მწვანე კუთხე
კითხვა: ზამთარში ჩემს ბინაში არ არის მაღალი ტემპერატურა. ეს ხომ არ იმოქმედებს ჩინურ ვარდზე?
პასუხი: ჩინურ ვარდს უყვარს ნორმალური ტემპერატურა, დაახლოებით, 18-25 გრადუსი, ზამთარში კი – 25-27 გრადუსი. ეცადეთ, ამ მცენარეს ხელი შეუწყოთ და დასაშვებ ზღვარზე ნაკლებ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ. გახსოვდეთ, 18 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე მცენარე დაიღუპება.
კითხვა: რომელი მცენარეების გახარებას მირჩევთ ახლა, რომ მალე იყვავილოს?
პასუხი: ამ პერიოდში მცენარეების თითქმის 80 პროცენტი ყვავის. ესენია: პეტუნია, ცინია, გეორგინა, ვარდი. ეცადეთ, მცენარე ოთახის პირობებში ადრე დათესოთ. მაგალითად, იანვარში. ტემპერატურა უნდა იყოს 28 გრადუსი და აპრილში კი უნდა გადარგოთ. მაისის ბოლოდან მცენარე ყვავილობას დაიწყებს.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ოთახის პირობებში კალის ყვავილობა?
პასუხი: კალის სამშობლო ჭაობიანი და ნესტიანია. ამიტომ, მცენარე უნდა დარგოთ ეზოში და უკეთესად იყვავილებს. თუმცა, თუ კალას შეუწყობთ ხელს და ისეთ პირობებში ამყოფებთ, რომ ბოლქვოვანი სისტემა წყალში ან ნოტიო მიწაში ჰქონდეს, ზაფხულის პირობებში მცენარე კარგად აყვავილდება. ეცადეთ, ქოთნის კალის სახეობები შეიძინოთ.
კითხვა: რა მავნებლები შეიძლება დაესიოს ამ ზაფხულს მცენარეებს და როგორ დავიცვათ ისინი?
პასუხი: მავნებლების მთელი არმია მძვინვარებს ზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე. ესენია: ტკიპა, ფარიანა, ბუგრი და კიდევ მრავალი სხვა. ეცადეთ, ამ დროს ქიმიური საშუალებები შეიძინოთ, თუმცა პროფესიონალის მითითების გარეშე არ იყიდოთ. ზუსტად უნდა იცოდეთ, რომელი წამალი რომელი მცენარისთვის და მავნებლისთვისაა განკუთვნილი.
კითხვა: ზაფხულში დიდი ხნით გავდივართ ქალაქიდან. რომელ მცენარეს მირჩევთ გასახარებლად, ხშირად მორწყვა რომ არ დასჭირდება?
პასუხი: ზაფხულის ცხელ პერიოდში დიდი სიცხეების გადამტანი მცენარე მხოლოდ კაქტუსია. მასთან გათანაბრებულ სახეობასაც არ სჭირდება მუდმივად წყალი, მაგრამ ეცადეთ, მცენარე მაინც ახლობელს დაუტოვოთ, თუ დიდი ხნით მიემგზავრებით. ზაფხულში მუდმივი მოურწყველობა ყველა მცენარეს დაღუპავს.