არასტაბილური ორბიტის ასტეროიდს შეიძლება ტრაექტორია შეუცვალონ
მეცნიერების ვარაუდით, ასტეროიდი, რომლის დიამეტრი 560 მეტრია, შეიძლება, დედამიწას დაეჯახოს. ასეთი კატასტროფის შანსი უახლოეს ათწლეულებში დიდი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზრდება, როდესაც ციური სხეული „ჩვენს პლანეტას მიუახლოვდება, ანუ 2182 წელს“, – ასეთი გაფრთხილებით გამოვიდა ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ესპანელ ასტრონომთა ჯგუფი მარია ეუხენია სანსატურიოს ხელმძღვანელობით. მათ კვლევების შედეგები ამერიკის ნაციონალურ მეცნიერებათა აკადემიასაც მიაწოდეს.
ასტეროიდი 1999 წელს აღმოაჩინეს და „RQ 36“ დაარქვეს. დედამიწასთან შეჯახების ასეთი ალბათობა კი მათემატიკური ფორმულებით გამოიანგარიშეს, თუმცა, ასტეროიდის ბრუნვის ორბიტა ძალზე ცვალებადია და ამიტომ, ძალიან რთულია ასტეროიდის მოძრაობის ზუსტი ტრაექტორიის პროგნოზირება. ესპანელებმა ამ ასტეროიდის მოძრაობაზე 290 ოპტიკური და 13 რადარული დაკვირვება ჩაატარეს და დაადგინეს მასზე იარკოვსკის ეფექტის არსებობა. ინჟინერ-ტექნოლოგმა იარკოვსკიმ 1900 წელს პირველმა იწინასწარმეტყველა საინტერესო ფენომენი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დღისით გამთბარი და ღამით გაცივებული ასტეროიდის ზედაპირის სითბური გამოსხივება ქმნის სუსტ რეაქტიულ იმპულსს, რომელიც ციურ სხეულს დამატებით აჩქარებას ანიჭებს.
ამ ეფექტის გამო ძალზე რთულია იმის გათვლა, თუ რამდენად ახლოს ჩაუვლის დედამიწას ასტეროიდი მორიგ წრეზე. თუ იარსებებს დედამიწასთან დაჯახების საშიშროება, აუცილებელია, რომ მისი ტრაექტორიის ხელოვნური შეცვლის პროცედურა 2080 წლამდე ჩატარდეს. უფრო მოგვიანებით ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლა ძალზე რთული იქნება.