კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–31(501)


– იტყვიან გაგიჟებულანო? – შეიცხადა დიტომ, – რას ბრძანებთ, პროფესორო, ამას როგორ ვათქმევინებთ ვინმეს!

– ფაქტია, რომ იტყვიან. მერწმუნეთ, ჩემო მეგობარო, აუცილებლად იტყვიან, თუ ასე გააგრძელებთ და არ შერიგდებით, – თქვა პანტელეიმონ ჯაშმა, გვერდით გადგა და მოდავენი კვლავ პირისპირ დატოვა.

– აი, ძმაო, ჩემი ხელი და შევრიგდეთ! – უთხრა დიტომ პოლკოვნიკს და ტრადიციული ჟესტით დააპირა მორიგი კონფლიქტის ამოწურვა, მაგრამ ჯემალ ჯიოშვილმა ხელი არ ჩამოართვა სულაბერიძეს და უთხრა:

– ბატონ ედუარდს ვცემ პატივს და მას უთხარი მადლობა, რომ ბლინჩიკივით არ გაგაბრტყელე. ვსიო, მორჩა, ჩვენ შორის სამუდამოდ გაიარა შავმა კატამ და აღარასოდეს შეგირიგდები!

– ბარემ თქვი: ბუ-ტე, ბუ-ტე, გა-გე-ბუტე, – ბავშვივით გამოაჯავრა დიტომ პოლკოვნიკი, დაეჯღანა და მარჯვენა ხელის მტევანი, რომელზეც საჩვენებელი თითი ჰქონდა გაბზეკილი, ცხვირწინ დაუტრიალა, თან ხტუნვა-ხტუნვით უმეორებდა: ბუ-ტე, ბუ-ტე, გა-გე-ბუ-ტე!

– ღმერთო, გვიშველე! – ჩაილაპარაკა კედელთან მუხლმოყრილმა გაბრიელმა, რომელმაც პოლკოვნიკის წინ მოხტუნავე ჟურნალისტი ეშმაკეულს მიამსგავსა, პირჯვარი გადასახა მას და ფუი ეშმაკსო – თქვა. შემდეგ კედელზე მიხატული ჯვრისკენ მიბრუნდა და ლოცვა განაგრძო.

– ბუ-ტე, ბუ-ტე, გა-გე-ბუ-ტე... – კუნტრუშებდა დიტო სულაბერიძე.

გედეონ ჯაყელი გამკიცხავად უმზერდა დიტოს, თან, ხან ერთ წარბს ასწევდა, ხან – მეორეს. ბოლოს გრძელი თითები მოიფშვნიტა და ჩაილაპარაკა: „მალჩიშკა“!

დიტო არ ჩერდებოდა. პოლკოვნიკი კი, ყველას გასაოცრად, მშვიდად იდგა ჯაბას გვერდით და არანაირ ყურადღებას არ აქცევდა ჟურნალისტის გამაღიზიანებელ საქციელს.

ჯაბამ სიტუაცია შეაფასა და იგრძნო, რომ კვლავ მისი გამოსვლის დრო დადგა და თანაპალატელებს უთხრა:

– ასე არ ივარგებს, მეგობრებო! ქაოსი და არეულობა ყველა უბედურების სათავეა და, ასე გინდათ, 30 თებერვალს შეხვდეთ?

მაგიური თარიღის გაგონებაზე „ლუქსელებს” კვლავ გაუბრწყინდათ სახეები, დიტომ კი ხტუნვა შეწყვიტა, ჯაბას წინაშე დამნაშავე პიონერივით თავჩაქინდრული დადგა და ამოილუღლუღა:

– მაპატიეთ, ბატონო ედუარდ, მაგრამ, ისე გამიხარდა, აქედან სამი თვის მერე რომ გავდივართ, თავი ვეღარ მოვთოკე და გადავაჭარბე – შემდეგ პოლკოვნიკს უთხრა:

– ბოდიში, ჯემალ, რომ გაწყენინე! აი, ჩემი ხელი და შევრიგდეთ!

ჯიოშვილი ყოყმანობდა და ხელის ჩამორთმევას არ ჩქარობდა, რადგან კონფლიქტის მსგავსი მოგვარების მწარე გამოცდილება ჰქონდა – სულაბერიძე ყოველთვის არღვევდა დადებულ პირობას.

– შეურიგდი, ჯემალ, – უთხრა ჯაბამ ჯიოშვილს, – ჩამოართვით ერთმანეთს ხელი და შერიგდით!

მხარეები შერიგდნენ და ერთმანეთს უხმოდ ჩამოართვეს ხელი.

ჯაბამ მზერა მოავლო თანაპალატელებს და მიმართა:

– აბა, ვინ მეტყვის, რა სადღეგრძელოს სვამენ პირველად გურულები?

– მშვიდობის, ჩემო ბატონო, მშვიდობის, – ყველას დაასწრო ჯაყელმა.

– ბატონი გენერალი აბსოლუტურად მართალია, – თქვა ჯაბამ, – გურულები პირველად მშვიდობის სადღეგრძელოს სვამენ და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ კარგად იციან, მშვიდობისა და სიმშვიდის გარეშე ნორმალური ცხოვრება შეუძლებელია, ქაოსი კი ყველაფერს ანგრევს და, ან ერთი უნდა ავირჩიოთ, ან – მეორე. რას ვირჩევთ, ნგრევას თუ შენებას?

– შენებას! შენებას! – ერთხმად მიუგეს ჯაბას თანაპალატელებმა, მხოლოდ მამა გაბრიელს არ ამოუღია ხმა – კედელზე მიხატულ ჯვარზე შუბლი ჰქონდა მიდებული და ასე განაგრძობდა ლოცვას.

– კეთილი და პატიოსანი, – თქვა ჯაბამ, – ჩვენი მოღვაწეობის სტრატეგიული მიმართულება უკვე ერთხმად ავირჩიეთ და, ესე იგი, ვაშენებთ ხომ?

– ვაშენებთ! ვაშენებთ! – ისევ ყველამ ერთხმად გაიმეორა, გაბრიელის გარდა.

– ახლა მმართველი ორგანოს არჩევაღა დარჩა და, შეგვიძლია, საქმიანობას შევუდგეთ, – თქვა ჯაბამ, გასუსულ თანაპალატელებს მზერა მოავლო და დაამატა: – დაასახელეთ თქვენი კანდიდატურები. ვის ისურვებდით მმართველი ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე?

ამჯერად ყველას დიტო სულაბერიძემ დაასწრო, რომელიც ოთხეულს გამოეყო, ჯაბას გვერდით ამოუდგა, მხარზე ხელი დაადო და თანაპალატელებს საზეიმოდ განუცხადა:

– წინადადება შემომაქვს, რომ ჩვენი მმართველი ორგანოს თავმჯდომარედ ავირჩიოთ ბატონი ედუარდი, რომელსაც განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება და ყველანი კარგად ვიცნობთ. ვინაა მომხრე, რომ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ბატონი ედუარდი ავირჩიოთ? გთხოვთ, თქვენი თანხმობა ხელის აწევით დაადასტუროთ.

ოთხეულმა უყოყმანოდ ასწია ხელი, მხოლოდ მუხლმოყრილ გაბრიელს არ გამოუხატავს არანაირი რეაქცია. ის კვლავ დაჩოქილი იდგა და კედელზე მიხატულ ჯვარზე შუბლმიდებული ლოცულობდა.

ერთხმად არჩევის შემდეგ, სხდომის წამყვანის ფუნქცია ჯაბამ იკისრა და ოთხეულს ჯერ მადლობა გადაუხადა მისთვის გამოცხადებული დიდი ნდობისთვის, შემდეგ პაუზა გააკეთა, ჩაახველა და განაცხადა:

– ახლა კი, მეგობრებო, ჩვენი მმართველი ორგანოს ფუნქციები უნდა განვსაზღვროთ და შემდეგ მათი ხელმძღვანელები ავირჩიოთ. მუშაობის ასეთი დღის წესრიგის წინააღმდეგი ხომ არ არის ვინმე?

– არა! – ერთხმად მიუგო ოთხეულმა.

– ვინმეს განსხვავებული მოსაზრება ან წინადადება ხომ არ აქვს?

– არა! – გაიმეორა ოთხეულმა.

– კეთილი და პატიოსანი, – განაგრძო ჯაბამ, – ვითვალისწინებთ რა, რომ ჩვენი მოქმედების არეალი ამ ეტაპზე შეზღუდულია, ჩვენი მმართველი ორგანოს ფუნქციები მხოლოდ და მხოლოდ ოთხი მიმართულებით უნდა განისაზღვროს, რომლებსაც ჩვენ მიერვე არჩეული ხალხი უხელმძღვანელებს. ეს მიმართულებებია: ჯანდაცვა, თავდაცვა, უსაფრთხოება და ინფორმაცია. რას იტყვით, მეგობრებო, მოგწონთ ჩემ მიერ შემოთავაზებული მიმართულებები და დავიწყოთ განხილვა თუ, ვინმეს სხვა მოსაზრებები აქვს?

ოთხეულიდან არავინ შეწინააღმდეგებია და ჯაბამ განაგრძო:

– პირველი და უმთავრესი მიმართულებაა ჯანდაცვა. არაჯანსაღი, ავადმყოფი ერი არა მარტო კაცობრიობის განვითარების მწვერვალს ვერ მიაღწევს, არამედ, ამ გზის დასაწყისში დალევს სულს და, ეს რომ ასე არ მოხდეს და მხნედ და ყოჩაღად ვიყოთ, საკუთარ ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ. ბატონმა პანტემ წეღან სრულიად სამართლიანად შენიშნა, ნერვული უჯრედები არ აღდგებაო და, აქედან გასულებს რომ არავინ წამოგვაძახოს, გაგიჟებულანო, ჯანმრთელობას უნდა მივხედოთ. სწორედ პანტელეიმონ ჯაშის კანდიდატურას გთავაზობთ ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელის პოსტზე. რამდენადაც ვიცი, ბატონი პანტელეიმონი მაღალი კვალიფიკაციის ექიმი და კარგი ადამიანია. დანარჩენს კი ის თავად იტყვის საკუთარ თავზე, როდესაც მისი კანდიდატურის განხილვას დავიწყებთ. ახლა კი, რაც შეეხება ფუნქციებს, – ჯაბამ ორივე ხელი ფართოდ გაშალა და განაგრძო, – აქედან გასვლამდე, ანუ 30 თებერვლამდე, მთელი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ბატონ პანტეს მხოლოდ ჩვენი და ჩვენი მეზობელი ოთახების მობინადრეების ჯანმრთელობაზე მოუწევს ზრუნვა. აქედან გასვლის მერე კი მისი ფუნქციები საგრძნობლად გაფართოვდება და საერთო ეროვნულ მასშტაბებს მიიღებს. რამეს ხომ არ დაამატებთ, მეგობრებო?

ოთხეულიდან არავის გამოუთქვამს ლაპარაკის სურვილი და ჯაბამ განაგრძო:

– მეორე მიმართულებაა თავდაცვა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ძლიერი ჯარის გარეშე ვერც აგრესორს გავუმკლავდებით, რომელიც ბუზივით გვახვევია თავს მუდმივად და, მით უმეტეს, ვერც შეტევაზე გადავალთ, რომ ჩვენი ისტორიული საზღვრები აღვადგინოთ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ამიტომ, – ჯაბა გედეონ ჯაყელს მიუბრუნდა, – თქვენი სამართლიანი და ისტორიულად სრულიად კანონზომიერი სურვილი ტოტალური მობილიზაციის შესახებ, რათა დავითისეული საქართველო აღვადგინოთ და მტრებს სეირი ვუჩვენოთ (ჯაბამ მრისხანე სახით შემართა მუშტი), წინასწარ მომზადებას საჭიროებს.

– საჭიროებს, საჭიროებს! – დაეთანხმა ჯაბას ხმელ-ხმელი, ახოვანი გენერალი და მხედრულად გაიჭიმა. ჯაბამ კი ამაყად მოიღერა ყელი და განაგრძო:

– ძვირფასო მეგობრებო! შორს არაა ის დრო, როდესაც ძლევამოსილი ქართული არმიის ლეგიონები მოულოდნელად დაიძვრებიან წინ, ელვისებურად გადალახავენ ჩვენთვის სამარცხვინო და უკანონოდ დაწესებულ საზღვრებს, კალიებივით მოედებიან ყველაფერს, უკან არ დაიხევენ, და გაათავისუფლებენ ჩვენს მიწებს და აღადგენენ საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე! – ჯაბამ პაუზა გააკეთა, ეშმაკურად ჩაიცინა და თქვა: – და არა მარტო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, შეიძლება უფრო აქეთ-იქითაც კი.

ჯაბას სიტყვამ ოთხეულზე იმდენად შთამბეჭდავად იმოქმედა, რომ ისინი, სახეგაბრწყინებულები და თვალებზე ცრემლმომდგრები, აღტაცებით უმზერდნენ მას. ჯაბამ კი მხედართმთავრული მზერა მოავლო მსმენელებს და განაგრძო:

– ამისთვის კი ძლიერი არმიის მომზადებაა საჭირო და, სანამ ბატონი გენერალი სრულიად საქართველოს ვაჟკაც რაინდებს დარაზმავს ერთი საბრძოლო დროშის ქვეშ, ეს პროცესი აქ უნდა დაიწყოს და, ბატონ პანტეს მსგავსად, ჩვენი მეზობელი ოთახების მობინადრეებისგან უნდა ჩამოაყალიბოს მომავალი ძლევამოსილი არმიის ურყევი ბირთვი. სწორედ ბატონ გედეონ ჯაყელის კანდიდატურას გთავაზობთ თავდაცვის მიმართულების ხელმძღვანელის პოსტზე და, იმედია, რომ ის ღირსეულად გაუძღვება დაკისრებულ მოვალეობებს!

– ვემსახურები სამშობლოს! – ამჟამად თქვა გენერალმა, თან მხედრული სალამი მისცა ჯაბას და გვერდით გადგა.

– დაგვრჩა ორი მიმართულება, – თქვა ჯაბამ, გვერდიგვერდ მდგარ პოლკოვნიკსა და დიტოს გადახედა და განაგრძო: – არანაკლებ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო. ამგვარად, მეგობრებო, ჩვენი მესამე მიმართულებაა უსაფრთხოება და ამ პოსტზე ჩვენი ჯემალ ჯიოშვილის კანდიდატურას გთავაზობთ. ის გამოცდილი, გაწონასწორებული მუშაკია და, ვფიქრობ, საიმედოდ დაიცავს ჩვენი და ჩვენი მეზობლების ხელშეუხებლობას და ყველა ჩვენგანის მშვიდი ძილის სადარაჯოზე იდგება:

პოლკოვნიკმა, ერთგული მზერა მიაპყრო ჯაბას და დოქტორისა და გენერლის გვერდით დადგა. ჯაბამ კი მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო:

– ინფორმაცია, ჩემო მეგობრებო, ის საჭირო და მძლავრი იარაღია სახელმწიფოს ხელში, რომლითაც მტერს დააბნევ და დათრგუნავ, ხოლო შენიანებს კი გაახარებ და მომავალი დიადი გამარჯვებებისთვის აუნთებ გულებს! – ჯაბამ დიტოს მხარზე დაადო ხელი, – ამ ძალზე საპასუხისმგებლო მიმართულების ხელმძღვანელად ბატონ დიმიტრის კანდიდატურას გთავაზობთ და, იმედია, არ გაგვაწბილებს, ინფორმაციულ ვაკუუმში არ გამოგვამწყვდევს და დროულად მოგვაწვდის საჭირო ინფორმაციებს ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ. ასევე, დროულად და პროფესიული ოსტატობით გაავრცელებს ჩვენი ორგანოს მიერ შემუშავებულ დადგენილებებს.

– შეგიძლიათ, მენდოთ ბატონო ედუარდ! – საზეიმო კილოთი თქვა დიტომ და დანარჩენებს გვერდით ამოუდგა.

მუხლმოყრილი გაბრიელი კვლავ ლოცულობდა და დანარჩენებისკენ ერთხელაც არ გაუხედავს.

– ესეც ასე, ჩემო მეგობრებო! – თქვა ჯაბამ და ოთხეულს გადახედა, – ახლა კი თითოეული ჩვენგანი უნდა გამოვიდეს და საკუთარი ბიოგრაფია მოყვეს, რათა დანარჩენებს მისი პიროვნების შეფასების შესაძლებლობა მიეცეთ და, თანამდებობაზე დამტკიცების დროს ან დადებითად მისცეს ხმა, ან – საწინააღმდეგოდ.

– ბატონო ედუარდ, შეიძლება, შეგეკითხოთ? – ჰკითხა დიტომ ჯაბას.

– ბრძანე, დიტო, გისმენ!

– მაინტერესებს, ჩვენი თანამდებობებზე არჩევის კენჭისყრა ფარული იქნება თუ ღია?

– რა თქმა უნდა, ღია, ჩემო დიტო! ჩვენ ხომ ღია საზოგადოებას ვაშენებთ და, მართალია, დროებით დახურულ სამყაროში ვიმყოფებით, მაგრამ 30 თებერვლის მერე ყველაფერი სხვაგვარად იქნება! ყველანი ამ დღისთვის არ ვემზადებით? ასე რომ, ჩემო დიტო, ღია კენჭისყრა იქნება.

– გასაგებია, ბატონო ედუარდ და, თუ შეიძლება, ერთი წინადადებით შემოვალ, – თქვა დიტომ.

– ბრძანე, დიმიტრი, გისმენთ!

– ბატონო ედუარდ, თქვენ შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცის და, თუ ჩვენი მეგობრებიც დამეთანხმებიან, წინადადება შემომაქვს, რომ თქვენი ბიოგრაფია არ მოვისმინოთ დროის მოგების მიზნით, დანარჩენები კი, გაგაცნობთ თავს.

– მე თანახმა ვარ, – თქვა ჯაბამ და, სხვების თანხმობაც რომ მიიღო, ოთხეულს მიმართა: – აბა, ჩემო მეგობრებო, პირველი ვინ წარმოგვიდგენს საკუთარ თავს?

ყველა გაისუსა. დაწყება არავის უნდოდა, რადგან, საკუთარი ბიოგრაფია თითოეული მათგანისთვის საკმაოდ მტკივნეული თემა იყო და რეალობაში დაბრუნება მოუწევდათ. ამის გაკეთება კი არც ერთ მათგანს არ უნდოდა, რათა წარსულის იარებს არ ეჩინა თავი და დამწვარი გულები უფრო მეტად არ დამდუღვროდათ.

– რას უცდით, მეგობრებო, დრო გადის, ჩვენ კი ჯერ არალეგიტიმურები ვართ და ეს ორი ეტაპიღა დაგვრჩა გასავლელი – უთხრა ოთხეულს ჯაბამ, რომელიც მიხვდა მათი ყოყმანის მიზეზს. მაგრამ ძალიან აინტერესებდა მათი ბიოგრაფიები, თანაც, თამაშის წესებიც ამას მოთხოვდა და გაიმეორა, – დრო გადის, მეგობრებო, ჩვენ კი არალეგიტიმურები ვართ. აბა, ვინ დაიწყებს?

– ბატონო ედუარდ, – სიტყვა აიღო დიტომ, – თქვენ დაასახელეთ გამომსვლელთა თანმიმდევრობა და დაგემორჩილებით.

– კი ბატონო, – თქვა ჯაბამ, – მაშინ, იმ თანმიმდევრობით გამოვიდნენ კანდიდატები, რომლითაც მე წარვადგინე. ესე იგი, დაიწყებს ბატონი პანტე, გააგრძელებს პატივცემული გედეონი, შემდეგ იქნება ჯემალი და დაასრულებ შენ, დიტო. გისმენთ, ბატონო პანტელეიმონ, გამობრძანდით და წარმოგვიდგინეთ საკუთარი თავი!

ჯაბა და დანარჩენები საწოლებზე ჩამოსხდნენ, პანტელეიმონ ჯაში კი პალატის შუაში დადგა და დაიწყო:

– დედ-მამაც ექიმები მყავდა და ბებია-ბაბუაც. საერთოდ, ჯაშების გვარის ჩვენი შტო ცნობილი დასტაქრები იყვნენ. ამიტომ, არც მე მიღალატია ტრადიციისთვის და, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბავშვობა და, თქვენ წარმოიდგინეთ სიჭაბუკეც კი, კოსმონავტობაზე ვოცნებობდი, რომ გავფრენილიყავი და ზემოდან გადმომეხედა ჩვენი პლანეტისთვის, სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე. შემდეგ წარმატებით დავამთავრე, მუშაობა დავიწყე და მოსკოვში – საკანდიდატო დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ, ცოლი შევირთე. არადა, ჩემო მეგობრებო, მაშინ სულ რაღაც 26 წლის ვიყავი. ასეთ ადრეულ ასაკში ჩემი წარმატება ბევრს უკვირდა, ბევრსაც აღიზიანებდა და ძალიან შურდა, ზოგს კი უხაროდა და მილოცავდა. მართალი გითხრათ, მტრები და მოშურნეებიც მილოცავდნენ წარმატებას, რომ დროზე ადრე არ გაემჟღავნებინათ საკუთარი თავი და ჩემი ყურადღება მოედუნებინათ. მაგრამ მე არასდროს მიზიდავდა სამსახურებრივი ინტრიგები, კარიერისტული მიზანსწრაფვები და იმით ვიყავი კმაყოფილი, რაც ბედმა მარგუნა. მყავდა ულამაზესი, მოსიყვარულე მეუღლე და ოქროსთმიანი ტყუპი ქალ-ვაჟი, რომლებსაც ვუთმობდი მთელ ჩემ თავისუფალ დროს, რაც სამსახურის შემდეგ მრჩებოდა.

ქორწინების მეშვიდე წელს, 33 წლის ასაკში, მედიცინის დოქტორი გავხდი, პროფესორობა მომანიჭეს და კვლავ ალაპარაკდნენ ჩემზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ ადამიანზე. ამან კი ჩემს ფარულ მტრებში ჩემ მიმართ შური და სიძულვილი გააათმაგა. ისინი გადამწყვეტი იერიშისთვის მოემზადნენ და ჯოჯოხეთური ხაფანგი დამიგეს... – პანტელეიმონ ჯაშმა წითური სახიდან ოფლის მსხვილი წვეთები მოიშორა შიშველი იდაყვით, ამოისუნთქა და თხრობა განაგრძო:

– პროფესიით ქირურგი-კარდიოლოგი ვარ და გულის გადანერგვის 99 ოპერაციიდან ყველა წარმატებით მქონდა ჩატარებული, გარდა ამისა, წარმატებული კარდიოლოგიური პრაქტიკა მქონდა და საკუთარ კლინიკაში ათასობით გულით დაავადებულისთვის მიჩუქებია სიცოცხლე. 38 წლისას არც ფული მაკლდა, არც სახელი და უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ერთ დღეს, იმ დღეს მე მშვენიერს ვერ დავარქმევ, იქიდან დაიწყო ჩემი უბედურება, კლინიკაში ორმოციოდე წლის ქალი მოვიდა, რომელიც გამეცნო და მითხრა:

– მე მარეხი მქვია და უნდა მიშველოთ ექიმო.

მარეხმა, შემოსვლისთანავე უსიამოვნო გრძნობა გამოიწვია ჩემში, რადგან ეს დაბალი, შავი, გალეული, ბანჯგვლიანი ახალგაზრდა ქალი უარყოფით ენერგიას აფრქვევდა, ხმაც ძალიან მჭახე და უსიამოვნო ჰქონდა და ისე ბოროტად იცინოდა, რომ ეჭვს გარეშე იყო – ჩემ წინ ტიპური ჯოჯოხეთის მაშხალა იდგა.

ღმერთო, რატომ არ ვენდე მაშინ საკუთარ თვალებს და ინტუიციას... მოკლედ, მარეხმა მითხრა:

– ბატონო პროფესორო, თქვენ ხართ ჩემი მხსნელი, ჩემი ერთადერთი იმედი და უმორჩილესად გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით, მიშველეთ და გადამარჩინეთ, მე და ჩემი ოჯახი კი არაფერზე დავიხევთ უკან და უკანასკნელ პერანგსაც კი გავყიდით საჭირო თანხის შესაგროვებლადო.

– დამშვიდდი, გენაცვალე, – ვუთხარი მარეხს და სავარძელში ჩავსვი, – მითხარი, გეთაყვა, რაშია საქმე, მაგრამ მშვიდად, თანმიმდევრულად, რადგან ჩვენს საქმეს ემოციები და ქაოსი ვნებს-მეთქი.

ის ძუკნა მყისიერად გარდაიქმნა – მისი შავი, მახინჯი, ბანჯგვლიანი სახე ცივმა გამომეტყველებამ დაფარა და მითხრა:

– ბატონო პანტელეიმონ, გულის უმძიმესი ფორმით დაავადებული ერთადერთი ვაჟიშვილი მყავს და, თუ დროზე არ გაუკეთდა ოპერაცია, დამეღუპება. ამიტომ, გთხოვთ, რომ გულისხმიერად მომიდგეთ და ჩემი ბაჩო, ჩემი ერთადერთი იმედი, სიკვდილს გამოჰგლიჯოთ ხელიდან. ფულზე კი ნუ იდარდებთ, რა თანხასაც დაასახელებთ, გადაგიხდით. ქვას გავხეთქავთ, ვიშოვით და გადაგიხდით.

ტრანსპლანტაციის პრობლემა მხოლოდ ფულზე არაა დამოკიდებული და ერთ-ერთი უმთავრესია დონორი. შეიძლება, უამრავი ფული გქონდეს ადამიანს, მაგრამ დონორი ვერ იპოვო და არაფერი გამოგივიდეს. ეს ყველაფერი მარეხსაც ვუთხარი, მან კი მომიგო:

– დონორი გვყავს, ექიმო.

– დონორი გყავთ? – გავიმეორე მარეხის სიტყვები, – საიდან, როგორ?

– აკადემიკოს მელაძის ნეიროქირურგიულ კლინიკაში 12 წლის ბავშვი წევს, რომელსაც თავის ქალის უმძიმესი ტრავმა აქვს მიღებული, არ გადარჩება და დღე-დღეზე დალევს სულს. აი, სწორედ იმის გული გვინდა, რომ ჩემს ბაჩოს გადაუნერგოთ. იმ საცოდავს სრულიად ჯანსაღი გული აქვს და ტრანსპლანტაციისთვის გამოდგება.

– თქვენ საიდან იცით, რომ იმ ბავშვს ჯანსაღი და ტრანსპლანტაციისთვის გამოსადეგი გული აქვს? – ვკითხე მარეხს.

– ბატონი ჯიმი მელაძის ძმამ, ბატონმა ჯონიმ გვითხრა. მანდვე გასინჯა ის საცოდავი ბავშვი და თქვენთანაც მან გამომგზავნა.

ცოტა არ იყოს, გამიკვირდა მარეხის სიტყვები, რადგან, ჯონი მელაძე არანაკლებად ძლიერი კარდიოლოგი იყო. მასაც საკუთარი კლინიკა ჰქონდა და ტრანსპლანტაციის ოპერაციებს ისიც აკეთებდა. თანაც, ვიცოდი, რბილად რომ ვთქვათ, არ ვევასებოდი და მისგან ჩემი ქება მარეხთან, ცოტა არ იყოს უცნაურიც კი მეჩვენა. ამიტომ მას ვუთხარი:

– ჯონი მელაძე მაღალი კლასის ექიმია და ჩემზე არანაკლები წარმატებით აკეთებს ოპერაციებს. როგორც მივხვდი, ბავშვი მასთან მკურნალობდა და ჩემთან რატომ გამოგგზავნათ, ნუთუ ფული ეცოტავა და იმიტომ?

– არა, ბატონო პანტელეიმონ, – უარყო ჩემი ეჭვები იმ ბანჯგვლიანმა, – ფული აქ არაფერ შუაშია, პირიქით, ბატონი ჯონი ფინანსურ დახმარებასაც კი შემპირდა, თუკი თქვენთვის მოსაცემი ფული დამაკლდებოდა. უბრალოდ, ის ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ბიძაა, ჩემი ოჯახისთვის კარგი უნდა და თქვენთან სწორედ ამიტომ გამომგზავნა. ჩემი ბაჩო რომ გასინჯა, მითხრა: „ამ ბავშვს უსწრაფესი ტრანსპლანტაცია სჭირდება და ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით უნდა გაკეთდეს, რაც მხოლოდ პანტელეიმონ ჯაშს თუ შეუძლია. მე რომ შენი უახლოესი ნათესავი და გულშემატკივარი არ ვიყო, თავადვე მოვკიდებდი ხელს ამ ოპერაციას და, სირთულიდან გამომდინარე, წარუმატებლობის შემთხვევაში, პასუხსაც ვერავინ მომთხოვდა. ამიტომ, შენი ბაჩოს სიცოცხლეს სასწორზე ვერ შევაგდებ. ბავშვს თუ ჩემთან გადარჩენის 70 პროცენტი აქვს, ჯაშთან 90 პროცენტი გარანტია ექნება და მასთან წაიყვანე. მე კი მას ასისტენტად დავუდგები და დავეხმარებიო. აი, ასე მითხრა ბატონმა ჯონიმ და იმიტომ მოგადექით. კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, რომ წყალობა მიიღოთ და ჩემი ბაჩო გადაარჩინოთ, – ასლუკუნდა მარეხი და დამიჩოქა.

უნდა ვთქვა, ჩემო მეგობრებო, რომ ზუსტი, სატანური სვლა იყო და მელაძეებმა, იმ მართლაც მელიების ძეებმა, ეშმაკურად გათვალეს ყველაფერი.

– კეთილი, ჩემო კარგო, – ვუთხარი მარეხს – ხვალ, დილის 9 საათზე მობრძანდით თქვენს შვილთან ერთად და გავსინჯავ.

– ბაჩო აქ მყავს, პროფესორო და, თუ ძალიან დაკავებული არ ხართ, შეგიძლიათ, ახლავე გასინჯოთ, – მითხრა იმ ძუკნამ და, ჩემი თანხმობა რომ მიიღო, გავიდა, ძალიან ლამაზი, ოქროსთმიანი ყმაწვილი შემოიყვანა და გამაცნო: – აი, ესაა ჩემი ბაჩო, ჩემი დიდი იმედი და ჩემი სიცოცხლე. დედა ენაცვალოს, ესღა შემომრჩა ჩემი ცხონებული მეუღლისგან, კოპიო მამამისია და ამას რომ რამე მოუვიდეს, თავი ცოცხალი რად მინდაო.

– რა გქვია ბიჭუნა? – ვკითხე ოქროსთმიანს, რომელსაც თვალებსა და ყვრიმალებზე ეტყობოდა, რომ გულის პრობლემები ჰქონდა.

– მუნჯია, ექიმო – მითხრა თვალცრემლიანმა მარეხმა, – მამა რომ გარდაეცვალა, დამუნჯდა.

ბავშვი გულდასმით გავსინჯე და მართლაც უმძიმესი და ამ ტიპის დაავადებისთვის დამახასიათებელი უკიდურესი ფორმა აღმოაჩნდა, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებდა. ამიტომ, მარეხს ვუთხარი:

– ტრანსპლანტაცია ორი კვირის განმავლობაში უნდა გაკეთდეს და დონორის მდგომარეობა მაინტერესებს. ამიტომ, ჯონი მელაძეს უთხარით, დამირეკოს და დამელაპარაკოს. აი, ჩემი ტელეფონის ნომერი, – იმ ძუკნას ჩემი კაბინეტის ტელეფონის ნომერი მივეცი, რადგან მაშინ მობილურები ჯერ კიდევ არ იყო.

მარეხმა ჩემი კაბინეტიდანვე დაურეკა ნეიროქირურგს, აკადემიკოს ჯიმი მელაძეს და უთხრა:

– ბატონო ჯიმი, ბატონ პანტელეიმონთან ვიმყოფები კაბინეტში და მას ლაპარაკი სურს, – შემდეგ, ყურმილი მომაწოდა.

– გამარჯობა, ბატონო პანტე, როგორ გიკითხოთ? – თავაზიანად მომესალმა მელაძე.

– გმადლობთ გეთაყვა, თქვენ ხომ კარგად? ალბათ, ხვდებით, რისთვისაც გაწუხებთ. წეღან გავსინჯე თქვენი ნათესავი ბავშვი და, თუ ორ კვირაში არ გაუკეთდა ტრანსპლანტაცია, ლეტალური შედეგი დადგება. ქალბატონი მარეხი, ბავშვის დედა, ამბობს, რომ თქვენს კლინიკაში უიმედო ავადმყოფი ბავშვი წევს, რომელსაც გული სრულიად ჯანსაღი და დონორობისთვის ვარგისი აქვს. მაინტერესებს, როგორაა საქმე ამასთან დაკავშირებით.

– სრული სიმართლეა, ბატონო პანტე, სრული სიმართლე, – დამიდასტურა აკადემიკოსმა, – შავიძეა გვარად ის საცოდავი და მართლაც ცუდად წაუვიდა საქმე. ერთი თვის წინ მთელი მისი ოჯახი ავტოავარიაში მოჰყვა და ყველა დაიღუპა, ბავშვს კი, აგერ უკვე ერთი თვეა, ძალით ვაცოცხლებ, მაგრამ, თითქმის ყველა რესურსი აქვს ამოწურული და მაქსიმუმ სამი დღე იცოცხლოს კიდევ.

– ნებართვის ამბავი როგორაა? მოგეხსენებათ, რომ ტრანსპლანტაციის მსგავს შემთხვევებში ახლობლების წერილობითი ნებართვაა საჭირო.

– აქაც ყველაფერი რიგზეა – იმ უბედურის მამიდას ველაპარაკეთ და თანახმაა. ისეთი ღვთისნიერი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ფულზეც კი უარი განაცხადა და გვითხრა, მხოლოდ ძმისშვილი გამიპატიოსნეთ და დამიმარხეთ, ხოლო, თუ მისი გული მისივე თანატოლის სიცოცხლეს გადაარჩენს, გადაუნერგეთ და გადაარჩინეთო. ხანდახან მაინც მოვინახულებ, გულზე მოვეფერები და ჩემი ძმისშვილი გამახსენდებაო. მოკლედ, ძალიან სულის შემძვრელი სიტყვები მითხრა იმ უბედურმა ქალმა და მისი წერილობითი ნებართვაც მაქვს.

– კეთილი. მაშინ, ბატონო ჯიმი, ბავშვს ახლავე დავაწვენ ჩემს კლინიკაში და საოპერაციოდ მოვამზადებ. თქვენი ავადმყოფი რომ გარდაიცვლება. შემატყობინეთ, ჩემთან გადმოვიყვანოთ და ტრანსპლანტაციის ოპერაცია დავიწყოთ. თან თქვენი ძმა, ბატონი ჯონიც იახლეთ. როგორც ქალბატონმა მარეხმა მითხრა, მასაც სდომებია ოპერაციაზე დასწრება და გამოცდილი ექიმის ყოფნა მხოლოდ წაადგება საქმეს.

– ბატონო პანტე, ჯონი ჩემთანაა და პირადად დაგელაპარაკებათ, – მითხა ჯიმი მელაძემ და ყურმილი ძმას გადასცა.

– გამარჯობა, ბატონო პანტე, როგორ გიკითხოთ? – მომესალმა ჯონი.

– გაგიმარჯოთ, ბატონო ჯონი, თქვენ ხომ კარგად?

– გმადლობთ.

– ბატონო ჯონი, რატომ თქვენ არ ითავეთ თქვენი ნათესავის ოპერაცია? – ვკითხე ჯონი მელაძეს.

– მარტივი მიზეზის გამო, პროფესორო, – მომიგო მან, – როდესაც საქმე ეხება სიკვდილ-სიცოცხლეს, მით უმეტეს, როცა სასწორზე ბავშვის სიცოცხლეა, საუკეთესო ვარიანტი უნდა ეძებო მის გადასარჩენად და ამ შემთხვევაში, ეს საუკეთესო ვარიანტი თქვენ ხართ, იმიტომ, რომ თქვენ ჩემზე გამოცდილი, მცოდნე და წარმატებული ექიმი ხართ და, თუ ნებას მიბოძებთ, ოპერაციას ასისტენტის სტატუსით დავესწრები.

მართალი გითხრათ, ჯონი მელაძის სიტყვები ძალიან მესიამოვნა, რადგან, მისი კვალიფიკაციისა და ამბიციების ადამიანისგან თანაც, მოქიშპისგან, ეს იყო ჩემი უპირატესობის უდავო აღიარება. ქება-დიდებამ გონება დამიბნელა, მისგან ეს სიტყვები ისე მივიღე, როგორც სამეგობროდ გადმოდგმული ნაბიჯი და ვუთხარი:

– აუცილებლად უნდა დაესწროთ ოპერაციას ბატონო ჯონი და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მერე კი, როდესაც ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, ჩვენ, ალბათ, დავმეგობრდებით და ერთხელ და სამუდამოდ მოვუღებთ ბოლოს იმ გადაჭარბებულ ჭორებსა და მითქმა-მოთქმებს, რომელიც თითქოსდა ჩვენი ქიშპობის შესახებაა გავრცელებული საზოგადოებაში-მეთქი.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, დავმეგობრდებით პროფესორო! – დამეთანხმა ჯონი მელაძე, გამომემშვიდობა და ყურმილი დაკიდა.

ძმებ მელაძეებთან საუბრით კმაყოფილი დავრჩი, ბაჩო ჩემს კლინიკაში დავაწვინე და მედპერსონალს ვუბრძანე, ბავშვისთვის აუცილებელი ანალიზები აეღოთ, შესაბამისი პროცედურები ჩაეტარებინათ და საოპერაციოდ მოემზადებინათ.

– ოპერაცია როდისთვისაა დანიშნული, ბატონო პანტე? – მკითხა უფროსმა ექთანმა, რომელიც ყველა ჩემი წარმატების სრულუფლებიანი თანამონაწილე იყო.

– ტრანსპლანტაციისთვის მოამზადეთ გეთაყვა – დავუკონკრეტე მე.

– როდის უნერგავთ გულს?

– ჯერ ზუსტად არ ვიცი, ალბათ, ორ-სამ დღეში, რადგან დონორი ჯერჯერობით ცოცხალია და მის გარდაცვალებას ელოდებიან, – ცოტა არ იყოს, გულგრილად მივუგე უფროს ექთანს და იქვე დავამატე, – ის საცოდავი ბავშვი მძიმე ნეიროტრავმითაა მოთავსებული კლინიკაში და კვდება.

ის დღე გვიანობამდე კლინიკაში გავატარე. წამოსვლის წინ კი ბაჩოს შევუარე პალატაში, რომელიც მარტო იმყოფებოდა და მშვიდად ეძინა. შემდეგ მორიგეებს დავუბარე, რომ ყურადღება არ მოეკლოთ მისთვის და სახლში წავედი. ცოტა ხანს ტელევიზორს ვუყურე და, რადგან ჩემები აგარაკზე იმყოფებოდნენ დასასვენებლად, საძინებელში აღარ შევსულვარ, ტახტზე მივწექი და ჩამეძინა. შუა ძილში ტელეფონის გაბმული ზარი ჩამესმა. თვალები გავახილე, ყურმილს დავწვდი და ვუპასუხე:

– გისმენთ!

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3