რა ჯადოქრობა ჩაიდინა საკუთარ სახლში დიზაინერმა ქეთი ჯაფარიძემ
რომელიც თბილისური ბომონდის წარმომადგენლების სახლებზე ძალიან სერიოზულად ზრუნავს და უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავს, თავად ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ულამაზეს ბინაში ცხოვრობს. როგორც თავად გვითხრა, ცენტრში ცხოვრება ძალიან მოსწონს და სულ არ აწუხებს ის ფაქტი, რომ გარეთ მუდმივად ხმაური, საცობები და ქაოსია. პირიქით, დედაქალაქის მოძრაობა და მისი ყოველდღიური განვითარება ახალ იდეებს უღვიძებს, რომლებსაც დაუნანებლად უზიარებს თავის შემკვეთებს. მაგრამ ჩვენთან საუბარში ქეთიმ ერთი რამ აღიარა, საკუთარი ბინისთვის უკვე დიდი ხანია აღარ მოუცლია.
ქეთი ჯაფარიძე: როდესაც ამ ბინაში გადმოვედი საცხოვრებლად, ვერ წარმოიდგენთ რა იყო. დაახლოებით, ოცდაათი წლის წინათ გაკეთებული რემონტი, ალაგ-ალაგ შეიმჩნეოდა იმ შპალერის კვალი, რომელიც ოცდაათი წლის წინ ძალიან მოდური იყო და მას ყველა სახლში ნახავდით. კედელზე გაკრული ხალიჩები და ცალ მხარეს დაქანებული ტახტი უკვე რელიკვიად იყო ქცეული. როდესაც ბინა ახლობლებს ვაჩვენე, ვერაფრით წარმოიდგინეს, რომ ამ სახლისგან შეიძლებოდა რამე გამოსულიყო, რადგან ფართიც საკმაოდ პატარა ჩანდა. თუმცა, ტრაბახში არ ჩამომართვათ და უკვე წარმომედგინა მისი მომავალი. (იცინის) როგორც დიზაინერისთვის კი, ეს ერთგვარი აზარტი იყო, რადგან სწორედ პატარა ფართში ჩანს შენი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი. მეგობარი არქიტექტორები დამეხმარნენ და ისიც შევძელით, რომ თითოეული კუთხე საკმაოდ ნაყოფიერად გამოგვეყენებინა. კულმინაცია იყო, როდესაც ახლობლებს დასრულებული ბინა ვაჩვენე. მეუბნებოდნენ, ჯადოქარი ხომ არ ხარო.
ქეთის სახლი თბილ, რბილ ფერებშია გადაწყვეტილი. როგორც თავად ამბობს, დაახლოებით ხუთი წლის წინ ამ სტილში გადაწყვეტილი ბინები ყველაზე მოდური იყო. თუმცა, გარკვეული კორექტივები მაინც შეიტანა და პატარა რისკებსაც არ მოერიდა. მაგალითად, ერთ ოთახში ვარდისფერი და ლურჯი კედლებია.
ქეთი: რატომღაც ვფიქრობდი, რომ მუქი და ღია ფერების შერწყმა საინტერესო გამოვიდოდა და ასეც მოხდა. სიმართლე გითხრათ, ახლა უკვე იმდენად შეიცვალა ყველაფერი, რომ ამ სახლშიც სიამოვნებით შევცვლიდი ყველაფერს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ დამღალა და მომბეზრდა. ბინა ისეა მოწყობილი, ნებისმიერ კუთხეში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაკავებული ვარ და დიდი დიასახლისობითაც ვერ დავიკვეხნი, ჩემდა სამარცხვინოდ, რა თქმა უნდა, (იცინის) უმეტეს დროს მაინც სამზარეულოში ვატარებ.
– ქეთი ავეჯი შეიძინე თუ დაამზადებინე?
– ეს თემა არ გამახსენოთ! დაახლოებით ნახევარი წელიწადი დასჭირდა ამ ავეჯის დამზადებას. ან ცუდად ვუხსნიდი ან საერთოდ ვერ იგებდნენ რას ვითხოვდი. აქედან გამომდინარე, ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდი. მიწევდა ერთი და იგივე, ვთქვათ, თაროს ან უჯრის ათჯერ-თხუთმეტჯერ შეცვლა. რომ გითხრათ, იდეალურობამდე მივიყვანე-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ სამაგიეროდ ყველა ხელოსანი და მუშა უკვე ჩემი კარგი მეგობარია, რაც ზოგადად საქმეში ძალიან მადგება.
– ახლა როგორი სახლებია მოდაში, რა ფერებში გადაწყვეტილი?
– ისევ წყნარი ტონები დომინირებს, მაგრამ უფრო აქტუალური თეთრია და თეთრთან მიახლოებული ნაცრისფერი. მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ ეს ფერები რაღაცნაირად ისე გადავათამაშო, სახლი ცივი არ გამოვიდეს. ბინა ხომ ეს არის – სითბო და სიმყუდროვე. ამიტომ თუ მოთხოვნა მონაცრისფრო სამზარეულოზეა და არა ხისფერზე, რომელიც მე ძალიან მომწონს, მაშინ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, სამზარეულოს ტექნიკა ვერცხლისფერი იყოს, რისი სურვილიც ბინის მეპატრონეებს აქვთ ხოლმე. ამ შემთხვევაში, სახლი რაღაც სუსხიანია. ვუხსნი და ვაჯერებ, რომ ნაცრისფერი ისეთია, რომელიც უამრავ ფერს იხდენს, ამიტომ მისი შეხამება შესაძლებელია თეთრთან, ღია ყვითელთან, შინდისფერთან და სხვა. გამოდის, რომ რაღაც კუთხით ფსიქოლოგიც ვარ, ბევრს ვესაუბრები შემკვეთს, რომ მის შესახებ მაქსიმალურად ბევრი გავიგო და „გავაკეთო” ისეთი სახლი, საიდან გამოსვლაც აღარ მოუნდება.
სალომე გველესიანი