როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ოდიკაძე
გვარის ფუძეა სიტყვა ოდიკი. ოდიკი ჰქვია წმიდა ბარძიმის ქვესაფენს. სულხან-საბა ორბელიანი წერს: „ოდიკი წმიდა ბარძიმის ქვესაფენი, ფეხიანი მაღალი სასმისი, ფეხ-მაღალი სასმისი“. „ოდიკი არის წმიდის ზიარების ქვეშ საფენი, კურთხეული თეთრი“.
ოდიკაძეთა წინაპრები ოდიკის ხელოსნები იყვნენ და ხელობის მიხედვით გაუგვარდათ მათ გვარი ოდიკაძეობა.
1995 წლის თებერვალში ვაუჩერი აიღო 998 ოდიკაძემ: თბილისში – 288, ზესტაფონში – 142, რუსთავში – 86, ოდიკაძეები ცხოვრობენ სხვა რაიონებსა და სოფლებშიც.
თაყაიშვილი – თაყაიძე
მამაკაცის საკუთარი სახელი თაყა შუა საუკუნეებიდან გვხვდება.
„თაყა-ნაზირი, მოწმე იარალის მიერ მელიქსეთაშვილისთვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა“, 1683 წელი.
„თაყასგან ნასყიდი პარტახტი ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს“ (1550-1570 წლები).
თავადი (მებატონეები) თაყაიშვილები სათავეს იღებენ ბარათაშვილებიდან. ბარათაშვილები – თაყაიშვილები იხსენიებიან 1661 წლიდან.
თაყაიშვილები ჩანან ანდრონიკაშვილებთანაც. „თაყაიშვილი-ანდრონიკაშვილი ანდრია“.
თაყაიშვილებიდან წარმოშობილებად ჩანან ქვემო ქართლში თაყინაშვილები, თაყნიაშვილები. ასევე, თაყაიშვილებიდან გაჩნდა გვარი თაყაძე.
სალუქვაძეების გვარიდან მომდინარეობენ თაყაიშვილები. გურიაში თაყაიშვილები სახაზინო აზნაურები ყოფილან.
დაფიქსირებულია ასევე, გვარი თაყოშვილი, თაყუაშვილი.
საქართველოში 197 თაყაიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 126, ბორჯომში – 18, კასპში – 10. არიან სხვაგანაც.
23 თაყაიძე: თბილისში – 13, გორში – 8, ქარელში – 2.
438 თაყაძე: გორში – 315, თბილისში – 86, რუსთავში – 11. არიან სხვაგანაც.
305 თაყნიაშვილი: თბილისში – 142, ბოლნისში – 57, თეთრი წყაროში – 29. არიან სხვაგანაც.
ჟღენტი
ჟღენტი გურული წარმოშობის გვარია. ამ გვარის ხალხი ჩოხატაურში, ოზურგეთსა და თბილისში ცხოვრობს. ადრე აზნაურები იყვნენ.
გადმოცემის მიხედვით, გვარი რომაული წარმოშობისაა. მეფე გუბაზმა ბიზანტიელთა დახმარებით სპარსელთა ლაშქარი მოიგერია. ზოგი რომაელი ლეგიონერი საქართველოში დაქორწინდა და საცხოვრებლად აქვე დარჩა. მათ გვარად ჯღენტი დაარქვეს. შემდეგ გვარის პირველი ასო შეიცვალა და ჟღენტი გახდა.
ჯერჯერობით უცნობია, რას ნიშნავს გვარის ფუძე ჟღენტ.
ზოგიერთმა რომაელმა ლეგიონერმა კი გვარად ღლონტი და ჯიბუტი აიღო.
საქართველოში 3 335 ჟღენტი ცხოვრობს: თბილისში – 1 154, ჩოხატაურში – 480, ოზურგეთში – 378. არიან სხვაგანაც.
რევიშვილი
გვარი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან რევი. ამ სახელით ისტორიაში არაერთი პირია ცნობილი, მაგალითად, რევ მართალი, რევი მარინის ძე და სხვა.
ცნობილი ისტორიული პირი იყო მწიგნობარი ქუმსი რევიშვილი.
აზნაურები – ბეჟან და ზაალ რევიშვილები, 1721 წლის აღწერით, როსტომ და გუგუნა ნამანგლევიშვილების მემამულეებად მოიხსენიებიან. ცხოვრობდნენ და ყმები ჰყავდათ სოფელ სკვირეთში. იქვეა მოხსენიებული მებატონე-მემამულე გიორგი რევიშვილი. აზნაური სეხნია რევიშვილი, ამავე წლის აღწერით არის საამ და ედიშერ ბარათაშვილების მემამულე, ცხოვრობს და ყმები ჰყავს ქციაში. იმავე აზნაურებს ყმები ჰყოლიათ სოფელ თაფანსა და წვერში. სოფელ სკვირეთში, ასევე, მემამულეები იყვნენ და ყმებიც ჰყავდათ – გიორგი და სვიმონ რევიშვილებს.
თავადი იესე ბარათაშვილი კეთილად მოიხსენიებს აზნაურიშვილ რევიშვილებს. ის წერს: „მეექვსე წელს, ქალაქს ჩამომიყვანეს. წვერის ციხეში გამგზავნეს და მუნ ვიზრდებოდი გლეხებთან. ერთი აზნაურიშვილი იდგა რევისშვილი, იმათთან მიმიყვანდნენ, მათამაშებდნენ და დიდი პატივი მქონდა აზნაურთაგან“...
საქართველოში 1 180 რევიშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 595, თბილისში – 177, სამტრედიაში – 148. არიან სხვაგანაც.
კიკიანი
მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანმა 1939 წელს ბაგრატის ტაძარზე აღმოაჩინა წარწერა, რომლის ავტორიც უცნობია. წარწერა 1740 წლითაა დათარიღებული: იქ მოხსენიებულია ჰასან აღა კიკიანი, რომელსაც ქუთაისის ციხემდე წყალი გამოუყვანია, რისთვისაც ის შეუქიათ და დაულოცავთ.
კიკიანი ქართული გვარია. ეს ჰასან აღა, უნდა ვიფიქროთ, რომ თათრებს გადაუბირებიათ და მას ისლამის რჯული მიუღია. დასავლეთ საქართველოს საბუთებში იგი ხშირად ჩანს, როგორც საზოგადოებაში გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირი, მატერიალურად შეძლებულიც. ქუთაისის მუზეუმის ერთი საბუთის მიხედვით, დასტურდება, რომ ამ კიკიანის ქრისტიანული სახელი იყო სიმონი, ხოლო ჰასანი თურქებს შეურქმევიათ.
აკადემიკოსი სერგი ჯიქია სიმონ კიკიანის შთამომავლობაზე არსებულ ცნობებსაც განიხილავს: წერილობითი საბუთებით მტკიცდება, რომ ქუთაისის ციხის აღების (1770 წელი) შემდეგ, გენერალმა ტოტლებენმა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორეს გაუგზავნა ტყვედ აყვანილი ჰასან კიკიანის შვილიშვილი. ეს ტყვე გვარ-სახელად ქუთაისოვს ატარებდა. ეკატერინე მეორემ ის აჩუქა თავის შვილს, პავლეს, რომელსაც ყმაწვილი ძალიან მოეწონა, აღზარდა, მონათლა და სახელად ივანე უწოდა.
უკანასკნელი კიკიანები მოხსენიებულნი არიან იმერეთის მეფის, სოლომონ მეორის 1808 წლის ერთ საბუთში. სოლომონ მეორე ადასტურებს, რომ ერთი კიკიანი, ქუთაისის ციხის აღებამდე, ქუთაისის ყადი ყოფილა და რომ კიკიანები იმერეთის მკვიდრნი იყვნენ და აზნაურის ტიტულს ატარებდნენ. ამ ყადის შვილიშვილების ქუთაისოვებად მოხსენიება უნდა აიხსნას იმ დროს რუსეთში გრაფ ქუთაისოვის გვარის გამოგონებით. როგორც ცნობილია, გრაფ ქუთაისოვის გვარის დამწყები იყო ქუთაისის ციხის აღების დროს, 1770 წელს ტყვედ აყვანილი და რუსეთში იმპერატორ ეკატერინე მეორის კარზე საჩუქრად გაგზავნილი მაჰმადიანი ყმაწვილი. როგორც ირკვევა, ეს ყმაწვილი გვარად კიკიანი ყოფილა.
ამრიგად, სერგი ჯიქიამ დაადგინა, რომ გვარ-სახელი ქუთაისოვი ქუთათურ კიკიანს გულისხმობს.
მეფე სოლომონ მეორის მიერ 1808 წელს გაცემული საბუთი მოწმობს, რომ იმერეთში კიკიანებს აზნაურის წოდება ჰქონდათ. მეციხოვნე კიკიანი მოხსენიებულია რევაზ ჯაფარიძის რომანში „მძიმე ჯვარი“.
მიხეილ ალავიძე აღნიშნავს, რომ მან მოიპოვა ცნობები სვანური წარმოშობის გვარზე – კიკიანი. ისინი სახლობენ დაბა ჩხოროწყუში. ქვედა ჩხოროწყუს ერთ უბანს საკიკიანო ჰქვია.
გვარი კიკიანი უკავშირდება ადამიანის კოლხურ საკუთარ სახელს კიკი.
კიკიანი მომდინარეობს ადამიანის საკუთარი სახელიდან გრიგოლი, რომლის ერთ-ერთი კნინობითი ფორმაა გიგა. თანხმოვნებს გ, ქ უფრო მჟღერი კ ჩაენაცვლა. ამ გზით მივიღეთ კიკა და გვარები: კიკიანი, კიკაძე, კიკოშვილი, კიკავა, კიკაური.
საქართველოში 98 კიკიანი ცხოვრობს: თბილისში – 35, ზუგდიდში – 21, მარტვილში – 13. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით