ვინ ეძებს მეგობარს უკრაინიდან აფხაზეთში და როგორ დამეგობრდნენ სწავლის პერიოდში უკრაინელი გოგონა და ქართველი ბიჭი
44 წლის სვეტლანა ივანეს ასული კონოვა ეძებს 46 წლის კობა ლომიძეს.
ისტორია: ვეძებ 46 წლის კობა ლომიძეს. მე და კობამ ერთმანეთი 1984-1985 წლებში გავიცანით, როდესაც ერთად ვსწავლობდით ქალაქ პერმის ფარმაცევტულ ინსტიტუტში. სანამ კობას გავიცნობდი, ქალისა და კაცის მეგობრობის არ მჯეროდა, მაგრამ მან სრულიად შეცვალა ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მე უკრაინელი ვარ, ის კი ქართველია, გაცნობის დღიდან ჩვენ განუყრელი მეგობრები ვიყავით და ლექციებსა თუ გამოცდებზე ერთმანეთს ვეხმარებოდით. კობა არ მინახავს აფხაზეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ – ბოლოს ის დაახლოებით 1991 წელს ვნახე.
– სვეტლანა, როგორ გაიცანით ერთმანეთი თქვენ და კობამ და რა მიზეზით დაკარგეთ ერთმანეთთან კონტაქტი?
– მე და კობამ ერთმანეთი პერმში გავიცანით – იქ ორივე სწავლის გასაგრძელებლად ვიყავით ჩასული. მახსოვს, კობა მოვიდა ჩემთან და საათი მკითხა (იღიმება) – მაშინ ეს გაცნობის ერთ-ერთი ხერხი იყო, შემდგომ კი გამიმხილა, რომ, უბრალოდ, სხვა ვერაფერი მოიფიქრა. ჩემმა დაქალმა კი მაშინვე ჩამჩურჩულა: არ გაიცნო, მექალთანე იქნებაო. კობას მექალთანეობის არაფერი ეტყობოდა, მას ძალიან კეთილი სახე და განსაკუთრებით თბილი თვალები ჰქონდა. დაქალს არ დავუჯერე და მე და კობა მალევე დავმეგობრდით. მანამდე არ მჯეროდა კაცისა და ქალის მეგობრობა, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი. კობას ნამდვილი ქართველის ხასიათი ჰქონდა – ვაჟკაცური და სამართლიანი. ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით: ის – ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, საერთო საცხოვრებელში, მე კი – მეორე მხარეს. პლეხანოვის ქუჩაზე ვიყავით ორივე. მთელი ოთხი წელი ერთად ვმეცადინეობდით, ვაბარებდით გამოცდებს. მთელმა ფარმაცევტულმა ინსტიტუტმა იცოდა, რომ ჩემი წყენინება არ შეიძლება, რადგან მყავს ძლიერი ძმაკაცი – კობა, ამით სერიოზულად ვამაყობდი კიდეც. სწავლის დამთავრების შემდეგ ჩვენ ერთმანეთის კოორდინატები ჩავიწერეთ და ჩვენ-ჩვენს სამშობლოში დავბრუნდით: მე – უკრაინაში, კობა – აფხაზეთში. ვიცი, რომ მას იქ და-ძმაც ჰყავდა – ალეკო და ირინა. საერთოდ, კობა ბევრს მიყვებოდა თავის ოჯახზე და ზოგადად, საქართველოზე. ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო. მე სახლში დავპატიჟე და მშობლებიც კი გავაცანი. წასვლის წინ კობა დამპირდა, რომ თავის ქორწილში დამპატიჟებდა და საცოლეს გამაცნობდა – იმ დროისთვის ის ცოლის მოყვანას აპირებდა. ჩემი მხრიდან, მეც დავპირდი, რომ საქმროს გავაცნობდი, როგორც კი გავიჩენდი. მაგრამ ტერიტორიულმა სიშორემ მაინც დაგვაკარგვინა ერთმანეთი. 1992 წელს დაიწყო არეულობა, წერილების მიმოსვლაც შეწყდა. ამის შემდეგ მე კობაზე არაფერი ვიცი.
– აქამდე თუ ეძებდით და როგორ?
– რა თქმა უნდა, ვეძებდი. საქართველოში წამომსვლელ ადამიანებს ყველას ვაბარებდი მის შესახებ ინფორმაციის გაგებას, მაგრამ, უშედეგოდ. არ მინდა, ვიფიქრო, რომ მას რამე მოუვიდა. მინდა მჯეროდეს, რომ მე მას ვახსოვარ, ვუყვარვარ და დღემდე მემეგობრება მოგონებით მაინც. მე შევიცვალე საცხოვრებელი მისამართი. ასე რომ, არ არის გამორიცხული, მისი წერილები ჩემამდე ვერ მოდის. 1992 წლის შემდეგ მას აქტიურად ვეძებ და სულ მჯერა, რომ, რადგან ცხოვრებამ ერთხელ შეგვახვედრა და დაგვამეგობრა, აუცილებლად ვიპოვი. თქვენი დახმარებისაც მჯერა.
– როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, რომ კობა საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წასულიყო?
– არ მგონია, მას თავისი სამშობლო მიეტოვებინა. რამდენადაც მახსოვს, ის მუდამ პატრიოტი იყო. არ დაიჯერებთ, მაგრამ, ხშირად, სტუდენტობის დროს, თქვენი ქვეყნის ჰიმნიც კი უმღერია (იცინის).
– თუ მას იპოვით, როგორ ფიქრობთ შეხვედრას?
– თუკი ჩემს მეგობარს ვიპოვი, ყველაფერს გავიღებ იმისთვის, რომ ვნახო. შეიძლება, ემოციურად ვერც კი გადავიტანო ეს სიხარული. მთავარია, ვიპოვო, მეტს ამჟამად ვერაფერზე ვფიქრობ. ისეთი ადამიანები, როგორიც კობაა, იშვიათობაა, სწორედ რომ გამონაკლისია.
– ისე საუბრობთ, თითქოს შეყვარებულზე ლაპარაკობთ. ნამდვილი მეგობრობა გაკავშირებთ თუ გაცნობის მიზნით საათის კითხვას სხვა დატვირთვა ჰქონდა?
– არა, მერწმუნეთ (იცინის), ნამდვილად მეგობრები ვიყავით. ისევ მინდა მასთან მეგობრობა, ამჟამად უკვე ოჯახებით. მეც გათხოვილი ვარ და მასაც ცოლი ჰყავს. ეჭვგარეშეა, რომ შვილიც ეყოლება. მე ჩემს შვილს მისი სახელი დავარქვი და ახლა მეც მყავს პატარა კობა. სასწაული იქნება, თუ მანაც შეასრულა დანაპირები და თავის შვილს სვეტლანა დაარქვა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.
ნატალია მახარაშვილი