რატომ ამბოხდნენ რუსი ჯარისკაცები, როდესაც ქართველები მახობლიანი პურით გაუმასპინძლდნენ და როგორ დასრულდა ეს ამბოხი
ქართულ კულტურაში ბევრი საინტერესო საკითხია ეთნოგრაფიული საიდუმლოებების ასახსნელად. ჩვენი რესპონდენტი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოცირიძე, დღევანდელ ინტერვიუში გვიამბობს, როდის დაიწყო მარცვლეული კულტურების მოყვანა და დამუშავება, ქართული პურის რამდენი ჯიში არსებობს და საქართველოს კუთხეებიდან რომელი იყო ამ მხრივ ყველაზე მდიდარი.
გიორგი გოცირიძე: ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის საკითხები ძირითადად სამი ნაწილისგან შედგება. ეს არის: მატერიალური კულტურა, ანუ, იგივე ნივთიერი, მატერიალური ძეგლები; სულიერი კულტურა, ანუ, ქართველი ხალხის სულიერი მემკვიდრეობის საგანძური და სოციალური ურთიერთობების სფერო, ანუ, საზოგადოებრივი ყოფა.
დავიწყოთ პირველით – მატერიალური კულტურით, რომელიც უშუალოდ ეფუძნება ქართველი ხალხის დიდ სამეურნეო გამოცდილებას, ყოფითი პროცესების განვითარებას, ამ მხრივ იმ ფასეულობების შექმნას, რომლებიც დღემდე სიცოცხლისუნარიანია და, მიუხედავად საყოველთაო გლობალიზაციისა, სანამ ქართველი ხალხი იარსებებს, ეს მემკვიდრეობაც შენარჩუნებული იქნება. აქვე ისიც მინდა, ვთქვა, რომ ეროვნული მემკვიდრეობა – ეროვნული იდენტობისა და მენტალობის გამოხატულებაა. მასში ჩანს ქართველი ხალხის ხასიათი, ეთნოფსიქიკა, გონიერება, მიზანსწრაფვა და აზრი იმისა, რომ შექმნას ის, რაც მისია და ის, რაც მხოლოდ მას შეუძლია. მატერიალურ კულტურაში ეს პარადიგმა ძალიან ნათლად ჩანს სამეურნეო იარაღების, საცხოვრებელი ნაგებობების, საკულტო ღვთისმსახურებითი ძეგლების, საყოფაცხოვრებო პრაქტიკული დანიშნულების საგნების, სამოსელისა და სხვათა მაგალითზე. ყოველი ნიმუში მატერიალური კულტურისა, ფენომენალურია თავისი არსითა და დანიშნულებით. მას, შეიძლება, ჰქონდეს რაღაც ზოგადი, მსგავსი სხვა კულტურული მემკვიდრეობისა, მაგრამ, მის ფორმაში ფუნქციასა და დანიშნულებაში ეროვნული თავისებურება იკვეთება. მაგალითად, უნიკალურია ქართული საცხოვრებელი, მისი ტიპები საქართველოს გეოგრაფიული ზონების, ადგილობრივი სამეურნეო პირობებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ასეთივე უნიკალურია სამეურნეო იარაღები – მარტივი კავწერადან დაწყებული, რთული სახნისის ფორმებით, დიდი გუთნით, მისი ნაირსახეობებით დამთავრებული. მათი კლასიფიკაცია ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებელმა გიორგი ჩიტაიამ შეიმუშავა და დღეს ამ კლასიფიკაციას ანალოგი არ მოეძებნება.
მას შემდეგ, რაც ადამიანმა მარტივი სამეურნეო იარაღები შექმნა, დაიწყო საცხოვრისში ცხოვრება და ის ადგილობრივი გარემო აითვისა, სადაც ბინადრობდა, ხელი მიჰყო, ინტენსიურ მეურნეობას: შემგროვებლობას, მონადირეობას, ხოლო მოგვიანებით – მესაქონლეობასა (რადგანაც, მოიშინაურა ცხოველი) და მიწათმოქმედებას, რომელიც მისთვის უპირველესი სასიცოცხლო პირობა გახდა. ტრადიციულმა მიწათმოქმედებამ, ვიდრე ის რთულ სისტემად ჩამოყალიბდებოდა განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა. არავინ იცის, ზუსტად როდის დაიწყო ადამიანმა მარცვლეული კულტურების მოყვანა და დამუშავება, მაგრამ, არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ეს პერიოდი ნეოლითური რევოლუციის ხანას უკავშირდება. ნეოლითი არის ის საფეხური, როცა ადამიანი თავისი კვების რაციონში ზრდის სახამებლისა და მცენარეული ცილების მოხმარების რაოდენობას და, ამავე დროს, აქტიურად იწყებს მცენარეული კულტურების სელექცირებას. აი, დაახლოებით, ამ პერიოდიდან უნდა გაჩენილიყო საქართველოშიც პირველი პურეული კულტურები. პური გახდა ადამიანისთვის ძირითადი საკვები და ამავე დროს, წმინდა საკულტო საგანი, რომელსაც დღემდე პატივს ვცემთ და დღემდე გააზრებული გვაქვს, როგორც არსებობის წყარო.
– პურეული ჯიშებიდან რამდენია ქართული?
– მეცნიერები ფიქრობენ, რომ, ზოგადად, კავკასია და კონკრეტულად – საქართველო ხორბლეული კულტურების წარმოშობის ერთ-ერთი დამოუკიდებელი კერაა. აქ დასტურდება 14-მდე ადგილობრივი ჯიში, რომლის ანალოგები სხვაგან თითქმის არ არსებობს. ამ მრავალი ჯიშიდან წლების განმავლობაში მოხდა მათი უნიფიცირება და ყოფამ თითქმის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე შემოინახა რამდენიმე მათგანი. მათ შორის: დოლი, თავთუხი, დიკა, ყანა, პოშოლა, ზანდური, მახა, ხოზო და სხვა. მათგან, მახა და ზანდური, ველურიდან კულტურულზე გარდამავალ უძველეს სახეობებად ითვლება. ისინი კოლხური ხორბლის ჯიშების რელაქტიური ფორმებია. მაგალითად: დოლის პური იყო წითელიც და თეთრიც; თავთუხსაც ჰქონდა ლოკალური სახეობები, დიკა, ძირითადად, მთისა და მთისწინეთის კულტურაა. ამ ხორბლეულთან ერთად, დიდი ადგილი ეჭირა შვრიას, ქერსა და ჭვავს. ეს საკითხები ქართველი აგრობიოლოგებისა და ბოტანიკოსების მიერ კარგადაა შესწავლილი; ასევე, კარგადაა შესწავლილი ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც – გამოვლენილია ცალკეული კუთხეების ეთნოგრაფიული სპეციფიკა.
– მაგალითად?
– მაგალითად, პურის სამშობლოდ ითვლება ქართლი, უფრო მეტად კი – მესხეთი. საინტერესო ჯიშები იყო განვითარებული რაჭაში, სვანეთში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში და ასე შემდეგ. მესხეთში არსებობს ასეთი ხალხური ლექსი: „მე ჯავახეთს რა მიშავდა, პური მქონდა ბზესავითა...”
– პურის ცხობა როდის დაიწყეს?
– ხორბლეული კულტურების ასეთმა სიმრავლემ განაპირობა პურის ცხობის მდიდარი ტრადიციებიც. პურს აცხობდნენ მთაშიც და ბარშიც, მაგრამ, იმ განსხვავებით, რომ ბარში საფუვრიანმა ტექნოლოგიამ უფრო ადრე მოიკიდა ფეხი და გაჩნდა შესაბამისი საცხობი საშუალებებიც, მაგალითად – თონე; ხოლო მთაში უფრო ხმიად, ანუ უსაფუვრო პურებს აცხობდნენ და ამიტომ ამ რეგიონში გავრცელდა საცხობი ღუმელი – ფურნე, რომელშიც უფრო დიდი რაოდენობით პური ცხვებოდა. არსებობს გადმოცემა, რომ პურის ცხობა, ანუ გამომცხვარი პური უფრო გვიანდელია, ვიდრე ხორბლისგან დამზადებული ფაფისებრი საკვები, რომელიც ჩვენში კორკოტისა და წანდილის სახით შემორჩა რიტუალურ კვებას. გადმოცემის თანახმად, ძველი ეგვიპტელები, როცა დიდი რაოდენობით მონებს ამუშავებდნენ, მათ საკვებად ფაფას ურიგებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა კი ქვაზე დატოვა ეს ფაფა და მცხუნვარე მზის წყალობით, იგი გამოცხვა. ასეთი ლეგენდა, შეიძლება, რეალურიც იყოს.
– საქართველოში როდიდან აცხობენ პურს?
– საქართველოში დოლის პური ყველაზე საუკეთესო კვებითი ღირებულებებით გამოირჩეოდა, მაგრამ მას ხალხი მომჭირნეობით ხმარობდა და ყოველდღიურად ჭამდნენ არა განმტკიცულს, არამედ უხეშად დაფქულს. დოლის ყანას ხშირად სარეველაც შეერეოდა. ერთ-ერთი ასეთი სარეველა იყო მახობელი (მახაობელი), რომელიც უფრო ქართლში ჭარბობდა და ის რომ შეერეოდა ხორბალს მისგან გამომცხვარი პური მოლურჯო ფერის გამოდიოდა, მაგრამ, ძალიან რბილი, სურნელოვანი და გემრიელი იყო. ამიტომ უყვარდათ მახობლიანი პური და ქართლის მოსახლეობას ეს დღესაც ახსოვს.
რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წლებში, როცა მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ქართლში საიმპერატორო ჯარის ნაწილები ჩაუყენებიათ, მათთვის მახობლიანი პური მიუტანიათ. ჯარისკაცები ამბოხებულან – ჭუჭყიან, ტალახიან პურს გვაჭმევენო. ისინი მიჩვეულები იყვნენ რუსული, თეთრი, ქათქათა „გედის ჯიშისგან” გამომცხვარ პურს და ქართულ მოლურჯო, მახობლიან პურს პროტესტი გამოუცხადეს. გამოიწვიეს კომისია საიმპერატორო ხაზინიდან, რომელმაც ლაბორატორიულად შეამოწმა მახობლიანი პური და ვერავითარი მავნებლური მასში ვერ აღმოაჩინა. ასეთია ეს პატარა ისტორია მახობლიან პურთან დაკავშირებით.
მახობლიანი პური ქართლში თავისებური ფორმისა იყო: მას თონეში აკრავდნენ და ხელის მტევანს წააგავდა. ამ პურს „დედას პურს“ უწოდებდნენ – სახელს, რომელიც შემდეგ ქართულ თონის პურზე გავრცელდა.
დღეს აღარ გვხვდება, იმ რაოდენობის პურის ფორმები და სახელწოდებები, რამდენიც თუნდაც მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო. მაგრამ, მათგან შემონახულია, რამდენიმე, მათ შორის: შოთი, რომელსაც სადღესასწაულოდ აცხობდნენ; ლავაში, რომელიც შეიძლება იყოს მრგვალიც და ოვალურიც; „გურგვალი”, ანუ მრგვალი პური; მესხური და ასე შემდეგ. ქართული პური დღესაც ერთ-ერთი გამოკვეთილი მარკერია ქართული ეროვნული კულტურისა და ის ძალიან უყვართ არა მარტო საქართველოსა და კავკასიაში, არამედ დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოელებშიც და ეს ფაქტი თავისთავად ძალიან ბევრზე მეტყველებს.
ქართულ კულტურაში კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხია ეთნოგრაფიული საიდუმლოებების ასახსნელად, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.