რა მიზეზით დაკარგეს ერთმანეთი თანაკურსელებმა და რატომ ვერ ივიწყებს 22 წლის გოგონა თავის მეგობარს
22 წლის ვიქტორია ვასილის ასული მელნიკოვა ეძებს 23 წლის მარიამ დალაქიშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ყველაზე საყვარელ მეგობარს, 23 წლის მარიამ დალაქიშვილს. მე და მარიამმა ერთმანეთი სამუსიკო სასწავლებელში გავიცანით. გაცნობის დღიდან დავახლოვდით და დავმეგობრდით. ბოლოს მარიამი სამი წლის წინ, მის სახლში ვნახე. მარტომ მარიამი ვერ ვიპოვე, რადგან არც ერთმა ჩვენმა მეგობარმა მისი მისამართი არ იცის, ბოლო ცნობილ მისამართზე კი ის აღარ ცხოვრობს. იმედია, თქვენი დახმარებით ვიპოვით ერთმანეთს.
– მოგვიყევი, როგორ გაიცანი მარიამი და როგორ გახდა ის შენი საუკეთესო მეგობარი. ორივე ახალგაზრდები ხართ და, ვერ დავიჯერებ, რომ ინტერნეტით არ გეძებნა.
– ბავშვობიდან მუსიკას მივყვებოდი და, სამუსიკო შვიდწლედის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, სწავლა ამ სფეროში გამეგრძელებინა. ჩავაბარე ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში. მესამე კურსის დამთავრების შემდეგ ეს სასწავლებელი დაიხურა და ყველა სტუდენტი ¹1 სასწავლებელში გადაგვიყვანეს. მე განაწილებით ახალ ჯგუფში მოვხვდი, სადაც ყველა ბავშვი ჩემთვის უცხო იყო. მარიამი პირველად ლექციაზე გავიცანი. ის ყველასგან გამოირჩეოდა ხასიათით – ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული იყო. ჩვენ დავმეგობრდით და ერთ წელიწადში ისე დავახლოვდით, რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარიც კი გახდა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ მარიამმა მთელი ჯგუფი თავისთან დაგვპატიჟა, სადაც სწავლის დამთავრება აღვნიშნეთ. მარიამი ძალიან ნიჭიერი სტუდენტი იყო, ვერ ვიტყვი, რომელ ნაწარმოებს უკრავდა ყველაზე კარგად. ჩვენ ორივე ფორტეპიანოზე ვუკრავდით, საერთო ინტერესებიც ბევრი გვქონდა. რა თქმა უნდა, მე მას ინტერნეტითაც ვეძებდი, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, ის არსად არ არის დარეგისტრირებული.
– მარიამმა მისამართი შეიცვალა თუ რა მიზეზით დაკარგე შენი მეგობარი?
– მარიამი მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, იქაც ვიყავი მისული. მეზობლებმა მითხრეს, რომ ის საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, მაგრამ, ისიც მითხრეს, რომ თბილისში უნდა იყოს. ძალიან მაინტერესებს, როგორ აეწყო მარიამის ცხოვრება, შეიცვალა თუ არა, ჰყავს თუ არა შვილი, რადგან, ვიცი, რომ გათხოვილი იყო. ჩვენ რომ ვმეგობრობდით, მეუღლე უკვე ჰყავდა. ვფიქრობ, მასაც გაუხარდება, თუკი გაიგებს, რომ ვეძებ. დღემდე მახსოვს, როგორ დავთვერით მასთან სტუმრობის დროს (იცინის) – პიანინოზე ვერცერთი ვეღარ ვუკრავდით და „რეს“ ნაცვლად „ფას“ ვიღებდით (იცინის). ვიცი, რომ მარიამს დამთავრებული აქვს პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ამჟამინდელი ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკათმცოდნეობის სპეციალობით. სამწუხაროდ, მისი ფოტო არ მაქვს. იმედია, ის მიცნობს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვარ შეცვლილი.
– ახლაც მუსიკას მიჰყვები თუ ინტერესის სფერო შეგეცვალა?
– მუსიკა ყოველთვის მეყვარება, მაგრამ, ახლა ტურიზმისა და სასტუმროს მენეჯმენტს ვეუფლები. შეიძლება, ამჟამად მარიამიც სტუდენტია.