კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გახდა ანა სანაიას ცხოვრების ტემპი გაუსაძლისი და როგორი მამაკაცი ვერ იქნება ვერასდროს მის გვერდით


მსახიობი ანა სანაია ცხოვრების აქტიურ სტილს ანიჭებს უპირატესობას. როგორც თავად ამბობს, მიეკუთვნება ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელმაც ყოველთვის იცის, რა უნდა. არის მიზანდასახული და არც მაშინ ყრის ფარ-ხმალს, როცა რომელიმე წამოწყებული საქმე არ გაუმართლებს. ყოველთვის გრძნობს, როდის არის ადამიანი მის მიმართ გულახდილი და როდის – პირფერი. მასზე ბევრ ჭორ-მართალს ყვებიან, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას სულაც არ ანიჭებს.


– როგორია ანა სანაიას ცხოვრების სტილი?

– აქტიური ცხოვრების სტილი მაქვს. მინდა თუ არა, წლიდან წლამდე მაინც ასე გრძელდება, მერე რა იქნება, არ ვიცი.

– თუ შეგიძლია პასიურ ადამიანთან მეგობრობა?

– რატომაც არა. პასიურ ადამიანთან მეგობრობა განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა. ჩემნაირ აქტიურ ადამიანებს ხანდახან პენსიონერული დასვენებაც უნდათ ხოლმე. სიამოვნებით დავისვენებდი მთაში, დილით წიგნს წავიკითხავდი, ჩიტების ჭიკჭიკს მოვუსმენდი, საღამოს ადრე დავიძინებდი და ასე შემდეგ.

– წელს როგორ დასვენებას გეგმავ?

– სამწუხაროდ, ჯერ ვერაფერს ვგეგმავ, რადგან ჩემი გეგმები ცოტა არეულია.

– ყოველთვის გრძნობ, როდისაა ადამიანი შენთან გულწრფელი და როდის – არა?

– დიახ, ამას ყოველთვის ვგრძნობ.

– რეაქცია როგორი გაქვს, გამოხატავ?

– ჩემებურად ვაგრძნობინებ. პირდაპირ და უხეშად არა, მაგრამ, ის ადამიანი აუცილებლად მიხვდება. რომც არ გამოვხატო, მგონია, მაინც მიხვდება, რადგან სახეზე მაწერია. ვინც ჩემდამი სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს, მეც იგივე გრძნობა მინდა გავცე. პირდაპირი ადამიანი ვარ და პირფერობა არ გამომდის, ადვილად „ვიწვები.“

– რამ შეიძლება, შენში აგრესია გამოიწვიოს და რა შემთხვევაში გამოხატავ ამას?

– ჩემში აგრესია შეიძლება გამოიწვიოს ბოროტებამ, ან ჩემზე, ან რომელიმე ახლობელ ადამიანზე არასამართლიანმა ნათქვამმა. გაურკვეველი სიტუაციები ძალიან მაბნევს.

– ანუ, შენი წყობიდან გამოყვანა ადვილი არ არის?

– ნამდვილად. მაგრამ, თუ ვინმემ წყობიდან გამომიყვანა, ვფიქრობ, უცხო თვალისთვის ძალიან ცუდი დასანახავი ვარ.

– ყოფილა ასეთი შემთხვევა?

– ყოფილა, მდგომარეობიდან გამოვსულვარ და ყველაფერი მითქვამს. თან, იმდენად ცუდი ენა მაქვს, შემიძლია, ცოცხალი ადამიანი ერთ წამში დავმარხო. ამიტომ, არავის ვურჩევ ჩემთან ხუმრობას. შეიძლება, იმ მომენტში არაფერი ვთქვა, მაგრამ, მერე წამოვაძახო ძალიან ცუდი ფორმით. ამისგან დაზღვეული არავინაა, ჩემი ოჯახის წევრებიც კი, რადგან არც მათ ვინდობ ხოლმე.

– მიზანდასახული ხარ?

– მიზანდასახული ვარ, მაგრამ, მინდა, უფრო მეტი მიზანდასახულობა მქონდეს ცხოვრებაში. რომ არ იციან, რა უნდათ – ასეთი რაღაცეები ნამდვილად არ მჭირს.

– როცა მიზანს ვერ აღწევ, ფარ-ხმალს ყრი თუ იმედს არ კარგავ?

– ალბათ, მე ის კატეგორია ვარ, რომელიც ფარ-ხმალს არ ყრის. საერთოდ, მიყვარს ადამიანები, რომლებიც შემართულები არიან და წინააღმდეგობის შემთხვევაში არ ნებდებიან.

– დეპრესიული ხარ?

– დეპრესია ფართო ცნებაა. ვფიქრობ, დეპრესიული ელემენტები მეც მქონია, მაგრამ, იმ დონეზე, სახლში რომ იკეტებიან და თმას იპარსავენ – არა. ერთი პერიოდი შინაგანად ძალიან დეპრესიული, მელანქოლიური და სევდიანი ადამიანი ვიყავი, ახლა კი ნელ-ნელა განელდა, რადგან ის, ალბათ, გარდატეხის ასაკიდან წამოსული შეგრძნებები იყო. მაინც მგონია, რომ ცხოვრება მშვენიერია.

– ახლოს არის შენთან სპორტული ცხოვრება?

– რაც უფრო მინდა, ახლოს იყოს, მით უფრო შორს არის, რადგან, მაშინ, დილით ადრე უნდა ავდგე. ერთი პერიოდი ვდგებოდი კიდეც, ვცურავდი, დავრბოდი, მაგრამ, ერთი თვის მერე ამ ტემპში ჩემი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, დღეში 2 წუთი ჰულაჰუპი მაინც ვატრიალო.

– შენი ცხოვრების მთავარი სლოგანი რა არის?

– ჩემს ცხოვრებას ბევრი სლოგანი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად „გვიყვარდეს ერთმანეთი,“ რადგან ბოლო დროს ადამიანებს ერთმანეთი აღარ უყვართ. მაგალითად, შეიძლება, ვიჩხუბო, გავბრაზდე ვიღაცაზე, მაგრამ, სახლში რომ მივალ, ვხვდები, რომ ყველა ადამიანი მაინც ძალიან მიყვარს. ადამიანებს კი არა, მათ ცუდ თვისებებს ვიძულებ. ცუდი თვისების გამო ადამინს ხომ ვერ შეიძულებ, მას, შეიძლება, კარგიც ბევრი ჰქონდეს.

– როგორ ფიქრობ, შენ რა გაქვს ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი თვისება?

– უარყოფითი ბევრი მაქვს: ცოტა ზარმაცი ვარ, ცოტა არეული – აი, სახლში გასაღები რომ რჩებათ და ერთი საათი ამაზე ფიქრობენ – ისეთი. უარყოფითია, ასევე, ცუდი და სარკასტული ენა, მაგალითად, შემიძლია, ადამიანი უცბად გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან.

– ეს თვისებები ხელს არ გიშლის?

– როგორ არა, მაგრამ, რა ვქნა? ვცდილობ, არ გავიმეორო და რაღაც სიტუაციებში თავი ვაკონტროლო.

– რაზე არ იტყვი არასდროს უარს ცხოვრებაში?

– არასდროს ვიტყვი უარს სიყვარულზე, ვინმე თუ ფულს მომცემს – არც ამაზე. კიდევ რა... რაც უნდა რთული რამ იყოს, მაინც ვცდი, რომ გამომივიდეს – აი, ამაზეც ვერ ვიტყვი უარს.

– როგორია შეყვარებული ანა სანაია?

– როცა შეყვარებული ვარ, სულ კარგ ხასიათზე ვარ. უფრო შრომისუნარიანი, მიზანდასახული ვხდები და სულიერად და ფიზიკურად გაცილებით კარგად ვარ, ვიდრე საერთოდ.

– ეჭვიანი ხარ?

– უფრო არა, ვიდრე კი.

– როცა შენი საყვარელი ადამიანია ეჭვიანი?

– საერთოდ, როცა ადამიანი რაღაცაზე ეჭვიაბობს, ხშირ შემთხვევაში სარჩულიც აქვს ამას, მთლად ციდან ჩამოფრენილი არ არის. ხოლო, თუ უსაფუძვლოდ ეჭვიანობს, ძალიან დამთრგუნველია ყველასთვის. უსაფუძვლო ეჭვიანობამ ძალიან ბევრს დაუნგრია ცხოვრება. ასეთი ადამიანი ცხოვრებაში ჩემ გვერდით ვერ იქნება, თავს არ დავიტანჯავ ამით. იმ შემთხვევაში, თუ არც მე ვეჭვიანობ და არც ის, თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ.

– კიდევ რა განიჭებს კომფორტს?

– კომფორტს მანიჭებს, როცა ვიღაცაზე ვზრუნავ და ასევე, როცა ჩემზე ზრუნავენ. კომფორტს მანიჭებს კარგი მოსაუბრე. კომფორტია ჩემთვის შოპინგი, კარგი ფილმის ყურება, კარგი ამბის გაგება, მეგობრებთან ყოფნა ნებისმიერ სიტუაციაში, კარგი დასვენება და სიკეთის კეთება. თუ ვინმეს რამე კარგი გავუკეთე, იმ ღამეს ფანტასტიკურად მძინავს. სიკეთის გაკეთების სურვილი რომ მიჩნდება, უკვე ბედნიერი ვარ. კომფორტს საიდუმლოს გაგებაც მანიჭებს – როცა ვიცი, რომ, ამბავი, რაც მე მითხრეს, სხვებმა არ იციან, თავს კომფორტულად ვგრძნობ.

– რომელი უფრო გსიამოვნებს – შენზე რომ ზრუნავენ თუ შენ რომ ზრუნავ სხვაზე?

– ცალმხრივი არაფერი მიყვარს. მიყვარს, როცა მეც ვზრუნავ და სხვებიც ზრუნავენ.

– რისი კომპლექსი გაქვს?

– სიმსუქნის კომპლექსი მაქვს – რაც უნდა გავხდე, სულ მგონია, რომ მსუქანი ვარ. მაქვს კიდევ უცოდინრობის კომპლექსი, ანუ, თუ რაღაც არ ვიცი.

– დიეტას იცავ?

– ბოლო ოთხი წელი, ფაქტობრივად, სულ დიეტაზე ვარ. ჯანმრთელ კვებას შევეჩვიე, მეტ-ნაკლებად ავუწყვე ფეხი და საერთოდ არ მიჭირს, პირიქით, უფრო კარგად ვარ, ვიდრე ადრე. უკეთეს ფორმაში ვარ და, თან, ჯანმრთელ პროდუქტს ვიღებ – ეს კი უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.

– როგორ მოქმედებს შენზე, როცა საკუთარ თავზე ჭორს იგებ?

– ასეთი რაღაცეები არ მაღელვებს, ჩვეულებრივი მომენტია. რაც მე ჩემს თავზე ჭორი გამიგია, იქიდან 90 პროცენტზე რეაქცია არ მქონია, დანარჩენ 10-ზე კი, მეც ადამიანი ვარ და გავბრაზებულვარ.

– რომელს გაიხსებენ?

– მაგალითად, ცნობილი ჭორია, მე და ვანიკო თარხნიშვილი რომ ცოლ-ქმარი ვართ. ვერაფრით იჯერებენ, რომ ასე არ არის. ძალიან ბერი ჭორი გამიგია, რომელიც საერთოდ არ ვიცი, საიდან მოდის.

– პოპულარული ადამიანი ხარ და, ალბათ, ხალხის ყურადღებასაც გრძნობ.

– დიახ, განსაკუთრებით ბავშვებისგან. სადაც არ უნდა წავიდე, ისინი ჩემდამი ყველგან განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას გამოხატავენ. არ მესმის იმ ადამიანების და სულ მეცინება, რომ ამბობენ, ქუჩაში ფეხით ვერ გავივლი, შემჭამეს, ყველა მე მიყურებსო. ვინ ვის ჭამს, არ მესმის, დიდი-დიდი, თუ გაუხარდათ შენი დანახვა. პატარა „ჰოლივუდი“ რომ აქვთ მოწყობილი, ძალიან სასაცილოა.


скачать dle 11.3