როდის გასცა მარშალმა ჟუკოვმა თბილისის დაბომბვის ბრძანება და როგორ მოინანია მან სტალინის მიმართ ჩადენილი ცოდვები
2000 წლის 9 მაისს მოსკოვში გაიმართა გერმანიის ფაშიზმზე გამარჯვების 55-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, აგრეთვე, სხვა საზეიმო ღონისძიებები და შეხვედრები. მასში სხვებთან ერთად მონაწილეობდნენ დიდი სამამულო ომის ქართველი ვეტერანები. თითქოს ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, რომ არა ერთი ფაქტი, რომელმაც ვეტერანთა საყოველთაო გულისწყრომა და აღშფოთება გამოიწვია. საქმე ისაა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღლუმის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცა ფოტოალბომი – მატიანე, რომელიც მთლიანად ჟუკოვისადმი იყო მიძღვნილი. მას მიაწერდნენ ომში მიღწეულ ყველა გამარჯვებას და ფოტოალბომში მოთავსებულ სტალინისა და ჟუკოვის ერთად გადაღებულ ფოტოსურათზე წარწერა იყო ერთობ ცილისმწამებლური და გესლიანი: „სტალინი არ იყო „გენიალური მხედართმთავარი“, როგორც ამას აუწყებდნენ მსოფლიოს ასეულობით მლიქვნელური პუბლიკაციებით, ფილმებით, ნარკვევებით და განცხადებებით. მან არ იცოდა სამხედრო მეცნიერება და სამხედრო ხელოვნების თეორია. ოპერატიული ხელოვნების სტრატეგიის ყველა დიდ სიბრძნემდე კი სისხლიანი გამოცდილების გზით მიდიოდა. უამრავი გამოცდისა და შეცდომის, ამბიციისა და შესაზარი ეჭვების გამო, გამარჯვების ფასი იმაზე უფრო ბევრად მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო“.
იმ საზეიმო დღისთვის „პოკლონნაია გორაზე“ („მოკითხვის მთა“) სპეციალურად წამოჭიმეს ჟუკოვის გრანდიოზული ძეგლი. არადა, სტალინის ძეგლები მანამდე ბევრი ადგილიდან აიღეს, ხოლო ამჟამად მის მშობლიურ ქალაქში, გორშიც კი დემონტაჟი გაუკეთეს.
მოგვყავს ავიაციის მთავარი მარშლის გოლოვანოვის მოგონებიდან სტალინის წინასწარმეტყველური სიტყვები: „მე ვიცი, რომ როდესაც აღარ ვიქნები, ჩემი მისამართით არაერთ ტალახს ისვრიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისტორიის ქარი ყველაფერს გაფანტავს“.
საერთოდ, ყოველგვარი სიცრუის, ფალსიფიკაციისა და უბედურების საწინააღმდეგო ყველაზე ადეკვატური საშუალებაა ობიექტურობა და სიმართლის თქმა. მხოლოდ სიმართლის, სწორედ სამართლიანობისა და მიუკერძოებელი შეფასების აღიარებაა ბორის სოლოვიოვისა და ვლადიმირ სუხოდეევის წიგნი – „მხედართმთავარი სტალინი“.
წიგნიდან მოგვყავს ზოგიერთი ამონარიდი:
„... სტალინის მამაცობამ, მიზანსწრაფვამ და ენერგიამ უზარმაზარი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის გადარჩენის საქმეში. ხალხისა და არმიის ერთიანი ძალა შეიკრა და ჩანასახშივე ჩაახშო პანიკური გუნება-განწყობილება, რომელსაც წარუმატებლად და მარცხით დაწყებულ ომში შეეძლო, აფეთქება გამოეწვია, ნიაღვარივით ადიდებულიყო და ამით დაეღუპათ ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფო“.
„... დიდი სამამულო ომის წლებში სტალინის მხედართმთავრული მოღვაწეობის მასშტაბები ძალიან შორს მიდიოდა. სტალინი, ხელმძღვანელობდა რა, ქვეყნის მთელ შეიარაღებულ ძალებს, ყოველდღიურად წარმართავდა და კოორდინაციას უწევდა ფრონტისა და საარმიო შენაერთების ყველა საბრძოლო მოქმედებებს. მან ზედმიწევნით იცოდა ამ უდიდესი ომის ყველა მნიშვნელოვანი მხარე, სამხედრო საკითხების გარდა მისი საქმიანობა მოიცავდა საბჭოთა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა სფეროს – დაწყებული სამხედრო ეკონომიკიდან, იდეოლოგიიდან დამთავრებული დიპლომატიით“...
1944 წლის ნოემბრის დამლევს, როდესაც ომის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო და ბელორუსიის ფრონტის ჯარები მარშალ როკოსოვსკის მხედართმთავრობით ბერლინის მიმართულებით წარმატებით განაგრძობდნენ წინსვლას, სტალინმა სრულიად მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება, როკოსოვსკი გადაეყვანა „მეორე ბელორუსიის ფრონტის“ მხედართმთავრად. მის ნაცვლად კი „პირველი ბელორუსიის ფრონტის“ მხედართმთავრად ჟუკოვი დაენიშნა. სტალინმა ასეთი გადაადგილება იმიტომ ჩათვალა საჭიროდ, რომ სურდა, საბჭოთა ჯარები პირველები შესულიყვნენ ბერლინში სწორედ რუსი ეროვნების ჟუკოვის მხედართმთავრობით. აი, ეს კი აუცილებლად ახსოვდათ და ახსოვთ, უპირველესად, რუსებს, რომ სწორედ ამ ნიშნით თვით სტალინმა განადიდა რუსი ხალხი. თავის მხრივ კი, რუსებმა მარად უნდა მიაგონ პატივი სტალინის ხსოვნას...
1997 წელს მინსკში გამოიცა სამხედრო ხელოვნების ენციკლოპედია, სადაც მოკლე დახასიათება-ცნობებია ყველა მარშალსა და ადმირალზე. ჟუკოვთან დაკავშირებით ენციკლოპედიიდან მოგვყავს ზოგიერთი ეპიზოდი:
„... 1937 წელს ეჟოვი დაჟინებით მოითხოვდა ჟუკოვის დაპატიმრებას და მის დახვრეტას, რადგან ის უბორევიჩის ხელქვეითი იყო. მაგრამ, სტალინმა გადაწყვიტა, ჟუკოვისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. უბორევიჩს, ტუხაჩევსკის, იაკირს და სხვა სამხედრო მოღვაწეებს სამშობლოს ღალატში, ტერორსა და შეთქმულებაში“ წაუყენეს ბრალდება.
„... 1933 წლის აგვისტოს დამდეგს ჟუკოვი შორეულ აღმოსავლეთში გაამწესეს, რომ მონღოლეთის საზღვარი დაეცვა იაპონიის მეექვსე არმიისგან. ამასთან, მოსკოვიდან ჩამოვიდა სამხედრო აკადემიის მსმენელთა ჯგუფი, იგივე, ოფიცერთა რეზერვი.
ჟუკოვი, ვინც, მისი აზრით, დაკავებულ თანამდებობას არ შეეფერებოდა, არა მარტო ხსნიდა მათ სამსახურიდან, ხვრეტდა კიდეც. აღსანიშნავია, რომ ჟუკოვმა 18 ოფიცერს მიუსაჯა დახვრეტა, მაგრამ ისინი შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სარდლის, შტერნის ჩარევამ გადაარჩინა. ასე იყო თუ ისე, სწორედ 1939 წელს ჟუკოვმა მიიღო საბჭოთა კავშირის გმირის პირველი „ოქროს ვარსკვლავი“.
„... მას საბრძოლო ოპერაციების დროს არავითარი ტაქტიკური ხერხისთვის არ მიუმართავს, გარდა იმ ცნობილი გამონაკლისისა, როდესაც მოწინააღმდეგის თვალების დასაბრმავებლად პროჟექტორები გამოიყენა. ჟუკოვის ბრძანებით, მისი ჯარები მოუმზადებლად, პირდაპირი იერიშით უტევდნენ მოწინააღმდეგის სიმაგრეებს, რის შედეგადაც საბჭოთა ჯარისკაცები უმოწყალოდ იხოცებოდნენ“.
„... ბერლინის აღებისას იყო შემთხვევა, როდესაც ჟუკოვმა გერმანელების მიერ დანაღმულ ველზე ქვეითი ჯარი გარეკა, რითაც განაღმვაზე არ დაკარგა დრო. მას კი თავისი სისასტიკის არათუ რცხვენოდა, მოკავშირეთა წინაშე ტრაბახობდა კიდეც. მისმა ნათქვამმა ეიზენჰაუერი შოკში ჩააგდო. რამდენიმე წლის შემდეგ ამერიკელი გენერალი თავის მემუარებში წერდა: „წარმოდგენაც კი მიმძიმს, რომ ასეთი რამ გენერალს ჩვენს არმიაში ჩაედინა და მსგავსი ბრძანება გაეცა“. სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია არა მარტო წარმოვიდგინოთ, არამედ ვიცოდეთ, რაც მოხდა ჟუკოვთან დაკავშირებით: მან გმირის მესამე „ოქროს ვარსკვლავი“ მიიღო“...
ვაგრძელებთ ჟუკოვის საქმიანობის დამახასიათებელ „ქათინაურებს“ და გამოვყოფთ მხოლოდ ორ ამონარიდს იური მუხინის წიგნიდან – „სტალინისა და ბერიას მკვლელობა“ (მოსკოვი, 2003 წელი):
„... სამხედრო ურთიერთობაში ჟუკოვი სტალინის გარეშე ნული იყო. სამხედრო საკითხებში ჟუკოვის არაკომპეტენტურობა იმით გამოიხატებოდა, რომ მას არ ესმოდა, რას აკეთებდა ომში. გულწრფელად ეგონა, რომ საყვარელთან ერთად ფრონტზე გამგზავრება, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკის წარმომადგენლისა, იყო „ჯარების მეთაურობა“.
„... ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ჟუკოვს, რომელიც, ფაქტობრივად, იყო რა სტალინის ადიუტანტი, ნამდვილად სჯეროდა, რომ ფრონტებს „მეთაურობდა“.
ომის დამთავრების შემდეგ ჟუკოვი დაინიშნა გერმანიაში საბჭოთა ზონის საოკუპაციო ჯარების მთავარსარდლად, სადაც მან თავი გამოიჩინა უზომო ქედმაღლობით, არაკომპეტენტურობით და, რაც მთავარია, ყველაფერს აკეთებდა პირადი გამდიდრებისთვის.
1946 წლის აპრილში ჟუკოვი ბერლინიდან მოსკოვში გადმოიყვანეს, ჯერ საბჭოთა არმიის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლად, ხოლო მალე ჩამოაქვეითეს და დანიშნეს ოდესის სამხედრო ოლქის სარდლად.
1948 წლის 8-9 იანვარს საკავშირო სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა აბაკუმოვმა და მისმა ხელქვეითებმა ჟუკოვის აგარაკზე, რომელიც მოსკოვთან ახლოს, დაბა რუბლიოვში მდებარეობდა, ჩაატარეს ფარული ჩხრეკა, რის შედეგადაც აღმოაჩინეს, რომ სახლის ორი ოთახი გამოყენებული იყო საწყობად, სადაც ინახებოდა უამრავი სხვადასხვა საქონელი – ძვირფასეულობა, ანტიკვარული ნივთები და ასე შემდეგ. იმავე წლის 10 იანვარს შემოწმების შედეგები სტალინს თვით აბაკუმოვმა მოახსენა.
ასე იყო თუ ისე, აბაკუმოვმა ჟუკოვი სხვებთან ერთად შეიყვანა დასახვრეტთა სიაში, მაგრამ ნათქვამია – „თუ ღმერთი გწყალობს, ეშმაკები ვერაფერს დაგაკლებენო“ და ასეც მოხდა. ჟუკოვს თვით სტალინი სწყალობდა და მან წარდგენილ სიაში ჟუკოვის გვარის გასწვრივ ლაკონურად მიაწერა: „მე თქვენ მას ვერ მოგცემთ“. ასე და ამგვარად, სტალინმა ჟუკოვი დახვრეტას ორჯერ გადაარჩინა – 1937 და 1948 წლებში.
საბჭოთა ხელისუფლების სათავეში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ ჟუკოვი საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი გახდა. 1954 წლის 14 სექტემბერს ორენბურგთან ახლოს, ტოცკის პოლიგონზე 40 ათასი სამხედრო მოსამსახურე ბირთვული იარაღის შხამით მოიწამლა. დამწვრობისა და სხივური ავადმყოფობისგან ჯარისკაცთა სამი მეოთხედი გარდაიცვალა, ხოლო 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე სამუდამოდ დაინვალიდდა. ასე რომ, ჟუკოვმა ბირთვული იარაღის გამოცდის დროს თავისი სისასტიკით კვლავ „გაითქვა სახელი“. ამ ტრაგედიიდან სულ მალე მან საბჭოთა კავშირის გმირის მეორე „ოქროს ვარსკვლავი“ მიიღო.
სტალინის გარდაცვალებიდან ზუსტად მესამე წლისთავზე, 1956 წლის 5 მარტს თბილისში გაიმართა გრანდიოზული სახალხო მიტინგი.
ოთხი დღის შემდეგ, ესე იგი 9 მარტს რუსმა ჯარისკაცებმა მშვიდობიან მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც დაღუპულთა მრავალი ათეული გვამი ქუჩაში დარჩა.
იმ დროს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი იყო არმიის გენერალი ფედინიუნსკი, რომელიც სამამულო ომის მსვლელობისას ლენინგრადის სამხედრო ფრონტის სარდლის პოსტზე თვით ჟუკოვის შემცვლელად მოგვევლინა.
თბილისის სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ ფედინიუნსკი მოსკოვში გადაიყვანეს და ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის უფროსად დანიშნეს. მანამდე საქართველოს ცენტრალურმა კომიტეტმა და მთავრობამ მას გამოსათხოვარი ბანკეტი მოუწყო, რომელსაც პარტიულ-სამეურნეო აქტივთან ერთად, იმჟამინდელი გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ რედაქტორი, ირაკლი ჩხიკვიშვილი ესწრებოდა. ქვემოთ მოგვყავს მისი სიტყვები, რომლებიც მან მოგვიანებით, ერთ-ერთ კონფიდენციალურ შეხვედრაზე წარმოთქვა: „ბანკეტი მშვიდ და წესიერ ვითარებაში მიმდინარეობდა. თითქმის ყველა გამომსვლელი სადღეგრძელოში ფედინიუნსკის წარმატებებზე ლაპარაკობდა დიდ სამამულო ომში. მაგრამ, იმჟამინდელმა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ირაკლი აბაშიძემ მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით მიმართა ფედინიუნსკის: „გენერალო, გადღეგრძელებთ, როგორც ცნობილ სამხედრო პიროვნებას, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი ხართ, მაგრამ თბილისიდან, სადაც არ უნდა წახვიდეთ, დაღუპული ქართველების სისხლი თან წაგყვებათ“... სამადლობელი სიტყვით გამოსვლის ბოლოს, გენერალმა უშუალოდ ირაკლი აბაშიძეს მიმართა: „მე ვცდილობდი, მშვიდობიანად დამეშალა მიტინგი, მაგრამ მდგომარეობა ძალზე გამწვავდა და უმართავი გახდა. გამოვიყენეთ მძლავრი წყლის ჭავლი, რამაც სიტუაცია ვერ განმუხტა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩავრთეთ სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება საქმეში. ასე რომ, იცოდეთ – მე მიღებული მქონდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის, მარშალ ჟუკოვის ბრძანება თბილისის დაბომბვის შესახებ, მაგრამ მე ეს ბრძანება არ შევასრულე“... აქ კომენტარები ზედმეტია, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ამ დროს თბილისის შენობების უმეტესობა ალიზით იყო ნაშენები და ქალაქი მთლიანად დაინგრეოდა“.
ჟუკოვს, იყო რა ხრუშჩოვის მხარდამჭერი და თანამოაზრე, თანდათანობით „თავში აუვარდა“ და „ბონაპარტიზმის“ იდეებით შეპყრობილი, საკუთარ თავზე ძალზე ბევრს იღებდა. მან ჩათვალა, თუკი გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, რატომ არ შეიძლებოდა, მარშალი ჟუკოვი საბჭოთა კავშირის ხელისუფლების სათავეში მოსულიყო. მაგრამ, მას დაასწრეს და 1957 წელს, როდესაც ტირანადან მოსკოვში მოფრინავდა, თვითმფრინავში აცნობეს, რომ იგი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მოხსნეს და პენსიაზე გაუშვეს.
შემდგომ პერიოდში მოლოტოვმა ჟუკოვს აჩვენა აბაკუმოვის მიერ შედგენილი სია, სადაც იგი დასახვრეტად იყო გამზადებული, მაგრამ სტალინმა არ გაწირა და გადაარჩინა. ჟუკოვმა ნახა სტალინის ხელით მინაწერი და ტირილი დაიწყო. ხრუშჩოვს აგინებდა, რომ მან ის შეცდომაში შეიყვანა და ასე შემდეგ.
ჟუკოვმა დაიწყო სტალინის მიმართ ჩადენილი ცოდვების მონანიება. მან აღადგინა სამართლიანობა, და ობიექტურობა, რაც გამოხატა კიდეც თავის მემუარებში – „მოგონებები და ფიქრები“. წიგნში ჟუკოვი თავიდან ბოლომდე აღმერთებს სტალინს და, რაც მთავარია, მას მიიჩნევს დიდ სამამულო ომში ყველა გამარჯვების ორგანიზატორად და არქიტექტორად.
თავი დავანებოთ ანტისტალინელების გაყალბებულ გამოხდომებს და ჩვენ, ქართველებმა მაინც მივხედოთ იოსებ სტალინის ხსოვნის საქმეს. აღვადგინოთ მისი ძეგლები პირვანდელ ადგილებზე და ამით პატივი მივაგოთ არა მარტო სტალინის სახელს, არამედ, საკუთარი სამშობლოს – საქართველოს ისტორიას.
რამდენიც არ უნდა წერონ, იდავონ და იპაექრონ ამჟამინდელმა პოლიტიკოსებმა, პოლიტოლოგებმა, ისტორიკოსებმა და ჟამთააღმწერლებმა, სტალინი იყო და დარჩება მსოფლიოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს და განუმეორებელ პიროვნებად. ის ყოველთვის იქნება მარადიული დიდების შარავანდედით მოსილი და კაცობრიობა არასოდეს დაივიწყებს მის სახელს.