როგორ ამზადებდნენ „კაგებეში“ უმაღლესი კვალიფიკაციის საიდუმლო აგენტებს
გთავაზობთ ნაწყვეტს პოლკოვნიკ ვსევოლოდ სიომინის წიგნიდან „სახელმწიფო სახელმწიფოში“. პოლკოვნიკი სიომინი „კაგებეს“ სპეცაგენტი იყო, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს პენსიაზე გავიდა და თავისი წიგნი გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე, 1999 წელს გამოსცა.
შანსის მოტაცება
ჩემი სხვა კოლეგების მსგავსად, იმის სურვილიც კი არასდროს მქონია, ჩემი მემუარები უცხოეთში გამომეცა. ამისთვის ხომ, ყველაზე მცირე, უცხოეთში გაქცევა იყო საჭირო. გაქცევა კი ღალატია. მოღალატე არასოდეს ვყოფილვარ, ყოველთვის ერთგულად ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას და, იმ საქმეს, რომელსაც მთელი ჩემი სიცოცხლე მივუძღვენი.
სპეცოპერაციების განყოფილებაში ორმოცდაათიანი წლების მიწურულს მოვხვდი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს სტრუქტურა თანამედროვე სახეს იღებდა. ჩვენი უფროსი გენერალ-მაიორი პავლე ლოსევი საგულდაგულოდ არჩევდა მომავალ თანამშრომლებს და ჩვენი პირველი შეხვედრა ასე წარიმართა. ლოსევმა მკითხა:
– ადამიანი თუ მოგიკლავთ ოდესმე?
– არასოდეს, – მივუგე მე.
– შეძლებთ კი ამის გაკეთებას?
– გააჩნია, რა შემთხვევაში.
– რა თქმა უნდა, საჭირო შემთხვევაში, ლეიტენანტო (მაშინ ლეიტენანტი ვიყავი)!
– საჭირო შემთხვევაში შევძლებ. განა ომში ხალხს არ კლავენ? რა თქმა უნდა, საჭიროა და იმიტომ. ჩვენც ხომ ომში ვართ, უხილავ ომში და თუკი ამ ომის კანონმა მოითხოვა, მაშინ მოვკლავ კიდეც და თავსაც უყოყმანოდ შევწირავ, – ვუთხარი პავლე ლოსევს და გამოვეჯგიმე.
– შენ, ლეიტენანტო, ორატორობა უფრო მოგიხდება, ვიდრე მზვერავობა, ისე ენაგაწაფული ლაპარაკობ. თუმცა, მგონი, არც მზვერავობაში შეირცხვენ თავს. იცოდე, უკვე სპეციალურ ოპერატიულ რაზმში ხარ ჩარიცხული და ხვალიდან ცხრათვიან მომზადებას შეუდგები! – მამცნო ლოსევმა, წარმატება მისურვა და ერთმანეთს დავშორდით.
ცხრათვიანი სპეცმომზადების კურსები ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ინტელექტუალური სწავლების ერთობლიობა იყო. ჩვენ გვასწავლიდნენ ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედებას, ურთულესი ბარიერების დაძლევას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. კურსები რომ დასრულდა, ლოსევს კიდევ ერთხელ შევხვდი და მან მითხრა:
– ყოჩაღ, ლეიტენანტო. შენმა შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და უმაღლესი ოპერმუშაკის (მაშინ ტერმინს სპეცაგენტს „კაგებეში“ არ ვხმარობდით) კვალიფიკაცია გაქვს მინიჭებული და იცი, რას ნიშნავს ეს?
– ვიცი, – მივუგე გენერალს, – ეს ნიშნავს, უკიდურესი გადაწყვეტილებების მიღების უფლება ერთპიროვნულად, ცენტრის თანხმობის გარეშე მაქვს.
– სრული სიმართლეა, – გამიღიმა გენერალმა, – მაგრამ იმედია, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებ და წარმატებული თანამშრომელი იქნები.
– ყველანაირად ვეცდები, ამხანაგო გენერალო, – გამოვეჯგიმე ლოსევს.
– წარმატებას გისურვებ, – მითხრა მან, ხელი ჩამომართვა და მისი კაბინეტი დავტოვე.
ზუსტი რომ ვიყო, ცენტრთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილების მიღება იმას ნიშნავდა, რომ მკვლელობის ლიცენზია მქონდა, ისევე, როგორც კინოგმირ ჯეიმს ბონდს. მაგრამ, მისგან განსხვავებით, მე და ჩემი კოლეგები რეალურ დავალებებს ვასრულებდით და რეალურ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, რომელზეც, ხშირ შემთხვევაში, უამრავი ადამიანის ბედი იყო დამოკიდებული.
მანფრედ შანსი აღმოსავლეთ გერმანული დაზვერვის ორგანიზაცია „შტაზიდან“ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეული მაიორი იყო, რომელმაც მოწინააღმდეგეს უამრავი საიდუმლო გაუმხილა. რაც მთავარია, მან ჩვენი და აღმოსავლეთ გერმანული რეზიდენტურა ჩააგდო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთელ რიგ ქალაქებში ერთობლივად, წარმატებით მუშაობდა. ამიტომ, გადაწყდა შანსის დასჯა და ნიუ-იორკში, სადაც ის ნახევრად ლეგალურად ცხოვრობდა, მე და „შტაზის“ ლამაზმანი ოფიცერი – გიზელა კოხი მიგვავლინეს. ჩვენ შანსის ლიკვიდაცია უნდა მოგვეხდინა და უკან დავბრუნებულიყავით. რადგან შანსის მოკვლა სნაიპერული შაშხანიდან არ ხერხდებოდა, მას გიზელა უნდა დაახლოებოდა მეძავის სტატუსით და მოეკლა.
ოტელ „შერატონის“ ლუქსში მე მიმტანის სტატუსით შევაღწიე და ისე, რომ შანსის დაცვას ეჭვი არ აუღია, საწოლში მწოლიარე წყვილს თავზე წამოვადექი. შანსს ეძინა და გიზელამ მითხრა:
– დავაძინე, ახლა კი ყელს გამოვჭრი და დავალება შესრულებული იქნება.
იმ მომენტში ჩემთვის მინიჭებული უფლება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე პირველად გამოვიყენე და არა მკვლელობის მიზნით. გიზელას ვუბრძანე:
– ეს „ტომარა“ გაკოჭე და კაუჭზე გამოაბი, აქედან ცოცხალი მიგვყავს.
მანფრედ შანსი სასტუმრო „შერატონის“ მეთორმეტე სართულიდან ღამის პირველ საათზე სპეციალური ტროსით ჩავუშვით ქუჩაში. სანამ ვინმე რამეს მოიაზრებდა, ის ჯერ ნიუ-იორკის პორტში მივიყვანეთ და პატარა იახტაში გამოვკეტეთ, ხოლო შემდეგ კუბაში, ბოლოს კი მოსკოვში ჩავიყვანეთ, რის შესახებაც პირადად ვუპატაკე ლოსევს:
– ამხანაგო გენერალო, მოღალატე შანსი ცოცხალი და უვნებელი მოგგვარეთ!..