ყველაზე ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური რომანები
უცხოელი ვარსკვლავების მიმართ ინტერესი ერთიორად იზრდება, როდესაც ორი მავანი „სელებრითის“ თავზე ამური გადაიფრენს და მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრესისა და პაპარაცებისგან მალულად ცდილობენ თავიანთი ფლირტის განვითარებას, დროთა განმავლობაში მაინც ყველაფერი ცხადი ხდება. ეს კი ჟურნალისტებს ცნობილ ადამიანებს შორის განვითარებული სასიყვარულო რომანების შესახებ ახალი სტატიების ან სატელევიზიო სიუჟეტების მომზადებას „ავალდებულებს“, რადგან ვარსკვლავების პირადი ცხოვრება ყოველთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე მათი წარმატება კარიერაში.
რუბრიკაში შემოგთავაზებთ ვარსკვლავების ყველაზე უცნაური რომანების შესახებ.
შერი და ტომ კრუზი
დიდი ხნის წინ, 20 წლის მსახიობს და 36 წლის მომღერალს ერთმანეთთან სასიყვარულო რომანი აკავშირებდათ. როგორც შერის უყვარს გახსენება – ჩვენ შორის ნამდვილი ცეცხლოვანი ვნება დაინთოო. წყვილმა ერთმანეთი 80-იანი წლების შუა პერიოდში, თეთრ სახლში მოწყობილ ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო. ოპრა უინფრის გადაცემაში შერი იხსენებდა, რომ ტომ კრუზმა მას ძილი დააკარგვინა – 24 საათი ის ახალგაზრდა და ენერგიულ მსახიობზე ფიქრობდა, რომელიც მას აგიჟებდა. მათი რომანი არ გამოდგა ხანგრძლივი – გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო წყვილი ხშირად ვერ ახერხებდა შეხვედრას და საბოლოოდ ისინი მშვიდობიანად დასცილდნენ ერთმანეთს.
მადონა და დენის როდმანი
პოპ-დედოფალს ყოველთვის იზიდავდნენ მამაკაცები აპოლონის ფიგურით. იყო დრო, როდესაც მას კალათბურთელი, დენის როდმანი უყვარდა. საკალათბურთო ბურთით მანევრები, რა თქმა უნდა, მადონას ნაკლებად აინტერესებდა; მას მაღალი, ტატუირებული, ფერადფრად თმაშეღებილი და სკანდალური სპორტსმენი თავისი ბრუტალურობით იზიდავდა. ამბობდნენ, რომ მადონას ძალიან უნდოდა როდმანისგან ბავშვის გაჩენა, თუმცა, დროის ნაკლებობამ, ისევე, როგორც კრუზი – შერის შემთხვევაში, აქაც იჩინა თავი. ერთ-ერთ სკანდალურ ინტერვიუში როდმანმა ისიც კი გაიხსენა, როგორ ნერვიულობდა მადონა, იმის გამო, რომ NBA-ს მატჩების განრიგი არ ემთხვეოდა ოვულაციის გრაფიკს.
კრისტინა ეპლგეიტი და ბრედ პიტი
80-იან წლებში, ანჯელინა ჯოლის საყვარელი მამაკაცი და სანიმუშო მეოჯახე, ბრედ პიტი, ხვდებოდა სერიალის „დაქორწინებულები ბავშვებთან ერთად“ ვარსკვლავს, კრისტინა ეპლგეიტს. იმ პერიოდში ბრედი ჯერ კიდევ არ იყო „პლანეტის ყველა ქალის“ სათაყვანებელი მამაკაცი. ისინი ერთად გამოჩნდნენ 1989 წლის „ემტივის“ დაჯილდოებაზე, რის შემდეგაც უხმაუროდ დასცილდნენ ერთმანეთს. მათი რომანი ნაკლებად სკანდალური და ზედმეტად მშვიდი გამოდგა.
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ფერჯი
„ჩემი მეგობრები დამცინიან, როდესაც იხსენებენ რომანს ჩემსა და ჯასტინს შორის“, – იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში „ბლექ აიდ ფისის“ სექსუალური სოლისტი ფერჯი – „რომანი იმდენად აბსურდული იყო, რომ გახსენებაც არ მინდა, თუმცა მაშინ ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით“.
ფერჯიმ და ჯასტინმა ერთმანეთი 1997 წელს, ერთ-ერთ კონცერტზე გაიცნეს. მაშინ ჯასტინი 16, ფერჯი კი 23 წლის იყო და მათ შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
ნიკოლ ქიდმანი და ლენი კრავიცი
დღემდე გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, თუ რა დაინახა მშვიდმა ნიკოლ ქიდმანმა ტატუირებულ და სკანდალურ ლენი კრავიცში ისეთი, რამაც ის გადარია და თითქმის ყველაფერი დაავიწყა. ტომ კრუზთან განშორების შემდეგ ნიკოლი ხანგრძლივ დეპრესიაში იყო და სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა მის ცხოვრებაში სკანდალური მუსიკოსი. ამბობენ, რომ ნიკოლი ლენის ცხოვრების არანორმალურ რიტმს ვერ შეეგუა და ამიტომ დაშორდა, თუმცა, ეს არცაა გასაკვირი – სახლში შვილებთან ყოფნის მოყვარულ ნიკოლს, უბრალოდ, მობეზრდა გაუთავებელ წვეულებებზე სიარული ლენისთან ერთად, რომელსაც შეეძლო, 24 საათი ნებისმიერ ღამის კლუბში გაეტარებინა.
მაიკ ტაისონი და ნაომი ქემპბელი
ვლადისლავ დორონინამდე გაცილებით ადრე, „შავ პანტერად“ წოდებული პოდიუმის ლეგენდა კრივითა და რინგზე მიმდინარე შერკინებებით ინტერესდებოდა. 80-იანი წლების ბოლოს, 17 წლის დამწყები მოდელი ერთ-ერთ წვეულებაზე მოკრივე მაიკ ტაისონს შეხვდა. წყვილი უმალ მოექცა ტაბლოიდების ინტერესის სფეროში და მათ მეტსახელიც კი შეარქვეს – „ურჩხული და ლამაზმანი“. ნაომი და მაიკი ერთმანეთს წლინახევრის განმავლობაში ხვდებოდნენ.
კიანუ რივზი და დაიან კიტონი
„პლანეტის ყველაზე იდუმალ უცოლო მამაკაცად“ წოდებული კიანუ რივზისა და მასზე 18 წლით უფროსი დაიან კიტონის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ორი წელი ხვდებოდა ერთმანეთს. კიანუს მოტოციკლი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაიანის სახლთან იდგა და დღემდე მიდის მსჯელობა იმაზე, თუ რით მოხიბლა ასაკოვანმა დაიანმა ჰოლივუდის ერთ-ერთი სექსსიმბოლო.
სარა ჯესიკა პარკერი და ჯონ კენედი-უმცროსი
სანამ ტელევიზიით შედგებოდა სერიალის – „სექსი დიდ ქალაქში“ პრემიერა და სარა ჯესიკა პარკერი მსოფლიოში განთქმული კერი ბრედშოუ გახდებოდა, იგი ბროდვეიზე სპექტაკლებში თამაშობდა და სწორედ ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, 26 წლის მსახიობს თვით ჯონ კენედი-უმცროსისგან. მიუვიდა მოწვევა ვახშამზე. ტაბლოიდებში იწერებოდა, რომ სარას ძალიან უნდოდა, კენედების რძალი გამხდარიყო და ერთხელ პირდაპირ ჰკითხა კიდეც ამის შესახებ ჯონს, თუმცა, ეს კითხვა საბედისწერო გამოდგა მათ ურთიერთობაში. 1999 წელს ჯონი ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში, ხოლო სარა იმ დროისთვის „დიდ ქალაქში“ სექსის ძიებით იყო დაკავებული.
მობი და ნატალი პორტმანი
პლანეტის ორი ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი ერთმანეთს პირველად მობის კონცერტზე შეხვდა. 14 წლის პორტმანს არ უშვებდნენ მოდური მუსიკოსის კონცერტზე ღამის კლუბში და მობიმ პირადად მოაგვარა პორტმანის კლუბში შეშვების პრობლემა. როდესაც პორტმანი სრულწლოვანი გახდა, მასა და მობის შორის ხანმოკლე რომანი გაიბა, რომლის დასრულების შემდეგ მუსიკოსი და მსახიობი მეგობრებად დარჩნენ.