კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ხოცავდა მარტოხელა მოხუცებს ვენერა ობოლაშვილი


თბილისის საქალაქო სასამართლომ, სულ ახლახან, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ 55 წლის ვენერა ობოლაშვილს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ეს ის ქალბატონია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ორი ქმრის – იური იურკინისა და ანატოლი კალინკას, ამასთან 80 წლის მოხუცის, მარია არზამახევას მკვლელობები საჯაროდ აღიარა. მისი დაკავებისთანავე გამოძიებამ განაცხადა, რომ დაკავებული მარტოხელა მოხუცებთან კონტაქტში შედიოდა, თაღლითური გზით მათ ბინებს ითვისებდა და შემდეგ ხოცავდა. თუმცა, საბოლოოდ, ვენერა ობოლაშვილს განაჩენი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისთვის, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და თაღლითობისთვის გამოუტანეს. მოხუცი კაცების მკვლელობის საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო, მაგრამ არავინ იცის როდის და რითი დასრულდება გამოძიება.

რამდენიმე თვის წინ, სამი შვილის დედა – ვენერა ობოლაშვილი იგივე ლელა ჯავახიშვილი (მისი ერთ-ერთი შვილი უცხოეთში ცხოვრობს), დეტალურად ყვებოდა თუ როგორ მოკლა 25 წლის წინ 1941 წელს დაბადებული მისი პირველი მეუღლე იური იურკინი, რომელიც მატარებლის ვაგონიდან გადააგდო. შემდეგ კი, მისი ბინა 4 000 დოლარად გაყიდა. რაც შეეხება ანატოლი კალინკას, რომელთანაც არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, აცხადებდა, რომ 2008 წელს ხიდიდან მტკვარში გადააგდო და მისი ბინის თანხა, 50 000 დოლარი მიითვისა. თუმცა, მას მხოლოდ მოხუცი მარიას მკვლელობა დაუმტკიცეს, რის გამოც 23 წელს ციხეში გაატარებს.

როგორც ირკვევა, ქალბატონ ვენერას სხვადასხვა სახელითა და გვარით იცნობდნენ. როგორც თავად განმარტა, ლელას მას ბავშვობიდან ეძახდნენ. რაც შეეხება გვარს, ჯავახიშვილს, ამ გვარის ბებია ჰყოლია და ამბობს, რომ ზოგჯერ მის გვარსაც იყენებდა.

80 წლის მოხუცის

მკვლელობის ისტორია

ქალბატონმა ვენერამ გამოძიებაში მიცემული მისი ჩვენების გამოქვეყნებაზე უარი სასამართლოზე განაცხადა. მისი თქმით, ჩვენებები მას ცემა-წამებით აღიარებინეს. თუმცა, სასამართლოს არანაკლებ შოკის მომგვრელი ჩვენება თავად მისცა.

მისი ჩვენების თანახმად, მარია არზამახევას ბავშვობიდან იცნობდა – ის ბიძამისის საყვარელი იყო. დეიდა მარია მასთან მეგობრობდა, ბიძას სოფელშიც ჩაჰყავდა. მისი თქმით, მარია სუფთა და კულტურული, მაგრამ უხასიათო ქალი იყო. კარგი ურთიერთობა არც ერთ მეზობელთან არ ჰქონია, მაგრამ მისი სიკვდილი ნამდვილად არ უნდოდა. მარია უბრალოდ შემოაკვდა.

განსასჯელმა ჩვენების მიცემა შორიდან დაიწყო. მისი თქმით, ერთ დღეს მარია სოფელში მეზობელზე გაბრაზებული ჩამოვიდა. მეზობელს უთქვამს, მარია მარტოხელაა და სიკვდილის შემდეგ, მისი ბინა მე დამრჩებაო. ამიტომ, არზამახევას ბინის გაყიდვა გადაუწყვეტია და როგორც ვენერა ამბობს, დახმარება მას სთხოვა – მეზობლების ყურება არ მინდა, ეზოიან სახლს ვიყიდი და იქ ვიფუსფუსებო. ვენერას დაუმშვიდებია და დახმარებას დაჰპირებია, მაგრამ მარიას უთქვამს, 22 000 დოლარზე ნაკლებად ბინას არ გავყიდიო.

მისივე ჩვენებით, 2009 წლის აგვისტოში, ბინის მყიდველი ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა და მარიას მისი სტუმრობა ისე გაუხარდა, სუფრაც გაუშალა. თუმცა, ბიჭმა – ბინა სარემონტოა, 20 000 დოლარზე მეტი არ ღირს და, თუ მომყიდით, ამ ფულს ახლავე დაგიტოვებთ, ბინა მერე გადავაფორმოთო. ვენერას თქმით, მან მარიას ურჩია, ბინა იმ ფასში მიეცა ბიჭისთვის, მაგრამ ნასვამი მარია სხვა ადამიანად გადაიქცა, საშინლად გაბრაზებულმა ჩანგალი ჩაარტყა და უყვირა: ეს ჩემი სახლია, როგორ გამიბედეო.

განსასჯელის ჩვენებიდან: „უცხოს თვალწინ შეურაცხყოფა მომაყენა. ბიჭის შემრცხვა და მოვუბოდიშე. ბიჭი რომ ჩავაცილე, მირჩია, სახლში არ შეხვიდეო. 20 წუთი ეზოში სკამზე ვიჯექი და ვფიქრობდი. ბოლოს მარიასთან ასვლა გადავწყვიტე – მთვრალი იყო და ვიფიქრე, რამე არ გაეფუჭებინა. რომ მივედი გააფთრებული მეცა, კიდევ მოხვედი „სუკა“, პოლიციაში დავრეკავო და თეფში მესროლა. უცებ კოლიდორი გამოირბინა, ვიფიქრე, გარეთ გადის და კონცერტებს გამართავს-მეთქი. რა დაგიშავე ქალო, თუ არ გინდა გაყიდვა არ გაძალებ-მეთქი. მომაწყევლა და ლიმონათით სავსე ჭიქა სახეში შემასხა. რომ ვეღარ გავაჩერე, „კასინკა“ ეკეთა და იმით დავაჯანჯღარე. სახეში შემომაფურთხა. მეც წავუჯიკავე, კარადას სახე მიარტყა და წაიქცა. ავიყვანე და საწოლზე დავაწვინე, თან ვკოცნიდი, რას მიკეთებ-მეთქი, მაგრამ მაგინებდა. როგორ გავგუდე იმ „კასინკით“, არ მახსოვს. ჩუმად იწვა, ხმას არ იღებდა. ტელევიზორზე პატარა სარკე იდო, ტუჩზე დავადე, არ დაიორთქლა. მივხვდი, მკვდარი იყო. ძალიან შემეცოდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მოკუნტული ვიდექი, ნიკაპი მიკანკალებდა, ყურში ვიღაცა ჩამძახოდა, დაგიჭერენ, დაგიჭერენ... მიცვალებული ტახტზე დავაჯინე, სამზარეულოში გავედი, მაგიდა ავალაგე, ყველაფერი პარკში ჩავყარე. მისი პატარა ზონარით შეკვრა ვიფიქრე, მაგრამ ხელები გულზე გადავუჯვარედინე და თავისი კაბის ქამრით შევკარი. მივხვდი, ზონარი პატარა იყო. აივნიდან თოკები გადმოვიღე. ვფიქრობდი, შევკრავდი და ძია კოლიას დავამარხვინებდი (კოლია იაშინი ვენერას სახლში, კახეთში ცხოვრობს), მაგრამ შემეშინდა არ გახმაურებულიყო. პატარა ქალი თოკით შევკარი... შემდეგ ვარკეთილის მეტროსთან გავედი და ჭრელი ჩანთა ვიყიდე. ვიფიქრე, სასაფლაოზე გამეტანა ან სადმე წამეღო. ჩანთაში მოკუნტული ჩავსვი. მივხვდი, საფლავს ვერ ამოვთხრიდი. მინდოდა სანაგვესთან დამეგდო, მაგრამ ესეც გადავიფიქრე და ბოლოს წყალში ჩაგდება გადავწყვიტე. ისევ მეტროსთან წავედი, ტაქსის მძღოლს ვუთხარი, მდგმურს დარჩენილი ნივთები უნდა გავუტანო სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე-მეთქი და წაყვანა ვთხოვე. მან 5 ლარი მოითხოვა. უკან რომ დავბრუნდი მეზობელი შემხვდა და მარია მოიკითხა. ვუპასუხე, რომ ჩემთან სოფელში იყო...

ჩანთა რომ ავწიე, მემძიმა. მძღოლი მომეხმარა. თუმცა, ცალ მხარეს მოვაკიდებინე ხელი, რომ არ მიმხვდარიყო. მკითხა რა გიდევსო და ვუთხარი, მანქანის მატორია-მეთქი. მანქანა „უშბას“ ქარხანასთან გავაჩერებინე. როგორც კი მანქანა დაიძრა, ჩქარა წავედი, მარია იქვე საკანალიზაციო არხში ჩავაცურე“, – განაცხადა განსასჯელმა, რომელსაც მიცვალებულის „დაბინავების“ შემდეგ გაახსენდა, რომ პენსია ჰქონდა ასაღები. თუმცა, თავისი კი არა – მარიასი.

ობოლაშვილის ჩვენებიდან: „ვარკეთილის მეტროსთან მოხუცი ქალი მზესუმზირას ყიდდა. ვუთხარი, რომ ავადმყოფობის გამო დედა ვერ ჩამომყავდა, პენსია ჰქონდა ასაღები, თუ შეეძლო გამომყოლოდა და რაღაცას მასაც ვაჩუქებდი. ერთი თვის პენსია და სამი თვის კრედიტი ავიღე. იმ ქალს 40 ლარი ვაჩუქე და გახარებული წავიდა. „სოფელში ვარ, მალე მოვალ“ – ასეთი წერილი დავტოვე, რომ მეზობლებს არაფერი ეეჭვათ. 17 ოქტომბერს მარიას ორმოცი უწევდა. პროდუქტები წავიღე სოფელში. ორმოცი რომ არ გამეკეთებინა, გული გამისკდებოდა. სანთელ-საკმეველი მოვატარე სუფრას, მარიას პატიება ვთხოვე და მეზობლებს დავუძახე. ხომ არ ვიტყოდი, რომ მარიას ორმოცს ვუხდიდი, მას ყველა იცნობდა. ამიტომ, ვთქვი სურვილების ასრულების დღეა და სუფრა იმიტომ გავშალე-მეთქი“.

ამის შემდეგ, ვენერა ობოლაშვილმა მარიას ბინა 20 ათას დოლარად გაყიდა. მაგრამ, ცალკე ისტორიაა, როგორ მოატყუა ნოტარიუსი და ბინის მყიდველი.

ბინის გაყიდვის საქმეში ვენერამ დახმარება მაკლერს სთხოვა. მანამდე, ეჭვის გასაფანტავად სახლიდან ნივთები გამოზიდა. მალე მყიდველიც გამოჩნდა, მაგრამ ბინის გასაფორმებლად მარია იყო საჭირო.

ვენერა ობოლაშვილი აცხადებს, რომ ისევ „მესემიჩკესკენ“ გაუწია გულმა, მაგრამ იმ ადგილას მოხუცი „სემიჩკას“ აღარ ყიდდა. თუმცა, იქვე, ქუჩაში მოხუცი შენიშნა, რომელიც მარიას ძალიან ჰგავდა. ქალს ახალგაზრდა გოგონასთან ერთად ჩანთები მიჰქონდა. როგორც გაირკვა, უცნობები ვაჭრობდნენ. ვენერას თქმით, ჯიბეში მისი შვილის მიერ გამოგზავნილი 300 დოლარი ედო, ასდოლარიანი ამ მოხუცს აჩუქა და დაჰპირდა, ხვალ 8 საათზე თუ მოხვალ, კიდევ ასდოლარიანს მოგცემო.

განსასჯელის თქმით, მან უცნობ ქალს უთხრა, რომ ბინას ყიდდა, „ბეც“ აღებული ჰქონდა, მაგრამ დედამთილის ავადმყოფობის გამო საქმეს ვერ აგვარებდა. ამიტომ, სთხოვა ნოტარიუსთან გაჰყოლოდა. ვინაიდან უცნობი დათანხმდა, ვენერამ მას მარიას პასპორტი გაატანა, რომ მის ხელმოწერაში ევარჯიშა. მართლაც, მეორე დღეს უცნობი ნოტარიუსთან გამოცხადდა და ისე გაფორმდა ყველაფერი, ვერც ნოტარიუსი და ვერც ბინის მყიდველი ლელა ღონიაშვილი ვერ მიხვდნენ, რომ მარიას ნაცვლად მათ წინ სხვა მოხუცი იდგა. ის კი არა, როდესაც ვენერა დააკავეს და გამომძიებელმა მარიას შემცვლელი ნახა, ისიც გაგიჟებულა – ასეთი მსგავსება არ მინახავსო...

როგორც ირკვევა, მოხუცი მარიას ცხედარი წყალმა გამორიყა და როგორც უპატრონო, ისე დაკრძალეს. რაც შეეხება ვენარას მხრიდან მის გაყიდულ ბინას, აცხადებს, რომ ნაწილი ვალებში დაარიგა, „აუდი“ იყიდა, 6 300 დოლარი დაკავებისას სახლში ჰქონდა, დანარჩენი კი დაიხარჯა...

ვენერა ობოლაშვილის დანარჩენი ორი ბრალდება ყალბი დოკუმენტის დამზადება და თაღლითობაა, მაგრამ ცხადია, ეს დანაშაულები მკვლელობასთან ახლოსაც ვერ მივა. პირველ შემთხვევაში, მან ქორწინების მოწმობა გააყალბა, რაზეც განაცხადა, რომ იხუმრა. ეს ხუმრობა კი ის იყო, რომ საკუთარი ქორწინების მოწმობით, თანაკლასელი ქალი ვინმე აკოფაზე დააქორწინა... რაც შეეხება თაღლითობას, ამ ნაწილში დაზარალებულის სტატუსით საქმეში ბანკი ჩაერთო და 327 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. ეს იმიტომ, რომ განსასჯელმა, გარდაცვლილი მარიას პირადობის მოწმობის გამოყენებით, პენსია და საპენსიო კრედიტი აიღო, რითაც თაღლითურად ზუსტად 327 ლარი 5 თეთრი მიითვისა.

საბოლოოდ, განსასჯელმა ობოლაშვილმა თავი დამნაშავედ არც ყალბი დოკუმენტის დამზადებაში ცნო და არც მარიას ანგარებით განზრახ მკვლელობაში. განმარტა, რომ მოხუცი შემოაკვდა. თუმცა, ყველა მოწმის ჩვენებითა და ექსპერტიზის დასკვნებით, საბოლოოდ, სამივე – მკვლელობა, ყალბი დოკუმენტების დამზადება და თაღლითობა დადასტურებულად მიიჩნიეს და ვენერა ობოლაშვილს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


скачать dle 11.3