კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26–31(501)


როცა ადამიანი, სულერთია, ქალი იქნება ის თუ კაცი, იწყებს იმის მტკიცებას, რომ საერთოდ არ არის ეჭვიანი, იცოდეთ, მას ნახევარი ნაბიჯიღა უკლია ოტელომდე და, თუკი ჯერ არავინ მოუხრჩვია, მხოლოდ იმიტომ, რომ შესაფერისი სიტუაცია არ შეექმნა. დიახ, სწორედ სიტუაციიდან გამომდინარე იქმნება შეგნება – ძირითად შემთხვევებში რეალობა ესაა. გამონაკლისებზე კი, მოდი, ნუ ვილაპარაკებთ, რადგან, გამონაკლისი თავისთავად ნორმიდან გადახვევას გულისხმობს. ფსიქოლოგებს რომ ჰკითხოთ, ეჭვი – დაავადებაა. ეჭვიან ადამიანს კი ზუსტად ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ავადმყოფს: წავიყვანოთ ექიმთან, ვუმკურნალოთ, მოვუაროთ, მოვარიდოთ ზედმეტ ემოციებსა და ფეთქებადსაშიშ სიტუაციებს... ერთი სიტყვით, ყოველთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყო სიურპრიზების მისაღებად, მაგრამ, თუ ადამიანს ადრე არასდროს ჰქონია ამ დაავადების სიმპტომები? ან, ყოველ შემთხვევაში, შენ თუ ეს მისთვის ადრე არ შეგინიშნავს, მაშინ, ასეთ დროს რა უნდა ქნა? წინასწარ ხომ ვერაფრისთვის მოემზადები და ვერ გაითვალისწინებ, რომ ბედის ამარა ხარ დარჩენილი კატასტროფის წინაშე?!

ლიკამ გამწარებულმა დაანარცხა ხელჩანთა მაგიდაზე და ქმარს უყვირა:

– არა! როგორ შემეძლო მეფიქრა, რომ შეიცვალე? ნამდვილი სულელი ვარ, შტერი და ამ წლების განმავლობაში ვერაფერი ვისწავლე, საერთოდ ვერაფერი! ხვდები მაინც, რა ჩაიდინე?

ლაშა, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ცოლთან კომპრომისზე წასულიყო და ნაკლებად გაეღიზიანებინა, წარბი შეიკრა და სკამი ხმაურით გასწია გვერდზე. ლიკამ ხმას აუწია:

– გაიგონე, რა გითხარი? ხვდები მაინც, რა გააკეთე? მთელი ბანკის სასაცილოდ გამხადე! მერედა, რისთვის?! – რაღაც სულელური ბუშტებისთვის, რომლებიც, სხვათა შორის, სრულიად შემთხვევით დამეცა თავზე! ნუ მიყურებ ირონიული ღიმილით და მოჭუტული თვალებით, მშვენივრად იცი, რომ ეს სიმართლეა!

ლაშამ პასუხად მხოლოდ თითები აათამაშა მაგიდაზე. ლიკამ ეს თავისებურად ახსნა:

– დიახ, შემთხვევით დამეცა, იმიტომ, რომ... რომ...

– ტყუილი არ მეხერხება, საყვარელო. მე ხომ შენში არ მეპარება ეჭვი. უბრალოდ, მაინტერესებს, ეს ვინ გააკეთა, ვინ გყავს ასეთი თაყვანისმცემელი – განსაკუთრებული ფანტაზიებით. ამას ხომ უნდა მოფიქრება...

ლიკა გაცეცხლდა:

– რატომ უნდა გაინტერესებდეს ვიღაცის ავადმყოფურ ფანტაზიაში რა დაიბადება? გეუბნები, ეგ სიურპრიზი სხვა თანამშრომლისთვის იყო განკუთვნილი-მეთქი. როგორ გგონია, მე სამსახურში თაყვანისმცემლებს ველოდები და, ამ დროს, ვიცი, რომ შენ უნდა მომაკითხო?! როდის აქეთ შეგეყარა ოტელოს სინდრომი?

– სინდრომი კი არ შემეყარა, მინდა, ვიცოდე, ვინ ცდილობს ჩემი ცოლის მოხიბვლას. ყველა ნორმალური მამაკაცი დაინტერესდებოდა ამით და შეეცდებოდა, სიმართლე გაერკვია.

– და... ბანკის თანამშრომლების თუ მთელი ქუჩის დასანახად ცირკს მოაწყობდა... არა, ბუშტებმა მაინც რა დაგიშავა, რომ დასდევდი და ცდილობდი, ფეხებით გაგეთელა? ვერ ხვდები, რა დღეში ჩაიგდე თავი?! როგორი სასაცილო ხარ! მე რომ შემარცხვინე, ამაზე საერთოდ აღარც ღირს ლაპარაკი. არადა, როგორი კარგი დღე იყო. ამ ხნის განმავლობაში პირველად დავმშვიდდი, ვიფიქრე, რომ კრიზისმა გადაიარა და შემეძლო, შენი იმედი მქონოდა. მე სულელმა დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი, ყველაფერი კარგად არის, მე და ლაშა შევრიგდით და დღეს საღამოს ჩამოვალთ-მეთქი.

ლაშა ნირწამხდარი ჩანდა:

– მერე, წავიდეთ, ხელს რა გვიშლის?! გავიაროთ საყიდლებზე და ნახევარ საათში იქ ვიქნებით.

– ჰმ, გისმენ და უარესად მეშლება ნერვები. ისე იქცევი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, საერთოდ არაფერი...

– ჰო, არაფერი მომხდარა, – წარბშეუხრელად შეცვალა საუბრის მიმართულება ლაშამ, – რადგან მითხარი, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, მეც დავიჯერე. მართალია, ცოტა ზედმეტად ავღელდი, მაგრამ, ესეც იმიტომ, რომ მიყვარხარ. მიდი, მიდი, ტანსაცმელი გამოიცვალე და წავიდეთ.

ლიკა გააოგნა ლაშას თეატრალურმა სიმშვიდემ.

– შენ, მგონი, ნორმალური არ ხარ. როგორ შეგიძლია, ასე ითამაშო? გინდა, გადამრიო და ჭკუიდან შემშალო? მეუბნები, მიყვარხარო და ყოველდღე საპირისპიროს მიმტკიცებ. რა ვთქვა ორშაბათს, სამსახურში რომ მივალ, გიჟი მყავს ქმარი თუ ასეთი სიყვარული იცის-მეთქი?

– ორშაბათამდე ეგ ამბავი არავის ეხსომება. ასე რომ, სულ ტყუილად განიცდი. ლიკა, რა ვქნა, ვიეჭვიანე, გესმის? მე შენთვის ასეთი სიურპრიზები მაშინაც კი არ მომიწყვია, შეყვარებულები რომ ვიყავით. ვინმემ რომ წამართვას შენი თავი?

– შენ თუ ასე გააგრძელებ, ჩემით წავალ, – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ქალმა.

– აუ, არა, რა! მართლა აღარ ვიზამ, აღარ ვიეჭვიანებ და აღარც შეგარცხვენ, ოღონდ ახლა მაპატიე.

ლიკამ ამოიოხრა:

– ვატუნას ხათრით, თორემ, შენი დანახვაც არ მინდა. საზიზღარო!

– ვიცოდი, რა, ვიცოდი, რომ ძალიანაც არ მიბრაზდებოდი. კარგი გოგო ხარ, ჭკვიანი. მალე ბევრი ფული მექნება და მერე ნახე, რა სიურპრიზებით გაგანებივრებ!

– ბევრი ფული გექნება? რა იცი, ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? ვინმე დაგპირდა, მოგცემო თუ, იცი სად დევს, რომ მიხვიდე და აიღო? – ისევ დაეჭვდა ლიკა. ლაშამ ენაზე იკბინა.

– მე ეს ისე... ჰო, ისე ვთქვი, თუ ბევრი ფული მექნება-მეთქი, ხომ ხვდები! ანუ, ისე ვერ ვთქვი, როგორც უნდა მეთქვა...

– კარგი, კარგი გამოვიცვლი და წავიდეთ. ნუღარ დავაგვიანებთ... დააწყდებოდა თვალები გზისკენ ცქერით...

ლიკა საძინებლისკენ გაემართა და ლაშამ შვებით ამოისუნთქა.

„ამბობენ, ფული ყოველთვის ფულთან მიდისო. აქვს თუ არა მაგნიტური თვისებები კაცობრიობის ამ მთავარ მტერს, ძნელი სათქმელია, მაგრამ, მოჯადოება რომ შეუძლია ადამიანის მოჯადოებას ვგულისხმობდი ფაქტია. ფული აგიჟებს, ასულელებს, აშტერებს და საბოლოოდ ღუპავს კიდეც. თუ ჯერ არ გინახავთ, ერთხელ მაინც აუცილებლად წადით კაზინოში და მოთამაშეების სახეებს დააკვირდით. დამიჯერეთ, ერთ რამედ ღირს. ეს ფულის სიყვარულით დაავადების ერთ-ერთი ფორმაა. არსებობს განსხვავებული ფორმებიც, რომლებზეც უფრო შესაფერის დროს და შესაფერის სიტუაციაში ვილაპარაკებთ. იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ იმას, ვისაც უყვარს ფულის დახარჯვა, არ უყვარს თავად ფული, რაც ფულსაც მშვენივრად მოეხსენება და ცდილობს, ასეთებს გვერდი აუაროს. სიყვარული და სიძულვილი ფულს რომ შეუძლია, ისეთი უნდა. თუ არ გჯერათ, უდიერად მოეკიდეთ მას და, ნახავთ, შედეგად რასაც მიიღებთ. არ იფიქროთ, გაშინებდეთ. უბრალოდ, მინდა, კარგად გაგაცნოთ ის, რაც შეცდომით თუ არასწორი ინფორმაციით, „ხელის ჭუჭყი“ გგონიათ. როცა იცი, შენი მტერი ვინ არის, ბრძოლა სანახევროდ მოგებულია. თუ, აქამდე ფიქრობდით, რომ ფული თქვენი მოკეთე იყო?..“

ლაშამ გული იჯერა მონატრებული შვილის ალერსით, ვახშამიც გემრიელად მიირთვა და ჩრდილში, ორ ხეს შორის გაშლილ ჰამაკში ნებივრად მოკალათდა. ის იყო, გაიფიქრა, არც ისე ცუდი ყოფილა ცხოვრებაო, რომ მისკენ მიმავალი სიდედრი დაინახა და შეიჭმუხნა.

– გისმენთ, ქალბატონო ლიანა, – აღარ აცადა სიტყვის თქმა და, სანამ ქალი პირველ შეკითხვას დაუსვამდა, თვითონ გადადგა საბედისწერო ნაბიჯი.

– ლიკამ მითხრა, სამსახურში დააწინაურესო... – შემპარავი ხმით დაიწყო ქალმა, – ეს კარგია.

ლაშამ გაიცინა.

– არა, ქალბატონო ლიანა, თქვენს ქალიშვილს შეცდომაში შეჰყავხართ, რასაც მე არ დავუშვებ. მე ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც დაწინაურება პრაქტიკულად გამორიცხულია, მინისტრად კი ჯერ არავის დავუნიშნივარ. ასე რომ, საზეიმოდ და მოსალოცად საქმე ნამდვილად არ მაქვს.

ქალმა უკმაყოფილოდ ასწია წარბები.

– ლიკა არ მომატყუებდა. პრემია მისცესო და...

– ა, სწორედ რომ შემცდარი ბრძანდებით! პრემიას არავითარი კავშირი არ აქვს დაწინაურებასთან. ეს არის წახალისების ერთგვარი ფორმა, ოღონდ, ფულად ერთეულებში გამოხატული.

– კარგია, რომ ამიხსენი. განსაკუთრებით ეგ ირონიული ტონი მომწონს, თუმცა, ვერ ვხვდები, რით დავიმსახურე.

– ირონიული ტონი? აბა, რას ბრძანებთ, ქალბატონო ლიანა! უბრალოდ, კარგ გუნებაზე გახლავართ. თქვენი მომზადებული სალათაც ძალიან მომეწონა...

– ესე იგი, ყველა პრობლემა მოაგვარეთ.

– ეჰ, ქალბატონო ლიანა, ჩემს პრობლემებს ეგ ერთი პრემია როგორ მოაგვარებდა, მაგრამ, იმედიც ხომ საქმეა! აქამდე პაწაწინა იმედიც არ გვქონდა იმისა, რომ რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლას შევძლებდი. ლიკამაც ლამის დაიჯერა, რომ ჩემ გვერდით ცხოვრებას, ვინმე ჯიბესქელი ბაბუას საყვარლობა ჯობდა...

– ვერ ვხვდები, რატომ არ გინდა, რომ ის უსინდისო მოძებნო, რატომ უნდა შეარჩინო, ბოლოს და ბოლოს?!

– ვიცი, ბექას გულისხმობთ, მაგრამ, მისი მოძებნის აზრს ვერ ვხედავ. დავუშვათ, ვიპოვე, მერე?! ხომ თქვენც ხვდებით, რომ იმ ფულის დამბრუნებელი ის არ არის. ასე რომ ყოფილიყო, არ დამემალებოდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, უნდა დავივიწყო.

– რა, ფული თუ მეგობარი? – ორაზროვნად ჩაიცინა ლიანამ.

– ალბათ, ერთიც და მეორეც. მაგრამ, თქვენთვის ხომ მთავარი ეს არ არის, მთავარი ლიკას ბედნიერებაა, ასე არ არის?

– ჰო, რა თქმა უნდა, მე მისი დედა ვარ და სხვა რამეზე არც უნდა ვფიქრობდე. მაგრამ, ამ ეტაპზე ვატოს ბედნიერება უფრო მაწუხებს. ბავშვს ნორმალური, მოსიყვარულე ოჯახი და მზრუნველი მშობლები სჭირდება. თქვენ ზრდასრული ადამიანები ხართ და მიხედავთ საკუთარ თავს, ყოველ შემთხვევაში, უნდა მიხედოთ. აი, ვატო კი იჩაგრება, როცა თქვენ ერთმანეთთან საერთო ენას ვერ პოულობთ.

– ეს აღარ მოხდება. მეც ბევრი ვიფიქრე მაგაზე და აბსოლუტურად გეთანხმებით.

– კარგია, რომ მეთანხმები. ესე იგი, შემიძლია, შენი იმედი მქონდეს?

– დიახ, ქალბატონო ლიანა, შეგიძლიათ. ოღონდ, თავს გაცილებით მშვიდად ვიგრძნობ, თუ დაკითხვებს არ მომიწყობთ.

– მე?! – გაიოცა ლიანამ, – ლაშა, შენ ამბობ, რომ მე დაკითხვას გიწყობ? უსამართლო ხარ და მწყინს.

– თქვენი წყენინება არ მინდოდა, მაგრამ მე ისედაც ვნერვიულობ, ვგრძნობ ჩემზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და აღარ არის საჭირო იმის შეხსენება, რა მევალება მე, როგორც მამაკაცს, როგორც ქმარს და როგორც მამას.

ლიანამ ამოიოხრა:

– კარგი, აღარ ჩავერევი თქვენს საქმეში, მაგრამ იმას ვერ შეგპირდები, რომ მშვიდად ვუყურებ, როგორ იტანჯება ჩემი შვილიშვილი. ახლა წავალ. ლიკა და ვატუნა მოდიან აქეთ და არ მინდა, გაიგონ, რაზე გელაპარაკები. ჰო, მართლა, აქ სულ ორი საძინებელია. ვატოს ჩვენთან დავაწვენთ, თქვენ კი პატარა საძინებელში გაგიშლით. ხვალაც დარჩებით?

– ჯერ არ ვიცი. თუ ლიკა იტყვის... მე ორშაბათსაც რომ ჩავიდე თბილისში, პრობლემა არ შემექმნება.

– ჰო, მოკლედ, როგორც გინდათ. ბავშვს, რა თქმა უნდა, დატოვებთ.

– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა ლაშა სიდედრს.

მარტონი რომ დარჩნენ, ლაშამ ცოლს ჰკითხა:

– ერთი მითხარი, შენ და დედაშენს ერთნაირი სახელები რატომ გქვიათ, ეს შემთხვევით მოხდა ასე, თუ?

ლიკა არ ელოდა ამ შეკითხვას და ძალიან დაიბნა.

– არ ვხუმრობ, სერიოზულად გეკითხები. დედაშენს უნდოდა, შვილს მისი სახელი რქმეოდა?

ქალმა მხრები აიჩეჩა. ბალიშზე გულაღმა დაწვა და გადაიკისკისა.

– შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, განა სულერთი არ არის?

– რადგან გეკითხები, ესე იგი, არ არის სულერთი, – ამოიხვნეშა ლაშამ, – ეჭვი მაქვს, ამაში რაღაც ღრმა და მაგიური აზრი იყო ჩადებული.

ლიკას ეწყინა:

– კარგი, რა, რა სისულელეს ლაპარაკობ! რა მაგიური აზრი, სულ აურიე? უბრალოდ, ბებიაჩემს ერქვა ასე და...

ლაშამ წაუსტვინა და ცოლს სათქმელი აღარ დაასრულებინა:

– მოიცა, რა თქვი? საქმეში ბებიაშენიც გადის? ო, იმაზე გაცილებით მძიმე სიტუაცია ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. მთელი კლანია აქ და თქვენ რა მოგერევათ. აი, მე კი, ბებიაჩემს რა ერქვა, სულ არ ვიცი. ნეტა, მყავდა საერთოდ?

– აჰა, ესე იგი, შური გალაპარაკებს... თუმცა, მოიცა... შენ ბებო არ გყავდა? აბა, რომ მეუბნებოდი, ბებიაჩემმა გამზარდაო?

– ერთი მყავდა, მაგრამ, ყველა ნორმალურ ადამიანს, წესით, ორი ბებია მაინც უნდა ჰყავდეს.

– ლაშა, გეყოფა! თუ ცდილობ, ჩემი ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანო, არ გინდა. პირდაპირ მითხარი, რატომ აიჩემე მაინცდამაინც დღეს დედაჩემისა და ჩემი სახელი. რა გინდა ამით თქვა?! ხომ არ იჩხუბეთ?..

– ვინ, მე და დედაშენმა? არა, ტო... საიდან მოიტანე? უბრალოდ, რაღაც პარალელების გავლებას ვცდილობ. მაინტერესებს, აქვს თუ არა სახელს გავლენა ადამიანის ხასიათზე.

– გაგიჟდი? რა სისულელეებზე ფიქრობ.

– ჩემი სამუშაოც ეს არის. ხომ გინდა, პრემიებით ხშირად გაგახარო? ჰოდა, შემიწყე ხელი, კარგი? ყოველ შემთხვევაში, ნუ შემიშლი მაინც.

– კარგი, არ შეგიშლი, ბატონო... მაგრამ დედაჩემს ნუ გადამირევ. ხვალ თბილისში ხომ დავბრუნდებით?

– როგორც შენ იტყვი. დავბრუნდეთ, თუკი შენ გენდომება.

– ჰო, საღამოს წავიდეთ. აქ კი კარგია, მაგრამ, მირჩევნია, კვირა ღამე სახლში გავატაროთ. ორშაბათს სამსახურში წასვლამდე მოვწესრიგდები.

– ჩემი საწყალი, დაღლილი გოგო... – ლაშამ ცოლს ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა, – ჩემი საყვარელი ცოლი... ისე, ჩვენ დასვენება არ გვეკუთვნის?

– დამცინი? რანაირად? შვებულება კი მეკუთვნის, მაგრამ, რომ ავიღო, რაში მოვიხმარ? მაინც ვერსად წავალთ, ფული არ გვაქვს. სახლში ჯდომას, ისევ კონდიციონერიან ოთახში ჯდომა მირჩევნია, არ დამცხება მაინც. თან, სხვა გოგონების მაგივრად რომ ვიმუშავებ, შვებულების ფულთან ერთად პრემიასაც მომცემენ.

ლიკა ქმარს მიეხუტა. ცხვირი ყელში ჩაუყო და აკოცა. ლაშას შეაჟრჟოლა. ცოლის სურნელმა ნესტოებში შეუღიტინა და გააღიზიანა, ტუჩებით მისი ტუჩები მოძებნა და...

– მოიცა, რა! იცი, როგორი დაღლილი ვარ? – ყოველი შემთხვევისთვის, უხალისოდ გააპროტესტა ლიკამ, მაგრამ ქმარს კიდევ უფრო მაგრად მიეხუტა, განებივრებული ფისოსავით აკრუტუნდა და ლაშაც უფრო თამამ ალერსზე გადავიდა. დილა ისევ იმედგაცრუებით გათენდა... ლაშა უკვე სერიოზულად შეშფოთდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ამ „ჩავარდნების“ მიზეზს ვერ ხსნიდა. ან უნდა ეფიქრა, რომ ის, რაც მის ცხოვრებაში მოულოდნელად მოხდა, უბრალო შემთხვევითობა იყო, რისი დაჯერებაც არაფრით არ უნდოდა, ან, რაღაც უშლიდა ხელს, აშკარად უშლიდა... მაგრამ, რა? – აი, რა კითხვა აწვალებდა და უშხამავდა გონებას... ძალიან ეცადა, შესამჩნევი არ ყოფილიყო მისი უგუნებობა, მაგრამ სიდედრის მახვილ თვალს მაინც ვერ გამოაპარა. ლიანა, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა, სიძის „მოჟამული“ „სიფათის“ ჭეშმარიტ მიზეზს, მაგრამ თავისებური ახსნა მაინც მოუძებნა – თავი დაირწმუნა, ჩემმა გუშინდელმა საუბარმა გააბრაზაო. ცოტა ხანს ითმინა, საუზმის შემდეგ კი მაინც უმტყუნა ნერვებმა:

– შვილო, მე მარტო ის მინდა, ერთად ბედნიერად იცხოვროთ...

– გავიგე, ქალბატონო ლიანა. წყენა ნამდვილად არ ჩამიდევს გულში. გეფიცებით.

– რა ვიცი, ისეთი სახე გაქვს... ამ ერთ ღამეში სხვა რა უნდა მომხდარიყო? ეს ან ჩემი სიტყვების შედეგია, ან ისევ ლიკასთან იჩხუბე, რაშიც ეჭვი მეპარება – აშკარად არ ჰგავხართ ნაჩხუბრებს.

ლაშამ ჩაახველა და წამოწითლდა:

– ნამდვილად არ მწყენია, გეფიცებით... რაღაც პატარა პრობლემაა, რომელიც მარტო მე მეხება, სხვას არავის.

– ძალიან კარგი. ნეტავი, თქვენზე სანერვიულო აღარ მქონდეს და ბედნიერი ქალი ვიქნები. ლიკა არ იღებს შვებულებას?

– ეგ ლიკას ჰკითხეთ, – უხალისოდ ჩაიბურტყუნა ლაშამ და წამოდგა. ხელსახოცი დაუდევრად მიაგდო მაგიდაზე, სიდედრს ზურგი შეაქცია და ეზოს სიღრმისკენ გაემართა.

– რა დაემართა შენს ქმარს? – ლიანამ ეჭვით შეხედა ქალიშვილს. ლიკამ გაიცინა და ქმარს გახედა.

– ვის, ლაშას? რა უნდა დამართნოდა. მგონი, არაფერი.

– აბა, რატომ ჩამოსტირის ცხვირ-პირი? მეგონა, იჩხუბეთ.

– კი, არ ვიჩხუბეთ, პირიქით, მგონი, ჩვენ შორის ყველაფერი მოგვარდა.

– რა ვიცი, კი იბღვირება და...

– იბღვირება? ნუ მიაქცევ ყურადღებას, გაუვლის...

– იქნებ, დარჩენილიყავი? მშვენიერი სიგრილეა. მთელი ქალაქი აქ ამოდის საღამოობით.

– კარგი რა, დედა! მთელი ქალაქი რაში მჭირდება! რა უცნაური ვინმე ხარ, საიდან მოიგონებ ხოლმე ასეთ რაღაცეებს?!

– რა ვიცი. თქვენ იქ გინდათ, სადაც ბომონდი დადის, გაისეირნებთ საღამოს და გაერთობით.

– გასართობად რომ არ მცალია? ფული რომ გვქონდეს, ზღვაზე წავიდოდით.

– ფული თუ გიშლით ხელს, მამაშენს ვეტყვი და მოგიხერხებთ რაღაცას.

– არა, არ მინდა. ლაშას ამბავი ხომ იცი, გადაირევა. „უტყდება“ სიმამრის ფულით დასვენება.

– „უტყდება-არ უტყდება“... თქვენ გარდა სხვა ვინ გვყავს. ჩუმად გამოვართმევ და მოგცემ. ნუ ეტყვი ლაშას, რომ ჩვენ დაგაფინანსეთ, ვითომ პრემია მოგცეს.

– არა! – ჯიუტად გააქნია თავი ლიკამ, – არ მინდა. ჯერ ერთი, ტყუილი არ მიყვარს. მეორეც, ლაშა რაღაცას დამპირდა და მაინტერესებს, შეასრულებს თუ არა თავის დაპირებას.

„ლაშამ არ იცოდა, ვისზე ეყარა ჯავრი. დამნაშავე არავინ იყო. უფრო სწორად, ხილული დამნაშავე არ ჩანდა. თორემ, დამნაშავე სადაც უნდა ეძებნა, ამას ხვდებოდა... ვაუ! გავაფრენ, ტო, ეს რა იყო... რა ხდება, რატომ აღარ მეკარება სიახლოვეს... რითი გავაბრაზე, როგორ უნდა მივხვდე... ცოცხალი ადამიანების ვერაფერი გამიგია და აჩრდილების სურვილებს რანაირად მივხვდები... ტო... რა შარი ავიკიდე? ლიკასთვის მაინც არ ამეშენებინა ოცნების კოშკები... მაინც, რამ მათქმევინა, თურქეთში წაგიყვან დასასვენებლად-მეთქი!.. რომ აღარ დაბრუნდეს, სულ რომ აღარასოდეს დაბრუნდეს... რა არის ეს, ტო... ეკლესიაში ხომ არ წავიდე და სანთელი ხომ არ ავანთო?.. მაგრამ, პირიქით რომ იმოქმედოს?..“ – ლაშამ ნაძვიდან ჩამოვარდნილ გირჩას ფეხი წაჰკრა და შეიგინა.

– დედაჩემმა მართალი თქვა, აშკარად გაღიზიანებული ხარ. რა მოხდა?

ლაშამ თავი ასწია:

– შენ ხარ? არაფერიც არ მოხდა, ფიქრებში წავედი...

– და... იგინებოდი? საინტერესოა, მაინც ვისკენ იყო მიმართული ეგ შენი ფიქრები? იმედია, მე და დედაჩემს არ გვეხებოდა.

– არა, საყვარელო, არა. ისე, ჩემთვის ვფიქრობდი, – ლაშას ეტყობოდა, ცოლთან ლაპარაკს ყველაფერი ერჩივნა.

– მაინც, რაზე ფიქრობდი? – არ მოეშვა ლიკა.

– ლიკუშ, საყვარელო, მართლა არაფერზე ვფიქრობდი, მართლა. ნუ ჩამაცივდები, რა!..

– კარგი, არ ჩაგაცივდები, – გაიბუსხა ლიკა. მაგრამ, კეთილი ინებე და ვატოს ეთამაშე. ერთი საათია, ბურთით დადის ბავშვი და გელოდება.

***

გაინტერესებთ, რა ხდება? – ძალიანაც კარგი – ესე იგი, ინტრიგა მუშაობს. მეც სწორედ ამისი იმედი მქონდა. დასაწყისისთვის არაჩვეულებრივია, მთავარია, ტემპი არ დაკარგო. ტემპია აუცილებელი და, კიდევ – ინტერესი. ფიარიც ასე კეთდება. ერთხელ უკვე ვილაპარაკე ფიარისა და ფულის „თანამშრომლობის“ ეფექტურობაზე. რას წარმოადგენს სიმდიდრე ფიარის გარეშე – უკვე უნდა იცოდეთ. თუ, რა თქმა უნდა, ჯერ არ დაგვიწყებიათ. ხომ არ უჩივით გულმავიწყობას? არა?! ძალიან კარგი. ესე იგი, შემიძლია, გავაგრძელო, ანუ, არ ვიჩქარო თქვენი ინტერესის დაკმაყოფილება. ვიცი, რომ აღშფოთდით და, სრულიად სამართლიანადაც, მაგრამ, რა ვქნა... მინდა, თქვენს მდგომარეობაში შესვლა. მართლა ძალიან მინდა, მაგრამ, ჩემს მთავარ პრინციპს ვერ ვუღალატებ – ვერ ვიჩქარებ და ვერ გავხდი მოსაწყენს იმას, რამაც კარგად უნდა გაგართოთ... ყველაფერი ხომ მაინც თქვენს გასართობად კეთდება. აბა, ისე რა მრჯის... სულ ცოტა მოთმინება კიდევ და... ისე, თუ რაღაც-რაღაცეებსაც ისწავლით... ისევ თქვენ წაგადგებათ...

***

ვახოს ისე გაუკვირდა ლაშას დანახვა, რომ ხმამაღლა დაუსტვინა. ისიც კი ვერ მოახერხა, ბინაში შეეპატიჟებინა, იდგა და განცვიფრებული ათვალიერებდა.

– შეიძლება, შემოვიდე? რა გაშტერებული მიყურებ?

– ისე, მე... ჰო, რა თქმა უნდა, შემოდი, შემოდი! არ გელოდი და...

– სამსახურში გამოვიარე და, რომ არ დამხვდი...

– შვებულებაში ვარ დღეიდან. ხვალ-ზეგ ბიჭები გამომივლიან და სვანეთისკენ დავიძვრებით. თუ გინდა, წამოდი... – ვახოს თვალები აუციმციმდა.

ლაშამ ხელი ჩაიქნია:

– მოიცა, რა დროს სვანეთია!..

– რატომ... ყოფილხარ სვანეთში?

– არა, მაგრამ, ამას რა მნიშვნელობა აქვს?

– ე... იცი, რა მაგარია? ძალიან მაგარია, ძალიან! მე ხომ დედა მყავს სვანი, ბიძები მყავს იქ, ჯიხვებზე დავდივართ ხოლმე სანადიროდ... მართლა წამოდი, ცოტა თბილი ტანსაცმელი წამოიღე და წამოდი.

– მოიცა, არ მცალია სვანეთისთვის... პრობლემა მაქვს.

– ვა, ისევ პრობლემა? არ მითხრა, რომ კიდევ კაზინოში გინდა წასვლა და უნდა გამოგყვე. მოეშვი, რა, მაგაზე ფიქრს. რამეს დალევ? ცივი ლუდი მაქვს მაცივარში.

– ლუდს კი დალევდა კაცი, მაგრამ...

– დაჯექი, დაჯექი და ახლავე მოვიტან, – ვახო სამზარეულოში გავიდა და რამდენიმე წუთში ლუდის ბოთლებით ხელში დაბრუნდა, – მშვენივრად გაცივებულა. გამომართვი!

– ვახო!.. – ლაშამ ლუდი მოსვა და დაორთქლილ ბოთლს საჩვენებელი თითი ჩამოუსვა, – იცი, რა უნდა გითხრა?.. მე შენ მოგატყუე...

– მომატყუე? როდის?

– იმ დღეს, რომ გითხარი, კაზინოდან შენს მერე მეც გამოვედი-მეთქი, ვიცრუე. დავრჩი, ვითამაშე და მოვიგე. მეორე დღესაც ვიყავი, კიდევ ვითამაშე და კიდევ მოვიგე.

ვახო გაშტერდა:

– მოიცა, მოიცა?! გაიმეორე, რა თქვი?..

– კარგი, რა! ხომ გაიგონე, რაც გითხარი. ნუღარ გამამეორებინებ, ისედაც, ლამის თავი გამისკდეს. რამე მირჩიე, თორემ, შევიშლები და ეს იქნება.

– ითამაშე და მოიგე?.. – ვახო რაღაცას ფიქრობდა, – ესე იგი, შენი გეგმა ამართლებს.

– არავითარი გეგმა არ მაქვს, გეფიცები...

ვახომ თვალები მოჭუტა:

– ისევ მატყუებ, არა? ასე არ გამოვა. დღეს მომატყუო და ხვალ მოხვიდე, ვაიმე, ეს როგორ დამემართაო... მე დედა სვანი მყავს-მეთქი და, შეიძლება, „გავჭედო“.

– ახლა არ გატყუებ, გეფიცები. უბრალოდ, არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი, ვისთვის უნდა მომეყოლა ეს ყველაფერი.

– ვაიმე, რომ ვერ ვხვდები, რა უნდა მომიყვე და რაში დაგეხმარო?! შენ რაღაც გეგმა გაქვს, მიდიხარ კაზინოში და ფულს იგებ. ბევრი „მოხსენი“?

ლაშამ ამოიოხრა:

– გეტყვი, მაგრამ, სიტყვაზე უნდა მენდო. არც დაკითხვა მომიწყო და არც ის იძახო, მატყუებ, მატყუებო...

– ვაჰ! ულტიმატუმებს მიყენებ?

– აუ, შენ მარტო დედა კი არა, მგონი, მამაც სვანი გყავს! კარგი, დაივიწყე რაც გითხარი. ლუდს დავლევ და წავალ.

– არა, ძმაო, ეგ აღარ გამოვა, ვერსადაც ვეღარ წახვალ. ჯერ იმ დღეს დამაწყვიტე ნერვები და დამაინტრიგე, ახლა კიდევ – დღეს. მოდი, მოყევი, მივიღე შენი ულტიმატუმები. ოღონდ, ჩქარა, სული მიკაწკაწებს მოუთმენლობით. ჯერ მთავარი – რამდენი „მოხსენი“?

– ბევრი არა. როცა მითხრეს, გაჩერდიო, მეც „დავატორმუზე“.

– კაზინოში გითხრეს, გაჩერდიო?

– არა, რა კაზინოში! „იმან“ მითხრა.

ვახოს ლუდი გადასცდა:

– ვინ „იმან“? ლაშა, ნუ მაშინებ!

– გეუბნები, სიტყვაზე უნდა მენდო-მეთქი. მეც გადარეული ვარ და, ხომ ჩემს თავს ხდება ეს ყველაფერი, მაინც არ მჯერა. ვახო, მგონი რაღაც მჭირს...

– ჯერ გამარკვიე და, ვნახოთ, გჭირს თუ არა. ესე იგი, ვიღაცამ გითხრა, რამდენი უნდა მოგეგო და როგორ უნდა მოგეგო?

– ჰო, – დაიგმინა ლაშამ, – ჰო!.. ჰო! და, ზუსტად იმდენი მოვიგე, რამდენიც მითხრა.

– აფერაა... – აქსუტუნდა ვახო, – ბიჭო, შენ ცოტა ფრთხილად იყავი. ეგეთი საქმეები ცუდად მთავრდება. დაახლოებით ვხვდები, რაშიც არის საქმე – ალბათ, კაზინოს თანამშრომელი გეჩალიჩება, რომ მერე წილში ჩაგიჯდეს. იცოდე, გამოგიყენებს და „გაგჭედავს“. ასე იქნება, თორემ, ნახავ. აუ, ლაშა, ცეცხლს ეთამაშები!

– არა, არა, ეგრე არ არის. ნუ ჩქარობ და დამაცადე, ბოლომდე მოგიყვე. ის, ვინც ორჯერ კაზინოში მომაგებინა, იმათი თანამშრომელი კი არა, საერთოდაც არავინ არ არის.

ვახო გაშტერდა. ლუდის ბოთლი შუბლზე მიიდო და დაიგმინა.

***

...ანდრომ გაიცინა და ქათქათა კბილები გამოაჩინა. ოფიციანტი ხელის აქნევით მიიხმო და საუკეთესო შამპანური შეუკვეთა. სოფიმ თვალი ჩაუკრა:

– უკვე ზეიმობ?

– რატომაც არა. როცა რაღაც მიხარია, ყოველთვის მეზეიმება. შამპანურის საწინააღმდეგო რამე გაქვს?

– არა, პირიქით, შამპანური ძალიან მიყვარს. უბრალოდ, ცოტა ნაადრევი ხომ არ არის?!

– ნაადრევი?! აბა, რას ამბობ! ხომ გითხარი, მეზეიმება მაშინ, როცა კარგ გუნებაზე ვარ და შენ ეს იცი. ესე იგი, იჩხუბეს...

– სახლში აუცილებლად იჩხუბებდნენ, – კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა სოფომ. ანდრომ გამაფრთხილებლად დაუქნია თითი:

– არა! წეღან სხვანაირად მითხარი – საშინლად გაბრაზდაო...

– ჰო, გაბრაზდა. წარმოიდგინე, დაბარებულივით არ მოაკითხა სწორედ იმ დროს? – მიამიტად აახამხამა წამწამები სოფომ. ანდრომ გადაიხარხარა:

– ო, ვხედავ, ჩვეულ ამპლუაში ხარ. ასე გაცილებით უკეთესია, გაცილებით! ისე თქვი, დაბარებულივითო, კინაღამ მეც დამაჯერე. შენ მყავდე დამხმარედ და ეგ სიურპრიზი ბავშვური გართობა იქნება იმასთან შედარებით, რასაც პატარა, ჭირვეულ ქალბატონს მოვუწყობ. მალე მიხვდება, რას ნიშნავს, უნდოდე ჭეშმარიტ მამაკაცს. დარწმუნებული ვარ, მის ქმარს მსგავსი არაფერი არასოდეს მოუვა თავში და, რომც მოუვიდეს, ფული არ ეყოფა მის განსახორციელებლად. დღეს იჩხუბებენ, ხვალ იჩხუბებენ... მერე, შეიძლება, შერიგდნენ... ისევ იჩხუბებენ და, ქალს მეტი კი არ უნდა, იქით გაიქცევა, სადაც ხელგაშლით დახვდებიან და იმის ილუზიას შეუქმნიან, რომ ამჯერად მაინც შეხვდა თავისი ოცნების უფლისწულს. მე და შენ ხომ ვიცით, რომ უფლისწულები არ არსებობენ.

სოფომ შამპანური მოსვა და მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა:

– რა საჭიროა უფლისწული, როცა კეთილი ჯადოქრები არსებობენ?

– ახლა რა ჩაიფიქრე?

– ჯერ არაფერი... მაგრამ, რაღაცას მოვიგონებ. ეჭვი ცუდი მრჩეველია. თუ გინდა ადამიანს შეცდომა შეცდომაზე ჩაადენინო, ჭკუის დაკარგვამდე უნდა აეჭვიანო. მაშ, ბუშტებს დასდევდა ჩასაქოლად?

– ჰო, ძალიან სასაცილო იყო, კარგად გავერთე.

– იმედია, მარტო შენ არ გაერთე.

– არა, რას ამბობ, ყველამ კარგად იხალისა. ლიკას ისეთი სახე ჰქონდა, იმ საწყალს კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებოდა. დარწმუნებული ვარ, ორშაბათს რომ მოვა, ყველაფერს მომიყვება.

ანდრომ თავი გააქნია. აღარ იცინოდა, სერიოზული სახე ჰქონდა და მკაცრი მზერა:

– ზედმეტი არაფერი წამოგცდეს, იცოდე...

– ფრთხილად ვიქნები, ნუ ღელავ.

– არავითარი შემოქმედება. მარტო იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი. მე თვითონ დაგირეკავ.

სოფო შეყოყმანდა:

– კი, მაგრამ...

– არავითარი „მაგრამ“... ეს საკითხი ერთხელ უკვე შევათანხმეთ...

– შეიძლება, რაღაც გკითხო? – სოფომ ბოკალი ბოლომდე გამოსცალა.

კაცი შეიჭმუხნა:

– არ მიყვარს შეკითხვები, მაგრამ, შეკითხვას გააჩნია... კარგი, მკითხე.

– შენმა ცოლმა იცის შენი თავგადასავლების შესახებ?

ანდრომ ბრაზით მოიბრიცა ტუჩები:

– დიდი ხანია, საყვარლებისა და ყოფილი საყვარლების განცდები გაინტერესებს? ჩემი ყოფილი ცოლი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და სულაც ფეხებზე ჰკიდია ჩემი თავგადასავლები, მთავარია, ფული ჰქონდეს, ფრთები რომ გაშალოს, ისევე, როგორც შენ. საერთოდ, დიდი ხანია ერთ რამეს მივხვდი: ყველა და ყველაფერი იყიდება, ოღონდ სხვადასხვა ფასად... და, კიდევ: ასეთი დიდი სისულელე მეორედ აღარ მკითხო.

– სიყვარული არაფერი ყოფილა, შენი აზრით, თუ ეგეც იყიდება?

ანდრომ უკმაყოფილოდ შეხედა, რატომღაც რომანტიკულ განწყობაშეპარულ გოგოს.

– სოფო, შამპანური ბევრი ხომ არ მოგივიდა, საყვარელო? – ჰკითხა სარკასტული ღიმილით, – არ გინდა, აღარ დალიო, თორემ, სულ გამოგაშტერებს. სიყვარული დოპინგია იმათთვის, ვისაც მეტი არაფერი აქვს, თავი რომ დაიმშვიდოს. შენ ეგ არ გემუქრება, არ ინერვიულო, საყვარელო!

– შამპანური კიდევ დარჩა? – საქმიანად იკითხა სოფომ და ამოიოხრა.

ანდრომ ბოთლში ჩარჩენილი გამჭვირვალე სითხე გოგოს ბოკალში ჩაცალა.

– ცოტა გათბა, ხომ იცი. ახალს მოვატანინებდი, მაგრამ, ორივე საჭესთან ვართ.

– არა უშავს, თბილს დავლევ, – სოფომ შამპანური ბოლომდე გამოწრუპა და ბოკალი ხმაურით დადგა მაგიდაზე.

– წავედი!..

***

ვახო გადარეულივით დარბოდა ოთახში წინ და უკან ხელების ქნევითა და გაურკვეველი ბურტყუნით:

– ახლა ხვდები, რა სიტუაციაში ვარ?

– არ მჯერა... ვერ ვიჯერებ. უფრო სწორად, შენი კი მჯერა, მაგრამ, როგორი დასაჯერებელია... ვაიმე, ცუდად ვარ!..

– შენი ჭირიმე, ან დაჯექი, ან ერთ ადგილას გაჩერდი... თავბრუ დამეხვა უკვე!

– ლაშა! – ვახო ერთბაშად შედგა და ლაშას მიაშტერდა, – შენა, ისა... მთვრალი ხომ არ იყავი, ჰა!

– „ბელაია გარიაჩკა“ არასდროს მქონია, თუ ეს გაინტერესებს. არც ლოთი ვარ. ბოლო თვეებია, საერთოდ არ დამილევია, თუ იმ დღეს შენთან რამდენიმე ყლუპ ვისკისა და ლუდს არ ჩავთვლით.

– ჰო! – ვახო ჩაფიქრდა, – შენა, ისა... ფსიქიატრთან რომ მიხვიდე?

– გიჟი გგონივარ? კარგი რა, ვახო! რა მიგავს გიჟის?! შენთან იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობაზე გელაპარაკო, ახლა რა ვქნა, ის მაინტერესებს.

– მდა... ძნელი სათქმელია, ძნელი... რამდენი ღამეა, რაც აღარ „მოსულა“?

– ხომ გითხარი, ექვსი-მეთქი.

– ანუ, ლამის მთელი კვირა?

– ჰო, გადარეული ვარ – ვერ ვხვდები, რით გავანაწყენე...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3