გაჭირვება და ვერც ომები?

– თუ საკითხს ასე დავაყენებთ, რატომ პასუხობს დასავლეთის მოსახლეობა კლიმატურ პირობებს უცნაური რეაქციით, ჩვენ კი არ გვაქვს ასეთი რეაქციები, პასუხი მარტივია: დაახლოებით 45 წელიწადია, დასავლეთს აქვს სრული კონდიცირების სისტემა, ხოლო ჩვენ კონდიცირების სისტემა დღესაც არ გვაქვს. 45 წელიწადში სამი თაობა ეტევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს გამოცდილებაში არ აქვთ უფრო უარეს პირობებში ცხოვრება, უფრო მეტიც, მათი საყოფაცხოვრებო პირობები ყოველწლიურად უმჯობესდება. ჩვენ კი, რომლებსაც არ გვაქვს კარგ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრების გამოცდილება, სავსებით ბუნებრივია, შევეგუოთ იმას, რაც მათთვის სტრესების გამომწვევია. ანუ ჩვენ შეიძლება, სტრესადაც არ აღვიქვათ ის, რაც მათთვის სტრესულია.

– საბჭოთა დროსაც არ იყო კონდიცირების აწყობილი სისტემა, მაგრამ უკეთესი ყოფითი პირობები გვქონდა, ეს არ ჩაითვლება გამოცდილებად?

– ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ კლიმატური პირობების ცვლილებისას საბჭოთა კავშირის დროსაც იგივე დაუცველობა იყო, როგორც დღეს არის. გავიხსენოთ ტაშკენტის მიწისძვრა, მთელი ქალაქი მიწასთან გასწორდა, საბჭოთა ხელისუფლებამ კი ისიც არ იკადრა, ეთქვა დაღუპულთა რეალური ციფრი, თუმცა ის მიწისძვრა ნამდვილად არ ყოფილა საბჭოთა კავშირის ბრალი. გადმოვიტანოთ ეს მაგალითი ჩვენს თანამედროვეობაში: როდესაც ჩვენთან მოხდა მიწისძვრა, ადამიანები სრულიად დაუცველები დარჩნენ, მათ ჯერაც არ აქვთ სახლები.

– თუმცა მოლდოვაში სტიქიით დაზარალებულებისთვის კოტეჯებს აშენებენ.

– აქედან გამომდინარე, თუკი ამ კუთხით შევადარებთ საბჭოთა კავშირს დღევანდელ ყოფას, დაუცველობა ერთი და იმავე რანგისაა. საბჭოთა კავშირში ადამიანები დაცულები იყვნენ იმ მხრივ, რომ მათ გარანტირებულად ჰქონდათ პენსია, ხელფასთან მიახლოებული და განათლებაში ფულს არ იხდიდნენ. თუ შემომედავებიან კოლეგები და მეტყვიან, რომ კარგი განათლება ფასი ღირდა, მათ ვუპასუხებ: თუ საშუალო სკოლაში სწავლობდით და ეს სკოლა უზრუნველყოფილი იყო, საბჭოთა კავშირში განათლებას დაცულობის მეტი ხარისხი ჰქონდა. იგივე იყო ჯანდაცვის სფეროშიც. თუკი დღეს სტომატოლოგთან პატარა ბავშვსაც ვერ მიიყვანთ ისე, რომ ფული არ გადაიხადოთ, მაშინ სტომატოლოგიური მომსახურება ნამდვილად უფასო იყო. გადავიდეთ სოციალურ-პოლიტიკური წყობის სტაბილურობაზე: ის ადამიანები, რომლებიც დასავლეთ ევროპასა და განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ, დაახლოებით 170 წლის წინათ ზუსტად იმავე მდგომარეობაში იყვნენ, როგორშიც ჩვენ დღეს ვართ. გახსოვთ, ალბათ, ცნობილი სურათი და დღეს ჩვენთან სწორედ ასეთი „გავროშები“ დადიან ქუჩებში. როგორც ისინი ეგუებოდნენ მაშინ იმ პირობებს, ზუსტად ასევე ვეგუებით დღეს ჩვენს პირობებს.

– ანუ ჩვენ 170 წლის წინანდელი ევროპელები ვართ?

– თუ უფრო ადრინდელი არა. აქედან გამომდინარე, არანაირი სპეციფიკური, განსხვავებული გენი არ არსებობს. მთელ მსოფლიოში ადამიანებს ერთი და იგივე გენი გვაქვს, უბრალოდ ლაპარაკია იმის მინიმუმსა და მაქსიმუმზე, რასაც შეიძლება, შევეგუოთ. ჯერჯერობით ჩვენი პირობები ამ საზღვრებშია და ამიტომაც ვეგუებით. ხშირად მომყავს ასეთი მაგალითი: რატომ გაქრნენ დინოზავრები? იმიტომ რომ დაიწყო გამყინვარება, ანუ შეიქმნა ისეთი კლიმატური პირობები, რომლებსაც ეს ცხოველები ვერ ეგუებოდნენ. ისინი უბრალოდ გაწყდნენ, რადგან ბიოლოგიური სივრცე არ არსებობდა. ანუ თბილისში მაღალი ტემპერატურა კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ საშინელი ეკოლოგიური მდგომარეობაა. ჰაერი დაბინძურებულია, ამიტომ ამ სიცხის გადატანა უფრო და უფრო რთული ხდება. თუ დაბინძურების კონცენტრაცია გაიზრდება, პირობას გაძლევთ, სიტუაცია უფრო დამძიმდება და ნიღბებით მოგვიწევს სიარული. რაც შეეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პრობლემებს: ისინი ჩვენზე არ მოქმედებს იმიტომ, რომ უკეთესი არ გვინახავს. უფრო მეტიც, ჩვენ გვყავს ხალხი, რომელსაც იმისიც კი არ სჯერა, რომ კეთილდღეობა სადმე შეიძლება, არსებობდეს.

– რატომ? კინოფილმებსაც არ უყურებენ?

– საპნის ოპერებისადმი მიჯაჭვულობის ერთ-ერთი მიზეზიც ის არის, რომ არსებობს ნოსტალგია იმ მდგომარეობისა, როდესაც ადამიანებს მხოლოდ ადამიანური პრობლემები აწუხებთ და არ იკლავენ თავს იმაზე ფიქრით, ეყოფათ თუ არა ფული ბაზარში წასასვლელად და დაფარავენ თუ არა კომუნალურ გადასახადებს. ანუ ფილმებშიც არ გვაძლევენ იმის რეალურ სურათს, თუ რა პრინციპით იგება დასავლეთში ცხოვრება. დასავლეთის რეალური სურათი კი ასეთია: ყველაზე უფრო ხანგრძლივი შვებულება შეიძლება, იყოს 24-დღიანი, ხოლო დანარჩენი ყველა დღე დატვირთულია სამსახურით. ამერიკელებს აქვთ 18-დღიანი შვებულება და სრულად არიან დამოკიდებული დამქირავებელზე, თუ როდის მისცემს ის მათ იმ 18 დღეს. სამუშაო დღე იწყება დილის 8 საათიდან და გრძელდება საღამოს 6 საათამდე. ამიტომ, კვირის განმავლობაში, პარასკევი საღამო და შაბათია ის პერიოდი, რაც უმეტესობას დასვენებად მიაჩნია, თორემ კვირას 6 საათის შემდეგ თქვენ ნაკლებად ნახავთ ადამიანებს ქუჩებში, რადგან ისინი მომავალი სამუშაო კვირისთვის ემზადებიან. ანუ დასავლეთში ადამიანები გაუთავებლად და ქანცგაწყვეტით შრომობენ, რის შედეგადაც მათ აქვთ კარგი ქვეყნები: ისინი მუშაობენ, იხდიან გადასახადებს და ზუსტად იციან, რაში იხარჯება ეს გადასახადები. ჩვენ ვმუშაობთ, მეტად თუ ნაკლებად, ვიხდით გადასახადებს, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, რაში იხარჯება ეს გადასახადები. აქედან გამომდინარე, დამოკიდებულება ასეთია: მთავარია, როგორმე გადავრჩე ამ სიტუაციაში. როგორც ფსიქოლოგს, არ მიკვირს, რატომ არ ვართ სამოქალაქო საზოგადოება, რადგან ჩვენ ისეთი პრობლემების მოგვარება გვიწევს, რომლებიც ბიოლოგიური არსების გადარჩენისთვისაა აუცილებელი.

– ანუ მოქმედებს ნახევრად მშიერი მონების პრინციპი?

– ეს პრინციპი შეიძლება, შუა საუკუნეებში მუშაობდა, მაგრამ მთელი ტექნიკური პროგრესი იმაზე მეტყველებს, რომ ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებსაც დაკმაყოფილებული აქვთ პირველადი მატერიალური მოთხოვნილებები, ცხოვრობენ სოციალურად უსაფრთხო გარემოში და ეწევიან შემოქმედებით საქმიანობას. ქვეყანა, რომელსაც ნახევრად მშიერი ადამიანები აშენებენ, არის ჩვენი ქვეყანა. შევადაროთ სვეტიცხოველი და მისი შემოგარენი. ჯერ ერთი, სვეტიცხოვლის აგების პერიოდიდან არც ერთი სახლი არ არის შემორჩენილი, მაშინ, როდესაც ევროპულ ქვეყნებში დგას არა მხოლოდ ტაძარი, არამედ იმ პერიოდის სახლებიც, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებს.

– ჩვენთან მეფეების სასახლეებიც არ შემორჩენილა. ხშირად მიფიქრია ამაზე: როგორც ჩანს, მათი ყოფა დიდად არ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ქართველის ყოფისგან, რადგან ჩვეულებრივი სახლებიც დაინგრა და სასახლეებიც.

– ისინი დაინგრა, დაიწვა, იმიტომ რომ არ იყო მყარი და დარჩა ტაძარი, რომელიც იყო მონუმენტი იმისა, რომ აქ არსებობდა მონარქია. ეს დამახასიათებელია კლასიკური ფეოდალიზმისთვის, თან ღარიბი ქვეყნისთვის, როდესაც რჩება მონუმენტური კულტურული ძეგლები და არ რჩება ყოფითი კულტურის ძეგლები. საქართველო, ყოფითი თვალსაზრისით, არის არა სვეტიცხოველი, არამედ თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი. თუ იქ შებრძანდებით, ნახავთ, მართლაც, ვირტუოზულად ლამაზ ნამუშევრებს, მაგრამ ეს ინდივიდუალურია და არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. ანუ ჯერჯერობით ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ვცდილობთ, დავიკმაყოფილოთ რამდენიმე ბაზისური მოთხოვნილება: თვითგადარჩენის, დაცულობის, უსაფრთხოების, კვების, გამრავლების.

– იმ ობიექტური სირთულეების გათვალისწინებით, რაც ჩვენმა საზოგადეობამ გადაიტანა: ორი ომი, ერთიც სამოქალაქო, გადატრიალება, რევოლუცია, როგორ აჩვენა თავი? მინიმალური დანაკარგებით გამოვედით თუ მაქსიმალურად დავზარალდით?

– ჩემთვის ძნელია ამის ხელაღებით თქმა, მაგრამ საზოგადოების ფსიქიკური მდგომარეობის მდგრადობის ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელია თვითმკვლელობის რაოდენობის დინამიკა. საბჭოთა კავშირში თვითმკვლელობების მაჩვენებლით ბოლო ადგილზე ვიყავით. ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვქონდა. ახლა ზემოთ გადავინაცვლეთ, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამ თვალსაზრისით, მეტ-ნაკლები მდგრადობა ინდივიდუალურ დონეზე საზოგადოებას ჰქონდა. მაგრამ საზოგადოებამ ძალიან სერიოზული დანაკლისი განიცადა იმ მხრივ, რომ ერთ ადგილას გაიყინა, წინ ვეღარ მიდის და პროგრესისთვის სივრცე სულ უფრო და უფრო მცირე რჩება. იქ, სადაც არ არსებობს სოციალური დაცვის სისტემები, საზოგადოებები უკან მიდიან, ვეღარ ქმნიან ახალსა და ორიგინალურს. ამის ძალიან კარგი მაჩვენებელია, მაგალითად, ისიც, რომ საქართველოდან დიდია ტვინების გადინება. ჩვენთან არ ფინანსდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება შესუსტებულია.

– კომპიუტერი ყველა მოსწავლეს პირველი კლასიდან. ეს იქნება პირველი ნაბიჯი?

– ეს ვერ იქნება პირველი ნაბიჯი, იმიტომ რომ მომხმარებლის დონეზე კომპიუტერის ცოდნა არაფერს ცვლის, უბრალოდ პირველკლასელს ეცოდინება, რომ არსებობს ასეთი ტექნიკა. პირველკლასელი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც ამ დარგის განვითარებას ემსახურება. პირველი ნაბიჯი იქნებოდა, თუ დაფინანსება წავიდოდა იმაზე, რომ ადამიანებს ემუშავათ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე, რაც ახალი ზელანდიის მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტს შეადგენს. ისინი ამას აკეთებენ და ჰყიდიან და მათგან ყიდულობს მთელი მსოფლიო. აი, ეს იქნებოდა რეალური მხარდაჭერა. ვიმეორებ, არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს კომპიუტერი, ნამდვილად არ ვეკუთვნი იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ, თუ ბავშვს ექნება კომპიუტერი, არ ეცოდინება წერა-კითხვა, მაგრამ, როდესაც საგანმანათლებლო მოთხოვნებში გიწერია, რომ ბავშვმა უნდა მოიძიოს ინფორმაცია, ესე იგი, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტექნიკური საშუალებით, რომ მოიძიოს ეს ინფორმაცია. შეუძლია ბავშვს მოიძიოს ინფორმაცია? ინტერნეტი თავისუფალია მთელი საქართველოს მასშტაბით?! არ ჯობდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჯერ ეს სისტემა აგვეწყო, ამაზე დახარჯულიყო ფული და შემდეგ მიგვეცა ყველა ბავშვისთვის კომპიუტერი?! მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომელიც ვერ ხედავს, რაც კეთდება. მაგალითად, თუ 70-იან წლებში რძის პროდუქტების შეძენა გინდოდა, დილის ექვს საათზე უნდა ჩაქანებულიყავი გასტრონომში, იმიტომ რომ თავდებოდა. დღეს, სადაც გნებავთ, იქ შეგიძლიათ, შებრძანდეთ დღის ნებისმიერ დროს და აარჩიოთ რძის პროდუქტები. ეს ნამდვილად ძალიან კარგია, მაგრამ, თუ ამაზე გაჩერდები, მაშინ ჩემი კონტრარგუმენტი ასეთი იქნება: რატომ არ არის რძის პროდუქტებზე მითითებული დამზადების დრო? დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში, პროდუქტი, რომელიც იმ დღეს არ გაიყიდება, იხსნება დახლიდან და მიდის მეორად გადამუშავებაში. ამიტომ, მოდი, ნუ ვიმსჯელებთ იმაზე, რა იყო წარსულში, რადგან წარსულზე უკეთ ნამდვილად ვცხოვრობთ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს შეუძლებელი იყო, ამდენ მანქანას ევლო, იმიტომ რომ აკრძალული იყო მანქანების შეძენა და ხალხი წლობით იდგა რიგში. დღეს, მადლობა ღმერთს, იყიდე, რამდენი მანქანაც გინდა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ აშენდა ქვეყანა?!

– ავტომანქანების აბსოლუტური უმეტესობა მეორადი და ძველია?

– ესეც რომ არ იყოს, თუკი ამ ავტომანქანებს შევამოწმებთ, აღმოჩნდება, რომ ისინი ტექნიკურად გაუმართავია და არ შეიძლება, რომ მოძრაობდნენ. ანუ, თუ იქნება სერიოზული ტექნიკური კონტროლი, თბილისის ქუჩებში ძალიან ცოტა მანქანა ივლის, ხოლო, რაც ივლის, იქნება ძალიან მაღალი კლასის. ანუ როდესაც რაღაცას ვედრებით, ჯერ ის გავარკვიოთ, რა სიბრტყეზე ვედრებით.

– ხშირად მახსენდება გოგია უიშვილის მწერლის მიერ ღარიბულად წოდებული სუფრა, სადაც მხოლოდ ერთი მოხარშული დედალი იყო და ხაჭაპური.

– გოგია უიშვილის გაღატაკებული სუფრა დღეს საქართველოს მოსახლეობის 80-პროცენტს ძალიან ენატრება და აი, ეს არის პრობლემა. ორიოდე კვირის წინათ „პოსტსკრიპტუმში“ აჩვენეს ორი ქორწილი: ერთი – ელიტური, მეორე – ბოშების. ახლახან ვიყავი ჩვეულებრივ ქართულ ქორწილში და მათი ყოფითი ცხოვრების პირობები დიდად არ განსხვავდება ბოშებისგან. ეს ქორწილი იყო გორთან, ერთ-ერთ სოფელში, სადაც 500 მეტრში უკვე გადის საზღვარი. ასე რომ, თუ ვიღაც თეთრ სამოსში გამოწყობილი თეთრ ბუშტებს უშვებს შავ ზღვაზე, ეს არ ნიშნავს, რომ კარგად ვცხოვრობთ.

– თუ 170 წლის წინანდელ ევროპელებს ვგავართ, იმ ტემპებით, რითაც ვვითარდებით, 170 წელი დაგვჭირდება, მათ დღევანდელ დონეს რომ მივაღწიოთ?

– ახლა დრო მათთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან ჩქარა გადის. კარგად დაგეგმილი სტრატეგიის წყალობით, ნორმალურ ქვეყნად გახდომისთვის 25-წლიანი პერსპექტივა გვაქვს.

– რის ხარჯზე? ინტელექტის? მეტი ჩვენ თითქმის არაფერი გვაქვს?

– ინტელექტის, რა თქმა უნდა და გეოპოლიტიკისაც. ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ, რომ ცუდი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს, მაგრამ არ მგონია, რომ ის მართლაც ასე ცუდი იყოს. შესაძლოა, გვაკლია უნარი, რომ ეს ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ჩვენი ძირითადი პრობლემებია: ჯერ ერთი, სხვას არ ვუყუროთ ხელებში; მეორე, გავთავისუფლდეთ სანათესაოს გავლენისგან და კრიტერიუმად ავირჩიოთ პროფესიონალიზმი; განვავითაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები და, რაც მთავარია, მაქსიმალური ინვესტიცია ჩავდოთ განათლებაში. ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას 25 წელიწადში აქცევს სავსებით თანამედროვე ქვეყნად, რომელსაც ეყოლება დიდი მეზობლები და იმ დიდი მეზობლებისთვის ეს იქნება საინტერესო ქვეყანა როგორც სათანამშრომლოდ, ისე ყბადაღებული ინვესტიციებისთვის. არ შეიძლება, მხოლოდ იმაზე ვიყოთ დამოკიდებული, გაივლის თუ არა აქ მილი. არათუ მილის მქონე, ნავთობის მომწოდებელი ქვეყნებიც კი არ აშენებულან მხოლოდ ნავთობით. ირანს თავზე საყრელად აქვს ნავთობი, მაგრამ ხედავთ, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი, თუმცა, მაგალითად, ყაზახეთში, ლამის კომუნიზმი ააშენეს. ამიერკავკასიაში ჩვენ ნაკლებრესურსიანი ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენზე ნაკლები რესურსების მქონე ქვეყნებიც არსებობენ, რომლებიც შესანიშნავად ცხოვრობენ. ამიტომ უნდა დაჯდე, დაფიქრდე, კარგად გათვალო და გააკეთო. ფული უნდა ჩადო იმაში, რასაც ვერავინ ვერასდროს წაგართმევს: ეს არის განათლება, ბევრი განათლებული ადამიანი.

– ბოლოს მაინც გურამიშვილთან მივედით: „მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი“?

– დიახ, „სხვას ყველას მახე უგია“. 25 წელი არ არის დიდი ვადა, თუ ბავშვს, რომელიც დღეს იბადება, 25 წლის შემდეგ ნორმალური ქვეყანა დახვდება, ის პროგრესს 30-ჯერ მაინც დააჩქარებს. მე ძალიან მწყდება გული, რომ ამას ვერ მოვესწრები, მაგრამ ქვეყანა არ შენდება ერთ დღეში, მით უმეტეს, თუკი ცხოვრობ იქ, სადაც არათუ სხვის, საკუთარ შეცდომებზეც კი ვერაფერს სწავლობენ.


скачать dle 11.3