როგორ გამოწვა ქვათახევის მონასტერში გამოკეტილი ბერები თემურ ლენგმა და რატომ ვერ დააჩოქა მან ქართველები და მათი მეფე
გიორგი მეშვიდე არის საქართველოს ერთ-ერთი გმირი მეფე, რომელზეც ძალიან ცოტა რამ ვიცით. გმირი იმიტომ, რომ გიორგი მეშვიდეს მოუწია მსოფლიოში ყველაზე საშინელ დამპყრობელთან – თემურ ლენგთან ბრძოლა. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე ამ მეფისა და მისი მთავარი მოწინააღმდეგის შერკინებებსა და შედეგებზე გვესაუბრება ინტერვიუში.
ვაჟა კიკნაძე: საქართველოში თემურ ლენგის შემოჭრა გარდატეხის მომენტი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს იყო ბეწვის ხიდი, რომელზეც, არავინ იცოდა გადაივლიდა თუ არა საქართველო. უნდა ითქვას, რომ გიორგი მეშვიდემ მაინც გადაარჩინა ქართველი ერი. ბოლომდე არც მეფე გატყდა და არც საქართველო, მიუხედავად არნახული მსხვერპლისა და იმისა, რომ თემურ ლენგმა გამოიყენა ეკონომიკური ბრძოლის ისეთი ფორმები, რომელიც მანამდე საქართველოს არც კი გაეგონა.
– რომელ ხერხებს გულისხმობთ?
– თემურ ლენგი წვავდა ყანებს, კაკლის ხეებს, კანს აცლიდა თუთის ხეებს და ჭრიდა, ასევე, მასობრივად კაფავდა ვენახებს. აზიელ მბრძანებელს უნდოდა საქართველოს მოსპობა, მისგან ცარიელი ადგილის დატოვება. ამ ყველაფერთან ერთად, თემურ ლენგი იყო საოცარი მტარვალი – მას სიამოვნებდა, როდესაც მოკლული ადამიანების თავებით ან ცოცხალი ადამიანებით პირამიდებს აგებდა. ამისთანა მტარვალს საქართველომ მაინც გაუძლო და გიორგი მეშვიდემ ისეთი წინააღმდეგობა გაუწია, ბოლოს თვითონ თემურ ლენგის მეხოტბეებისგან ვიგებთ, რომ თვით ლენგი ელოდა, ქართველებისგან ზავის შეთავაზებას. უნდა ითქვას, რომ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გიორგი მეშვიდე ძალიან ძლიერი მონარქი იყო.
– როდის გამოჩნდა პირველად საქართველოში თემურ ლენგი?
– თემურ ლენგი საქართველოში პირველად 1386 წელს გამოჩნდა და, როგორც ფიქრობენ, ეს იყო ოქროს ურდოს ყაენის – თოხთამიშის წინააღმდეგ გამოლაშქრება, რადგან ოქროს ურდოს ყაენი კავკასიაში შემოჭრას და თემურ ლენგისთვის კავკასიის გზების გადაკეტვას აპირებდა. მართლაც, რამდენიმე წლის შემდეგ, თემურ ლენგმა ჩრდილოეთ კავკასიაში ილაშქრა და თოხთამიში სასტიკად დაამარცხა. ამგვარად, შეიძლება ითქვას, გარდა იმისა, რომ ლენგს მიზნად ჰქონდა, საქართველო გაენადგურებინა, მისი შემოსევის მიზანი იყო აგრეთვე იმ გზების ხელში ჩაგდება, რომლებიც საქართველოზე გადიოდა.
– თვითონ თემურ ლენგის შესახებ რა ვიცით?
– თემურ ლენგი გახლდათ გათურქებული მონღოლი. იმ დროისთვის, როდესაც ის საქართველოში შემოიჭრა, მისი ტომი – ბარლასთა მონღოლური ტომი, უკვე თურქულ ყაიდაზე იყო გადასული და თურქულენოვანი გახლდათ. ის 1336 წელს დაიბადა შუა აზიაში, მავერანაჰრის ტერიტორიაზე; მან შექმნა ძალიან ორგანიზებული ჯარი და ბევრი ბრძოლაც აწარმოა. ერთ-ერთ ბრძოლაში, სისტანის მახლობლად, გაქცევისას ფეხში დაიჭრა და დაკოჭლდა. ამის შემდეგ უწოდეს მას „ლენგი“, ანუ კოჭლი. მომავალში ლენგმა, ფაქტობრივად, ჩინეთის გარდა, მთელი აზია დაიპყრო, მათ შორის ოსმალეთიც. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპას თემურ ლენგზე მეტად ოსმალების ეშინოდა. 1402 წელს ლენგმა ანგორასთან, ანუ ანკარასთან სასტიკად დაამარცხა ოსმალთა სულთანი ბაიაზეთი, გალიაში ჩასვა, ასე დაატარებდა და თან დასცინოდა: შენ ცალთვალა აღმოჩნდი, მე – კოჭლი და კარგად შევეწყობით ერთმანეთსო. წარმოიდგინეთ, რას უზამდა ეს გათურქებული მონღოლი ქართველ მეფეს, ხელში რომ ჩავარდნოდა. საბედნიეროდ, მისი დიდი სურვილისა და ძალისხმევის მიუხედავად, თემურ ლენგმა ეს ვერ მოახერხა. უცხოური წყაროების ცნობით, გიორგი პირველად მაშინ გამოჩნდა ასპარეზზე, როდესაც თემურ ლენგმა თბილისი აიღო. ამ ბრძოლაში ლენგის ჯარმა ახალი რკინის ფარები გამოიყენა. ქართველები მათ მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ, ისრებსა და ქვებს უშენდნენ. მიუხედავად ამისა, თემურ ლენგმა მაინც მოახერხა თბილისის აღება და მეფე ბაგრატი, დედოფალი ანა და მათი ერთ-ერთი ძე – დავითი, დაატყვევა.
– რა ბედი ეწიათ ქართველ ტყვეებს?
– როგორც უცხოური წყარო იუწყება, ბაგრატს ეშმაკობა უხმარია და თემურისთვის უთქვამს, რადგან ასე გინდა, მუსლიმანობა გავრცელდეს საქართველოში, მე დაგეხმარები ამაში, თუ ჯარს გამატანო. მართლაც, თემურ ლენგს მისთვის 12 ათასი მეომარი გამოუტანებია. მაგრამ ქართველმა მეფემ გზიდან შემოუთვალა შვილს, გიორგის, დამხვდი სათანადო ადგილას და მუსრი გავავლოთ მტრის ჯარსო. მართლაც ასე მოხდა.
ლენგის შემდეგი შემოსევა, 1387 წელს განხორციელდა საქართველოს სამხრეთ რაიონებში. მან აიღო ბაიაზეთის, ვანის ციხეები და მიადგა ალინჯის ციხეს. ამ ციხეზე ყურადღებას გავამახვილებ, ვინაიდან 11 წელი იბრძოდა თემურ ლენგი ალინჯის ციხის ასაღებად. ციხის დამცველებმა საოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს. თემურ ლენგმა მოარბია აგრეთვე სამცხე და საქართველოს სამხრეთი რაიონები. 1393-დან 1394 წლამდე მას არ ეცალა, ვინაიდან თოხთამიშს ებრძოდა. 1394 წელს კი, გულმოსულმა, რომ ვერ აიღო ალინჯის ციხე, ასეთი რამ გააკეთა: მან გაგზავნა თავისი შვილი, მირან-შაჰი, რომელსაც კავკასიის სივრცე უბოძა სამართავად, თუმცა ეს უკანასკნელი მამის გარეშე ვერაფერს აკეთებდა. მირან-შაჰმა და მისმა სარდალმა, სანჯარ სეიფ ად-დინმა, ძალიან მაღალი გალავანი შემოავლეს ალინჯის ციხეს და არც შიგნით უშვებდნენ ვინმეს, არც გარეთ. ამის საპირისპიროდ, მეფე გიორგიმ შეკრიბა დიდი ჯარი, მათ შორის, როგორც წყაროები გვეუბნებიან, „სრულიად კავკასნი“ და ჩავიდა ალინჯაში, სადაც იმ დროს გამაგრებული იყო თემურ ლენგის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ტომის – ჯალაირიანების მეთაური თაჰერი. გიორგი იმდენად საინტერესო მებრძოლი და დიპლომატი გამოდგა, რომ თაჰერი გამოიყვანა მიუვალი ალინჯიდან დიდი ბრძოლების შემდეგ.
– ეს რაში სჭირდებოდა გიორგი მეშვიდეს?
– მოგახსენებთ. ამით გიორგიმ არა მარტო ჯალაირიანების, არამედ, ვინც კი ამ უკანასკნელთ მხარს უჭერდა, იმათი მომხრეობაც დაიმსახურა. ფაქტობრივად, გიორგი მეშვიდემ მთელი კავკასია გააერთიანა თემურის წინააღმდეგ. გიორგის მირან-შაჰი და მისი ვაჟი, აბუბექრი დაედევნენ, მაგრამ გიორგი მეშვიდემ დაამარცხა ისინი და თბილისში თაჰერი უვნებლად შემოიყვანა.
თემურ ლენგის შემდეგი შემოსევის ობიექტი ჰერეთ-კახეთი იყო. ეს მოხდა ზამთარში, ანუ მაშინ, როდესაც ასეთი მომთაბარე მტრისგან ქართველნი თავდასხმას არ ელოდნენ.
– ესე იგი, თემურ ლენგის ეს გამარჯვება ამ შემთხვევაში მოულოდნელობაზე იყო გათვლილი?
– ასეა. წყაროში წერია: თემურ ლენგმა ქართველთა სისხლით შეღება თეთრი თოვლიო.
1400 წელი ყველაზე მძიმეა საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან ამ წელს გადაწყვიტა თემურ ლენგმა, რომ საქართველოსგან, ბოლოს და ბოლოს, აღარაფერი დარჩენილიყო. აქ ერთი კითხვა იბადება: თუ გიორგი მეშვიდე, ასეთი გამჭრიახი მეფე იყო, რატომ არ სცადა დამპყრობელთან მოლაპარაკება? მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ამ მტარვალთან მოლაპარაკება არაფერს ნიშნავდა. 1402 წელს აკი მართლაც მოილაპარაკეს და 1403 წელს ზავიც კი დაიდო, მაგრამ თემურ ლენგთან მოლაპარაკებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ის მალევე არღვევდა ყველა შეთანხმებას. ასე რომ, გიორგი მეშვიდეს დიპლომატიასთან ერთად ძალაც რომ არ ეჩვენებინა, არაფერი აღარ დარჩებოდა საქართველოსგან.
1400 წელს თემურ ლენგი ყარაბაღიდან, სადაც ის ჩვეულებრივ იზამთრებდა ხოლმე, უზარმაზარი ჯარით შემოვიდა ბარდავში და იქიდან შემოუთვალა გიორგი მეფეს: დამნებდი, სრული მორჩილება განმიცხადე და, კიდევ, მანდ რომ თაჰერი გყავს შეფარებული, გადმომეციო.
– როგორ მოიქცა გიორგი მეშვიდე?
– გიორგი მეშვიდემ შეუთვალა თემურ ლენგს: ჩვენი მოდგმის წესი არ არის შეფარებულის გაცემა და მე ვერაფრით გავცემ თაჰერს, ხოლო, რაც შეეხება შენდამი ჩემს მორჩილებას, იცოდე, რომ „მე მეფობისა შენისა უმცირედი არ გახლავარ”, ანუ შენზე ნაკლები არაფრით ვარო.
– რა მოჰყვა ამას?
– თემურმა ირგვლივ ყველაფრის განადგურება დაიწყო, მაგრამ გიორგიმ შეკრიბა ქართული და არა მარტო საქართველოს ძალები და გოგჩასთან, ანუ დღევანდელ სევანთან, გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა. რისი იმედი უნდა ჰქონოდა ქართველ მეფეს, როდესაც ასეთი არათანაბარი ძალებით ებრძოდა მტერს? როგორც მემატიანეები გვამცნობენ, გიორგის ისეთი ადგილი შეურჩევია საბრძოლველად, რომ ქარის დროს ქვიშა თემურ ლენგის ჯარს თვალებში ეყრებოდა. ამიტომაც მტერს ბრძოლა უჭირდა, მაგრამ თემურ ლენგს უთქვამს: მე ვიცი ქართველთა ბუნება, ეგენი მალე დაიღლებიან და მაშინ გავიმარჯვებთო. დღის ბოლოს, უკვე ბრძოლის ბოლო ეტაპზე, თვითონ ლენგი ჩაერთო ბრძოლაში. საინტერესოა, რომ ის, თურმე, საშინელი ხმით ყიოდა და ისე დარბოდა თავის მებრძოლებს შორის, ანუ, საჭირო გამხდარა მათი გამხნევება. ასე რომ, დაღლილობა, ქართველებთან ერთად, როგორც ჩანს, იმათაც შეეტყოთ. საბოლოოდ, მართალია, ქართველები ამ ბრძოლაში დამარცხდნენ, მაგრამ კოჭლ დამპყრობელს ძალიან გაუჭირდა და ძვირი დაუჯდა ეს გამარჯვება. აქედან ჩანს, რომ გიორგი კარგი მხედართმთავარი და ორგანიზატორიც ყოფილა. გამარჯვებულმა მტერმა თბილისამდე სდია ქართველ მეფეს და გზადაგზა 15 ციხესიმაგრე აიღო.
თემურ ლენგმა არაგვის ხეობაშიც გაგზავნა ჯარი, რათა თოხთამიშის მხრიდან დახმარება არ მოსვლოდა თბილისში გამაგრებულ მეფეს.
– ამის შემდეგ რა ხდება?
– არაგვის ხეობაში, ქსნის ერისთავმა, ვირშელმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია თემურ ლენგს. მიუხედავად ამისა, ლენგს ლარგვისამდე მოურბევია შიდა ქართლი. მეფე გიორგი კი ამ დროისთვის გორში შესულა და იქ გამაგრებულა. ახლა გორს მოადგა ლენგი. მართალია, მან გორი აიღო, მაგრამ მეფე გიორგი მაინც ვერ შეიპყრო. აღმოსავლელი ავტორები წერენ, როგორც დაჭრილი ვეფხვი, ისე იბრძოდა გიორგი და არაფრით ნებდებოდაო. ამავე 1400 წელს თემურ ლენგმა ყველა ეკლესია დაანგრია, რაც გზად შეხვდა: რუისი; ქვათახევის მონასტერში ბერები გამოკეტა, ცეცხლი შეანთო და დაწვა ისინი. ამავე წელს დასავლეთ საქართველოში გადავიდა და გზად ულუმბოს მონასტერი დაანგრია, სვეტიცხოველსაც დიდი ზარალი მიაყენა.
– რაც შეეხება გიორგი მეშვიდეს, ის სად წავიდა გორიდან?
– გორის შემდეგ გიორგი ძამის ციხეში გამაგრდა. ეს შეიტყო თემურ ლენგმა და შემოადგა ძამის ციხეს. 7 დღე ეწინააღმდეგებოდა გიორგი მას, ამის შემდეგ კი რიკოთის უღელტეხილზე მდებარე სავანეთის ციხეში მაგრდება, მაგრამ, იქაც შემოადგა მას თემურის ჯარი. გიორგი მეშვიდემ გაარღვია ეს ჯარი და გადავიდა დასავლეთ საქართველოში. ამის შემდეგ, თემურ ლენგმა ააოხრა სამცხე და ჩავიდა თეძამზე. ამავე წელს რკონის მონასტერიც დაარბია, შემდეგ კი ტაოში ჩავიდა, სადაც ფანასკერტი და ექვსი სხვა ციხე აიღო. ზამთარი ახლოვდებოდა და კოლის მინდორზე შეჩერდა თემურ ლენგი გამოსაზამთრებლად. ეს ადგილი იმიტომ შეურჩევია, რომ, თურმე, ადგილობრივი მაჰმადიანები ჩიოდნენ, ძალიან გვავიწროებენ ქარველებიო.
– რა ხდება შემდგომ წლებში?
– 1401 წელს იმერეთიდან გადმოვიდა გიორგი მეშვიდე და არაგვის ხეობაში ილაშქრა სპეციალურად იმ მოღალატეების დასასჯელად, რომლებმაც ვირშელ ერისთავს უღალატეს მძიმე ბრძოლის დროს. ესენი ყოფილან დვალები და ისინი ერთად დაუსჯიათ მეფესა და ერისთავ ვირშელს. ესეც იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო არ გატეხილა და ამ საქციელით მეფე გიორგი იმას აჩვენებს, რომ ვინც მეფესა და მის მომხრეებს უღალატებს, ის სათანადო პასუხს მიიღებს.
1401 წლისთვის თემურ ლენგმა, როგორც იქნა, აიღო ალინჯის ციხე, ამ პერიოდში იგი იმდენად იმედგაცრუებული ჩანს, რომ, როდესაც გიორგიმ თავისი ძმა, კონსტანტინე გაუგზავნა – ზავი დავდოთ, ხომ ხედავ, რომ თანაბარია ჩვენი ძალებიო, თემურ ლენგი დათანხმდა. როგორც აღმოსავლური წყაროები იუწყებიან, თემურმა ქართველ მეფეს ექვსი პირობა შეუთვალა: თემურ ლენგს ხარკს გადაუხდიან; მისი მოთხოვნით, ქართველები ჯარს გამოიყვანენ; გზებს არ დაუკეტავენ; მუსლიმებს არ შეავიწროებენ თავიანთ ტერიტორიაზე; მუსლიმურ ქვეყნებში, რომლებსაც ქართველები შემოიერთებდნენ, ქრისტიანულ წესებს არ აღასრულებდნენ და მუსლიმებს ამით არ დაჩაგრავდნენ. ეს ისეთი პუნქტებია, რომლებიც არ გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ საქართველო საბოლოოდ განადგურებულია. ბოლოს, ზავის პირობებში აღნიშნული იყო, რომ ამ პირობების დაცვის შემდეგ თემურ ლენგი ხელს იღებდა საქართველოს შემდგომ დარბევაზე. ეს ხელშეკრულება 1401 წლის სექტემბერში დაიდო, მაგრამ თემურმა მაშინვე დაარღვია – მან ტაო-კლარჯეთში თორთომის ციხე აიღო. მომდევნო წელს მას საქართველოსთვის არ ეცალა, რამეთუ ოსმალთა სულთანი ბაიაზეთი დაამარცხა. 1403 წელს კი ისევ მოუბრუნდა საქართველოს და ბირთვისის ციხე აიღო, რისთვისაც თემურ ლენგს საუკეთესო მთამსვლელები გამოუძახებია მთელი აღჭურვილობით, ასევე, გამოუყენებია ზარბაზნები, რომლებიც, მართალია, ქვებს ისროდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვებს არც ჰქონდათ ეს საბრძოლო ტექნიკა. ქართველები იმდენად გათავხედებულან, რომ ციხიდან ხან ცხვრებს აჩვენებდნენ მტერს და ხანაც ღვინოს სვამდნენ – აი, რამდენი გვაქვსო. ციხეზე ღამით ასულან დამპყრობლები, ამისთვის ხუთასსაფეხურიანი აბრეშუმის კიბეც კი მოუქსოვიათ.
ყველაფრიდან ჩანს, რომ თემურ ლენგი მზად არის, ხელმეორედ დადოს ზავი. თავის მხრივ, ქართველებსაც ამოეწურათ ძალები და, ამიტომ, გიორგიმ კვლავ შეუთვალა ლენგს, რომ მზად არის საზავო მოლაპარაკებისთვის. ამასთან, თემურ ლენგს გაუგზავნეს ოქროს მონეტები, რომლებზეც მისი სახე იყო აღბეჭდილი.
– და, კვლავ ზავი დაიდო?
– ზავი დაიდო და მალევე თემურ ლენგმა განმეორებით ააოხრა მრავალჯერ აოხრებული თბილისი. ეს იყო მისი ბრძოლების ბოლო აკორდი, რამეთუ, ამის შემდეგ მას საქართველოსთვის აღარ ეცალა. თემურ ლენგს დიდ სირცხვილად მიაჩნდა, რომ ვერ შეძლო გიორგი მეფის გატეხა. შემდეგ წელს, საქართველოსა და მისი მეფისგან დაღლილი თემურ ლენგი ჩინეთში გალაშქრებას აპირებდა, მაგრამ 1405 წელს იგი გარდაიცვალა. ასე დამთავრდა გიორგისა და თემურ ლენგის შერკინებაც. უნდა ითქვას, რომ ამ დამპყრობელმა ეკონომიკურად მართლაც წელში გატეხა საქართველო, თუმცა, სულიერად – ვერა. 1405 წელს გიორგი მეშვიდემ ილაშქრა სამცხეში, აიღო რამდენიმე ციხე და განდევნა მირან-შაჰი. ასევე, მისი ძეები – აბუბექრი და ომარი – სასტიკად დაამარცხა.
– როგორ გარდაიცვალა გიორგი მეშვიდე?
– თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ საქართველოს ახალი მტერი – თურქმანული ტომები გამოუჩნდნენ. 1407 წელს, ყარა ყოინლუს თურქმანებთან ბრძოლაში დაიღუპა საქართველოს ეს გმირი მეფე.