როგორ მიიღო ლოს-ანჯელესის კინოსკოლაში „დიდგორის“ პრემიერის შემდეგ ნიკა ხომასურიძემ ორ სრულმეტრაჟიან ფილმზე შეკვეთა და როგორ აპირებს ის თბილისიდან მსოფლიო რეკორდის დამყარებას
პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი ნიკოლოზ ხომასურიძე ორ თვეზე მეტია, რაც თბილისში იმყოფება და როგორც წესი, უსაქმოდ არ ჩერდება. ახალ-ახალი იდეებით დატვირთული ნიკა, ამჟამად ფილმზე მუშაობს, ერთ-ერთის გადაღება უკვე დაიწყო, მეორის კი – სექტემბერში. რაც მთავარია, მას წინ ძალიან ბევრი გეგმა და იდეა აქვს.
ნიკოლოზ ხომასურიძე: ამ ეტაპზე აქ მაქვს საქმეები, სამ პროექტს ვაკეთებ. ამერიკაში ცხოვრება ისევ გრძელდება – იქ ჩავალ და ისევ გავაგრძელებ საქმიანობას. ხან აქ ვიქნები, ხან – იქ. კაცმა არ იცის, სად წახვალ – ასეთია ფილმმეიკერების ცხოვრება. კინოსკოლაში სპეციალურ კურსს გავდიოდით – „ფილმმეიკერის ცხოვრება“.
– და, როგორია ეს ცხოვრება?
– ძალიან რთული, მაგრამ, კარგი და, ეს სირთულე შენთვის სიამოვნებად იქცევა. იმ ბიზნესში ხარ, რომელიც დღესდღეობით ძალიან პრესტიჟულია და მიხარია, რომ ამ სფეროში ჩავერთე. წვალება, ტანჯვა, სიხარული, ემოციები – ყველაფერი ერთად მაძლიერებს, მზრდის, როგორც ფილმმეიკერს და მიხარია, რომ სწორ რელსებზე ვდგავარ. რაც მთავარია, სწორად ვვარჯიშობ, ვვითარდები.
– სკოლაში ხეზე ასვლას თუ გასწავლიან?
– გვასწავლიან, უბრალოდ, მერე უნდა ივარჯიშო, რომ სწრაფად ახვიდე. ზოგი ვერ ადის, ზოგი წონაში იმატებს – რაც ისწავლა იმასაც ვერ იყენებს და ძირს ვარდება. ანუ, მთავარი ფორმის შენარჩუნებაა, ესეც ერთგვარი სპორტია.
– შენ ერთადერთი ქართველი ხარ, რომელმაც ლოს-ანჯელესის კინოსკოლა დაამთავრა.
– კი და ძალიან მიხარია, რომ ასეთი სკოლა დავამთავრე. ეს სკოლა გვეხმარება ახალ-ახალი ურთიერთობის, კონტაქტების დამყარებაში, პარტნიორების მოძებნაში, ყველანაირად გვიწყობს ხელს და ხვდები, რომ შენ უკან დიდი ძალა დგას. თან შენი ნებისმიერი ფილმის, სიახლის პროპაგანდა სკოლიდან იწყება. სკოლის კინოდარბაზი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ეთმობა შენს პროექტს, ფილმს და ხალხსაც იწვევენ მის სანახავად. ახლა აქ, რასაც გადავიღებ, ყველაფერს ლოს-ანჯელესში ჩავიტან და, როგორც „დიდგორზე“, მათზეც გამიკეთებენ პრემიერას. იქ იქნება ხალხი, რომელიც დაინტერესდება. ამას კი ან ახალი შემოთავაზება მოჰყვება, ან ჩვენი რომელიმე უკვე დაგეგმილი პროექტის განხორციელება.
– როგორ მიიღო კინოსკოლის მაყურებელმა „დიდგორი“?
– სტუდენტური ფილმისთვის მართლა ძალიან კარგი იყო და რაც მთავარია, მისი დახმარებით ძალიან განვვითარდი, როგორც პიროვნება, ასევე როგორც ფილმმეიკერი. ბევრი რამ ვისწავლე. ამ ფილმმა ყველაფერი მომცა, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავის რწმენა, რომ შემიძლია, დიდი საქმეები გავაკეთო. თანაც, მისი ნახვის შემდეგ, ორ სრულმეტრაჟიან ფილმზე მივიღე შეკვეთა.
– როგორც ვიცი, თბილისში ახალი ფილმის გადაღებას გეგმავ.
– ახლა გადავიღე „დიდგორის“ დემოვერსია, შვიდწუთიანი, რომელიც აქაც უნდა ვაჩვენო და ლოს-ანჯელესშიც. აგვისტოში დაიწყო „მამაჩემის გერლფრენდის“ გადაღებები. ეს არის კრიმინალური, რომანტიკული ისტორია, დინამიკური ელემენტებით, საინტერესო სასიყვარულო სამკუთხედით. სცენარისტი ნიკა ავალიანია, მან შემომთავაზა, გადავიღოთო. მეც მომეწონა სცენარი და დავთანხმდი. გადაღებები თბილისში იქნება. ორ კვირაში მოვრჩებით. მსახიობების მთელი ჯგუფი ქართველებისგან შედგება, მხოლოდ ერთ ამერიკელს, ჩემს მეგობარს ჩამოვიყვან, რომელიც გადაღებების დროს ხმის ჩაწერაზე იმუშავებს. მსახიობები არიან: დავით ქაცარავა, რომელსაც აქვს სერიოზული შანსები, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს. ასევე, ითამაშებს სალომე ფაღავა, რომლის ნიჭი და შესაძლებლობები ძალიან მომეწონა. ასევე გადავიღებთ ალეკო მახარობლიშვილს, მამუკა ლორიას, გიორგი მეგრელიშვილს, სოფო სეფისკვერაძეს, ანი იმნაძეს, შორენა ბეგაშვილს.
– მამის როლს ვინ ითამაშებს?
– ამას საიდუმლოდ შევინახავ – ფილმში გამოჩნდება. „გერლფრენდი“ ბევრია. ეს ძირითადად ჰოლივუდური ფილმი იქნება. იმიტომ, რომ, მე როგორც ვისწავლე, ისე გადავიღებ.
– თამამი სცენებიც იქნება?
– კი. ოღონდ, სასაცილოდ თამამი და არა გამაღიზიანებელი. პრემიერა ნოემბერში შედგება თბილისში. კინოსკოლაშიც წავიღებ. რაც შეეხება მეორე ფილმს, ეს არის „დავიწყებული მეფე“, რომელსაც ერთ დუბლში გადავიღებ – 100 წუთი უწყვეტი კადრი. ეს მსოფლიო რეკორდია. ფილმი შეეხება „ვეფხისტყაოსნის“ კოდებს – ვინ იყო რეალურად შოთა რუსთაველი. საკმაოდ რთული გადასაღებია, ამიტომ ლოს-ანჯელესიდან ჩემი მეგობრები ჩამომყავს, რომ ყველაფერი საათივით მუშაობდეს. მისი პრემიერა, ალბათ, ბერლინის კინოფესტივალზე იქნება. მინდა, რომ მოვასწრო. ეს ფესტივალებისთვის ძალიან კარგი პროდუქტია. ყველა ნახავს, ყველას აინტერესებს. ფილმმეიკერებმა უნდა ნახონ, ეს ხომ ახალი მსოფლიო რეკორდია.
– როდის იწყებ „დიდგორის“ გადაღებას?
– ვიწყებ მომზადებას და ძალიან მინდა, მომავალი წლის შემოდგომაზე უკვე დავიწყო გადაღებები. „დიდგორი“ ძალიან დიდი პროექტია, მთელი ეპოქა უნდა შექმნა და ამისთვის მზად უნდა იყო. შენთან თანამშრომლობაზე დიდი კომპანიები რომ წამოვიდნენ, რაღაცას უნდა წარმოადგენდე. თანხებია მოსაძიებელი, ცნობილ ვარსკვლავებთან უნდა იმუშაო და ამისთვის მზად უნდა იყო. შენი და მათი სახელი, დაახლოებით, თანაბარ დონეზე უნდა იყოს, რომ არ დაიჩრდილო.
– ვისთან აწარმოებ მოლაპარაკებებს?
– ერიკ ბანასთან დავიწყე მოლაპარაკება, მოიწონა იდეა და ახლა სცენარი უნდა გადავუგზავნო, კონკრეტულ დეტალებზე დაველაპარაკო. ტაილერ მეინი, რომელიც „ტროაში“ თამაშობს, უკვე თანახმაა. კიდევ მინდა, ითამაშოს შარლიზ ტერონმა, რომელთანაც საუბრის დაწყება ჩემთვის ძალიან ადრეა. თუმცა, 3-4 თვეში, როდესაც „დავიწყებული მეფე“ გამოვა, უკვე შევძლებ, დაველაპარაკო და ფილმში თამაში შევთავაზო.
– ვის როლს ითამაშებს შარლიზ ტერონი?
– ორ როლზე მყავს წარმოდგენილი, ერთი არის მარიამ-მართა, დავითის მამიდა, ბიზანტიის იმპერატორის მეუღლე, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და ბევრ რამეს წყვეტდა იმდროინდელ პოლიტიკაში. მეორე ვარიანტია – დავითის ბავშვობის სიყვარული. ვნახოთ რა იქნება. დავითის როლზე ერიკ ბანა მყავს წარმოდგენილი. ორივე კარგად ჩაჯდება ამ როლებში. რაც მთავარია, ერიკ ბანა დაინტერესდა სცენარით, პირობებით და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადავდივართ.
– როდესაც ლოს-ანჯელესის ცხოვრების აქტიურ, საოცრად სწრაფ ტემპს, თბილისის წყნარი რიტმი ცვლის, არ გიჭირს ამასთან შეგუება?
– არა, იმიტომ რომ ქართველი ვარ და მიხარია თბილისში ჩამოსვლა. რა თქმა უნდა, ტემპი ძალიან განსხვავდება. მთელი მსოფლიოს მეოცნებე და ფანტაზიორი ხალხი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ეს არის კინობიზნესის ადგილი, თბილისში კინო ერთი პატარა ბიზნესია, აქ მხოლოდ პოლიტიკაზე ლაპარაკობენ. იქ კი – მთლიანად კინოზე. ამ ქალაქში ადამიანი ძირითადად ამით ცხოვრობს, პრემიერებს ესწრება, ახალი ფილმი გამოდის, მერე მისი განხილვაა. სკოლაში კონფერენციებს ესწრები, დიდი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდები, მსახიობებს. მთლიანად კინოთი ცხოვრობ და ძალიან მაგარი ადრენალინია. თან ისეთ ადგილებში დადიხარ, შენთვის რომ ბრენდია. „კოდაკის“ თეატრთან ხარ, ვარსკვლავების ბულვარში, „უნივერსალ სტუდიოში“ და ეს ყველაფერი შენთვის ჩვეულებრივი ხდება. შესაბამისად, ადვილად მისაღწევიც. თან, მონაწილეობას იღებ გადაღებებში, ადამიანებს იცნობ და ერთი დიდი წრე იკვრება. მაგალითად, „ოსკარების“ დაჯილდოების წინა ღამეს, შეგიძლია, შეხვიდე „კოდაკის“ კინოთეატრში. მასთან ახლოს ვცხოვრობ, გაივლი წითელ ხალიჩაზე და უკვე... როცა ყველაფერი ასე ახლოა, შენც გიჩნდება სურვილი, შენი საქმე კარგად გააკეთო. არ არის პრობლემა, შეგიძლია, მიხვიდე „კოდაკის“ ცენტრში და იმუშაო. წელს ვერ მოვასწარი და ახლა ვიწყებ ამაზე ზრუნვას, რომ „ოსკარებზე“ გვყავდეს ჩვენი – „ნიკოლოზფილმის“ ჟურნალისტი, რომელიც ყველგან შევა და ყველაფერს გააშუქებს – მსახიობებთან ჩაწერს ინტერვიუებს და მერე შეიძლება, რომელიმე ტელევიზიასთან ვითანამშრომლოთ. პრემიერებზეც ივლიან, წვეულებებზეც და ასე შემდეგ.