რით საზრდოობდა ქალის ორგანიზმი მოუსავლიანობის პერიოდში და რამდენი ცოლის ყოლა შეეძლო ტანზანიელ მამაკაცს
უცხო ქვეყანაში მოგზაურობა თავისთავად უკვე საინტერესოა, არ აქვს მნიშვნელობა, ცივილური ქვეყანა იქნება ის თუ არაცივილური. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, სრული პროფესორის, ნუგზარ სიხარულიძისთვის ტანზანიაში ცხოვრება იმდენად შთამბეჭდავი და საინტერესო გამოდგა, რომ ზესახელმწიფოში წასვლას აფრიკაში მოგზაურობა ურჩევნია.
ნუგზარ სიხარულიძე: მოგზაურობა არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც ადამიანმა შეიძლება მიიღოს, მაგრამ მე მხოლოდ ორჯერ ვიმოგზაურე როგორც ტურისტმა. უფრო საინტერესო სათავგადასავლო ისტორიები მივლინებაში ყოფნისას გადამხდა. ჩემი პირველი გასვლა საბჭოთა კავშირიდან მოხდა 1971 წელს, როცა მივლინებით გამიშვეს ტანზანიაში. დავამთავრე უცხო ენათა ინსტიტუტი. მაშინ არსებობდა ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტი და როგორც იმ კომიტეტის თარჯიმანი, ტანზანიაში გამგზავნეს
– მაგრამ მაშინ საზღვრის გადალახვა ძნელად თუ ხდებოდა, რადგან ესეც კრემლის გადასაწყვეტი იყო.
– დიახ, მაშინ მხოლოდ მოსკოვიდან გადიოდა ყველა სახის თვითმფრინავი, მანამდე კი, სანამ ჩემი წასვლა გადაწყდებოდა, დაბარებული ვიყავი კრემლში. იქ ვნახე ვიღაც კაცი, რომელმაც გადმომცა წიგნი ამგვარი სათაურით „საბჭოთა კავშირის მოქალაქის ცნობარი უცხოეთში მოგზაურობისას“. იმავე საღამოს გავფრინდი, მაგრამ ტანზანიამდე რამდენიმე რეისის გამოცვლა დამჭირდა. მოსკოვიდან ჯერ კაიროში ჩავფრინდი, მერე სუდანში მოვხვდი, იქიდან – ხართუმში, შემდეგ უგანდაში და კამპალადან ტანზანიაში ჩავაღწიე. საბჭოთა კავშირის დროს ვალუტას ხელზე არავინ გაძლევდა და აბსოლუტურად უფულოდ წავედი, ორი ჩემოდნის ამარა. ერთ ჩემოდანში მედო სიგარეტი „კოლხეთი“ და მეორეში სპირტი, რადგან, მირჩიეს, იქაურ ხალხს სმა უყვარსო. ვიცოდი, რომ ტანზანიაში სულ სიცხე იყო და ტანსაცმლით ჩემოდანი არ დავიმძიმე. როცა თვითმფრინავიდან ჩამოვედი, მოვარდა „ნასილშჩიკი“, სტაცა ჩემს ჩემოდნებს ხელი, მოკლედ, ფუტკარივით აბზრიალებს კაცი თავს და არ მშორდება, ჰგონია, ჩემგან გასამრჯელოს მიიღებს, მაგრამ, რა ვქნა, როცა ჯიბეში კაპიკიც არ მიგდია? არ იჯერებდა, რომ ფული არ მქონდა და მერე ისღა დამრჩენოდა, სიგარეტი „კოლხეთი“ მიმეცა მისთვის. კარგა ხანს მაკვირდებოდა. მერე წავიდა, ბუტერბროდი იყიდა და, რომ დამინახა, ნერწყვს ვყლაპავდი, გავარდა და აქეთ არ მიყიდა ბუტერბროდი?! ის კი არა, მერე ფულსაც მაძლევდა, მაგრამ, არ გამოვართვი, ვიუარე. ასე ვაი-ვაგლახით ჩავედი ტანზანიაში, ქალაქ დადომაში. საცხოვრებელ სახლებში ვიყავით, მაგრამ მერე, 6-7 თვის განმავლობაში ტყეში გადავედით, კარვებში საცხოვრებლად. იქ არანაირი წარმოება არ არსებობდა. მოჰყავდათ მხოლოდ მოსავალი, მაგრამ მე პირადად ქათმის ჭამა მერჩია და ამიტომ ვუცვლიდი ლურსმნებს ქათამში.
– რას ამბობთ, იქ ლურსმნებს ქათმის ფასი ჰქონდა?
– გულზე იკიდებდნენ ლურსმნებს, რასაც მათთვის, მგონი, ოქროს ფასი ჰქონდა. ისინი ლურსმანს სამკაულად და სახლების ასაშენებლად იყენებდნენ. თეთრ კაცს რომ დაინახავდნენ, ძალიან უკვირდათ. ჯერ მოგესალმებოდნენ, მერე ჩაიმუხლებდნენ შენ წინაშე, თაყვანს გცემდნენ. მოკლედ, დიდი პატივისცემით ვსარგებლობდი. მე ტანზანიაში გეოლოგების ექვსკაციან ჯგუფში მოვხვდი. ისინი რუსები იყვნენ, მხოლოდ მე გახლდით ქართველი, თუმცა, ძალიანაც რომ გდომოდა, ტანზანიელებს ვერც აუხსნიდი, საქართველო სად მდებარეობდა. ჩვენს არსებობაზე ისედაც არაფერი იცოდნენ, მხოლოდ ზოგიერთს გაეგო საბჭოთა კავშირის შესახებ და, ამიტომაც, რუსების გარდა, სხვა ერს არ იცნობდნენ. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან მათი განათლების დონე ძალიან დაბალი გახლდათ, ზოგიერთმა წერა-კითხვაც კი არ იცოდა.
– ტანზანიაში ყოფნისას რამე ფათერაკში ხომ არ გაეხვიეთ?
– მსგავსი სიტუაციები არაერთხელ ყოფილა, მქონდა გამადიდებელი სარკე, რომელიც იქაურ ბელადს ვაჩუქე. რა თქმა უნდა, გაუხარდა და საღამოს პურ-მარილზე დაგვპატიჟა. არ გეგონოთ, რომ იქ პურ-მარილი და გემრიელი საჭმელების ასორტიმენტი ჰქონდეთ. ისინი ბანანებისგან აკეთებენ თხელ, ფაფასავით საჭმელს, რომელიც დუღილში ალკოჰოლს გამოყოფს – ესაა მათი ნაციონალური საჭმელიც, ღვინოც და არაყიც. მე და ერთმა გეოლოგმა მიპატიჟება მივიღეთ. რომ მივედით, კოცონი ენთო და ნაციონალურ სასმელს წრუპავდნენ. ჩვენც დაგვპატიჟეს ამ სასმელზე. მერე ტამტამებზე დაკვრა დაიწყეს. ერთი კაცი დადიოდა, რომელიც იყო ამ ცერემონიის ხელმძღვანელი, მას ეჭირა გრძელი, დიდი ჯოხი, ვისაც ამ ჯოხს ჩაარტყამდა, ცეკვის უფლებაც მას ჰქონდა, დანარჩენები იდგნენ და ელოდნენ, როდის დაარტყამდნენ ამ ჯოხს. ცერემონიის ხელმძღვანელმა ჯერ იმ გეოლოგს ჩაარტყა ჯოხი, რომელთან ერთადაც ვიყავი, აცეკვდა და დაიწყო ხტომიალი – აბა, ტანზანიელები ცეკვის ოსტატობით არ გამოირჩევიან. მერე მე ჩამარტყა ჯოხი და მეც ჩავები ცეკვის ფერხულში. ჯოხის ჩარტყმა იქ დიდ პატივად ითვლებოდა და იმდენი მარტყეს ჯოხი, სანამ სიქა არ გამძვრა (იცინის). საღამოდან დაწყებული, გათენებამდე, გაუჩერებლად ვცეკვავდით. გაჩერების უფლება არ მქონდა და, აბა, რა მექნა? იმ დღეს, მგონი, ათი კილო დავიკელი.
– რა შეგიძლიათ თქვათ ტანზანიელთა ადათ-წესების შესახებ?
– მართლა უცნაური წესები ჰქონდათ, რაც დაკავშირებული იყო ცოლის მოყვანასთან. იქაურმა კაცმა დაოჯახება თუ გადაწყვიტა, მანამდე ლომის მოკვლაა აუცილებელი. მან ტომის ბელადთან უნდა მიიტანოს მოკლული ლომი ან მისი სხეულის ნაწილები, რომ დარწმუნდნენ მის სიძლიერეში, მაგრამ ეს ხდება ერთეულ შემთხვევაში. რადგან ყველას არ შეუძლია ლომის მოკვლა, მათი წესის მიხედვით, ასეთი კაცი სუსტია და ცოლის მოყვანის ნება არ აქვს. ამის გამო იქ მამათმავლობაა გავრცელებული, ხოლო იმ კაცს, ვისაც ბედი გაუღიმებს და ლომს მოკლავს, უფლებას აძლევენ, რამდენიმე ცოლიც იყოლიოს, რომ ძლიერი თაობა გაამრავლოს. ტანზანიაში დასაშვებია ცოლის გაყიდვაც. მინდა, აქვე ერთი ისტორიაც გავიხსენო: მე და რამდენიმე გეოლოგი ტყეში ვიყავით, როცა მოვიდა იქაური კაცი ცოლთან ერთად და მითხრა: ფული მჭირდება, უნდა წავიდე. აქ ფულის კრიზისია, ვერსად ვიშოვი, და ერთი თვით მოგყიდი ჩემს ცოლსო. მე ავუხსენი, რომ ვიყავი ყველაზე მაღალი მორალის მქონე ქვეყნიდან და ეგეთი წეს-კანონების მოწინააღმდეგე. თუმცა, იმ კაცს მაინც ვერაფერი გავაგებინე.
– საინტერესოა, რა თანხის სანაცვლოდ თმობდა ერთი თვით ცოლს?
– 17 შილინგად, რომელიც 2-3 დოლარს უტოლდებოდა. ჩვენ კი არ გვინდოდა მისი ცოლი, მაგრამ ის კაცი ჩაგვაცივდა – სანამ ჩემს ცოლს არ იყიდით, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო და, ჩვენც, ვიყიდეთ, მეტი რა გზა გვქონდა? ის ქალი გვილაგებდა სახლს და გვემსახურებოდა. ერთი მზარეული კაცი იყო და იმან ისარგებლა ჩვენი ნაყიდი ქალით. ასე გავიდა ერთი თვე და მერე ისევ დაუბრუნდა თავის გამყიდველ ქმარს.
– ბატონო ნუგზარ, ტანზანიაში ორი წელი იყავით. არჩევანის უქონლობის გამო ზანგი ქალით არ დაინტერესებულხართ?
– იქ სულ ზანგი ქალები იყვნენ, მაგრამ მათ ფერშიც იყო განსხვავება: ზოგი ზედმეტად შავი იყო, ზოგი – შოკოლადისფერი, შეხვდებოდით მულატებსაც. მათგან გამოირჩეოდნენ ბურუნდიელი ქალები, რომლებიც თვალში მოგხვდებოდნენ. მე მქონდა კვარცის კრისტალები, რომლებსაც ალმასისგან ვერ განასხვავებდი. იქაური ხალხი გაგიჟდა, ისე მოეწონათ ჩემი ქვები, ვინც კი იმ სოფლებში ზანგის კვალობაზე ლამაზი ქალი იყო, ყველა მოიყვანეს, ქალებს მჩუქნიდნენ ამ კრისტალების სანაცვლოდ. მე უარი ვთქვი და იქიდან უკანმოუხედავად გამოვიქეცი. ტანზანიაში ქალები ერთნაირი ტანსაცმლით დადიან, ზეწარივით ნაჭერი აქვთ შემოხვეული – სულ ესაა მათი აღკაზმულობა. იქ ცხოვრობენ მუსლიმანები და ქრისტიანები. ვინც ქრისტიანია, იმათ ოჯახში ცოლქმრობის საკითხი უფრო მოწესრიგებულია და ქმრები ცოლებს არ ყიდიან, არც მრავალცოლიანობაა მათთვის მიღებული, შედარებით ცივილიზებულად ცხოვრობენ, ვიდრე სხვები.
– როგორც ვიცი, ტანზანიაში კლიმატური პირობებიც განსხვავებულია.
– მართლაც საოცარი ამინდებია – ექვსი თვე წვიმს, ექვსი თვე დარია და ქალებს სხეულის ფორმაც ამის მიხედვით ეცვლებათ. წვიმების დროს მოსავალი ბევრია, ქალები მაშინ მადიანად ჭამენ და ამ დროს მხოლოდ უკანალი ეზრდებათ – ის კუზივით აქვთ გამობზეკილი, ხოლო სიცხეების დროს მოსავალი ნაკლებია და უკანალის ადგილი უდნებათ, ანუ, იქ დაგროვილი ცხიმისგან იკვებება მათი ორგანიზმი. ასე რომ, იქაურ კლიმატურ პირობებზეა აწყობილი ქალის ფიზიოლოგია. როგორ გასაკვირიც უნდა იყოს, ასეა (იცინის). გინახავთ აქლემის კუზი? – ისეთივე კუზი აქვთ იქაურ ძროხებს.
– იქაურ ნაციონალურ კერძებზე რას იტყვით?
– ძირითადად თევზს ეტანებოდნენ, იყო უცხო და უცნაური კერძებიც, მაგრამ მე ვცდილობდი, კარგად გამომეკვება თავი და მჭადებს ვაცხობდი. ყველი არ უვარგოდათ, მაგრამ, რა გაეწყობოდა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ტანზანიელებისთვის ნაციონალური საჭმელი იყო ღომი და ზუსტად იმავე ტექნოლოგიით ამზადებდნენ, როგორც ჩვენთან. იქ ბალახებისგან ფხალს ამზადებენ, ღომს ამოუსვამენ და მასთან ერთად ჭამენ – ესაა მათი პირველი საჭმელი. ხორცს იშვიათად ეტანებიან, ისე კი, რაც მოძრაობს, ყველაფერს გეახლებიან, ესაა ბუზი, ნიანგი, ბეჰემოთი, მაჩვი, ზღარბი... ბუზი არა, მაგრამ, დანარჩენი ყველაფერი დაგემოვნებული მქონდა.
– ბატონო ნუგზარ, ვიცი, რომ არანაკლებ საინტერესო ისტორია გადაგხდათ თავს ერაყში ყოფნისას, მარტო სადამ ჰუსეინთან ერთად ვახშმობა რად ღირს.
– ერაყში ვიყავი 1977 წლიდან 1981 წლამდე, როცა იქ შენდებოდა ეკონომიკური დახმარების სამინისტრო. მაშინ ერაყი იყო მთლიანად საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ, რადგან ნავთობის დამუშავებასაც და მოპოვებასაც ისინი აწარმოებდნენ. ერაყში შენდებოდა დიდი კაშხალი და მთავარი ინჟინრის ასისტენტად მიმიწვიეს. ინგლისურ ენაზე ვთარგმნიდი პროექტებს. ერთ მშვენიერ დღეს სადამ ჰუსეინმა ჩემი უფროსი დაპატიჟა თავის რეზიდენციაში ვახშამზე და მეც მივიღე მოწვევა. მარტო ათი კაცი ვიყავით. ჰუსეინი ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა, იცინოდა, თავისუფლად გვესაუბრებოდა. იმათი საჭმელია ბრინჯის ფლავი, რომლის გარშემო იდო შემწვარი წიწილა, რა თქმა უნდა, დანა-ჩანგალზე არც იყო ლაპარაკი, ხელით უნდა გეჭამა. პატივად ითვლებოდა, თუ თანამესუფრე აიღებდა ბრინჯის ფლავს, ხელებით გუნდას გააკეთებდა და გაღებულ პირში ჩაგიდებდა. უარი, მის უპატივცემულობას ნიშნავდა. კიდევ კარგი, ჰუსეინს ლუკმა არ ჩაუდევს ჩვენთვის, გადავრჩით. სასმელს არ ვსვამდით, მხოლოდ წვენს მივირთმევდით. ჰუსეინი ლაპარაკობდა ქვეყნის პრობლემურ საკითხებზე, მოკლედ, ვახშამმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. მაშინ სადამ ჰუსეინი ახალი არჩეული იყო პრეზიდენტად. ქვეყანაში მის მოსვლამდე კორუფცია მძვინვარებდა, ამის გამო ჰუსეინმა 50 კაცი დახვრიტა. მაგრამ, რაც ის მოვიდა ქვეყნის სათავეში, სიტუაცია უარესობისკენ წავიდა. მისი სიტყვა კანონი გახდა და ტელევიზიაში ძირითადად სულ მას უჩვენებდნენ. ის იყო ერთპიროვნული მმართველი და ერაყში ცხოვრების ჩარხს ის ატრიალებდა. როცა ქუჩაში გამოვიდოდა, ხალხი იკრიბებოდა მის ირგვლივ, მერე დაიჩოქებდნენ და ნაფეხურებს კოცნიდნენ. ხალხს ეკითხებოდა, რა გიჭირთო, მაშინვე გასცემდა ბრძანებას და ჩუქნიდა ნივთებს, ან, სულაც, ფულით ეხმარებოდა მათ. ამას, რა თქმა უნდა, რეიტინგის აწევისა და პოპულარობის მიზნით აკეთებდა.
– თქვენ რამდენიმე ქვეყანაში ხართ ნამყოფი. არჩევანის გაკეთების შემთხვევაში კიდევ სად იმოგზაურებდით სიამოვნებით?
– მე ამერიკაში ვსწავლობდი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში. მიუხედავად ამერიკული ცხოვრების რიტმისა და ცივილიზაციისა, იქ ცხოვრება და მოგზაურობა იმდენად საინტერესო არაა, როგორც ტანზანიაში. აფრიკაში საუცხოო ცხოვრების წესებია და იქ ყოფნა თავშესაქცევად ნამდვილად ღირს.