ვინ იყო ქართველი ემიგრანტი, რომელიც ნიუ-იორკის გზების რეკონსტრუქციას ეწეოდა, იყო გაზეთის ექსპედიტორი, მის 13 წლის ქალიშვილს კი ლამაზი თმის გამო შამპუნის რეკლამაში იღებდნენ
ცოტა ხნის წინ ქალიშვილისა და უმცროსი შვილიშვილის თანხლებით ამერიკიდან ჩამოფრინდა მეორე ტალღის ემიგრანტი, 92 წლის ნიკო თოფურია. თბილისში მოინახულა ნათესავები, შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ესტუმრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმს, შეხვდა რექტორს – გიორგი ხუბუას, მოინახულა წინანდალი და დასავლეთ საქართველოში მშობლიური სოფლის სანახავად გაემგზავრა.
ქართული საზოგადოება ნაკლებად იცნობს ამ საოცარი ბიოგრაფიის ადამიანს, ამიტომ მის შესახებ საუბარი ვთხოვეთ ისტორიკოსს, ქალბატონ რუსუდან დაუშვილს:
– ნიკო თოფურია დაიბადა 1919 წელს, ხანძრით განადგურებული დოკუმენტების ხელახალი რეგისტრაციის მიხედვით კი – 1920 წლის 15 დეკემბერს, მარტვილის რაიონის სოფელ ნატბერაში. მისი წინაპრები აბაშიდან გადმოსახლებულან და მარტვილის მონასტრიდან სამ კილომეტრში დასახლებულან. ცხოვრობდნენ 1914 წელს აშენებულ დიდ მეგრულ ოდაში. ვრცელ ეზოში მოჰყავდათ ბამბა, უვლიდნენ ცხვარს, აბრეშუმის ჭიას, ქსოვდნენ უხეშ ქსოვილს – ფართალსა და ღართს. პატარა ნიკო სოფელში იზრდებოდა და, როგორც ყველა, ბავშვობიდანვე იყო ჩართული საოჯახო მეურნეობაში. 7-8 წლის იყო, ხვნის დროს ბიცოლამისის დიდი ხნის დაკარგული ნიშნობის ოქროს ბეჭედი რომ იპოვა და ეს იღბლიანობა მას მთელი ცხოვრება გაჰყვა.
1941 წლის ნოემბერში ნიკო ომში გაიწვიეს, ის კავკასიის ფრონტზე იყო, ნაღმმტყორცნელთა ნაწილში და ნაღმმტყორცნი და ყუმბარები ზურგით მიჰქონდა. თოფი ხან ჰქონდა, ხან – არა. 1942 წლის სექტემბერში ყუბანის სტანიცა „გარიაჩიე კლუჩის” მიდამოებში ფეხში დაიჭრა. ჩექმა შემოაცვდა და რეზინის ძირისგან გაკეთებული რაღაც ფლოსტის მაგვარი ჰქონდა ფეხზე წამოცმული. ერთხელ, ტყვიების წვიმაში რომ მოხვდნენ, დაჭრილი ნიკო ვერ გაიქცა და დამალვა არჩია. გერმანელებმა იპოვეს და მეორედ მაშინ გადაურჩა სიკვდილს, როცა ერთმა თოფი დაუმიზნა და სხვები გამოესარჩლნენ. დაჭრილთა პუნქტში ჭრილობა შეუხვიეს და კრასნოდართან ტყვეთა ბანაკში მოათავსეს. მიუხედავად მძიმე პირობებისა, მალე მოკეთდა. ზამთარი მოდიოდა და ქართველებმა ფეხსაცმელი უშოვეს. ცოტა შეღავათი მაშინ ეძლეოდა, როცა ტყვეები სამუშაოდ მიჰყავდათ – ან კარტოფილს იშოვიდნენ, ან სიმინდის ტაროს, ან ვინმე მადლიანი დედაკაცი რაიმე საჭმელს გამოუტანდათ. მერე ტვირთის საზიდად 50 კაცი შეარჩიეს, ნიკო კი საველე სამზარეულოს მიამაგრეს და ამან სული მოათქმევინა, თუმცა, ქართველები ახლოს რომ არ ჰყავდა, ძალიან განიცდიდა. როცა გერმანელებმა 1943 წელს ფრონტი მოხსნეს და უკანდახევა დაიწყეს, ტყვეები ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა. გვიან გაიგეს, რომ ეს სტალინგრადის კატასტროფის შედეგი იყო. მათ უკვე გერმანელ ჯარისკაცთა გაცვეთილი ფარაჯები ეცვათ და უკანდახეულ გერმანელებს მიჰყვებოდნენ. მათ გაყინული აზოვი გადალახეს და ყირიმში ჩავიდნენ. გაზაფხულზე 150 ქართველი და აზერბაიჯანელი ტყვეებისგან შედგენილ სამუშაო ბატალიონში ჩაწერეს და ტანკსაწინააღმდეგო ზოლის თხრა დაავალეს. მერე ქერჩში გადაიყვანეს სანგრების სათხრელად. იქ მეორედ დაიჭრა ნიკო ფეხში, ამჯერად – მუხლს ზემოთ. სიარული შეეძლო და უახლოეს სანიტარულ პუნქტს მიაკითხა. მეორე დღეს დაჭრილები ჯანქოიში წაიყვანეს და იქიდან ალყაშემორტყმული ყირიმიდან თვითმფრინავით ოდესაში გადაიყვანეს. ერთი დღით გაასწრო ნიკომ იმ ტრაგედიას, რაც ყირიმში დატრიალდა, მისი ბატალიონის წევრები საბჭოელებმა შეიპყრეს და ერთიანად ამოჟლიტეს. ოდესიდან პოლონეთში, კრაკოვში ჩაიყვანეს, საავადმყოფოში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ კი ვარშავაში გადაიყვანეს, სადაც უკვე დგებოდა მოხალისეთა ეროვნული ბატალიონები. ცოტა ხანში სამხრეთ საფრანგეთში, ტულუზასთან, კასტრში გადაიყვანეს და კიდევ ერთხელ გადარჩა, რადგან ვარშავა აჯანყდა და საშინელ ხოცვა-ჟლეტას ბევრი ქართველი შეეწირა. 1944 წლის გაზაფხულზე ნორმანდიაში მოკავშირეები გადმოსხდნენ და მეორე ფრონტი გაიხსნა. მალე საფრანგეთიც გათავისუფლდა და კასტრში მისულმა მოკავშირეებმა, იალტის კონფერენციის შეთანხმებისამებრ, რომ ყველა იქ უნდა დაბრუნებულიყო, სადაც ომამდე იყო, ტყვეები, ძველი ემიგრანტებისა და რამდენიმე იღბლიანისა თუ მოხერხებულის გარდა, საბჭოთა მხარეს გადასცეს. ისინი კი მათ ადგილზე ხვრეტდნენ ან ციმბირში ასახლებდნენ. ნიკოს კიდევ ერთხელ გაუმართლა – რეპატრიაციას იმით გადაურჩა, რომ ცოტა ხნით ადრე ერთი გერმანელის წინადადება მიიღო და ჩრდილო იტალიაში, ვენეციასთან, ქალაქ პორდენონეში გახსნილ ლაზარეთში გადავიდა სანიტრად. გერმანელი მთავარი ექიმი ქართველთა დიდი მოყვარული იყო და ექიმებსა და დამხმარე პერსონალთა შორის მრავლად ჰყავდა ქართველები.
ლაზარეთში მომუშავე იტალიელი ქალის, ელენა პიავეს დახმარებით, ომის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე, ნიკო ლაზარეთიდან გაიქცა და მის ოჯახში დაიმალა. მერე პარტიზანებს მიეკედლა და გადარჩა. მოგვიანებით ლაზარეთი ინგლისელებმა დაიკავეს და ნიკომ სამსახური მათ კაპიტანს სთხოვა. კაპიტანი კეთილად განეწყო და მიიღეს. საჭმელი უფასო იყო და ნიკომ ცოტა ფულიც დაზოგა. პოლიციაში პასპორტი გაუკეთეს, მაგრამ ვინაობა არ დაუმალავს და, როცა თავშესაფარი ითხოვა, მიიღო კიდეც. ერთ დღეს ინგლისელებმა აცნობეს, რომ პალესტინაში უნდა გადასულიყვნენ. კაპიტნის შუამდგომლობის მიუხედავად, გენერალმა წაყვანაზე უარი უთხრა და ნიკო კვლავ უმუშევარი დარჩა. პიავეს ოჯახმა ახლა სკოლაში მოაწყო. ხელფასი არ ჰქონდა, მაგრამ, კვება და ღამის გასათევი უფასო იყო. ერთ დღეს პოლიციიდან უწყება მიიღო – არჩევნების წინ ვითომდა უცხოელთა დროებითი იზოლაციის აუცილებლობის მოთხოვნით, სინამდვილეში კი უდინოს ციხეში ჩასვეს, საიდანაც სამხრეთ იტალიაში კუნძულ ლიპარის გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში გადაგზავნეს. საქმე ისაა, რომ 1948 წელს დე გოლის ხელისუფლებიდან წასვლისა და სოციალისტთა მოსვლის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ყოფილი ტყვებისა და გერმანიის მხარეს მებრძოლი ემიგრანტების გაცემა მოითხოვა. საფრანგეთისა და იტალიის სოციალისტური ხელისუფლებები კოლაბორაციონიზმისა და ფაშისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით აპატიმრებდნენ და ციხეში ყრიდნენ ხალხს, ხშირად უდანაშაულოებსაც. სხვათა შორის, საფრანგეთის მემარჯვენე წრეებიც ისევე ცუდად ეპყრობოდნენ ტყვეებს, როგორც გერმანელები. ქართველთა მდგომარეობა დამძიმდა. საკუთარი თავის გადარჩენის გარდა, ემიგრანტებს მათზე მინდობილ ყოფილ საბჭოთა ტყვეებზეც უნდა ეზრუნათ. მათ, ვინც საბჭოთა კავშირში დაბრუნება მოისურვა, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის საოკუპაციო ბანაკებში უყრიდნენ თავს. იქიდან კი, ისინი ხშირად პირდაპირ ციმბირის ბანაკებში ხვდებოდნენ. მათ დასახმარებლად 1950 წელს, გიორგი აფხაზის თავმჯდომარეობით, დაარსდა „ქართული პოლიტიკური კომიტეტი იტალიაში“. ორგანიზაციის მიზანი იყო, დახმარებოდა ქართველთა ასოციაციას ბანაკებში მოთავსებული ტყვეების, მათ შორის „ლიპარელთა ჯგუფის“ გათავისუფლებაში, რომელშიც 32 ეროვნების 80-მდე ტყვეს შორის 11 ქართველი იყო. ადგილობრივ მწირ რაციონს ემატებოდა „წითელი ჯვრისა” და ამერიკიდან გაგზავნილი ამანათები. დამარცხებულ იტალიას ხელი ჰქონდა მოწერილი, ყოფილი საბჭოელების, როგორც დამნაშავეებისა და მოღალატეების, გადაცემაზე. საბედნიეროდ, საბჭოელებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ტყვეები კრიმინალები იყვნენ. ქართველთა ერთკვირიან შიმშილობას დაემთხვა გაერთიანებული ერების ასამბლეაზე ელეონორა რუზველტის მიერ წარდგენილი „ადამიანთა უფლებების დეკლარაციის“ მიღება, „ცივი ომის“ დასაწყისი და „ნატოს“ დაარსება. ამასთან, მიუნჰენის კოლონიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე კორძაიამ, შუამდგომლობა აღძრა და ტყვეთა გათავისუფლების შესახებ მემორანდუმით მიმართა იტალიის მთავრობის თავმჯდომარეს, ვატიკანს, ჟენევის „წითელ ჯვარს”. მათ გადასარჩენად პაპმა პიუს მეთორმეტემ გამოიჩინა ინიციატივა, მოიშველიეს იტალიის კონსტიტუცია, რომლითაც პოლიტიკური თავშესაფარი ყველას ეკუთვნოდა. 1951 წელს ტყვები ფორმალურად გაასამართლეს, გაათავისუფლეს და ნეაპოლთან, სატრანზიტო ბანაკ ბანიოლაში გადაიყვანეს, სადაც თვითონ გადაწყვეტდნენ, თუ სად უნდოდათ წასვლა.
ინგლისურენოვან ქვეყნებში გადანაწილებასა და სამუშაოს შოვნაში ლტოლვილებს დახმარებას უწევდა „ტოლსტოის ფონდი“, რომელსაც თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი ხელმძღვანელობდა. იგი იმავდროულად ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილეც გახლდათ და, როგორც იურისტი, ქართველებს იურიდიულ საქმეებსაც უგვარებდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ევროპიდან ჩასული 100-მდე ქართველი ლტოლვილი, სამუშაოს შოვნამდე, ძველ ემიგრანტთა სახლებში შეასახლეს. მოგვიანებით ჩასულებს კი – მათზე ადრე ჩასულები მასპინძლობდნენ. 1951 წლის აგვისტოში ამერიკაში ჩასულ ნიკო თოფურიას ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ლეო დუმბაძე და ელზა ცომაია დახვდნენ. ის ერთი წლით ადრე ჩასულ ექიმ დავით ჩხატარაშვილთან დააბინავეს.
– როგორ ცხოვრობდა ნიკო თოფურია ამერიკაში?
– ახალჩასულთა თავმოყრის ადგილი გახდა ნიუ-იორკის გარეუბანი – კოლეჯ-პოინტი, სადაც დიდ ქარხანაში სხვადასხვა ზომის ქაღალდის ჭიქების დამზადებაზე 1 500 კაცი მუშაობდა. ენის ცოდნასა და სპეციალიზაციას სამუშაო არ მოითხოვდა და, რაც მთავარია, ქარხნის დირექტორი იყო ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ემიგრანტი, რუსეთის არმიის კაპიტანი, ქართველი, თევდორე გაბელია. ქარხანაში, ძირითადად, იტალიელი ემიგრანტები მუშაობდნენ. მართალია, ხელფასი მცირე იყო, მაგრამ, ზედმეტი საათების ანაზღაურება – მაღალი. ამიტომ, ფულის დაგროვების შემდეგ ყველა ცდილობდა თავისი საქმის წამოწყებას ან უკეთესი სამსახურის შოვნას. ამდენი ტანჯვის გადატანის შემდეგ ჭერი და გარანტირებული სამსახური ნიკოსთვის დიდი შვება იყო. სამუშაოს დაკარგვის შემდეგ სათვისტომოს მიერ მოწყობილ წმიდა ნინოს მეჯლისზე ნახა და დახმარება სთხოვა ნიუ-იორკის ვიცე-მერს, ქალაქის სატრანსპორტო გაერთიანების უფროსს კონსტანტინე სიდამონ-ერისთავს, რომლის კომპეტენციაში გზების რეკონსტრუქციაც შედიოდა. ვიცე-მერმა დაპირება მალე შეასრულა და ნიკომ სამსახური მიიღო – ინჟინრის დამხმარის თანამდებობა, რომელიც სპეციალურ დიპლომს არ საჭიროებდა. ბევრი შავი სამუშაო ჰქონდა შესასრულებელი, მაგრამ ნიკო ყველაფერს დიდი სიამოვნებით აკეთებდა. თანდათან ყველაფერში გაერკვა, რამდენიმე გამოცდაც ჩააბარა და მუდმივ შტატში ჩაირიცხა. რაკი გზების მომსახურე პერსონალი, ინჟინრები და კონტრაქტორები ძირითადად იტალიელები იყვნენ, ნიკომ კი იტალიური იცოდა, მათთან თავს კარგად გრძნობდა. ნიკოს უყვარდა თავისი საქმე და ამას თანამშრომლები გრძნობდნენ. სიყვარულით მას მეტსახელად „ჯორჯიან ამბასადორი“ დაარქვეს, რადგან სულ საქართველოს ქებაში იყო. 1956 წელს ნიუ-იორკში გაიცნო ცნობილი ემიგრანტის, ნოე რამიშვილის ნათესავის, ერეთეოზ რამიშვილის ქალიშვილი – ელისაბედი. ისინი დაქორწინდნენ, 1957 წლის 27 იანვარს კი ქალიშვილიც შეეძინათ და, რა თქმა უნდა, ნინო დაარქვეს. 13 წლის ნინოს იმდენად გრძელი და ლამაზი თმა ჰქონდა, რომ შამპუნის რეკლამაში გადაიღეს. რეკლამა ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გადიოდა, ნინო კი ყოველი სარეკლამო ჩვენების შემდეგ 75-86 დოლარის ჩეკებს იღებდა. ორი წლის განმავლობაში ნინოს 12 ათასი დოლარი შეუგროვდა და, როცა გათხოვდა, ეს ფული სახლის შესაძენად გამოიყენა.
როცა ნინო წამოიზარდა, ელისაბედმაც მუშაობა დაიწყო ნახევარ განაკვეთზე. ცოტა ფული რომ შეაგროვეს, პატარა, ეზოიანი, ორსართულიანი ძველი სახლი იყიდეს, რომლის წესრიგში მოყვანა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ნიკოსაც მოუწია იმ ხელობების ათვისება, რაც სახლს სჭირდებოდა – დურგლობა, კალატოზობა, მღებავობა. მათი სარდაფი, შეკეთების შემდეგ, ემიგრანტი და „საბჭოთა“ ქართველების შეკრების ადგილი გახდა. სახლის მოვლა-შენახვა ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მეორე სართული გააქირავეს, სადაც მეუღლესა და ორ შვილთან ერთად სერგო გაბუნია ცხოვრობდა. პირველ სართულზე ერთი ოთახი ტყვეობაში მის მეგობარს, ცნობილ ეროვნულ-დემოკრატს დიმიტრი (მიტო) სინჯიკაშვილს დაუთმეს, რომელიც, 1957 წელს პირველი ტალღის ემიგრანტის – ალექსანდრე ცომაიას გარდაცვალების შემდეგ, მარტო უშვებდა ამერიკის კონტინენტზე პირველ სტამბურად ნაბეჭდ დიდი ფორმატის გაზეთს „ქართული აზრი” (1955-1974 წლები). სულ გამოვიდა 97 ნომერი. დიტო ქარხანაში მუშაობდა. დღის ბოლოს, დაღლილი, ლინოტიპს უჯდა და თვითონვე აწყობდა მასალებს. ნიკო გაზეთის ექსპედიტორი იყო და, რითაც შეეძლო, ეხმარებოდა მეგობარს. გაზეთის გარშემო ეროვნულ-დემოკრატიულ პლატფორმაზე მდგარი ქართველები იყვნენ გაერთიანებულნი. მართალია, ნიკო აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, მაგრამ, 1959 წლიდან პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ინიციატივით ტარდებოდა „დამონებულ ერთა კვირეულები“ და ქართველ მიგრანტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის ნიკოც, ეროვნული დროშებითა და პლაკატებით ხელში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყოველ წელს რუსეთის მიერ დაპყრობილ ერთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა განთქმულ მე-5 ავენიუზე მოწყობილ ანტიკომუნისტური კვირის აღსანიშნავ დემონსტრაციებში. დემონსტრაციის მონაწილეები მერე თავისუფლების ქანდაკებასთან აწყობდნენ მიტინგს, სადაც ორატორები გმობდნენ კომუნისტურ რეჟიმს. ქართველთა კოორდინატორი ამ მიტინგებზე 1924 წლის აჯანყების მონაწილე გრიგოლ აბულაძე იყო.
ნინოს სამი ვაჟი შეეძინა. უფროსს ნიკო დაარქვეს, შუათანასა და უმცროსს – ბილი და დენი. ნიკო თოფურია ერთგულად ემსახურებოდა ოჯახსაც და თავის ორ საქმესაც – ნიუ-იორკის გზების მოწესრიგებას და ქართულ გაზეთს ამერიკაში. 1967 წელს იგი ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს მდივნად აირჩიეს და ახლა თანამემამულეებისთვის უფრო ქმედითი სამსახურის გაწევაც შეეძლო. ოქმების წერის გარდა, ნიკო უამრავ წვრილმან საქმეს აგვარებდა. 5 წლის იქნებოდა ნინო, როდესაც ერეთეოზ რამიშვილმა დისთვის გამოგზავნილ წერილში ნიკოს ოჯახის სურათიც ჩადო. ასე გაიგეს თოფურიებმა, რომ ნიკო ცოცხალი იყო. არადა, 1943 წელს ვიღაცას მოუწერია ოჯახისთვის, ნიკო ჩემი ხელით დავმარხეო, რამაც ისე იმოქმედა ავადმყოფ დედამისზე, რომ საჭმლის მიღებაც კი შეწყვიტა და მალე სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.
55 წლის შემდეგ, 1996 წელს, ქალიშვილთან ერთად ნიკო სამშობლოს ეწვია. მახსოვს, საუბრისას ვთხოვეთ, დაეწერა თავისი თავგადასავალი, დაწვრილებით მოეთხრო ქართული ემიგრაციის, გაზეთ „ქართული აზრის“ შესახებ და წიგნად გამოეცა. „მე ერთი პატარა კაცი ვარ და, აბა, რა საინტერესოა ჩემი ცხოვრება და გაზეთის ექსპედიტორობაო“. ვარწმუნებდით, რომ მკვლევრისთვისაც და რიგითი მკითხველისთვისაც ამგვარი წიგნი ფასდაუდებელი იქნებოდა. ბატონი ნიკო დაგვპირდა და, მართლაც, იმავე წელს გამოცემულ წიგნში – „სადაურსა სად წაიყვან“, ვრცლადაა საუბარი მის საოცარ თავგადასავალზე. შესანიშნავადაა დახასიათებული პირველ-მეორე ტალღების ემიგრანტთა მთელი გალერეა და ამერიკის ქართული დიასპორის ცხოვრება. თანდართულ ფოტოებზე კი აღბეჭდილნი არიან მისთვის ძვირფასი ადამიანები. წიგნი მეორედ 1999 წელს გამოიცა სათაურით – „დაბრუნება 55 წლის შემდეგ“. 2010 წლის ივლისში კი ბატონი ნიკო კვლავ ესტუმრა სამშობლოს და კიდევ ერთხელ მოიჯერა გული ახლობლებთან ყოფნით.