სად ურჩევნია ზოგიერთ მამაკაცს ცოლის აქტიურობა და რა მოვლენას ვერ მოუნახა დღემდე ახსნა მაკა ზამბახიძემ
ძალიან მოსწონს, რომ ქალად დაიბადა და არა კაცად. მიაჩნია, რომ ეს უპირატესობას ანიჭებს, ზოგჯერ სისუსტეც გამოიჩინოს და ცრემლებისაც არ შერცხვეს. დღემდე ბავშვურად მიამიტია. ყველასი და ყველაფრის სჯერა და მისი მოტყუება ძალიან ადვილია. თუმცა, მეეჭვება, მაკა ზამბახიძის მოტყუების სურვილი ვინმეს გაუჩნდეს რადგან იმისთვის, რომ გიყვარდეს, სულაც არ არის საჭირო, პირადად იცნობდე. ფაქტია ისიც, რომ, თუკი მამაკაცად დაბადებულს თავისი მომაჯადოებელი ღიმილიც გამოჰყვებოდა, ძალიან ბევრი ქალბატონი ივლიდა მისით მოხიბლული.
მაკა ზამბახიძე: ნამდვილად არ მიფიქრია ძალიან სერიოზულად იმაზე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქალებსა და კაცებს ერთმანეთის კარგად გვესმოდეს, არ ჩავღრმავებივარ ამ საკითხს ფილოსოფიურად. მე ვფიქრობ, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, იცი თუ არა ადამიანებთან ურთიერთობა. სქესს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, კაცსაც კარგად გაუგებ და ქალსაც. ადამიანს იმ კუთხიდან უნდა მიუდგე, რომელი კუთხიდანაც უფრო ადვილი და სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა. მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება.
– როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება, კაცად რომ დაბადებულიყავი?
– (იცინის) ალბათ, გაცილებით რთული. ახლა უკვე დიდი ხანია, აღარ მიფიქრია ამაზე, მაგრამ, პატარა რომ ვიყავი და ვინმე მომწონდა, ვცდილობდი, ჩემი თავი იმ ბიჭის ადგილას წარმომედგინა – მე რომ ბიჭი ვიყო, მაკას რას გავუკეთებდი და სად დავპატიჟებდი-მეთქი, (იცინის). ისე, მამაკაცის ცხოვრება გაცილებით რთულია ქალის ცხოვრებასთან შედარებით.
– თავად მამაკაცებს რომ ასე არ ჰგონიათ?!
– ვის არ ჰგონია? უბრალოდ, ეჩვენებათ, რომ, რადგან ქალს ოჯახში აქვს ბევრი საქმე, ის უფრო მეტად არის დატვირთული. ამ მხრივ, შეიძლება, მართლებიც არიან, მაგრამ, თუ კაცს გაცნობიერებული აქვს, რამხელა პასუხისმგებლობაა, იყო ჭეშმარიტი მამაკაცი, მაშინ ვერ იტყვის, რომ კაცს ადვილი ცხოვრება აქვს. საამაყოა, ატარებდე მამაკაცის სახელს და ეს არ არის მარტივად მისაღწევი. კაცს ბევრი საქმე აქვს და, კარგად რომ გააკეთოს ყველა ეს საქმე, დიდი ძალისხმევა სჭირდება, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა სერიოზული ბრძოლა აქვს გადასატანი საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. ძალიან ბევრ რამეზე მოეთხოვება პასუხი და, ჩემი აზრით, არც ეს არის ადვილი.
– ქალს ამდენი არ მოეთხოვება?
– ვერ ვიტყვი, რომ ქალს ნაკლები მოეთხოვება, მაგრამ, ქალს უფრო ეპატიება სისუსტე, ვიდრე მამაკაცს. თუმცა, კაცებს ადრე უფრო კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა. ახლა ცოტა სხვა ღირებულებები წამოვიდა.
– როგორ ფიქრობ, ქალი უნდა იყოს კაცზე მეტად აქტიური?
– გააჩნია, როგორი მამაკაცი ჰყავს მას გვერდით. პრინციპში, ქალის აქტიურობაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ, ზოგიერთ მამაკაცს ურჩევნია, ცოლი სახლში აქტიურობდეს, მაგალითად, სამზარეულოში, ზოგს კი წარმატებული და საქმიანი ცოლი ურჩევნია.
– ქმრებს ცოლები მაინც სამზარეულოში ურჩევნიათ ხოლმე.
– არც მთლად ასეა საქმე. მე ვფიქრობ, წარმატებული კაცისთვის გაცილებით სასურველია აქტიური, საქმიანი, ჭკვიანი ცოლი. მე არ მესმის იმ მამაკაცების, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს, არ იმუშაოს და მარტო ბავშვებსა და ქმარს მიხედოს. რატომ შეიძლება, კაცს ამისი სურვილი გაუჩნდეს, ამ მოვლენას დღემდე ვერ მოვუნახე ახსნა. ვერაფრით ვიგებ, რა იმალება ამის მიღმა. ალბათ, ეს იმ მამაკაცებს ემართებათ, რომლებსაც საკუთარი თავის რწმენა აკლიათ და ცოტა არასრულფასოვნების კომპლექსიც აქვთ.
– ამბობენ, რომ კაცები უფრო ხშირად ქალების ჭკუაზე დადიან.
– გააჩნია ქალს (იცინის). თუ ქალი ჭკვიანია... მაგრამ, ასეთი ჭკვიანი ქალი ცოტაა, ხომ მეთანხმები და ჭკუასთან ერთად კიდევ რაღაც არის საჭირო, რომ შენი „მე“ ყოველთვის წინა პლანზე იყოს. წეღან ურთიერთობის ცოდნაზე ვსაუბრობდი და ესეც იმ ცოდნის ნაწილია.
– შენ თუ გაქვს ეს ცოდნა?
– (იცინის) მე? არა, ჯერ ვსწავლობ, და უკვე ვისწავლე ის, რომ კაცებს არ უყვართ წუწუნა ქალები. მეც ვცდილობ, არ ვიყო ბუზღუნა, წუწუნა და ბევრი შენიშვნა არ მივცე. ასეთი რაღაცეებით კაცებს მალე აბეზრებ თავს. როგორ გამომდის ეს – არ ვიცი.
– ბუზღუნისა და შენიშვნების გარეშეც რომ არ გამოდის?!
– გამოდის. მე ძალიან ბევრ ოჯახში მინახავს იმის მაგალითი, რომ გამოსულა. გაცილებით ჯობია, ჩხუბისა და ბუზღუნის გარეშე, მოფერებითა და ხერხით გააკეთებინო საქმე. ჩხუბი არავისზე არ ჭრის – არც კაცზე და არც ბავშვზე. დალაგებული ურთიერთობები ჯობია, მშვიდი და გაწონასწორებული.
– რატომ ვერ ეგუებიან კაცები ქალს საჭესთან?
– (იცინის) ალბათ, იმიტომ, რომ ქალების უმრავლესობამ ახლახან ისწავლა მანქანის მართვა და ჯერ იმხელა პრაქტიკა არ აქვთ, რომ პროფესიონალურად ატარონ. მეც ახლა ვისწავლე ტარება და ძალიან ვცდილობ, ქალაქის მძღოლების რიტმს ავყვე, რომ უკნიდან სიგნალი არ მივიღო. მაგრამ, მე მამაკაციც ბევრი მინახავს, საშინლად რომ დადის, მით უმეტეს, ისინი გაცილებით ადრე დასხდნენ საჭესთან. გვაცადონ, ბატონო და ჩვენც ვისწავლით კარგად. მოვა დრო და ჩვენც მივუსიგნალებთ უკნიდან.
– ამბობენ, რომ მამაკაცის ტვინი ქალისაზე ასი გრამით მძიმეა.
– ვაიმე, მე ასეთი რაღაცეები არ ვიცი (იცინის). არ ვიკვლევ, ვისი ტვინია მძიმე, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითქმის ყველა საქმეში კაცი მაინც ლიდერია, ასე იქნება, ანუ, ვეთანხმები ამას. მე არ ვარ ეგოისტი და არ დავიწყებ იმის მტკიცებას, ქალები ვართ, რაც ვართ-მეთქი. პირიქით, მიმაჩნია, რომ ის, რაც ქალის გასაკეთებელი არ არის, არც უნდა გააკეთოს.
– მატრიარქატის დროს ხომ იყო ქალი ლიდერი?
– იყო, მაგრამ, ეს ისე ცოტა ხანს გაგრძელდა, ეტყობა, ქალს დიდად არ მოეწონა, თორემ, უფრო დიდხანს გასტანდა. მე არც იმის მომხრე ვარ, რომ მამაკაცების მეტისმეტი აქტიურობით ქალები დაიჩაგრონ. ყველა თავის ადგილზე უნდა იყოს და თავისი საკეთებელი აკეთოს – ეს არის, ჩემი აზრით, იდეალური მდგომარეობა.
– როგორი კაცი იქნებოდა მაკა?
– ისეთი, როგორიც ახლა ვარ – მოსიყვარულე, თბილი, დამთმობი... ბევრს კი ვლაპარაკობ, მაგრამ, ძალიან დამთმობი ვარ. არ მიყვარს კონფლიქტი და კონფლიქტური ადამიანები, მირჩევნია დავუთმო.
– უჰ, დაგჩაგრავდნენ ქალები!
– (იცინის) თბილსა და მოსიყვარულეს დამჩაგრავდნენ? ამით ისარგებლებდნენ? რა ვიცი, აბა?! მე ძალიან ბავშვური ვიყავი. ყველასი და ყველაფრის მჯეროდა და ყველა მატყუებდა. მაგრამ, ახლა თითქოს ცოტ-ცოტა რაღაცეები ვისწავლე. ხომ იცი, საკუთარ თავზე რომ გამოცდი, რა საშინელებაა. შენს სიმართლეს რომ ვერ პოულობ, მერე ცოტა აზრზე მოდიხარ. მაგრამ, ახლაც ძალიან ბავშვური ვარ, ადვილია ჩემი მოტყუება და დაჩაგვრა.
– მერე, მეუღლე არ გიცავს?
– როგორ არ მიცავს, მაგრამ, მაინც არის მომენტები, როცა ჩემი სიმართლე ვერ დამიმტკიცებია. ზოგადად ვამბობ ამას, ჩემს მეუღლეს არ ეხება. ვახოც ძალიან მიმნდობი და ალალია, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, ძალიან გაწონასწორებული და ცოტათი დისტანციური. მე ზედმეტად გახსნილი ვარ.
– ვისი ბრალია, სამოთხიდან რომ გამოგვყარეს?
– ეგ ძალიან სერიოზული თემაა და ასე მარტივად ვერ გიპასუხებ. მე მგონი, ამ შემთხვევაში ქალმა და კაცმა ერთმანეთს გაუგეს და პასუხიც თანაბრად უნდა აგონ.