აბრამოვიჩი კვიპროსშიც მკვიდრდება
ცნობილმა რუსმა მილიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა, რომელიც პერიოდულად მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი უძრავი ქონების შეძენით ანცვიფრებს ხოლმე, კვიპროსშიც მოიკიდა ფეხი. ამ მშვენიერ კუნძულზე მიწა ბიზნესმენმა ორი წლის წინ შეიძინა და ამჟამად იქ ფეშენებელურ ვილას აშენებს. საინტერესოა, რომ მოსკოვში, კომპანია „მილჰაუსის“ ოფისში, რომელიც აბრამოვიჩს ეკუთვნის, ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა, ბროკერები დარწმუნებულნი არიან, აბრამოვიჩი კვიპროსში ანონიმურ მყიდველად გაფორმდა. მიუხედავად იმისა, რომ აბრამოვიჩის შენაძენი გასაიდუმლოებულია, ცნობილი გახდა, რომ საუბარი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ლიმასოლის გარეუბანზეა. არსებული ინფორმაციით, იქ რუსმა მილიარდერმა 5 ჰექტარი მიწა შეიძინა და უკვე საკუთარი პლაჟიც მოაწყო. სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთის შეძენა აბრამოვიჩს 2,5 მილიონამდე ევრო დაუჯდა. კვიპროსში მიწის შეძენამდე აბრამოვიჩმა სახელი სხვა ძვირად ღირებული უძრავი ქონების ყიდვითაც გაითქვა. მას ეკუთვნის კარიბის ზღვაში მდებარე სენ ბარტის კუნძულზე ორი ყველაზე ძვირად ღირებული ვილა, რომელთა ფასიც შესაბამისად 61,2 და 89 მილიონი დოლარია; მას, ასევე, ეკუთვნის მამულები ბრიტანეთის დასავლეთ სასექსში (ფასი – 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი), საფრანგეთის რივიერაზე (15 მილიონი გირვანქა სტერლინგი), კოლორადოს შტატში (36 მილიონი დოლარი) და ბრიტანულ ნაითსბრიჯში (150 მილიონი გირვანქა სტერლინგი).