ვაჰ, დრონი... დრონი...
ნოსტალგია არაფერ შუაშია. უბრალოდ, გვინდა ზოგიერთ ქალბატონს სულის მხნეობა და საკუთარი თავის რწმენა დავუბრუნოთ. იყო დრო, როცა ქალების ეშინოდათ მამაკაცებს (ბევრს ახლაც ეშინია, მაგრამ გამხელის რცხვენია). თან, მამაკაცსაც ხომ გააჩნია?! ეს მამაკაცები არც მეტი, არც ნაკლები, შეუპოვარი და მამაცი რომაელი ჯარისკაცები იყვნენ. მოკლედ, სანამ კაცები ომობდნენ, ქალებმა სულ აიშვეს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ გლადიატორების ბრძოლებშიც კი იღებდნენ მონაწილეობას. ქალები, საბრძოლო ეტლებზე ამხედრებულები დასდევდნენ არენაზე გლადიატორებს და მამაკაცებზე გაცილებით შეუბრალებლებიც იყვნენ. ამ თამაშებში აქტიურ მონაწილეობას, მატრონებთან ერთად, კურტიზანი და მონა ქალებიც იღებდნენ. უკვე მაშინ იყვნენ ქალები, რომლებიც ოჯახის გამოკვებას საკუთარ თავზე იღებდნენ. მერე რა, რომ ეს მამაკაცის ფუნქცია იყო? ძალიან ბევრი მხედრისა და სენატორის ოჯახი გააღატაკა სამოქალაქო ომებმა. მათი ცოლები იძულებულები იყვნენ, საკუთარი თავი არენდით გაეცათ ახალი რომაელებისთვის. ქმრები ზოგჯერ თანახმანი იყვნენ, ზოგჯერ ძალიანაც არ მოსწონდათ ეს, მაგრამ ქალბატონებს მაინც თავისი გაჰქონდათ. საუბარი არ არის პროსტიტუციაზე – არავითარ შემთხვევაში. იჯარით გაიცემოდა არა სხეული, არამედ დახვეწილი მანერები და ინტელექტი. არისტოკრატი ქალბატონები ერთბაშად გამდიდრებულ „ახალ” რომაელებს იმის შეძენაში ეხმარებოდნენ, რაც მათ ოჯახებმა ვერ მისცეს. ავგუსტიანეს ეპოქაში ქალების მდგომარეობა ძალიან შეიცვალა. მათ ხმაც აიმაღლეს და მამაკაცები იძულებულნი გახდნენ, პოზიციები დაეთმოთ და საკუთარ ცოლებს დამორჩილებოდნენ. აი, ასე, ქალბატონებო, ხომ შეგახსენეთ, ვისი „გორისანი” ხართ. ოღონდ არ თქვათ, რომ რომი აქედან ძალიან შორსაა. მთავარი ეს არ არის, ყველგან – ყველა ქვეყანაში და ყველა ეპოქაში, ქალი ყოველთვის ქალად რჩება და ფაქტიც სწორედ ესაა!