„საყოფაცხოვრებო” ღალატი
ზოგს მიაჩნია, რომ ეს თემა დიდი ხანია მოძველდა. ზოგი პირიქით, ამბობს, რა მოძველდა, სწორედ ახლაა ყველაზე აქტუალურიო... ასეა თუ ისე, ფაქტი რჩება ფაქტად: – ღალატი დინოზავრებივით არ „გადაშენებულა”. ის ისევ აქ არის, ჩვენს გვერდით და ცდილობს, ცხოვრება დაგვინგრიოს. ფსიქოლოგების აზრით, ღალატის შემთხვევაში, ძირითადად, ერთჯერადი კავშირები, ანუ „ღალატუკები” ჭარბობს. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ის ადვილად „არ ჩაივლის,” ხოლმე. დღეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი აყენებს საკუთარ, პირად სურვილებს ახლობლებისა და ოჯახის წევრების ინტერესებზე მაღლა. გნებავთ, ეგოიზმი დაარქვით ამას, გნებავთ, უფრო სერიოზული სახელი მოუფიქრეთ. თუმცა, მამაკაცების უმრავლესობას არანაირად არ უნდა ცვლილებები პირად ცხოვრებაში. მათთვის გაცილებით მისაღები ვარიანტია, გაისეირნოს და შერჩეს! თუ მეუღლე ამას „შეარგებს”, მადლობელიც დარჩება. მაგრამ აბა, ქალბატონებს ჰკითხეთ, რა აზრის არიან ასეთ „უწყინარ ცელქობებზე?” უმრავლესობა გეტყვით, რომ მამაკაცის ნებაზე მიშვება, დაუშვებელია. ერთჯერადი თავგადასავალი ზოგჯერ „გაგრძელებებს” იძენს და არ არის გამორიცხული, თოვლის პატარა გუნდამ, გზად ყველაფერი წალეკოს. თუკი, რა თქმა უნდა, მის ზვავად გადაქცევას ხელს არ შეუშლით.
მიღებულია მოსაზრება, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ ცოლებს, ვიდრე ცოლები ქმრებს. მაგრამ, არსებობს სპეციალური სტატისტიკა, რომელიც ამბობს, რომ სხვაობა ციფრებს შორის არც ისე დიდია. ვითომ, მამაკაცები უფრო ადვილად ემორჩილებიან და ნებდებიან ეროტიკულ იმპულსებს? – სულაც არა. უბრალოდ მათ სახელი აქვთ გატეხილი იმ მარტივი მიზეზით, რომ ქალები გაცილებით მალე და ადვილად ხვდებიან ქმრის ღალატს, ვიდრე ქმრები ცოლისას. მოგეხსენებათ, „თუ არ დაიჭირე, ქურდი არ არისო” და ასე შერჩათ მამაკაცებს მოღალატის იარლიყი! ისე კი, „საყოფაცხოვრებო ღალატის” უმრავლეს შემთხვევაში, დასჯის მექანიზმი არ მუშაობს.