ინტიმური საუბრები
ცოლს არასოდეს შევირთავ
საკმაოდ პატარა ვიყავი (19 წლის), ცოლის შერთვა რომ ავიტეხე. ერთი გოგო მომწონდა და მეგონა, მის გარეშე სიცოცხლეს ვერ შევძლებდი. არც იმაზე მიფიქრია, გავუძლებდი თუ არა ოჯახის უღელს, გაძღოლაზე რომ აღარაფერი ვთქვა. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე გაცნობიერებული არ მქონდა, მაგრამ შინაგანად მივილტვოდი დამოუკიდებლობისკენ და, რაც მთავარია, ცოლს რომ შევირთავდი, უფლება მექნებოდა, თუნდაც ქირით, მაგრამ ცალკე ცხოვრება მომეთხოვა. ისე ვინ გამიშვებდა ცალკე საცხოვრებლად 19 წლის ლაწირაკს, რომელსაც თავში ორპირი ქარი უქრის, მესამე კურსზე სწავლობს და ერთი თეთრი საკუთარი შემოსავალი არ აქვს. დამოუკიდებლად ცხოვრება კი იმიტომ მინდოდა, რომ, რომანტიკის გარდა, აღარანაირი სურვილი არ მქონდა, ჩემი მშობლების, მაპატიეთ და, დამყაყებული ურთიერთობისთვის მეყურებინა.
სანამ პატარა ვიყავი, ისე ვერ ვამჩნევდი, მაგრამ, რომ წამოვიზარდე, ვიგრძენი, რომ ჩვენს ოჯახში რაღაც ისე ვერ იყო. ქალაქში ერთ-ერთ ცნობილ ოჯახში მხოლოდ მე ვიცოდი (და, კიდევ, ჩემმა მშობლებმაც, მაგრამ ისინიც ბოლომდე ვერ გრძნობდნენ, ვერ აცნობიერებდნენ), როგორ იძირებოდნენ ჩემი მშობლები გაუცხოებისა და ურთიერთსიძულვილის ჭაობში და მეც თან მითრევდნენ (რა თქმა უნდა, უნებურად).
ცოლის შერთვა, რა თქმა უნდა, არ შედგა, ჩემი შეყვარებული კი ჩვენი ბოლო წაჩხუბებიდან ორ კვირაში გათხოვდა, ორ თვეში გამოთხოვდა და მერე ერთ თვეში ისევ გათხოვდა. ერთი წლის შემდეგ კი დამირეკა, მეორე ქმარსაც გავეყარე, რადგან დავრწმუნდი, რომ შენ მიყვარდიო. მე კი ის აღარ მიყვარდა და აღარც მაინტერესებდა. ამიტომ, საყვარლობა რომ შემომთავაზა, საკმაოდ უხეშად მოვიშორე!
უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, ავისრულე დიდი ხნის ოცნება და ცალკე გადავედი საცხოვრებლად, თუმცა თითქმის ყოველდღე მივდიოდი სახლში, ძირითადად საჭმელად და დედის სანახავად. ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, შეიძლება რამდენიმე თვე ისე გასულიყო, მამა არ მომნატრებოდა. კაცმა რომ თქვას, პირადად მე მამაჩემი ცუდად არ მეპყრობოდა და ამიტომ მიკვირდა ჩემი ასეთი განწყობა მისადმი. მერე კი მივხვდი, რომ მართალია, ცუდად არ მეპყრობოდა, მაგრამ არც მაინცდამაინც თავს იკლავდა ჩემზე ზრუნვით. ერთხელ არ მახსოვს, ბავშვობაში სადმე წავეყვანე ან სადმე წამომყოლოდა. მთელი ცხოვრება „ოქროს სამკუთხედში” ტრიალებდა: ტახტი (ანუ ძილი), ძმაკაცები – ტაშ-ფანდური. საწყალი დედაჩემისთვის ერთხელ არ გაუმეტებია ტკბილი სიტყვა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ცხოვრება ცოლის კმაყოფაზე იყო. თუმცა, იხტიბარს არ იტეხდა და სულ იქით ერჩოდა, ყველაფრით უკმაყოფილო იყო, თავის იღბალს აგინებდა. არ მახსოვს, დედაჩემისთვის ცინიზმის გარეშე ეპასუხა. ყველაფერს უწუნებდა და ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ბედმა დაჩაგრა და ასეთ ყოფას მის მეტი ვერც ერთი კაცი ვერ გაუძლებდა, რომ დაჩაგრული იყო ასეთი ცოლ-შვილის ხელში. დედაჩემი კი ჩუმად ისმენდა მის ტირადებს და წლიდან წლამდე ყლაპავდა წყენას. თავდაპირველად, მაინც ცდილობდა, ესიამოვნებინა ქმრისთვის. სულ თვალებში უყურებდა, მაგრამ უმადურ ადამიანს ვერაფერი რომ ვერ დაანახვა, მობეზრდა და „დაიკიდა” – რეაქცია აღარ ჰქონდა აღარაფერზე. ხანდახან კანით ვგრძნობდი, როგორ სძულდათ ერთმანეთი, მაგრამ, რატომღაც, მაინც ერთად ცხოვრობდნენ და გარეთ მტერს უბრმავებდნენ თვალს, შიგნით კიდევ – მოყვარეს. მათ რომ ვუყურებდი, აღარც ცოლი მინდოდა, აღარც შვილი, აღარც ოჯახი. შემაძულეს ყველაფერი, მამამ – უმადურობით, უსაქმურობით და ძალადობით, დედამ – უაზრო მორჩილებითა და ყველაფრის მიმართ „სულერთია” დამოკიდებულებით (შვილის გარდა). ჩემი ხალისიანი და ლამაზი დედიკო რამდენიმე წელიწადში სევდიან მოხუცს დაემსგავსა და ამას შინაგანად ვერ ვპატიობდი მამაჩემს. ერთხელაც, ვეღარ მოვითმინე და საშინლად ვეჩხუბე – ყველაფერი პირში მივახალე და ვუთხარი, შენისთანა კაცს დედაჩემისნაირი ქალი როგორ გამოჰყვა, თვითონ თუ ჭკუა არ ჰქონდა, მშობლებმა როგორ გაიმეტეს ერთადერთი ქალიშვილი შენთვის-მეთქი. ძალიან გაბრაზდა, მაგრამ თავი შეიკავა და მითხრა, გეყოლება ცოლი და მაშინ გამიგებო. თქვენი შემყურე ჩემს სიცოცხლეში ცოლი არ მეყოლება, შენ კი შვილიშვილი, იმიტომ რომ ღირსი არ ხარ-მეთქი, მერე კარი გამოვიჯახუნე და წამოვედი.
მას შემდეგ არც კი მიფიქრია ცოლის შერთვაზე (მეგობარი ქალი, რა თქმა უნდა, მყავს) და ასე მარტო დავიარები. რა ვიცი, სად ამომიტივტივდება მამიკოს გენები! მერე რაღა ვქნა? ან სხვა რატომ გავაუბედურო და ან მე რატომ დავითხარო ნერვები? ასეთ შემთხვევაში ნამდვილად მარტო ყოფნა ჯობია და ვარ კიდეც.
დავითი, 31 წლის
ყველაფერი ჩემი
მშობლების ბრალია
ძალიან უიღბლოდ გავთხოვდი – პირველივე ბიჭს, ვინც გამეარშიყა და გაპარვა შემომთავაზა, თვალდახუჭული გავყევი. არც კი მიფიქრია, გამეგო, ვინ იყო, რას წარმოადგენდა. არც იმაზე დავფიქრებულვარ, მე თვითონ მიყვარდა თუ არა. იმ მომენტში ჩემთვის მთავარი ის იყო, სახლიდან წავსულიყავი, ანუ ჩემს მშობლებს გავქცეოდი. მაგრამ, რომ იტყვიან, ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო, ისე დამემართა.
მშობლებისგან გაქცევა იმიტომ მინდოდა, რომ საშინლად მკაცრად მზრდიდნენ. ჩემთვის არც მოდური ტანსაცმელი არსებობდა (მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად არ გვიჭირდა), არც დაბადების დღეებზე სიარული, არც მეგობრებთან მისვლა-მოსვლა. თანაკლასელ ბიჭებთანაც კი აკრძალული მქონდა ამხანაგობა. ყოველ ნაბიჯს მიკონტროლებდნენ. სკოლიდან ხუთი წუთითაც რომ დამეგვიანა, საშინელ სკანდალს მიწყობდნენ. ერთი სიტყვით, სიცოცხლე მქონდა გამწარებული. იმდენად მომაბეზრეს თავი, ერთი სული მქონდა, გავზრდილიყავი და გავთხოვილიყავი. ასე მეგონა, ქმრის ხელში ამოვისუნთქებდი, მაგრამ პირიქით მოხდა. ისეთ დღეში აღმოვჩნდი ქმართან, ჩემი მშობლების სიგიჟეები მომენატრა.
ჩემი ძვირფასი მეუღლე ერთი უსაქმური ქუჩის ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც არც არაყზე ამბობდა უარს და არც ნარკოტიკებთან იყო მწყრალად. ამ ყველაფერს, ასე თუ ისე, ვუძლებდი, ყოველ შემთხვევაში, თავიდან (თუ ამას გაძლება ერქვა), მაგრამ მერე ისეთი რამეები ჩაიდინა, ამის მოთმენა და ატანა ნამდვილად აღარ შემეძლო: ხან თავის ძმაკაცთან ერთად ბინა გაქურდა, ხან ღამით გადიოდა და მოქალაქეებს ძარცვავდა, ნაქურდალ-ნაძარცვს კი სახლში მალავდა, მერე კი ყიდდა. ერთხელ კი ერთ-ერთ ასეთ „საქმეზე” ჩავარდა და პოლიციაში რომ დამიბარეს მოწმედ, მაშინ შევიშალე. ჩვენება მივეცი, მერე დავბრუნდი, ჩავალაგე ჩემი პირადი ნივთები და სახლიდან წავედი. მშობლებმა არ მიმიღეს – მამაჩემმა გამომიცხადა, მე შვილი მომიკვდაო, დედამ მითხრა, მამაშენის ნებას წინ ვერ აღვუდგებიო და უბოდიშოდ გამომისტუმრეს. იძულებული გავხდი, ფული მესესხა, რომ ბებიასთან წავსულიყავი სოფელში. თან გული მისკდებოდა, ვაითუ, არც იმან მიმიღოს-მეთქი, მაგრამ ბებოს შევეცოდე და შემიფარა, ოღონდ, დედაჩემს და მამაჩემს უმალავს, რომ მასთან ვარ – როცა ურეკავენ არ ეუბნება, რომ მასთან ჩავედი. გაისად ზაფხულამდე რაღაცნაირად გავძლებ, აი, მერე რა მოხდება, თუ ზაფხულში ბებიას სანახავად ჩამოვლენ, წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ იქიდანაც გასაპარავად გამიხდება საქმე.
მარიკა, 18 წლ0ს.
ჩემი ქმარი არაკაცი აღმოჩნდა
რომ გავთხოვდი, მამაჩემმა სამოთახიანი ბინა გვიყიდა, ავეჯით მოგვიწყო და ქორწილის დღეს „ბეემვეს” გასაღები გადასცა სიძეს. ჩემი ქმარი დიდი ოჯახიდან იყო, მათაც სამოთახიანი ბინა ჰქონდათ, მაგრამ გიას (ჩემი ქმრის) ძმა ცოლ-შვილით და ქმარს გაყრილი და შვილით, მშობლებთან ერთად იქ ცხოვრობდნენ. ამიტომ, ძალიანაც რომ მდომოდა, ჩვენი ადგილი იქ ფიზიკურად არ იყო.
რამდენიმე თვის განმავლობაში ვცხოვრობდით ჩვენთვის, მარტო, წყნარად და მშვიდად. თუმცა, რაღა წყნარად, დღეში ათ პარტია სტუმარს ვიღებდით. განსაკუთრებით დედამთილმა და მულმა მოუხშირეს სტუმრობას, მერე და მერე ღამითაც რჩებოდნენ და იმათ მასპინძლობას ვეღარ ავუდიოდით. ერთ დღეს კი ჩემი დედამთილი და მული თავისი ბავშვით, ჩემოდნებით მომადგნენ და გამომიცხადეს, ერთ-ორ კვირას დავრჩებით, იქ აბაზანა-ტუალეტის რემონტს ვაკეთებთო. ვერაფერი ვთქვი, მაგრამ ეს ერთი-ორი კვირა რამდენიმე თვეს რომ გაგრძელდა, ვეღარ მოვითმინე და გიას ვუთხარი, როდის უნდა წავიდნენ-მეთქი. ისეთი ამბავი დამაწია, ვერ წამოიდგინეთ – ჩემს ოჯახში არ მაქვს უფლება, და და დედა მივიღოო? არადა, დავიღალე იმათი მომსახურებით და თვალებში ყურებით, რჩენაზე აღარაფერს ვამბობ. პურს არ ყიდულობდა არც ერთი, თანაც, ყველაფერს მიწუნებდნენ. ცოტა რომ მოშინაურდნენ, მთელ ბინაში გადამიადგილეს ავეჯი, მერე თავიანთი სტუმრების მიღება-გასტუმრებაც უცერემონიოდ დაიწყეს. ერთხელ კი, ისე მოხდა, შაბათ-კვირას რაიონში მომიწია ნათესავთან წასვლა და კიდევ ორ დღეს დავრჩი – აღარ გამომიშვეს. სამშაბათს საღამოს სახლში რომ შევედი, ელდა მეცა: მთელი სამზარეულო დაცლილი იყო და ხელოსნები მუშაობდნენ, კინაღამ ინფარქტმა დამარტყა. ჩემს ახალგარემონტებულ სამზარეულოს გადასაკეთებელი არაფერი სჭირდა. პირველად მაშინ ავიმაღლე ხმა, ძალიან მწარე საყვედური ვუთხარი – როგორ გაბედეთ, ჩემს უკითხავად ჩემს სახლში რემონტი რომ წამოიწყეთ-მეთქი. დედამთილმა ნიშნის მოგებით მიპასუხა – ჩემი შვილის სახლში რას გავაკეთებ, ვიღაც-ვიღაცეებს არ შევეკითხები, ჩემმა შვილმა კი ნება დამრთოო. მულმა კი დრო იხელთა და ჩაურთო: ამხელა სამზარეულო ვის რა ჯანდაბად უნდა, გადავტიხრავთ და ბავშვისთვის პატარა ოთახს გავაკეთებთ, თორემ სამნი ერთ ოთახში ვერ ვეტევითო. ამაზე სულ შევიშალე. მაშინვე მამამთილს დავურეკე, მაგრამ დამემალა. მერე გავიგე, თურმე რემონტის ნაწილ ფულს ის აძლევდა, ნაწილს კი ჩემს ქმარს სცინცლავდნენ. იმ დროს ორი თვის ორსული ვიყავი და ისე ვინერვიულე, მუცელი მომეშალა. ჩემმა მშობლებმა ვეღარ მოითმინეს და გიას თავზე დაამხეს ყველაფერი. მან კი მამაჩემს გამოუცხადა, ცოლი კიდევ ბევრი შეიძლება მეყოლოს, და და დედა კი – არა. ამიტომ, პრობლემა არ არის, გამეყაროს ნინო და ბინას გავყოფთო. ამ სიტყვებზე მამაჩემმა თავი ვერ შეიკავა და სიძე, რომელიც ასე ძალიან უყვარდა, ისე სცემა, ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან. მერე საკუთარი ხელით ჩაუყარა ტანსაცმელი ჩანთაში და თავისი დედიან-დიანად კინწისკვრით გაყარა სახლიდან. ჩემმა ქმარმა კი უჩივლა და მამაჩემი ხულიგნობის მუხლით დააპატიმრეს. ჩემი ბინის საქმე ახლაც სასამართლოშია – ვაჟბატონი გაყოფას აპირებს. ვიღაცისთვის უთქვამს, აბა, ოთხი სული ქუჩაში ხომ არ დავიძინებთო.
მე კი დავრჩი ყველანაირად დაზარალებული და გაუბედურებული. ნოდარი კაცი მეგონა და ნაძირალა აღმოჩნდა.
ნინო, 27 წლის.
თურმე აყვანილი შვილი ვყოფილვარ
ამ რამდენიმე თვის წინ ისეთი რამ მითხრეს, ძლივს გადავიტანე. თურმე აყვანილი შვილი ვყოფილვარ, არადა, დედმამიშვილები სამნი ვართ. მე უფროსი ვარ, და მყავს ორი წლით უმცროსი და სამი წლით უმცროსი ძმა. 35 წლის ისე გავხდი, ეჭვიც არ გამჩენია ამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მე ქერა და ცისფერთვალება ვარ, ჩემი და და ძმა კი შავგვრემანები არიან, ასევე მშობლებიც. ჩემს განსხვავებულობას ყოველთვის იმას მიაწერდნენ, რომ მამაჩემს ბებია ჰყავდა უკრაინელი, რომელსაც ვითომ მე ვგავდი. სიმართლე გითხრათ, ახსნა-განმარტება მშობლებისგან არც არასდროს მომითხოვია, რადგან ბევრი ტყუპი დედმამიშვილი ვიცი, აბსოლუტურად არ ჰგვანან ერთმანეთს. მით უმეტეს, ეჭვი იმიტომ არ გამიჩნდებოდა, რომ სამ შვილში მე განსაკუთრებით მანებივრებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული ადამიანი ვარ, ამ ინფორმაციამ ჩემზე საშინლად იმოქმედა. ერთი-ორი კვირა ვითმინე, მერე კი ჩემს და-ძმას ყველაფერი ვუამბე. აღმოჩნდა, რომ მათაც გაუგიათ ეს ამბავი, თუმცა არ დაუჯერებიათ. ჩვენი მშობლები ცოცხლები აღარ არიან, რომ რაღაც-რაღაცეები დამეზუსტებინა, არადა, ჭკუაზე არ ვიყავი, ისე მაინტერესებდა, ვინ იყო ჩემი ბიოლოგიური დედა. უნდა გამოვტყდე, რომ მამა ნაკლებად მაინტერესებდა. წესით, დედა, რომელიც ბავშვს გააშვილებს, არაფრის ღირსი არ არის, მაგრამ, ეს ისეთი გრძნობაა, რომელსაც ვერ მოვერიე და გამოკვლევა დავიწყე. სიმართლე გითხრათ, შედეგმა, ანუ მოპოვებულმა ინფორმაციამ, ჩემი თავმოყვარეობა მეტ-ნაკლებად დააწყნარა. აღმოჩნდა, რომ ჩემს ბიოლოგიურ ოჯახში მეექვსე შვილი ვყოფილვარ. მამა ქართველი მყოლია, დედა – რუსი. ჩემს დედ-მამას, ძალიან ჰყვარებია ერთმანეთი. დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყოლია. მამას ეს ვერ გადაუტანია და სმა დაუწყია. ბავშვებს, პრაქტიკულად, ვეღარ უვლიდა. ამიტომ ნათესავებს ბავშვები დაუნაწილებიათ, მე კი გავუშვილებივარ ბებიას, რადგან თვითონაც უკვე მოხუცი იყო და ახალშობილის მოვლა არ შესძლებია. ამდენი წლის შემდეგ სწორედ ჩემმა სამმა დამ და ორმა ძმამ მომძებნეს, რომელთაც ბებიამ სიკვდილის წინ უამბო ჩემ შესახებ.
თავიდან მაინც ეჭვი მეპარებოდა, ვფიქრობდი, რაღაც შეცდომა მოხდა-მეთქი, მაგრამ როდესაც ჩემს ბიოლოგიურ და-ძმას შევხვდი, ყველანაირი ეჭვი გამიქრა, ისე ვგავართ ერთმანეთს. დედის სურათიც მაჩვენეს და ამან საბოლოოდ დამარწმუნა მათ სიმართლეში.
ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს შეხვედრა, მაგრამ, გაოცებული ვარ, რა ყოფილა სისხლი. ჩემს ახლად ნაპოვნ და-ძმას რომ დავშორდი, ვიგრძენი, რომ ხუთივე ძალიან მიყვარდა. მერე გადავწყვიტე, ისინი ჩემი არაბიოლოგიური და-ძმისთვის გამეცნო, რაზეც ორივე მხარე სიხარულით დამთანხმდა. ძალიან ამაღელვებელი და ცრემლიან-სიხარულიანი იყო ეს შეხვედრა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ყველანი საოცრად ბედნიერად ვგრძნობდით თავს. ახლა უბედნიერესი და უმდიდრესი ადამიანი ვარ – რვა დედმამიშვილი ვართ და ჩვენი ოჯახებით რომ მოვიყრით თავს, ორმოც კაცამდე ვიკრიბებით. ჩემს ოთახში კი ორივე დედის სურათი მიდევს და ორივე ძალიან მიყვარს.
ლევანი, 35 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.