როგორ შეიქმნა „ქეთუსია“ სერიალში „გოგონა სლაიდიდან“ და რატომ გაიღო ზუზუს გმირმა ამხელა მსხვერპლი სიყვარულისთვის
ქართულმა სერიალმა „გოგონა სლაიდიდან“, გამოსვლის დღიდან მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. ფილმში მთავარი გმირი ქალობას იწყებს, ოღონდ კი სასურველი გოგონას გვერდით იყოს. მსახიობ ზაზა ბეჟუაშვილთან (ზუზუსთან) შევეცადეთ გაგვერკვია, როგორი იყო ამ ფილმზე მუშაობის პროცესი და რეალურად თუ გაიღებს ამხელა მსხვერპლს სიყვარულისთვის.
– ზუზუ, სად ხარ, როგორ ისვენებ ამ ზაფხულს?
– გონიოში ვისვენებ ჩემთვის, წყნარად, ცოტა ბებრულად, მაგრამ მომწონს. ბათუმშიც ჩავდივარ მეგობრებთან, „ივენთებზე“, ფესტივალებზე, მაგრამ ყველამ იცის, რომ ზღვა გონიოში უფრო კარგია.
– როგორ ერთობი?
– ვერთობი, როგორც ყველა. გააჩნია, ვინ რას ეძახის გართობას. მე ვერთობი, უპირველესად, იმით, რომ არის ზღვა. საღამოს ძალიან ლამაზ ეზოში ვიკრიბებით. მიდის ქეიფი, ცოტა დალევა, ცოტა დასვენება, მერე ძილი. მოკლედ რომ ვთქვა, აქ ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება და ძალიან მომწონს.
– ზუზუ, შენ მონაწილეობ სერიალში „გოგონა სლაიდიდან“, როგორ მოხვდი ამ როლზე და არ გაგიჭირდა, თავნება ბიჭის პარალელურად ქალის როლის თამაში?
– გიგამ, როდესაც დაიწყო ამ ფილმის გადაღება, დამიბარა. გავიარე ქასთინგი და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ის ვიყავი, ვისაც ამდენ ხანს ეძებდნენ. გავიარე რამდენიმე სინჯი და მესამე დღეს უკვე როლზე დამამტკიცეს. მსახიობმა, ალბათ, ყველაფერი უნდა შეძლოს, მოერგოს როლს. თავიდან მართლა ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ შევძელი – მაქსიმალურად კარგად ვითამაშე. საერთოდ, ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი, როგორ შემექმნა „ქეთუსია“, რადგან თვითონ ფილმშივე გმირს ხომ არ უნდა ქალობა? ამას აკეთებს, როგორც მამაკაცი, ეს მოხდა სპონტანურად და თვითონ ჩემმა გმირმა გადაწყვიტა, როგორი ქალი იქნებოდა.
– ფილმში საკმაოდ სერიოზული მსხვერპლი გაიღე სიყვარულისთვის. ცხოვრებაში თუ გაიღებ ასეთ მსხვერპლს?
– ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, სწორედ ამიტომაა ეს ცხოვრება საინტერესო. ამას აკეთებს იქ ჩემი გმირი და არა – მე. რეალურ ცხოვრებაში, ალბათ, უფრო სხვა ხერხს მივმართავდი. რაც შეეხება მსხვერპლის გაღებას, რა თქმა უნდა, კარგია, როცა სიყვარულისთვის რაღაცას აკეთებ. აქ არ ვგულისხმობ, მარტო ქალ-ვაჟის სიყვარულს. ეს შეიძლება, გააკეთო მეგობრისთვის, მშობლებისთვის და ასე შემდეგ. მსხვერპლი, ალბათ, რაღაც დოზით, უნდა გაიღო, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. ამას რა შედეგი მოჰყვება, კაცმა არ იცის, მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცას სიხარულს ანიჭებ. ამით კი, უპირველესად, შენ უნდა მიიღო სიამოვნება.
– სერიალში გამოდიოდი პოდიუმზე, იდექი ქუსლებზე, გეცვა კაბა და ცოტა ხომ არ გაგიჭირდა?
– თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერს კარგად შევეგუე, რაც ყველაზე ძალიან გამიჭირდა, გრიმის გაკეთების ორსაათიანი პროცესი იყო. რომელიც ძალიან მეზიზღებოდა. ყოველდღე ეს ორი საათი ჩემთვის საშინელი ასატანი იყო. კიდევ კარგი, გრიმიორები ჩემი მეგობრები იყვნენ და ასე იყო თუ ისე, ვიტანდით ერთმანეთს.
– სერიალში ისეთი როლი გქონდა, ალბათ, ბევრჯერ ჩავარდებოდი კურიოზულ სიტუაციაში. რომელიმეს ხომ არ გაიხსენებდი?
– ო, კურიოზი მართლა ძალიან ბევრი იყო. თუ გახსოვთ სერიალიდან, პეკინზე რომ დავრბოდი ტრუსებით იმ ადგილზე, სადაც მეძავები დგანან. ჩემი შემხედვარე მძღოლები მანქანებს აჩერებდნენ, ზოგმა კინაღამ ავარია გააკეთა.
– მოდი, სხვა თემებსაც შევეხოთ. ახალ ფილმში თუ იღებ მონაწილეობას?
– კი. სექტემბერში მაქვს პრემიერა აზერბაიჯანში. წელიწად-ნახევრის წინ დავამთავრეთ გადაღებები და სექტემბერში უკვე პრემიერისთვის ვემზადები, რომელსაც ძალიან ველოდები. ეს იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის პროექტი. პარტნიორები იყვნენ – ფრანგები, რუსები... მსახიობებიც სულ უცხოელები იყვნენ. მარტო მე ვიყავი ქართველი და თან, მთავარ როლზე.
– მარტო ერთი ქართველი, როგორ მოხვდი იქ?
– ქართველი მსახიობი მარტო მე ვიყავი, თორემ დასში ძალიან ბევრი ქართველი იყო. მეორე რეჟისორი – ქალბატონი მარინა კულუმბეგაშვილი. ასევე, გამნათებელი, ოპერატორები – სულ ქარველები იყვნენ და თვითონ ფილმიც საქართველოში დამონტაჟდა. რატომ ამირჩიეს მე, ამას ვერ გეტყვით. ეს უკვე რეჟისორს უნდა ჰკითხოთ. 48 დღის განმავლობაში ვიყავი აზერბაიჯანში და სულ გადაღებები მქონდა. ფილმი მისტიკური დრამაა და ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტი იყო.
– ასეთ საინტერესო პროექტში თუ მიგიღია სხვა დროს მონაწილეობა?
– ასეთი საინტერესო პროექტი სხვა ნამდვილად არ მქონია, მაგრამ საინტერესო ფილმები იყო. რამდენიმე თვის წინ მქონდა გადაღება მოსკოვში. ეს როლიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ფილმში ვითამაშე ქართველის როლი. რატომღაც, არ მგონია, რომ ეს ფილმი ქართველმა მაყურებელმა ნახოს, რადგან რუსი რეჟისორის გადაღებულია და თემატიკა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი რუსი რეჟისორის გადაღებულია, ქართველს ბევრად დადებითი როლი აქვს რუსთან შედარებით. ეს ფილმი მოსკოვში რამდენიმე ფესტივალზე გაიტანეს და საკმაოდ სერიოზული პრიზებიც მიიღო.
– როდის იქნება შენი ფილმები ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი?
– მოსკოვში გადაღებული ფილმი რამდენად იქნება ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი, ვერ გეტყვით, მაგრამ აზერბაიჯანში გადაღებულის პრეზენტაცია საქართველოშიც იგეგმება. ფილმის პრემიერა იქნება ჯერ საფრანგეთში, შემდეგ მოსკოვში და ალბათ, საქართველოშიც ნახავს ფართო მაყურებელი. ჩემი ფილმები ძალიან საინტერესოა. მე ვუსურვებ როგორც საკუთარ თავს, ისე ყველა ჩემს კოლეგას, საინტერესო სამუშაოს და კარგ ფილმებს. როგორც ჟურნალისტებს გჭირდებათ საინტერესო რესპონდენტი, ისე მჭირდება მე საინტერესო როლები.
– როგორც ჩანს, დასვენების პარალელურად, სერიოზულად მუშაობ?
– მე საერთოდ ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ. როდესაც სამუშაო მაქვს, ვწუწუნებ და რომ დავამთავრებ, პირიქით, მენატრება მუშაობა. ამ შემთხვევაში მაქვს ერთიც და მეორეც, რაც ძალიან მომწონს. თან ვისვენებ, თან ვმუშაობ. საერთოდ კი, ჯერ აქტიური მუშაობა არ დამიწყია. მოლაპარაკების ეტაპზე ვარ. ალბათ, გადაღებებიც მალე დაიწყება. ამ ეტაპზე კი თან ვმუშაობ და თან ვისვენებ.