საბერძნეთში ყველაფერი იყიდება
საბერძნეთში, სადაც ევროკავშირში ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, დამსვენებელთა რაოდენობამ წელს საგრძნობლად იკლო. ამის გამო ხელისუფლება იძულებულია, სახელმწიფო დაფინანსება შეამციროს და გადასახადები მაქსიმალურად გაზარდოს. ამ ფონზე, კრიზისისგან სერიოზულად დაზარალებული ბერძნები უძრავ ქონებას ძალიან იაფად ყიდიან. გარკვეული კატეგორიის საცხოვრებელი სახლების ფასი რეკორდული მაჩვენებლით, 45 პროცენტით დაეცა. კუნძულ მიკონოსზე მდებარე ფეშენებელური ვილა 2 მილიონი ევრო ღირს, მაშინ, როცა ერთი თვის წინ მისი ფასი 3,5 მილიონი იყო. რაც შეეხება კუნძულ კორფუზე მდებარე ვილებს, მათი ფასი ორჯერ შემცირდა. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში უძრავი ქონების ფასების მკვეთრად დაცემას მასზე გადასახადების გაზრდას უკავშირებენ. ხელისუფლებამ იმ მდიდრული კერძო სახლებისა და ბინების პატრონებს, რომელთა ფასიც 5 მილიონ ევროს აღემატება, დამატებითი გაზრდილი გადასახადის გადახდა დააკისრა. ანალოგიური ზომები გატარდა იმ მფლობელთა მიმართ, რომელთა უძრავი ქონების ღირებულებაც 400 ათას ევროს აღემატება. ამ ინიციატივის ავტორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იორგოს პაპანდრეუა. ის ამ გზით ცდილობს, მდიდარ ბერძნებს კრიზისის დაძლევაში მცირედი წვლილის შეტანა აიძულოს. თუმცა, ეკონომიკური ექსპერტების აზრით, ეს ინიციატივა შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ბაზარმა თავდაცვის მექანიზმები აამუშავა და ფასები მკვეთრად დაეცა.