როდის არ უნდა დააძალოს საყვარელმა ქალს ქმრის მიტოვება
ღალატის ფენომენი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოკვლეული. ფსიქოლოგები დიდი ინტერესით სწავლობენ ამ საკითხს, თუმცა, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდია, ძნელია, რაღაც ჩარჩოში მოაქციო ეს წმინდად ადამიანური მოვლენა. ამბობენ, რომ მამაკაცის ხასიათში თავიდანვეა ჩადებული ღალატი, ქალებს კი განსაკუთრებული მიზეზი სჭირდებათ ღალატისთვის.
თუ კარგად დავფიქრდებით, ეს სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს. მთავარი, ალბათ, სიყვარულის დეფიციტია. ღალატი ჩნდება იქ, სადაც სიყვარული მოისუსტებს. გამორიცხულია, სიყვარულით ანთებულმა გულმა ღალატისკენ გაიწიოს. რა მნიშვნელობა აქვს, ქალი იქნება თუ მამაკაცი – როცა ადამიანს უყვარს, მის გულსა და სულში სხვისთვის ადგილი აღარ რჩება.
როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელსაც აქვს ოჯახი, ჰყავს მეუღლე, მაგრამ სხვა მამაკაცი შეუყვარდა? ლოგიკიდან გამომდინარე, მან უნდა უთხრას სიმართლე ქმარს. დაემშვიდობოს მას და დაიწყოს ახალი ურთიერთობა. ქალი, რომელიც ამას არ აკეთებს, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად იქცევა. თუმცა, შესაძლოა, მას სერიოზული მიზეზიც კი ჰქონდეს სიმართლის დასამალად.
ვახო (27 წლის): მე სინდისის ქენჯნამ მომიყვანა თქვენთან. დიახ, სინდისი მაწუხებს იმ ყველაფრის გამო, რაც ჩემი უგუნური, ბავშვური საქციელიდან გამომდინარე მოხდა. ჩემს საყვარელ ქალს სასიკვდილო საფრთხე შევუქმენი და არ ვიცი, ამას ოდესმე თუ ვაპატიებ საკუთარ თავს. ბრძენი და ჭირ-ვარამგამოვლილი ადამიანი არ ვარ და შემეძლო, ყველაფერი ჩემი გამოუცდელობისთვის დამებრალებინა – ამით მივაღწევდი იმას, რომ გამოვძვრებოდი სიტუაციიდან, მაგრამ ჩემთვის მთავარი ეს არ არის. შეიძლება, დამნაშავე ვარ იმაში, რომ გათხოვილ ქალთან დავიწყე ურთიერთობა, მაგრამ სიყვარული არ გეკითხება, ცოლი გყავს, ქმარი თუ შვილი...
– გეთანხმებით, რომ სიყვარული მართლა არ კითხულობს ადამიანის სტატუსს, მაგრამ...
– მაგრამ, ბრმა სიყვარულიც არ შეიძლება, ხომ? ამის თქმა გინდათ, ასეა? მართალი ბრძანდებით. ალბათ, მარტო გულით არ უნდა იფიქრო და თვალიც უნდა გაახილო. ან, უნდა გაუმკლავდე გრძნობას, ისევ და ისევ საყვარელი ქალის გამო, მით უმეტეს, როცა მას აქვს ოჯახი... ანუ, მეტად კეთილგონიერი უნდა იყო. მე უნდა ვყოფილიყავი კეთილგონიერი. ამ სიტყვის ყველანაირი გამოვლინებით. სწორედ იმაშია ჩემი უბედურება, რომ კეთილგონიერება არ მეყო.
– ანუ, არ უნდა დაგეწყოთ ურთიერთობა გათხოვილ ქალთან?
– არა, მაგაზე არ ვლაპარაკობ. მე ის შევიყვარე და არ ვნანობ ამას. ურთიერთობაში ვერ გამოვიჩინე კეთილგონიერება, ნერვებმა მიმტყუნა. ვეღარ გავუძელი იმას, რომ ჩემი საყვარელი ქალი სხვა კაცს უწვებოდა ლოგინში. დამავიწყდა, რომ სიყვარული ნდობასაც გულისხმობს, სხვანაირად გამორიცხულია.
– რა შუაშია ნდობა, როცა მას ოფიციალურად ჰყავდა ქმარი?
– მეუბნებოდა, მიყვარხარო, მე კი არ დავიჯერე, ეჭვი შევიტანე მის სიტყვებში და ამისთვის დავისაჯე. ძალიან ავჩქარდი. ემოციებს ავყევი, ემოცია კი ცუდი მრჩეველია. არ მქონდა უფლება, არ დამეჯერებინა მისი სიყვარული. მარიკო სამსახურში გავიცანი. ჩემზე ხუთი წლით არის უფროსი. ახალი თანამშრომელი ვიყავი, როცა კოლეგები გამაცნეს და მარიკო დანახვისთანავე სხვანაირად მოვიდა ჩემს გულთან. ნამდვილად არსებობს რაღაც, გეუბნებით... იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ მაშინვე შემიყვარდა, მაგრამ ძალიან მალე ვიგრძენი, რომ მოსვენება დავკარგე. სულ მარიკოზე ვფიქრობდი. სამსახურში ყოფნისას საგანგებოდ ვეძებდი მიზეზს, რომ შევსულიყავი მასთან და დავლაპარაკებოდი. მარტო გარეგნობით კი არა, ყველაფრით მიზიდავდა, თავი დავკარგე.
– ესე იგი, თქვენ იყავით ურთიერთობის ინიციატორი.
– რა თქმა უნდა, მე ვიყავი და ღალატის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე ვიღებ. მარიკო არ მიეკუთვნებოდა იმ ქალების კატეგორიას, რომელთათვისაც ღალატი ჰობია.
– შეიძლება, ღალატი იყოს ჰობი?
– ვიღაც-ვიღაცეებისთვის შეიძლება. ამ ვიღაც-ვიღაცეებში ქალებიც შედიან და კაცებიც. ისინი ამას სიყვარულის გამო კი არა, გასართობად აკეთებენ. მარიკო რომ ასეთი ყოფილიყო, მე ის არ შემიყვარდებოდა. საკმაოდ დიდხანს გამირბოდა. მეუბნებოდა, ქმარი მყავს და თავი დამანებეო.
– რატომ არ დაანებეთ თავი?
– იმიტომ, რომ შემიყვარდა. არ გჯერათ? – მართლა შემიყვარდა. იდეაფიქსად კი არ მქონდა მისი შეცდენა. რა სისულელეა! მანამდე გათხოვილ ქალებთან საერთოდ არ მქონია ურთიერთობა, ვერიდებოდი კიდეც ასეთ სახიფათო კავშირებს.
– გათხოვილ ქალთან კავშირი სახიფათოა?
– არ არის სახიფათო? თქვენ მიგაჩნიათ, რომ წესიერი ქალი ქმარს უმიზეზოდ უღალატებს? სხვა საქმეა, როცა რაღაც მიზეზის გამო აღარ უყვარს თავის ქმარი და მის გულში ახალი გრძნობა შემოდის, ჭეშმარიტი გრძნობა.
– ასეთ შემთხვევაში ჯერ ქმარს უნდა გაშორდეს და მერე დაიწყოს ახალი ურთიერთობა.
– მართალი ბრძანდებით. სწორედ ამას მოვითხოვდი მარიკოსგან. ვემუდარებოდი, ეთქვა ქმრისთვის სიმართლე. ძალიან მაწუხებდა და მაღიზიანებდა ჩვენი ფარული შეხვედრები. ვცოფდებოდი, როცა წარმოვიდგენდი, როგორ ეხვეოდა ქმარს, როგორ ჰქონდა მასთან სექსი. მგონი, არავინ გამამტყუნებს ამაში. რომელ მამაკაცს შეუძლია ამისი ატანა? ბუნებრივია, ვეჭვიანობდი. ვეჭვიანობდი კი არა, კედლებზე გავდიოდი და ჩემს გულს ვასკდებოდი. მაგიჟებდა იმის განცდა, რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. თან მიკვირდა, თუ ვუყვარვარ, იმასთან რაღა უნდა-მეთქი.
– ელაპარაკებოდით ამაზე თქვენს საყვარელს?
– ბოლოს მარტო ამაზე ველაპარაკებოდი. ამიტომ ჩვენი შეხვედრები სულ ჩხუბით მთავრდებოდა. მე თავს ვეღარ ვიკავებდი, მარიკო იწყებდა ტირილს, მისი ცრემლების დანახვა უარესად მიშლიდა ნერვებს და ასე ვშორდებოდით ერთმანეთს.
– რას გეუბნებოდით, რატომ არ შემიძლია მისი მიტოვებაო?
– მისი მიტოვება არ შემიძლიაო, ამას არ ამბობდა. პირიქით, მიმტკიცებდა, ჯოჯოხეთია ჩემთვის მის გვერდით გატარებული ყოველი დღე, მაგრამ შესაფერისი მომენტი ვერ ვიპოვე, რომ სიმართლე ვუთხრაო. ამ შესაფერისი მომენტის პოვნას საშველი რომ აღარ დაადგა, გავგიჟდი. სხვა რამეზე ფიქრი აღარ შემეძლო. არავის დანახვა აღარ მინდოდა, საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, არ არის ეგ მატყუარა ქალი შენი სიყვარულის ღირსი. მოეშვი და სხვა, უფრო ღირსეული მოძებნე-მეთქი, მაგრამ დავინახავდი მარიკოს და მთელი ჩემი ნაფიქრ-ნააზრევი ქარს მიჰქონდა. ჩემი მეგობრებიც მიკითხავდნენ „ლექციებს“. რა გინდა, თავს რატომ იწამებ, შეირგე, რა, ეგ რომანი. ქალს ასეთი ურთიერთობა მოსწონს, რა ტვინს უბურღავ? მაინცდამაინც განათხოვარი ქალი გინდა ცოლად, რომ შენი მშობლები გადარიო? დამშვიდდიო. ვერ ვაგებინებდი, რომ მიყვარდა მარიკო. ზოგჯერ, როცა ერთად ვიყავით და ქმარი დაურეკავდა, ვთხოვდი, არ ეპასუხა მისთვის, მაგრამ არ მისმენდა. მაშინვე ეცემოდა მობილურს და ცდილობდა, იმ ტიპს არაფერი შეემჩნია. ალერსად იღვრებოდა: „ჰო, საყვარელო“, „სამსახურში შევყოვნდი, საყვარელო“, „მარტო შენ მიყვარხარ, საყვარელო“, „მოვრბივარ, საყვარელო“... რა ჭკუაზე დავდგებოდი, ასეთი რაღაცების მოსმენის შემდეგ?
– რა დროის განმავლობაში იყავით საყვარლები?
– თითქმის ერთი წელი. როგორც კი ქმარს სადმე გაიგულებდა, მაშინვე მირეკავდა და მორბოდა ჩემთან. მაგრამ ყველანაირად ცდილობდა, არავის გაეგო ჩვენი შეხვედრების შესახებ. ისეთი ფრთხილი იყო, რომ სამსახურის ჭორიკანა „სასტავმაც“ ვერაფერი გაიგო ჩვენი რომანის შესახებ. ხალხში ძალიან ოფიციალურად და მკაცრად მექცეოდა. მერე გავიგე, რომ საკუთარი დისთვისაც კი არაფერი უთქვამს. ამის მიზეზი ჰქონდა, მაგრამ არ მითხრა. ჩემით კი ვერაფერს მივხვდი. განსაკუთრებულად მიუხვედრელი გამოვდექი და ეს ჩემი მიუხვედრელობა, მარიკოს ძვირად დაუჯდა. ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს ამ სიშტერეს. შეყვარებული მამაკაცი ვერ იღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, მაგრამ რატომ ერთხელ მაინც არ დავფიქრდი, რა საიდუმლოს მალავდა საყვარელი ქალი? ეჭვმა დამაბრმავა, დაგროვდა, დაგროვდა წყენა მის მიმართ და ბოლოს ამოხეთქა. საღამოს ჩემთან უნდა მოსულიყო მარიკო. ძლივს დავაღამე. უცებ დამირეკა და მითხრა, რომ ვეღარ მოვიდოდა. დედამისთან უნდა დარჩენილიყო მისი ქმარი და გადაუფიქრებია. მარიკო მეხვეწებოდა, მაპატიე და არ გამიბრაზდე. ამ დღეებში რაღაცას მოვიფიქრებ, გამოვძვრები და ღამეც შენთან დავრჩებიო. მაინც გავბრაზდი. გავბრაზდი კი არა ცოფები ვყარე. მეორე დღეს მომენტი შევურჩიე, ოთახში მარტო რომ იყო, შევედი და რასაც ვფიქრობდი, ყველაფერი ვუთხარი.
– რა უთხარით?
– ძალიან ბევრი სისაძაგლე. უზნეო ხარ-მეთქი, ისიც კი ვუთხარი. შენს ქმარს არასოდეს გაშორდები, იმიტომ რომ ერთი მამაკაცი არ გყოფნის, იმასაც ატყუებ და მეც, სიყვარულის აზრზე არ ხარ-მეთქი. აღარ დავინდე. ცრემლით სავსე თვალებით მიყურებდა, მაგრამ მარტო იმას იმეორებდა, მიყვარხარ, მიყვარხარო. ეს უარესად მაგიჟებდა. ჭკუიდან გადავედი. უნდა დაგივიწყო-მეთქი, ვუთხარი. შენნაირ ქალთან აღარ მინდა საერთო მქონდეს-მეთქი. ვერაგი და მოთამაშე ხარ: ჩემთან მარტო ერთობი, ქმარს კი, ალბათ, ფულებს „ახევ“. აწყობილი გაქვს ცხოვრება. რატომ აიწეწავ, რისთვის, შენ ხომ არაფრად გიღირვარ-მეთქი. შემეხვეწა, რამდენიმე დღე კიდევ დამაცადე და, აუცილებლად წამოვალ მისგანო.
– კიდევ დაუჯერეთ?
– არა, აღარ დავუჯერე, მაგრამ შანსი მივეცი. გაუხარდა. თვალები გაუბრწყინდა. რა ბედნიერებაა, რომ შენ მყავხარო. გინდა, კინოში წავიდეთ. ჩემი ქმარი გვიანობამდე მუშაობს და შემიძლია, სახლში ჯერ არ მივიდეო. ოფისიდან ცალ-ცალკე გავედით. ის წინ მიდიოდა. უკან, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მე მივყვებოდი. უცებ მარიკო გაჩერდა, მომხედა და ფეხს აუჩქარა. რაღაცნაირი მზერა ჰქონდა, თითქოს დამფრთხალი და დაბნეული. ვერ მივხვდი, რა დაემართა. მერე დავინახე, როგორ ჩამოეკიდა კისერზე ვიღაც კაცს და მივხვდი, რომ ეს მისი ქმარი იყო. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ჩემი მდგომარეობა?! თავი აბსოლუტურად იდიოტად ვიგრძენი, ყეყეჩად და კრეტინად. ჩემს თვალწინ ეხვეოდა და კოცნიდა ქმარს. რაღა უნდა დამეჯერებინა მისთვის? არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი, რომ არ მივეჭერი და იქვე, ქმრის თვალწინ არ გამოვლანძღე. მინდოდა ამის გაკეთება. გული ლამის გამისკდა. მანქანაში რომ ჩავჯექი, მღელვარებისკან ხელები მიკანკალებდა. ნახევარი საათის შემდეგ მესიჯი მომწერა: მაპატიე, მე მარტო შენ მიყვარხარ, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდიო. მობილური ლამის კედელს მივაფშვენი. მისი ნაკუწებად ქცევა მინდოდა. მივწერე, ჩემი სახელი აღარ ახსენო, ხვალვე დავიწყებ სხვა სამსახურის ძებნას, შენი დანახვაც აღარ მინდა-მეთქი. თვალი რომ მოვხუჭე. ვნანობდი, რომ ამდენი დრო დავკარგე. უსინდისო და უსირცხვილო ქალი შევიყვარე.
– მაპატიეთ, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ გქონდათ უფლება, მისთვის უზნეობაში დაგედოთ ბრალი? თქვენ ხომ თავიდანვე ქმრიან ქალთან დაიწყეთ ურთიერთობა.
– კი, მაგრამ ეს არ იყო უბრალო რომანი. მარიკოსთან იმიტომ არ დამიწყია ურთიერთობა, რომ ქალი მინდოდა. შემიყვარდა-მეთქი... რატომ არ მიჯერებთ. ისიც მეუბნებოდა, მიყვარხარო. ჩემი ცხოვრების ნათელი სხივი ხარო. ვოცნებობ იმ დღეზე, როცა არავისგან აღარ მოგვიწევს დამალვა და თამამად გამოვჩნდებით ხალხშიო. იმასაც მიმტკიცებდა, შვილი მინდა შენგანო.
– ქმართან არ ჰყავდა შვილი?
– არა. მითხრა, ჩემს ქმარს არ უნდა ჯერო. საერთოდ, ძალიან ცოტას ლაპარაკობდა საკუთარ ქმარზე. მე ვიფიქრე, რომ ამას ჩემდამი უპატივცემულობის გამო აკეთებდა. ეჭვი ძალიან ცუდი მრჩეველია, ძალიან... რომ არ მეეჭვიანა, მივხვდებოდი, რა აწუხებდა ჩემს საყვარელ მარიკოს. ჩემი ბრალია, ის რომ ახლა ცუდ დღეშია და აღარც ჩემი სჯერა. მე ვაიძულე, რადიკალური ნაბიჯი გადაედგა. ჩიხში შევიყვანე. კუთხეში მივიმწყვდიე და სხვა გამოსავალი აღარ დავუტოვე. მარიკოსთვის საშიში იყო ის სიყვარული, რომელიც მე ჩავუნერგე გულში და ლამის შეიწირა კიდეც ამ სიყვარულმა. სამწუხაროდ, გვიან გავიგე ჩემი საყვარელი ქალის საიდუმლო. გვიან გავიგე, რისი ეშინოდა მას.
– რისი ეშინოდა?
– ქმრის სისასტიკის. იმან იცოდა, რა ნადირის გვერდით ცხოვრობდა და იმიტომაც იკავებდა თავს მისთვის სიმართლის თქმისგან. როცა მარიკო მიხვდა, რომ მკარგავდა, უთხრა იმ ცხოველს სიმართლე და იმან საშინლად სცემა. ისე სცემა, რომ ცხვირის ძვალი ჩაუმტვრია და საოპერაციო გახდა. მისი და მოვიდა ჩემთან და მომიყვა, რაც მოხდა.
– ქმარმა რომ ცოლი ღალატის გამო სცემოს, მგონი, ეს კაცის ბუნებრივი რეაქციაა.
– რა არის ბუნებრივი რეაქცია, უსუსურ ქალს რომ სცემ, იმიტომ, რომ აღარ უყვარხარ?! ამაზე დიდი სულმოკლეობა და ზნედაცემულობა ვერ წარმომიდგენია, ეს არის არაკაცობა. ქალს თუ აღარ უნდიხარ, უნდა გაუშვა – მე ასე მიმაჩნია. მაგრამ ახლა სხვა პრობლემა მაქვს, სერიოზული პრობლემა: როგორ გამოვისყიდო საკუთარი დანაშაული, როგორ მივიდე მარიკოსთან და როგორ მოვინანიო ჩემი სიბრმავე? მე რომ მივმხვდარიყავი, რა ხდებოდა, იქნებ მარიკო გადამერჩინა. ბოლოს და ბოლოს, მე მივიდოდი იმ ველურთან და მე ვეტყოდი. თავ-პირსაც დავუნაყავდი.
– ახლა დაუნაყეთ თავ-პირი.
– დაკავებულია – მარიკოს მშობლებმა უჩივლეს. თურმე, ადრეც უცემია. პათოლოგიური გადახრები ჰქონია. მარიკო კი ითმენდა, ეშინოდა, არ მომკლასო. ჩემი საწყალი გოგო, როგორი ტკივილი მივაყენე! დაჩოქილი ვთხოვ პატიებას. თუ მაპატიებს ჩემს სისულელეს, აღარასოდეს მოვშორდები გვერდიდან და ყველაფერს გავაკეთებ მისი ბედნიერებისთვის. საერთოდ, მამაკაცებს მეტი წინდახედულობა და ყურადღება მოგვეთხოვება. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და უფრო ღირსეულებიც უნდა ვიყოთ.
დალი მიქელაძე