არ არის საშიში...
როცა ოჯახური ცხოვრება ჰარმონიულად მიედინება თავის კალაპოტში, ეს უკვე ბედნიერებაა, მაგრამ არცთუ იშვიათია, როცა ქალი მხოლოდ იმიტომ ცხოვრობს მამაკაცთან, რომ მარტო დარჩენის ეშინია. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ქალები კაცებზე უკეთ უძლებენ მარტოობას, თუმცა, არანორმალურად ეშინიათ მისი. კაცები ვერ უძლებენ, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, მარტო დარჩენას, მაგრამ მისი შიში, ძალიან იშვიათად აწუხებთ.
ის, რომ ქალისთვის ქორწინება სტაბილურობის განცდაა, რაც მას ძალიან სჭირდება, კაცისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ის ფიქრობს – დავრჩები მარტო? მერე რა, ეს სულაც არ არის საშიში. მას არ შესწევს უნარი პერსპექტივაში დაინახოს მომავლის რეალობა – მით უმეტეს, ვერ წარმოიდგენს, რას ნიშნავს, როცა არავინ ზრუნავს შენზე და არავის სჭირდები.
კიდევ ერთი ფაქტი: მარტოობა ძალიან უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. მით უფრო მამაკაცისაზე. ქალს შეუძლია, გამოძებნოს არსება, რომელზეც იზრუნებს და თავის პოტენციალს დახარჯავს – მამაკაცს არა. ბევრი მამაკაცი გინახავთ, რომელსაც მარტო დარჩენილს კატა, ან ძაღლი შეუფარებია? – არა! იმიტომ, რომ მათ საკუთარ თავზე ზრუნვაც უჭირთ, არათუ, ოთხფეხაზე. ბუნებამ სქესთა შორის ბალანსი ისე გადაანაწილა, რომ კაცზე უნდა ზრუნავდნენ. ქალი კი პირიქით, სხვებზე უნდა ზრუნავდეს. მამაკაცი მხოლოდ მაშინ არის „გამცემი”, როცა საქმე შთამომავლობის გაგრძელებას ეხება. ქალიც მხოლოდ ამ დროს გადაიქცევა „მიმღებად”, რათა მერე ორმაგად გასცეს. ანუ, რა გამოდის?! – ყოფილა თუ არა საშიში კაცისთვის მარტოობა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ისევ მათთვის, ანუ მამაკაცებისთვის მიგვინდია.