კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ხმები ესმის ღამით კახა კუხიანიძეს და რის გამო უწევდა მას ბუჩქებში და ხეებს უკან დამალვა


მომღერალი კახა კუხიანიძე ძალიან მხიარული, კომუნიკაბელური და ხალისით სავსე ადამიანია. მის გვერდით ადამიანი, ნამდვილად არ მოიწყენ, არც თავგადასავლები მოგაკლდება და არც კარგი გუნება-განწყობა. როგორც თავად ამბობს, ყოველთვის ცდილობს, გამოუვალი სიტუაციიდან იუმორის გრძნობის დახმარებით დაიძვრინოს თავი, მაგრამ, ამ დროს ისეთ გაუგებრობაში ეხვევა, მტრისას.

კახა კუხიანიძე: სასაცილო თუ კურიოზულ სიტუაციაში ჩავარდნილს იუმორის გრძნობა კი მშველის, მაგრამ, ამ დროს მირჩევნია ხოლმე, დედამიწა გასკდეს, შიგ ჩავვარდე და ზემოდან მიწა დამეყაროს (იცინის).

– ხშირად ხდება ასეთი „მიწადასაყრელი” სიტუაციები?

– კი, ხშირად ხდება და, ისეთი ვარ, მირჩევნია, მოვკვდე, იქ არ ვიყო. უაზროდ ვიცინი და ამით სხვებსაც ვაოცებ. ამას წინათ მეგობართან მივედი. სახლში რომ შევედი, ვიღაც უცნობი ბიჭი დამხვდა. ისეთი გარეგნობა ჰქონდა, შეხედვა და სიცილის ატეხვა ერთი იყო. მოკლედ, მოვაღე პირი და ვიცინი და ვიცინი. ჩემმა მეგობარმა იცის ჩემი ამბავი, აი, ის „კლიენტი“ კი გადაირია, ვერ მიხვდა, რა მაცინებდა, რამ ჩამაგდო ისტერიკაში, რატომ ვეღარ ვკეტავდი პირს. დაახლოებით ორი საათი ვიცინე ასე ისტერიკულად და, ბოლოს, ფინიშისკენ რომ წავედი, მეგობარს ვთხოვე, ცრემლები რომ მოვიწმინდო, ერთჯერადი „სალფეთქი“ მომეცი-მეთქი. იმ უცნობმა არ დააძრო ჯიბიდან ხელსახოცი და მითხრა, ინებეთო?! თან, ისეთი სასაცილო ხმა ჰქონდა, ისევ შემიბრუნდა სიცილის ბაცილა და უფრო მაგრად ავკისკისდი. გადაირია ის „კლიენტი“. ეტყობა, იფიქრა, ეს ვერ არის, ეცინა და ისე მოსულიყო, აქ რა, სასაცილო ოთახი არისო? (იცინის). სულ ცოტა მყოფნის და, თუ ავტეხე სიცილი, ვეღარ შემაჩერებთ.

– კარგა ხანს ემალებოდი პატრულებს. რაში იყო საქმე, გეშინოდა მათი, თუ აშავებდი რამეს?

– არც მათი მეშინოდა და არც ვაშავებდი რამეს, უბრალოდ, მართვის მოწმობა არ მქონდა და საჭესთან ვიჯექი. რომ დავინახავდი პატრულებს, უნდა გენახათ, კურდღელივით, ხან რომელი ბუჩქის უკან ვიმალებოდი, და ხან რომელი ხის ძირში (იცინის). კარგა ხანს ასე შიშით ვიარე და ბოლოს ჩემი თავის შემრცხვა. ვიფიქრე, რა უნდა იყოს ასეთი, რომ ვერ შევძლო ჩაბარება-მეთქი. პრაქტიკა კი ვიცოდი, მაგრამ თეორიისა და იმ საშინელი ბილეთების სწავლა მეზარებოდა. არადა, ბავშვობიდან ვერ ვიტანდი გამოცდებს და მაინც არ ამცდა ჩაბარება. გამოცდაზე, რაც უნდა კარგად ვიცოდე საკითხი, მაინც ვდებილდები. არ ვიცი, რა მემართება, სრული გათიშვა მჭირს გონებაში. მეტი რა გზა მქონდა, ავიკრიფე გუდა-ნაბადი, მოვახტი მანქანას და ჩავედი რუსთავში გამოცდის ჩასაბარებლად. თეორია კი ჩავაბარე, მაგრამ პრაქტიკისა რა მოგახსენოთ. დამსვეს მანქანაზე და მამოწმებენ. გამომცდელს ვთხოვე, ნუ იქნები ზედმეტად მკაცრი, ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი, არადა, ბავშვობიდან ვატარებ მანქანას-მეთქი. გადმომხედა. მოკლედ, დამავიწყდა ყველაფერი, არც „რუჩნოი” ჩავწიე, არც სარკე გავასწორე, მივიხლართე-მოვიხლართე... როგორც იქნა დავიძარი, შევედი ზიგზაგებში და ყველა ბოძი გადავთელე (იცინის). შავი ფერი დამედო სახეზე, მივხვდი, ცუდადაა საქმე. გამომცდელმა აიღო კალამი და დაიწყო წერა. ვკითხე, რას წერ-მეთქი. მიპასუხა, რას ვწერ და, ჩაიჭერი, ბიძიკო, მერე უნდა მობრძანდე და ისევ სცადო ბედიო. გადავირიე, შევიშალე, დავუწყე თხოვნა: არ ჩამჭრათ, დავიბენი, ნუ დამღუპავთ, ჩამიწერეთ, რომ ჩავაბარე-მეთქი, მაგრამ, ვინ მომისმინა?! გამოვტრიალდი და წამოვედი. ახლა, მეორედ არ გინდა მისვლა?! ვიფიქრე, ისეთ ადამიანს წავიყვან გამოცდაზე, ვისაც კარგი ფეხიც აქვს და თან კარგ განწყობაზეც მაყენებს-მეთქი. მოვკიდე ხელი ჩემს მეგობარ სალომე გოგიაშვილს და ჩავიყვანე რუსთავში. ისევ ის კაცი არ შემხვდა გამომცდელად?! კი ჩავაბარე ყველაფერი, მაგრამ, ბოლოს, „ზადნით” რომ უნდა შემეყენებინა მანქანა, არ გავედე ბოძს სარკით?! ცუდ დღეში ჩავვარდი, ცივმა ოფლმა დამასხა, გადავხედე გამომცდელს და მივხვდი, ისევ დავიღუპე (იცინის). ვიფიქრე, ვერ შეამჩნია-მეთქი, მაგრამ იმას გამოაპარებდი რამეს?! ისევ ჩამჭრა. კი ვიფიქრე, მე აქ მომსვლელი აღარ ვარ, იქნებ ჩავაწყო საქმე-მეთქი, მაგრამ, არ მოსულა ჩაწყობა. მესამედ რომ მივედი გამოცდაზე, ავდექი და, ჩემი მანქანის გასაღები და მაგნიტოფონი შევიტანე გამოცდაზე – ამით მაინც მიხვდნენ, რომ მყავს მანქანა და დავდივარ, უბრალოდ, გამოცდას ვერ ვაბარებ და მიშველონ-მეთქი. კიდევ კარგი, სხვა გამომცდელი შემხვდა, არ დავკომპლექსდი და ჩავაბარე მესამე ჯერზე გამოცდა. მთელი საპატრულო ფეხზე დადგა – მამალი გყავს დასაკლავიო (იცინის). ასე რომ, ახლა აღარც ბუჩქის ძირას ვემალები პატრულებს და აღარც ხის უკან.

– ამბობენ, კახას თუ გოგო მოეწონა, ჭკუა ეკეტება, სანამ არ გაიცნობს და ამ დროს არც რისკს ერიდებაო. მართალია?

– მართალია. არ დამავიწყდება, ზღვაზე ვისვენებდი. სანაპიროზე ვწევარ, ვირუჯები. გავიხედე და, მაგარი გოგო გაიჩითა. დავინახე და გადამეკეტა გონება. გაიხადა, შეცურა ზღვაში და მეც შევყევი. შეცურა და მეც შევცურე, შევიდა ღრმად და მეც მივყევი. თან, ველაპარაკები: „რა კარგი ამინდია, არა? არ მცემს პასუხს. ისევ ვეუბნები: „რა კარგი წყალია, არა?“ იმის მხრიდან, რეაქცია – ნული. სულ გადავირიე, ვიქნევ ხელ-ფეხს, ვლაქლაქებ, ის ზედაც არ მიყურებს, მიცურავს ყრუ-მუნჯივით. ბოლოს გავგიჟდი, ყრუა ეს გოგო, ალბათ და, სანამ თურქეთში გადამიყვანს ასე ცურვა-ცურვით, ჯობია, გავეცალო-მეთქი. მერე კი გავიცანი, მაგრამ, წყალში არა, მიწაზე და დავახლოვდით კიდეც, მაგრამ, რად გინდა? კი გამაძრო ქანცი წყალში და მიწაზე ლაპარაკისა და შებმის თავი მექნებოდა? (იცინის).

– დალევის დროს გაფრენები მოსულა?

– რასაკვირველია, მოსულა და, თან – მაგარი გაფრენები (იცინის). საერთოდ, საჭესთან ნასვამი არ ვჯდები. ერთადერთხელ დავჯექი გახეული მთვრალი საჭესთან, გამაჩერა პატრულმა, ჩამაბერინა და, ჩემდა ბედად, მწვანე აინთო. ეტყობა, გაფუჭებული იყო, თორემ, ასე მალე გამოვფხიზლებულიყავი, შანსი არ იყო. ბედი მაქვს ალბათ. მთვრალი როცა ვარ, ვარ ტკბილი, თბილი, გემრიელი და ავოიე!.. – აი, ასეთი. დამიჯერეთ, ჩემთან ერთად დალევა, მოლხენა და გაფრენა ღირს. რაც მე მიფრენია ნასვამს, ვინ დამეწეოდა? (იცინის).

– კახა, გოგონები მართლა გიმღეროდნენ სერენადებს ფანჯარასთან?

– ამაში ჩემი მეზობლები დამეთანხმებიან. არადა, მე ბიჭი ვარ და არასდროს მიმღერია გოგონას ფანჯრებთან სერენადები, ისინი კი, რომ მოადგებოდნენ ჩემს ფანჯრებს, მთელი სამეზობლო ფეხზე იდგა. ორჯერ თუ სამჯერ მიმღერეს, ცოტა ნასვამები იყვნენ. ღამე იყო, მეძინა. სიმღერა რომ შემომესმა, ვიფიქრე, ეს თუ ახლა სიზმარია, მძინავს და ხმა მესმის, თან, თვალები ღია მაქვს, ცუდადაა ჩემი საქმე-მეთქი. ვიჩქმიტე ფეხზე – ფხიზელი ვარ. წამოვხტი, გადავიხედე ფანჯრიდან და რას ვხედავ – დგანან გოგონები და უბერავენ „დაქალოჩკები” ბაიათებს (იცინის). სანამ მეზობლები გამასახლებდნენ, ჩავედი, მეც დავლიე ცოტა მათთან ერთად და მერე დავიშალეთ მშვიდობით. თუ განწყობაზე ვარ, მანქანაც გამიჩერებია, ბოლო ხმაზე ამიწევია მუსიკისთვის, გადმოვსულვარ და შუა ქუჩაში დამივლია დავლური. შუა ვაკეში რომ „ბაღდადურს“ შეუბერავ საძმაკაცოსთან ერთად, მაგარს აფრენ, აბა არა? (იცინის). არც მდუღარე წყალი გადმოუსხამთ ფანჯრიდან და არც აგური მოგვხვედრია თავში. ეტყობა, ფიქრობდნენ, საწყლები, თავიანთი ჰყოფნით, იცეკვონ და გაახარონ ჭია, ოღონდ, ნამეტანი გრძელი ჭია ნუ ექნებათო.

– შენმა მეგობრებმა მითხრეს, კახას ცხოვრებაში გაფრენის კი არა, დაფრენის ეშინიაო. ეს რას ნიშნავს?

– თვითმფრინავით მგზავრობის დროს ფრენის არ მეშინოდა. მაგრამ, ერთხელ ისე ცუდად დაფრინდა, ვიფიქრე, ჩემი ცხოვრების ბოლო წუთებს ვითვლი-მეთქი და იმ დღიდან მეშინია დაფრენის. აფრენისას კი მშვიდად ვარ. ასე რომ, „გაფრენის” არ მეშინია (იცინის). თან, სტიუარდესები შეკლული მყავს, სულ საჭმელს ვთხოვ. ვეხვეწები ხოლმე, ვინმე თუ უარს იტყვის, მე მომიტანეთ სასუსნავი-მეთქი. ისინიც მოარბენინებენ და თან ფიქრობენ, ღორია ეს ბიჭი თუ რა სჭირს, ნეტა ჩვენ არ გაგვდებდეს კბილს და, ჭამოს რა, ჩვენი რა მიდისო (იცინის). სხვათა შორის, არ მიჭამია გველის მწვადი და ბაყაყის ბარკლები. თუმცა, ვინც დააგემოვნა, ყველა ამბობს, ძალიან გემრიელიაო. მე მაინც ვერ შევჭამ და რა ვქნა! ამას წინათ მიდიები კი დავაგემოვნე და მომეწონა.

– სანაძლეო რომ დაგიდონ, მაშინ დააგემოვნებ გველის მწვადსა და ბაყაყის დაბრაწულ ბარკლებს?

– მოიცა, ახლა დავფიქრდე... (ფიქრობს). ისე, რატომაც არა, ოღონდ, გააჩნია სანაძლეოს. თუ ათას დოლარს შემომთავაზებენ, უარს ვიტყვი, მაგრამ, თუ „სტავკას“ აწევენ, ვეცემი და ისე შევსანსლავ, გემო რომ ვერ გავიგო. მერე ფულით გამოვიტენი ჯიბეს და მონელებაზე აღარც ვიფიქრებ (იცინის). ჯიბეში ფული ჩავიდეს და კუჭს დავეძებ? ამაზე ნებისმიერი ადამიანი დათანხმდება და არც მე ვიტყვი უარს. თქვენ სუფრა გაშალეთ, დააბრაწუნეთ გველები და ბაყაყები, ფული დამანახვეთ და, რას ვიზამ და როგორ გემრიელად შევექცევი ეგზოტიკურ კერძებს, ამას შორიდან დაგანახვებთ. მგონი, მეხვეწებოდეთ, ცოტა ჩვენც დაგვიტოვეო (იცინის).


скачать dle 11.3