ამოხსნეს სიბრძნის საიდუმლოება
ამერიკელმა სწავლულებმა გამოარკვიეს, რომ ასაკთან ერთად ადამიანი უფრო ჭკვიანი და გონიერი ხდება, ვინაიდან მისი ტვინი მუშაობას მთელი ძალით იწყებს. ამავე დროს, ინტელექტუალური აქტივობის პიკი 50-70 წლებზე მოდის, – ასეთია ბარბარა სტოუჩის კვლევების სენსაციური შედეგები.
ტრადიციულად, ითვლებოდა, რომ დროის განმავლობაში გონებრივი მოქმედება თანდათან ქრება, ვინაიდან ნეირონები – თავის ტვინის უჯრედები, თანდათანობით კვდებიან და სიცოცხლის ბოლოს ადამიანს ნეირონების 30 პროცენტი უკვე დაკარგული აქვს. უკანასკნელი გამოკვლევების მიმდინარეობისას კი გაირკვა, რომ ეს სულაც არაა ასე – თავის ტვინის უჯრედები არ კვდებიან, უბრალოდ, შეიძლება, დაიკარგოს კავშირები მათ შორის, მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი მათ არ აამოქმედებს.
ამავე დროის განმავლობაში თავის ტვინში იზრდება მიელინის რაოდენობა. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც აიძულებს სიგნალს, სწრაფად გაიაროს ნეირონებს შორის, რის შედეგადაც ტვინის ინტელექტუალური ძალა საშუალო მაჩვენებელთან შედარებით რამდენიმე ასეული პროცენტით იზრდება. ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ მიელინის წარმოების აქტივობის პიკი 60 წლის ასაკზე მოდის.
ამას გარდა, თუკი 50 წლის ასაკამდე თავის ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის „შრომის განაწილება ხისტია“ და თითოეული მათგანი მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციას ასრულებს, მაშინ 50 წლის შემდეგ ადამიანს შეუძლია, გამოიყენოს თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო ერთდროულად. ეს კი საშუალებას აძლევს მას, გადაწყვიტოს მნიშვნელოვნად უფრო რთული ამოცანები.
ამასთან, თავს იჩენს ხანდაზმული და მოხუცი ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც მათ თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში დააგროვეს. ისინი ნაკლებად ღელავენ უჩვეულო და ემოციური ინფორმაციის მიღებისას, ვიდრე ახალგაზრდები. როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა დილიპ ჯეისტმა განაცხადა, „იმ ადამიანის თავის ტვინი, რომლის მხრებზეც გადაიარეს ცხოვრების ათწლეულებმა, ნაკლებად იმპულსური და უფრო რაციონალურია და, ამას, შეიძლება, ვუწოდოთ სიბრძნე“.
ინტელექტუალური აქტივობის პიკს აქვს თავისი ნეგატიური მხარეები. ინფორმაციის უზარმაზარმა რაოდენობამ, რომელიც გროვდება მრავალი წლის განმავლობაში, შესაძლოა, ოპერატიული მეხსიერება გადატვირთოს, რამაც ადამიანი, შეიძლება, გულმავიწყობამდე, გაფანტულობამდე მიიყვანოს, – აღნიშნავენ ნეიროქირურგები.