დააინტერესე და გააოცე
რატომ გგონიათ, რომ რადგან ტოპ-მოდელის გარეგნობა არ გაქვთ, მამაკაცს ვერ დააინტერესებთ. პარამეტრები და გრძელი ფეხები მართლაცდა სერიოზული საცდურია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. ხომ იცით, რომ მამაკაცები დიდი ბავშვები არიან?! ჰოდა, ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ მათი უმრავლესობა 25-დან 45 წლის ასაკის ჩათვლით, სიამოვნებით გაერთობა ატრაქციონებზე. ისარგებლეთ ზაფხულით და დაპატიჟეთ თქვენი რჩეული გასართობ პარკში. ამ გასეირნებას ბევრი პლუსი აქვს. ჯერ ერთი რომ ძალიან გაერთობით და იმხიარულებთ, თანაც, საშუალება გექნებათ, მის ვაჟკაცურ მხარს დაეყრდნოთ. ეს ისეთი რომანტიკულია...
რადგან შესაფერისი სეზონია და მით უფრო, თუ ატყობთ, რომ მას ეს მოსწონს, წაჰყევით სათევზაოდ. თვითონ ამას, ალბათ, არ შემოგთავაზებთ, რადგან დარწმუნებული იქნება, რომ უარს მიიღებს. გააოცეთ და თავად თხოვეთ, წაგიყვანოთ სათევზაოდ. როცა მამაკაცი ხედავს, რომ ქალს შეუძლია, იცხოვროს მისი ინტერესებით, ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თანაც, მამაკაცი, რომელიც ქალს თევზაობას ასწავლის (საერთოდაც, როცა რამეს ასწავლის), თავს ბრძენთაბრძენად მიიჩნევს, რაც მის პატივმოყვარეობაზე დადებითად აისახება. ეს კიდევ ერთი პლუსი, თქვენს სასარგებლოდ.
მანქანა გყავთ? – არა! არ არის პრობლემა. თუ მას მაინც ჰყავს, ესეც შეგიძლიათ, თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. უთხარით, რომ მასზე კარგად ვერავინ გასწავლით ავტომობილის მართვას, რადგან პროფესიონალიც არის და ძალიან ნიჭიერი „პედაგოგიც”. გასაგებია, რომ ასე არ ფიქრობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, თქვენი რეალური პოზიცია სრულიად უსარგებლოა. მოკლედ, ალბათ, უკვე მიხვდით, როგორ უნდა იმოქმედოთ. მთავარია, გააკეთოთ ის, რის გაკეთებასაც თქვენგან არ ელოდებიან, მაგრამ ზედმეტიც არ მოგივიდეთ. სიურპრიზი აუცილებლად პოზიტიური უნდა იყოს.